„მთავარი არხის“ ოპერატორს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან
10.02.2025

ფოტო : „პუბლიკა"


„მთავარი არხის“ ოპერატორს, სერგი ბარამიძეს, 19 ნოემბრის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება. სერგი ბარამიძის იურისტის, გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, სხდომა საქალაქო სასამართლოში უახლოეს საათებში გაიმართება.

19 ნოემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორი, სერგი ბარამიძე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ძალის გამოყენებით დააკავეს და  მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ბარამიძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც გამოიკითხა, თუმცა დაზარალებულად ცნობილი ამ დრომდე არ არის.

19 ნოემბერს, პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც ჟურნალისტებიც დაშავდნენ. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

linked icon styling WI

კრემლისტური დეპეშები ქართულ ტელეგრამზე


IWPR-ის მიერ OSINT-ით ჩატარებული გამოძიება აჩვენებს, რომ ქართულენოვანმა Telegram-მა მიზნობრივ აუდიტორიაში 2024 წლის არჩევნებამდე კრემლისგან მხარდაჭერილი დეზინფორმაციით შექმნილი სურათი შეავსო და გაამყარა. 

კვლევის - კრემლისტური დეპეშები ქართულ Telegram-ზე“ მიხედვით, Telegram-ზე საინფორმაციო ოპერაციები დეზინფორმაციას ისეთ სენსიტიურ სოციალურ საკითხებთან აკავშირებს, როგორიცაა დემოგრაფია, ოჯახური ღირებულებები, განათლება. 

„ეს ნარატივები იმეორებს, ან პირიქით ამ ნარატივებს იმეორებენ, მმართველობაში მყოფი პარტიის, ,,ქართული ოცნების” ლიდერები.  ეს მიდგომა ეხმარება აქტორებს მიაღწიონ ფართო აუდიტორიას და გამოიყენონ სოციალური დაყოფა ქართული საზოგადოების პოლარიზაციისთვის“.

როგორც ავტორები აღნიშნავენ, პლატფორმაზე ადგილობირივი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაკლებჩართულობის ფონზე, კრემლი ქართულენოვან ტელეგრამს ეფექტურად იყენებს და მაგალითად, გენდერსა და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციით, ახერხებს სოციალური დაძაბულობის შექმნასა და შენარჩუნებას ადგილობრივ საზოგადოებაში.

სტატიის მიხედვით, პროკრემლისტურმა არხებმა, რომელიც გამოძიებამ გამოავლინა, მაინც შეძლო 62 000-ზე მეტ ქართველ გამომწერზე გასვლა, 17 არხის გამოყენებით, იმ ფონზე, როცა მიიჩნევა, რომ საქართველოში Telegram-ს  შეზღუდული გამოყენება აქვს.   

რომელი არხები გამოავლინა გამოძიებამ, ვინ დგას მათ უკან და რა საკითხებით კვებავენ პროპაგანდას, წაიკითხეთ ვრცლად ნათია კუპრაშვილისა და ნინა ხელაძის კვლევა - კრემლისტური დეპეშები ქართულ Telegram-ზე

 
ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ - IDFI-ის ანგარიში


„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ანგარიშის - „ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ“ მიხედვით, განვლილი 2 წლის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის ხარისხის მკვეთრმა უკუსვლამ საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებაზე არსებითი მნიშვნელობის ნეგატიური გავლენა იქონია.

„2022-2024 წლების განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის ხარისხმა მკვეთრი უკუსვლა განიცადა. რუსული კანონის მიღება, მედიის სხვადასხვა მეთოდით შევიწროება და საქმიანობაში ხელშეშლა 2024 წლის 26 ოქტომბრის არადემოკრატიულად ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებითა და დემოკრატიულ სახელმწიფოთა მიერ ამ დრომდე არაღიარებული პარლამენტისა და მთავრობის არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებით გაგრძელდა. ამ ფონზე, არსებითად დამძიმდა მედიისა და ჟურნალისტების უფლებრივი მდგომარეობა. რუსული კანონიდან მომდინარე საფრთხეებს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე სასტიკი ფიზიკური ძალადობა დაემატა. დემოკრატიის უკუსვლამ ბუნებრივად განაპირობა საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების შემცირება“. 

IDFI-ის კვლევის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობის გამომწვევი არა მოქმედი კანონმდებლობა, არამედ  მისი სრული და სისტემური  უგულებელყოფაა.

„მედიის წარმომადგენლების მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისას, უმეტეს შემთხვევაში, სახეზეა საჯარო დაწესებულებების მხრიდან ყველაზე საბაზისო კანონისმიერი ვალდებულებების უგულებელყოფა. მოთხოვნილი ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით მიღება არის უკიდურესად საგამონაკლისო შემთხვევა“.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საჯარო ინფორმაციის განცხადებათა დაახლოებით 60% საჯარო დაწესებულებებმა რეაგირების გარეშე დატოვეს, რაც საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. საჯარო ინფორმაციის 204 განცხადებიდან კი 10-დღიანი პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 12 (6%) დაკმაყოფილდა.  

„საჯარო დაწესებულებები, როგორც წესი, ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიან განმცხადებლებს, რათა თავი აარიდონ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემას“.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ შეფასებით, პრაქტიკაში, როგორც წესი, ადმინისტრაციული საჩივრის მექანიზმი თავის ფუნქციას არ ასრულებს, რაც, მათ შორის, საჯარო დაწესებულებების მიერ მათი განხილვის არათანმიმდევრული პრაქტიკით არის განპირობებული. ადმინისტრაციული ორგანოები უფლების შემზღუდველ დანაწესებს არასწორად/ფართოდ განმარტავენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, საჯარო ინფორმაციის გაუცემლობას  იწვევს, მისი გაცემისთვის საჭირო საკანონმდებლო წინაპირობების არსებობის შემთხვევებშიც. 

IDFI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი გარე საზედამხედველო მექანიზმი, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებზე დროული და ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას შეძლებდა. 

„საერთო სასამართლოებში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე სამართალწარმოება წლების განმავლობაში გრძელდება. სასამართლო დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც კი, არსებობს რისკი იმისა, რომ იმავე/მსგავსი შინაარსის ინფორმაცია საჯარო დაწესებულებამ კვლავ არ გასცეს“.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე IDFI-ის მიერ დასრულებული და მიმდინარე საქმეები მოწმობს, რომ მედიას საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პროცესში არსებითი, როგორც წესი, უკანონო სამართლებრივი და პრაქტიკული დაბრკოლებები ექმნება. 

„მთლიანობაში, მედიის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ჟურნალისტს მიეცემა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, ფაქტობრივად არ არსებობს. საჯარო დაწესებულებების მიერ კანონის სისტემური დარღვევების მიღმა, არსებობს სხვადასხვა ტიპის გამოწვევები, რომლებიც უშუალოდ კანონიდან ან/და კანონის არასწორი ინტერპრეტაციიდან მომდინარეობს“. 

IDFI-ის შეფასებით, სასამართლო სისტემა სისტემურ უკანონობაზე ეფექტიანად ვერ რეაგირებს და სასამართლოში რამდენიმე წელი გრძელდება, მათ შორის, ისეთი დავების განხილვა, სადაც სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნების სრული უგულებელყოფა აშკარაა. 

 

 
საქართველოს მედიაგარემო 2024


„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საქართველოს მედიაგარემოს შეფასების დოკუმენტი გამოაქვეყნა. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ჟურნალისტების უსაფრთხოება, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, წინასაარჩევნო პერიოდი მედიის მიმართ, დეზინფორმაციული კამპანიები, მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი პოლიტიკური და სხვა სახის გავლენისგან, ასევე - სექტორში არსებული სხვა ძირითადი გამოწვევები. 

დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციებიც, რომელიც მიზნად საქართველოს მედიაგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს.

კვლევის - „საქართველოს მედიაგარემო 2024“ ძირითადი მიგნებებია:


● 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართული მედია, განსაკუთრებით კი მისი დამოუკიდებელი და კრიტიკული სეგმენტი, მძიმე გამოწვევების წინაშე იდგა.

● მედიაგარემო მუქარის, დაშინებისა და ძალადობის გავრცელებული ფაქტებით გამოირჩევა. ძალადობის მსხვერპლი განსაკუთრებით დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.

● მმართველი პარტიის მიერ მიღებული „რუსული კანონი“ მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, საქმიანობის შეზღუდვას და საბოლოოდ მათ ლიკვიდაციას. ეს კანონი ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს, წარმოადგენს სერიოზულ უკან გადადგმულ ნაბიჯს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზაზე.

● ხელისუფლების დანაწილება და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა საქართველოში სერიოზული გამოწვევების წინაშეა. სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზაცია და მმართველი პარტიის მიერ მათი მიტაცება განსაკუთრებით მძიმედ აისახება მედიის თავისუფლებაზე.

● საქართველოს პარლამენტი თანდათანობით იქცა დახურულ სივრცედ დამოუკიდებელი მედიისთვის. ეს პროცესი განსაკუთრებით გამძაფრდა მედიის აკრედიტაციის ახალი წესების შემოღებით და უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებით, რამაც არსებითად შეზღუდა ჟურნალისტების შესაძლებლობა, გააშუქონ საპარლამენტო საქმიანობა.

● დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სტრატეგიული სამართალწარმოების სარჩელები (SLAPP) კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ან მათთან დაკავშირებული პირების მიერ წარდგენილი სარჩელები ხშირად დაშინების იარაღად გამოიყენება და მიმართულია ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვისაკენ.

● დეზინფორმაცია საქართველოსთვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება. განსაკუთრებით - შიდა დეზინფორმაცია. ყოველდღიურად ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური გზავნილები ვრცელდება. შიდა პროპაგანდის სამიზნე არიან დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიაორგანიზაციები და მათი ჟურნალისტები.

● საჯარო ინფორმაციაზე წვდომა ჟურნალისტებისთვის კრიტიკულ ნიშნულამდეა მისული.

ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია ლინკზე: https://www.hrc.ge/files/reports/360mediagaremo-2024%20geo%20full.pdf

 
საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა და მედია პლურალიზმი საფრთხეშია - საერთაშორისო ორგანიზაციები

ფოტო: Guram Muradov/Civil. ge


„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) და მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოში „ახლად წარდგენილი კანონმდებლობის, ჟურნალისტების უსაფრთხოებისადმი მომატებული საფრთხეებისა და მედიის თავისუფლების ზოგადი დაკნინების“ გამო შეშფოთებას გამოხატავენ და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, საქართველოს ბრძოლაში მყოფ დამოუკიდებელ მედიასექტორს მხარი დაუჭირონ.

5 საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, „ქართული ოცნება“ და მისი სატელიტი პარტია „ხალხის ძალა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას აპირებს, რაც მარეგულირებლისთვის ცენზურის დაწესების შესაძლებლობის მიცემას გულისხმობს და მაუწყებლისთვის „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღებას ზღუდავს.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებით,  კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა ეძლევა.

ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ, „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტზე - „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ [FARA].

ისინი აღნიშნავენ, რომ დემოკრატიული გარანტიების გარეშე აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები სავარაუდოდ ხელისუფლების კრიტიკოსების გასაჩუმებლად იქნება გამოყენებული.

„აღნიშნული სამართლებრივი ინიციატივები გასული წლის განმავლობაში მთავრობის მიერ მედიის დასათრგუნად გამოყენებული მასშტაბური შეტევის ნაწილია, რა დროსაც, საერთო დემოკრატიული უკუსვლის ფონზე, მდგომარეობა მედიის თავისუფლების თვალსაზრისით სწრაფად უარესდებოდა და ჟურნალისტები მიზანმიმართული ძალადობის სამიზნედ იქცნენ“.

ორგანიზაციები ყურადღებას „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის დაკავებაზეც ამახვილებენ და აღნიშნავენ, რომ მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში უსამართლოდ იმყოფება.

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ „საზოგადობრივი მაუწყებელი“, რომელიც დიდი ხანია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინსტრუმენტს წარმოადგენს, იმ ჟურნალისტების ძალისხმევას თრგუნავს, რომლებიც პოლიტიკური კონტროლისგან თავისუფალ გაშუქებას ცდილობენ.

მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოში პრესის თავისუფლების გაუარესება მზარდი ავტორიტარიზმის ფონზე, უკიდურესად საგანგაშოა და გაგრძელების შემთხვევაში, უფრო დიდ გავლენას მოახდენს რეგიონში დემოკრატიის ხარისხზე.

განცხადებაზე ხელმომწერები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, დამოუკიდებელი მედიაგამოცემებისა და მედიის პროფესიონალების დევნა შეწყვიტოს. 

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროკავშირს, მოახდინოს ეფექტური ზეწოლა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაზე“, რათა გაიწვიოს ახალი კანონმდებლობა, რომელიც გავლენას ახდენს მედიაზე, და შეწყვიტოს თავდასხმები ჟურნალისტიკასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე“.

განცხადებას ხელს აწერენ: პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ), პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF), Free Press Unlimited  (FPU), Osservatorio Balcani Caucaso Transeuropa (OBCT). 

 
კეზერაშვილი „ფორმულას“ მეწილე აღარაა - არხის ყველაზე დიდი წილის მფლობელი მშვილდაძე გახდა


დავით კეზერაშვილმა თავის საკუთრებაში არსებული ტელეკომპანია „ფორმულას“ წილი (26%) მიხეილ მშვილდაძეს სრულად, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა. მშვილდაძე, რომელიც არხის 12.25%-იან წილს ფლობდა, ამ ცვლილებით, ტელევიზიის ყველაზე დიდი წილის (38.25%) მფლობელი გახდა. 

„ფორმულას“ გენერალურ დირექტორს, ზურაბ გუმბარიძეს 10-10% 1 ლარად გადასცეს არხის 12.25-12.25%-იანი წილის მფლობელებმა, ირაკლი საღინაძემ და გიორგი ლიფონავამ. გუმბარიძე აქამდე არხის 12.25%-ს ფლობდა. 

მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება 5 მარტს გაფორმდა, „ფორმულას“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებები კი დღეს, 11 მარტს აისახა. 

რეესტრის დღევანდელი ამონაწერის მიხედვით, ტელეკომპანია „ფორმულას“ წილები ასე ნაწილდა:


მიხეილ მშვილდაძე - 38.25%

ზურაბ გუმბარიძე - 32.25%

ირაკლი საღინაძე - 2.25%

გიორგი ლიფონავა - 2.25%

„თავისუფლების ფორმულა“ - 25% 

თებერვალში კეზერაშვილი თავისი წილის ზურაბ გუმბარიძისთვის გადაცემას აპირებდა. გუმბარიძემ „ფორმულას“ მონაცემებში შესაბამისი ცვლილების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 7 თებერვალს მიმართა. თუმცა, რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება იმავე დღეს შეაჩერა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა. 

ტელეკომპანია „ფორმულა“ საჯარო რეესტრში 2019 წლის 22 ივლისს დარეგისტრირდა, მაუწყებლობა კი 1 ოქტომბრიდან დაიწყო. „ფორმულა კრეატივის“ გუნდმა ტელეკომპანია მას შემდეგ დააარსა, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაეცა და არხის დირექტორად პაატა სალია დაინიშნა. მაშინ „რუსთავი 2“ თანამშრომლების ნაწილმა დატოვა და ნაწილი - „ფორმულას“, ნაწილი კი „მთავარ არხს“ შეუერთდა. 

თავდაპირველად, კომპანიის 25%-იან წილებს მიხეილ მშვილდაძე, ზურაბ გუმბარიძე, ირაკლი საღინაძე და გიორგი ლიფონავა ფლობდნენ, 2019 წლის სექტემბერში კი ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის (51%) მფლობელი დავით კეზერაშვილი გახდა. 2023 წელს, კეზერაშვილმა კუთვნილი 51%-დან 25% ა(ა)იპ „თავისუფლების ფორმულას“, ტელევიზიის თანამშრომლებს სიმბოლურად 1 ლარად გადასცა

 
FARA სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებზე არ ვრცელდება - SJC


„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, „ქართული ოცნება“ ამერიკული კანონის - „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ [FARA] შემოღებას სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებზე ზედამხედველობისა და კონტროლის მოპოვების კონტექსტში განიხილავს, იმის მიუხედავად, რომ FARA-ს ნებისმიერი გონივრული განმარტების პირობებში, ასეთი ორგანიზაციები კანონის რეგულირების სფეროს მიღმა უნდა დარჩნენ. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 1938 წელს FARA-ს მიღების კონტექსტი, ევოლუცია და მისი გამოყენების ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ FARA არა ავტონომიური საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობას არეგულირებს. 

SJC-ის განცხადებით, საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები FARA-ს „აგენტის“ დეფინიციაში იმიტომაც ვერ მოექცევიან, რომ ისინი მრავალფეროვანი წყაროებიდან დაფინანსების გამო ვერ აკმაყოფილებენ კანონის ერთ-ერთ კრიტერიუმს − რომელიმე წყაროდან სრულად ან დიდწილად დაფინანსების შესახებ. 

„სასამართლო საქმეებიც, რომლებიც FARA-ს ამა თუ იმ ასპექტის კონსტიტუციურობას განიხილავდა, ადასტურებს, რომ კანონს ვიწრო მიზანი და რეგულირების სფერო აქვს. FARA-ს  მიზანია გააკონტროლოს უცხოური ძალის პირდაპირი გავლენა ადგილობრივ პოლიტიკაზე, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს“.

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ განმარტავს, FARA ამერიკული სამართალში, რომელიც პრეცედენტულ სამართლის სისტემას ეფუძნება,  სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად აღსრულდება. ჩვენს რეალობაში კი FARA-ს ტრანსპლანტაცია შეუძლებელია მხოლოდ კანონის ტექსტის კოპირებით, თუ მხედველობაში არ იქნება მიღებული ამ კანონის გამოყენების სასამართლო პრაქტიკა და მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც კანონის შინაარსს, სტანდარტებსა და პრინციპებს აზუსტებს. 

„იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება FARA-ს კანონის ამერიკული სასამართლო პრაქტიკის ლოგიკით გამოყენებას ასევე ზედმიწევნით შეეცდება, მაშინ აშკარაა, რომ სხვა ქვეყნებიდან დაფინანსებული, მაგრამ დამოუკიდებელი დღის წესრიგის მქონე სამოქალაქო და მედია ორგანიზაციები FARA-ს ტიპის კანონის მოქმედებაში ვერ მოექცევიან“.

ორგანიზაციის შეფასებით, როგორც ჩანს „ქართულ ოცნებას“, ერთი შეხედვით, საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების კონტროლისთვის აშკარად შეუსაბამო FARA-ს გადმოღება კანონში გათვალისწინებული მკაცრი სისხლის სამართლებრივი მექანიზმებისა და ინდივიდუალურ დონეზე კანონის სელექციური და პოლიტიკური მოტივებით გამოყენების გამო სურს. 

„ამაზე ღიად მიუთითებენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, მათ შორის, ირაკლი კობახიძე,[1] შალვა პაპუაშვილი[2] და მამუკა მდინარაძე.[3] მმართველ გუნდს FARA-ს კანონის გამოყენება საქართველოში, ამერიკული რეალობისგან განსხვავებით, დამოუკიდებელი სასამართლოს და გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის მყარად დამკვიდრებული გარანტიების გარეშე ესახება და წარმოუდგენია, რომ ამერიკული სახელდების კანონის ინსტრუმენტალიზებას სამოქალაქო საზოგადოების დაზიანებისთვის გამოიყენებს“.

როგორც SJC-ი აღნიშნავს, საქართველოს კონტექსტში FARA-ს განსაკუთრებული პრობლემურობა „ქართული ოცნების“ განზრახვაში ვლინდება - FARA-ს ანალოგი ინსტრუმენტად აქციოს იმავე შედეგების მისაღწევად, რისთვისაც ე.წ. „რუსული კანონი“ იქნა მიღებული. 

„კრიტიკა, რომელიც არსებობდა „აგენტების კანონთან“ მიმართებით − რომ ის „ქართულ ოცნებას“ ანტიდემოკრატიული მიზნებისთვის სჭირდებოდა − ვალიდურია FARA-ს შემთხვევაშიც. კანონი, თუ ის ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას ემსახურება, ფუნდამენტურად მიუღებელია მისი წარმომავლობის მიუხედავად. სამართალი, რამდენადაც ის სოციალური და პოლიტიკური ფენომენია, მნიშვნელობას გამოყენებისას იძენს“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით:

  • FARA-ს მიღების შესახებ არსებული დისკუსიები და მისი იმპლემენტაცია რადიკალურად განსხვავებულ დროით, სახელმწიფოებრივ, იდეოლოგიურ და სოციალურ გარემოებებს დაეფუძნა;
  • საქართველოში FARA-ს პირდაპირი კოპირების მიზანი მისი აისტორიული განმარტებების და სასამართლოზე მმართველი პარტიის ტოტალური კონტროლის პირობებში „რუსულ კანონზე“ უფრო მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ფორმების დაწესებაა;
  • FARA, ერთეული შემთხვევების გამოკლებით, გამოიყენება ძალზე დავიწროებულად და პრაქტიკულად არ აქვს გავლენა საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების საქმიანობაზე;
  • FARA-ს ბოლოდროინდელი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ანტიგარემოსდაცვით დღის წესრიგს უკავშირდება, რომელიც მკაცრად არის გაკრიტიკებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი საბოლოოდ სამართლებრივად არც დასრულებულა;
  • აშშ-ს უზენაესი სასამართლო განმარტებები, მათ შორის, FARA-ს რეგულირების სფეროზე, ეჭვს არ ტოვებს იმის შესახებ, რომ ავტონომიურად მოქმედი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციები FARA-ს მოქმედების ფარგლებს მიღმა რჩებიან;
  • აშშ-ს უზენაესი სასამართლო დამატებით მყარ გარანტიებს ქმნის სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების დასაცავად, რაც, მათ შორის, FARA-ს ინტრუმენტალიზების რისკებს აზღვევს. FARA-ს სიტყვასიტყვით გადმოტანის მიზანშეწონილობაზე აპელირება, ასეთი გარანტიების არარსებობის პირობებში საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება;
  • „ქართული ოცნება“ ე.წ „რუსული კანონით“ უკვე არღვევს აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებაზე, რის წინააღმდეგაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დღემდე არ უმოქმედია.

FARA-ს მიზანსა და ისტორიულ ევოლუციაზე, რეგულირების სფეროზე, ბოლოდროინდელ ინსტრუმენტალიზების ნიშნებსა და ინსტრუმენტალიზების დამზღვევ კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტებზე ამერიკაში იხილეთ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადება ვრცლად - FARA სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებზე არ ვრცელდება: FARA-ს გამოყენების პრაქტიკა აშშ-ში და მისი დამზღვევი კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტები

 
სასამართლო აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დასაშვებობაზე დღეს იმსჯელებს

სქრინი - TV პირველი


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო აფგან სადიგოვის ექსტრადიციის დასაშვებობაზე იმსჯელებს. თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საექსტრადიციო საქმის განხილვა 28 ნოემბერს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოსგან სადიგოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობას ითხოვს. 

აფგან სადიგოვი და მისი დამცველები გენერალური პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და სასამართლოს წინაშე ასაბუთებენ, რომ მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია პოლიტიკურ და თვითნებურ დევნას ისახავს მიზნად, რაც მის ჟურნალისტურ საქმიანობასა და წლების განმავლობაში ხელისუფლების დანაშაულებისა და კორუფციული საქმიანობის კრიტიკას უკავშირდება.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში სადიგოვი დევნას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება. 

„აზერბაიჯანში აქტივისტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დევნის რეპრესიული პრაქტიკის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სადიგოვი აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში თვითნებური დევნისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდება.

მნიშვნელოვანია, რომ სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ, მათ შორის Amnesty International და ეუთო. ისინი მიუთითებენ, რომ სადიგოვის ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველო დაარღვევს საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სადიგოვის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის დევნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამას ადასტურებს თავად აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის გაზიარებული საქმის მასალები, რომელიც სრულიად არალოგიკურ და წინააღმდეგობრივ ინფორმაციასა და მტკიცებებს ეფუძნება“.

თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესებს სწორედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.

აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც მეუღლე, სევინჩ სადიგოვა ამბობსძალიან  მძიმეა. 

სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ნოემბერს გაუხანგრძლივა. ის შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3 აგვისტოს დააკავეს. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. 

 
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ კლიმატის კონფერენციის პარალელურად, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების გათავისუფლებას მოითხოვს
ფოტო - geghard-saf.am


დღეს, 11 ნოემბერს აზერბაიჯანში კლიმატის ცვლილებების 29-ე კონფერენცია (COP29) გაიხსნა, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მასპინძლობენ. კონფერენციის პარალელურად  „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ (RSF) განცხადება გაავრცელა და დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტების გათავისუფლება მოითხოვა.

ორგანიზაციის განცხადებით, აზერბაიჯანში, რომლის შემოსავლების 90% ნავთობისა და გაზის ექსპორტითაა უზრუნველყოფილი, ჟურნალისტებს, რომლებიც გარემოს საკითხებს აშუქებენ, აკავებენ და მათზე ფიზიკურად ძალადობენ. როგორც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს, ბოლო ერთ წელიწადში ხელისუფლებამ პროფესიული საქმიანობისთვის 15 ჟურნალისტი დააკავა, მათგან 13 ახლაც პატიმრობაში იმყოფება. ერთ-ერთი ნარგიზ აბსალამოვაა, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებზე საგამოძიებო მასალებს ამზადებდა.

RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი, ჟან კაველიე აღნიშნავს, ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მოსთხოვოს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს დაპატიმრებული ჟურნალისტები, შეწყვიტოს პრესის თავისუფლების უხეში დარღვევები და აიღოს ვალდებულება, დაიცვას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა.

„ჟურნალისტიკის, განსაკუთრებით გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკის დაცვისთვის მაგალითის მიცემა გაეროს კლიმატის კონფერენციის მასპინძლობის წინაპირობა უნდა იყოს. როგორ შეგვიძლია მივიღოთ ის ფაქტი, რომ ნავთობ-სახელმწიფო, რომელიც აპატიმრებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, არის იმ მოლაპარაკებების მასპინძელი, რომელიც გლობალური კლიმატის მომავალს განსაზღვრავს?“

RSF-ის განცხადებით, აზერბაიჯანში გარემოზე, ჯანდაცვასა და კლიმატზე ნავთობისა, გაზისა და სამთო მოპოვების დამანგრეველი შედეგების გაშუქება ჟურნალისტებისთვის რთული და საშიშია. ორგანიზაციას ამის მაგალითად, სწორედ Abzas Media-ის ჟურნალისტის, ნარგიზ აბსალამოვას შემთხვევა მოჰყავს, რომელიც 2023 წლის 30 ნოემბერს „უცხოური ვალუტის კონტრაბანდის“ ბრალდებით დააკავეს.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში აბსალამოვამ აზერბაიჯანის ერთ-ერთ სოფელში გამართული საპროტესტო აქცია გააშუქა, სადაც მოსახლეობა ახალი ხელოვნური ტბის იმ პროექტს აპროტესტებდა, რომელიც მიზნად სამთო ოპერაციებიდან ციანიდით და დარიშხანით დაბინძურებული ჩამონადენის შეგროვებას ისახავდა. პოლიციამ მშვიდობიანი მოსახლეობა სასტიკად დაარბია და ადგილიდან სამი ჟურნალისტი, მათ შორის ნარგიზ აბსალამოვა ძალადობრივად გააძევა. 

როგორც ორგანიზაცია წერს, აბსალამოვა, Abzas Media-ს 4 სხვა კოლეგასთან და კიდევ სხვა 8 დამოუკიდებელ ჟურნალისტთან ერთად, (რომელთა შორისაც Toplum TV-ის წარმომადგენლებიც არიან), არასათანადო მოპყრობას განიცდიან.

RSF-ის პრესის თავისუფლების რეიტინგში აზერბაიჯანი 180 ქვეყნიდან 164-ე ადგილს იკავებს.

 
თალიბანს სურს, მედიაში აიკრძალოს ყველა ცოცხალი არსების ამსახველი სურათის გამოქვეყნება


თალიბანი გეგმავს, ახალი შეზღუდვები დაუწესოს მედიას ავღანეთში. უფრო კონკრეტულად კი, მათ სურთ, რომ აიკრძალოს ყველა ცოცხალი არსების ამსახველი სურათის გამოქვეყნება. ამის შესახებ ინფორმაციას VOA ავრცელებს.

პატიოსნების ხელშეწყობისა და მანკიერების აღმოფხვრის სამინისტროს თქმით, „კანონი შეეხება ავღანეთის მთელ ტერიტორიას და ეტაპობრივად დაინერგება“.

ცოცხალი არსებების სურათების გამოქვეყნება ავღანეთში აკრძალული იყო თალიბანის წინა მმართველობის პირობებშიც, 1996 წლიდან 2001 წლამდე.

ახალი კანონი ასევე გულისხმობს რჩევას მოსახლეობისადმი „არ გადაუღონ ქუჩაში ცოცხალ არსებებს სურათები“,  თუმცა, ეს პუნქტი მედიას არ ეხება.

 
ყველაფერი კანონის ფარლგებშია. როგორ გაანადგურა და დაიმორჩილა ალიევმა მედია
ავტორი : სოფო ბუკია, კავკასიური ვებგვერდის, JAMnews-ის რედაქტორი

ვარდისფერ ღამის პერანგში ჩაცმული სამი წლის გოგონა მამას ფეხზე ეხვევა, ტირის და ცდილობს არ გაატანოს ნიღბიან პოლიციელებს, რომლებსაც ბინიდან გაჰყავთ. მამა ემშვიდობება ქალიშვილს და ფორმაში ჩაცმულ მამაკაცებს მიჰყვება. 

ეს დრამატული ეპიზოდი 2023 წლის ნოემბერში, ბაქოში, ჟურნალისტ აზიზ ორუჯევის სახლში მოხდა. ორუჯევის დაკავება აზერბაიჯანში ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიების ახალი ტალღის ათვლის წერტილად იქცა. 

დღეს ორუჯევი პატიმრობაში იმყოფება გამოგონილი ბრალდებებით, მისი პატარა ქალიშვილი კი მამის გარეშე იზრდება.

აზერბაიჯანი არასოდეს ყოფილა ქვეყანა, სადაც ჟურნალისტები კარგად გრძნობდნენ თავს, თუმცა 2023 წლის ნოემბერში დაწყებული რეპრესიები დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე უპრეცედენტო აღმოჩნდა ამ ქვეყნისთვისაც კი. 

ამ დროიდან მოყოლებული სხვადასხვა ბრალდებით 100-ზე მეტი ჟურნალისტი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, უფლებადამცველი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივისტი დააკავეს. 

2025 წლის თებერვალში უფლებადამცველებმა აზერბაიჯანში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული 357 ადამიანი დაითვალეს. ეს რეკორდული მაჩვენებელია ბოლო 25 წლის განმავლობაში. პოლიტპატიმრების რიცხვის ყველაზე მეტად გასულ წელს გაიზარდა და დაკავებულებს შორის სწორედ ჟურნალისტები ჭარბობდნენ. 

დაკავებული ჟურნალისტების უმრავლესობა ხელისუფლებამ კონტრაბანდაში დაადანაშაულა – მათ ბრალი წაუყენეს აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 206.3.2 მუხლით (კონტრაბანდა, რომელიც ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი). რეჟიმი ამტკიცებს, რომ ჟურნალისტებს უკანონოდ შემოჰქონდათ აზერბაიჯანში ფინანსური სახსრები დონორი ორგანიზაციებისგან.

მედია სფეროში წმენდა იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში დღეს ფაქტობრივად არ დარჩა არც ერთი (!) კრიტიკული მედიასაშუალება და არც ერთი (!) დამოუკიდებელი ჟურნალისტი. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტები დღეს ან ემიგრაციაში არიან, ან ციხეში, ან მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და შინაპატიმრობაში იმყოფებიან. ვინც დევნას  გადაურჩა და ქვეყანაში დარჩა, პროფესიიდან წავიდა ან რეჟიმის მიმართ ლოიალური გახდა. 

ერთი მაგალითი - ჩემი ნაცნობი ჟურნალისტი 25-წლიანი სტაჟით, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთი საერთაშორისო გამოცემის რედაქტორი იყო, მარტიდან საბავშვო ბაღში აღმზრდელად იმუშავებს.  მისი კოლეგა, ასევე დიდი სტაჟის მქონე აზერბაიჯანელი რედაქტორი, უძრავი ქონების სააგენტოში იწყებს მუშაობას. 

„ადრე შეგვეძლო, ასე ვთქვათ, აფიშირების გარეშე გვემუშავა. მასალებს სახელსა და გვარს არ ვაწერდით, როცა საერთაშორისო მედიასთან ვთანამშრომლობდით. ჰონორარების აღებასაც ვახერხებდით, იყო ლავირების საშუალება. თუმცა, უკვე ეს ყველაფერი გამორიცხულია.  ფრილანსერობაც გამორიცხულია.  ყველა გზა მოჭრეს და ყველა ხვრელი ამოავსეს. ან უნდა გაიქცე ქვეყნიდან ან უნდა წახვიდე პროფესიიდან. მე ვერ გავიქცეოდი, მოხუცი მშობლები მყავს“, - მითხრა მან. 


როგორ მოახერხა ალიევმა ეს?

კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ აზერბაიჯანულად 

ალიევს არ გამოუგონებია ველოსიპედი და მოიქცა ისე, როგორც ყველა სხვა ავტორიტარი მმართველი იქცევა, რომელსაც ხელისუფლების დათმობა და გაზიარება არავისთვის უნდა - მიიღო რეპრესიული კანონები - ყბადაღებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის აზერბაიჯანული ანალოგები. 

გადამწყვეტი გახდა 2014 წელი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გრანტების შესახებ კანონებში შესწორებები შევიდა. ცვლილებები მკაცრად ზღუდავდა უცხოურ დაფინანსებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრესისთვის.

ამ ცვლილებებით სახელმწიფომ აიძულა არასამთავრობო ორგანიზაციები დაერეგისტრირებინათ გრანტები იუსტიციის სამინისტროში, ხოლო საკუთარ თავს უფლება მისცა უარი ეთქვა მათ რეგისტრაციაზე.

შედეგად საერთაშორისო დონორებმა აზერბაიჯანიდან მასობრივი გასვლა დაიწყეს. აზერბაიჯანი 50-ზე მეტმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დატოვა.

თუმცა, კულმინაცია აღმოჩნდა „მედიის შესახებ“ კანონი, რომელსაც ალიევმა 2022 წლის თებერვალში მოაწერა ხელი და რომელიც უშუალოდ ჟურნალისტებს შეეხო.

ჟურნალისტებს აეკრძალათ ყველანაირი უცხოური ფულის მიღება - გრანტის, ჰონორარის, ხელფასის და ა.შ. ახალი კანონი მათ ავალდებულებდა რეგისტრაციას ერთიან სახელმწიფო რეესტრში, რა დროსაც სახელმწიფოსთვის უნდა მიეწოდებინათ პერსონალური მონაცემების გრძელი სია. 

ასევე კანონი არეგულირებს, თუ ვის შეუძლია იმუშაოს ჟურნალისტად -  აწესებს პროფესიაში მიღების მკაცრ კრიტერიუმებს. მაგალითად, მედიასაშუალების ფლობა მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეს შეუძლია (ყოველგვარი უცხოური მონაწილეობის გარეშე). ხოლო ჟურნალისტად დარეგისტრირებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, არ იყოს ნასამართლევი და ჰქონდეს შრომითი ხელშეკრულება. ანუ ფრილანსერები (ასეთები კი აზერბაიჯანში ძალიან ბევრნი იყვნენ - ძირითადად სწორედ ფრილანსერები თანამშრომლობდნენ საერთაშორისო მედიებთან) ავტომატურად კანონგარეშედ გამოცხადდნენ.  

მეტიც, ახალი კანონის მიხედვით, სახელმწიფო მარეგულირებელს შეუძლია ნებისმიერ მედიასაშუალებას ლიცენზია გაუუქმოს მოვლენების ე.წ. „მიკერძოებული“ გაშუქების გამო. 

ამ ჩანაწერით, ფაქტობრივად, ცენზურა დაკანონდა. მთავრობა წყვეტდა - რა არის ჟურნალისტიკა და რა - არა, რა არის ახალი ამბავი და რა - არა.

როგორც ვარაუდობდნენ, ეს კანონი ალიევის ხელისუფლების ხელში რეპრესიების მძლავრ იარაღად გადაიქცა.  

ყველას ერთ დღეს როდი მიადგნენ, თუმცა, დროთა განმავლობაში რეპრესიებს ვერავინ გადაურჩა. აზერბაიჯანში დაიწყო დამოუკიდებელი მედიის ფიზიკური განადგურების ხანა  – ეკონომიკური ჩახშობის, ძალოვანი სტრუქტურების რეიდების და სასამართლო აკრძალვების გზით. 


რეპრესიები: დაპატიმრებები და დევნა 


2024 წელს აზერბაიჯანი ჟურნალისტების ციხეში გამომწყვდევის თვალსაზრისით მსოფლიოს ათეულში მოხვდა.

ბოლო წლებში ჟურნალისტებს უფრო ხშირად აკავებენ არა „ცილისწამებისთვის“, როგორც ადრე, არამედ ფალსიფიცირებულ ეკონომიკურ და სისხლის სამართლის ბრალდებებს უსადაგებენ – „კონტრაბანდა“, „გადასახადებისგან თავის არიდება“, „ვალუტის უკანონო შენახვა“.

შედეგად, 2025 წლის დასაწყისისთვის, რამდენიმე ათეული ჟურნალისტი აღმოჩნდა წინასწარ პატიმრობაში „ვალუტის კონტრაბანდის“ ბრალდებით.

ამ ბრალდებით ცალკეული ჟურნალისტები კი არა, მთელი რედაქციები დააკავეს. 

მაგალითად, პირველი ასეთი მასობრივი დაკავება იყო 2023 წლის ნოემბერში -  პოლიცია შეიჭრა დამოუკიდებელი გამოცემა Abzas Media-ს ოფისში, სადაც „აღმოაჩინა“ დიდი ოდენობით ნაღდი ფული (ევრო). 

დააკავეს გამოცემის ხელმძღვანელები: ულვი ჰასანლი და სევინჯ ვაგიფგიზი.  დაკავებულების კოლეგები დარწმუნებულები არიან, რომ ფული პოლიციამ ჩადო. ამის შემდგომ, ამავე გამოცემის კიდევ სხვა ჟურნალისტები დააკავეს, ასევე კონტრაბანდის ბრალდებით. ბევრ მათგანს 8-12 წელი ემუქრება. 

უფრო ცხადი რომ გახდეს - უბრალოდ ჰონორარის აღება შესრულებულ საქმეში საერთაშორისო ფონდისგან უკვე შეიძლება ჩაითვალოს სამართალდარღვევად. 

როგორც დამოუკიდებელი აზერბაიჯანელი ექსპერტები აღნიშნავენ, კრიტიკული, მაგრამ შედარებით პატარა ონლაინ გამოცემების ჟურნალისტების დაკავება დემონსტრაციული ხასიათის იყო და ზოგადად ჟურნალისტების დასაშინებლად იყო მიმართული:

„მათ დევნიან არა იმდენად იმის გამო, რაც კონკრეტულად თქვეს მათ მასალებში, არამედ იმისთვის, რომ სხვებს ასწავლონ ჭკუა და სხვებისთვის იყოს გაკვეთილი. ამ თვალსაზრისით, რაც უფრო უვნებელი და უდანაშაულოა მსხვერპლი, მით უფრო დიდია მიღწეული ფსიქოლოგიური ეფექტი“, - ამბობს უფლებადამცველი და ჟურნალისტი ელდარ ზეინალოვი. 

საერთაშორისო გამოძიებამ ასევე გამოავლინა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ჟურნალისტებს სპეციალური ჯაშუშური პროგრამის, Pegasus-ის მეშვეობით უთვალთვალებდა - ამ პროგრამით ჟურნალისტების ტელეფონები დაავირუსეს, რათა თვალი ედევნებინათ მათი მიმოწერისთვის. 

კიდევ ერთი დეტალი - 2014 წელს, როდესაც „რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანული ბიუროს გამომძიებელი ჟურნალისტი, ხადიჯა ისმაილოვა დააკავეს, ქალი ჟურნალისტი გისოსებს მიღმა ამ ქვეყნისთვის „ეგზოტიკა“ იყო. დღეს აზერბაიჯანის ციხეები გავსებულია დატყვევებული ქალი ჟურნალისტებითა და აქტივისტებით.


ემიგრანტი ჟურნალისტები


ბევრმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა იძულებით დატოვა ქვეყანა, რათა დაპატიმრებას გადარჩენოდა. (თუმცა, არც ემიგრაციაში გრძნობენ ისინი თავს უსაფრთხოდ – სპეცსამსახურები მათ იქაც უთვალთვალებენ - შორს რომ არ წავიდეთ, აფგან მუხტარლის შემთხვევა გავიხსენოთ. ხოლო აზერბაიჯანში დარჩენილ მათ ოჯახის წევრებზე ალიევის რეჟიმი ზეწოლას ახდენს). 

ემიგრაციაში აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა რამდენიმე ონლაინ მედია დააფუძნეს და აგრძელებდნენ ჟურნალისტურ საქმიანობას ქვეყნის შიგნით მყოფი ფრილანსერი ჟურნალისტების დახმარებით. 

ერთ-ერთი ასეთი პლატფორმაა Meydan TV-ი, რომელიც  გერმანიაში ემიგრირებულმა ჟურნალისტმა გამომძიებლებმა დააფუძნეს. 

ამ გამოცემას დიდი ფრილანსერების ქსელი ჰყავდა აზერბაიჯანში - ისინი, როგორც წესი, სახელისა და გვარის გაუმჟღავნებლად წერდნენ, თუმცა, აქტიურად მუშაობდნენ და ამ წლების განმავლობაში ბევრი კრიტიკული რეპორტაჟი და გამოძიება მოამზადეს. 

თუმცა, ამიერიდან, Meydan TV-ი უკვე ვეღარ იმუშავებს აზერბაიჯანში ფრილანსერების დახმარებით - გასული წლის შემოდგომიდან დღემდე Meydan TV-ის ცხრა კორესპონდენტი დააკავა ალიევის ხელისუფლებამ აზერბაიჯანში. ამის შემდეგ, გამოცემამ საბოლოოდ უარი თქვა ადგილობრივ კორესპონდენტებთან თანამშრომლობაზე მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

იგივე მოხდა სხვა საერთაშორისო მედიების შემთხვევაშიც - თუკი აქამდე აზერბაიჯანელი ჟურნალისტები რისკავდნენ და მაინც თანამშრომლობდნენ საერთაშორისო მედიებთან, 2025 წლიდან უკვე ეს შესაძლებლობაც დაიხურა. 


მსოფლიოს რეაქცია: დუმილი და შეშფოთება


საერთაშორისო საზოგადოება, ერთი მხრივ, მუდმივად გამოხატავს შეშფოთება იმის გამო, რაც აზერბაიჯანში ხდება, თუმცა, მეორე მხრივ, როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, არასაკმარისად მკაცრია და დიპლომატიურ დუმილს ინარჩუნებს, რადგან აზერბაიჯანის ბუნებრივი რესურსებითაა დაინტერესებული. 

სულ ბოლო მაგალითი -  2024 წლის ბოლოს აზერბაიჯანმა უმასპინძლა მსხვილ საერთაშორისო ფორუმს - გაეროს კლიმატის კონფერენციას (COP29). ანუ მსოფლიო საზოგადოება, რომელიც ფორუმს დაესწრო, არ შეაფერხა იმან, რომ ამ ქვეყანაში რამდენიმე ასეული პოლიტპატიმარი ჰყავთ ციხეში გამომწყვდეული.

ამიტომაც, აზერბაიჯანში ხშირად ამბობენ, რომ ამ ქვეყნის მთავარი უბედურება ნავთობია და ალიევის ხელისუფლება ბუნებრივ რესურსებსა და ნავთობზე დგას. 

დამკვირვებლები ასევე აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ყოველ ჯერზე ვითარება კიდევ უფრო მძიმდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ეს დაუწერელი კანონია - ალიევის ყოველი მორიგი „გადარჩევის“ შემდეგ რეპრესიები განსაკუთრებულ მასშტაბებს იძენს. 

გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, ალიევმა გლობალურადაც კარგი მომენტი აირჩია წმენდისთვის - აშშ საარჩევნო კამპანიით იყო დაკავებული, ევროპა კი - უკრაინის ომით. 

ხოლო, დღეს, როდესაც მსოფლიო წესრიგში ერთი დიდი გაურკვევლობა სუფევს, ალიევი კიდევ უფრო თამამად მიუყვება აღებულ კურსს, რადგან მის შესაჩერებლად არავის სცალია. 


რა ხდება დღეს?

ილჰამ ალიევი, რომელიც 2003 წლიდან შეუჩერებლად მართავს ქვეყანას, აგრძელებს ძალაუფლების ვერტიკალური სისტემის გამაგრებას. 

დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ათწლიანი ბრძოლის შედეგები უკვე აშკარაა და საგრძნობლად აისახება აზერბაიჯანის მოქალაქეებზე. 

ქვეყანაში დამყარდა საინფორმაციო მონოპოლია – მოქალაქეების უმეტესობა ახალ ამბებს მხოლოდ პროსახელისუფლებო ტელეარხებიდან იღებს, სადაც აზერბაიჯანი წარმოჩენილია როგორც აყვავებული ქვეყანა, ყოველგვარი პრობლემების გარეშე. მედიაში დომინირებს ოფიციალური პროპაგანდა – ყოველდღიურ ეთერში ტრიალებს რეპორტაჟები ყარაბაღის დაბრუნებული მიწების, გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და თავად ალიევის ოჯახის შესახებ. 

კორუფციული სკანდალები და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები გაშუქებას არ ექვემდებარება. ოპოზიცია ან იგნორირებულია, ან „სახელმწიფოს მტრად“ არის გამოცხადებული. 

ნებისმიერი საპროტესტო გამოსვლა, იქნება ეს სოციალური თუ ეკოლოგიური, ან საერთოდ არ შუქდება, ან მიზანმიმართულად წარმოჩინდება, როგორც მარგინალური მოვლენა.

დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გარეშე კორუფციამ და ჩინოვნიკების განუკითხაობამ კიდევ უფრო ღრმად გაიდგა ფესვები. არავინ დარჩა, ვინც გამოიძიებს ალიევის ოჯახისა და მისი გარემოცვის ოფშორულ სქემებს, მიწის თაღლითობებს, პოლიციის თვითნებობას, ციხეებში წამებასა და ბიუჯეტის სახსრების ფლანგვას. 

საჯარო კონტროლის არარსებობის პირობებში, ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ მათზე კრიტიკული სიტყვა არც ონლაინ მედიაში გამოქვეყნდება და არც ტელევიზიით გაჟღერდება. 

საერთაშორისო მასშტაბის გახმაურებული კორუფციული გამოძიებები, რომლებიც პირდაპირ ბაქოს ხელისუფლებას ეხება, შიდა სივრცეში საერთოდ არ განიხილება, რადგან ამაზე მედია დუმს.

ხელისუფლებასა და ხალხს შორის კავშირი პრაქტიკულად გაწყვეტილია. დამოუკიდებელი მედიის გარეშე მოქალაქეებს აღარ აქვთ შესაძლებლობა თავიანთი პრობლემების შესახებ საჯაროდ ისაუბრონ. 

„ეს კანონი ართმევს უფლებებს არა მხოლოდ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, არამედ მთელ საზოგადოებას“, – ამბობს ერთ-ერთი ჟურნალისტი.

ამ პროცესის კიდევ ერთი მძიმე შედეგია აზერბაიჯანიდან ე.წ. „ტვინების გადინება“. ჟურნალისტები, ანალიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იძულებულნი არიან, ემიგრაციაში წავიდნენ, რადგან ქვეყნის შიგნით მათ არ აქვთ განვითარების პერსპექტივა. 

მრავალწლიანი ბრძოლა დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, აშკარად უთანასწორო აღმოჩნდა. ოპოზიცია დასუსტებული და დაქუცმაცებულია, სამოქალაქო საზოგადოება კი – განადგურებული. ქვეყანაში დუმილია, რომელსაც მხოლოდ ხელისუფლების ოფიციალური განცხადებები არღვევს.








ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

„ბიზნესპარტნიორი“ - როგორ აშუქებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკონომიკურ საკითხებს

ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი, ეკონომისტი



2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მანიფესტაციები, აქციები, მსვლელობები თუ მარშები ბევრ ქალაქში, ბევრ სხვადასხვა ლოკაციაზე შეგხვდებოდათ. თუმცა, აქციების მუდმივ წერტილად 2 ლოკაცია შეიძლება მივიჩნიოთ - პარლამენტთან, რუსთაველის გამზირი და  კოსტავას ქუჩა, საზმაუს წინ. დაწყებული პროტესტების პარალელურად აქციის მონაწილეთა გარკვეული ჯგუფი თვლის და, შეიძლება ითქვას - სამართლიანადაც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი განსაკუთრებული მნიშვნელობის ტელევიზიაა, ვინაიდან ის ხალხის საკუთრებაა. აქციის მონაწილეთა უკმაყოფილება კი „პირველი არხისაკენ“ მიმართული იყო იმდენად, რამდენადაც ისინი თვლიდნენ, რომ მათი ტელევიზია მათ არ წარმოადგენდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობის საკითხს თავის დასკვნაში ეუთო/ოდირიც გამოეხმაურა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მომზადებულ ანგარიშში სადამკვირვებლო მისია წერს: „საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველა პარტიას ძირითადად პოზიტიურ ან ნეიტრალურ კონტექსტში აშუქებდა, თუმცა ახალი ამბების გაშუქებისას, მმართველ პარტიას მნიშვნელოვანი დროით უპირატესობა მიანიჭა.“ (გვ.6) ეს, ერთი შეხედვით, შეიძლება მაუწყებლის პოზიტიური შეფასება გვეგონოს, თუმცა ვეცდები გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ მაგალითზე გაჩვენოთ, რას ნიშნავს „მეტნაკლებად პოზიტური“ ან „ნეიტრალური“ და „მნიშვნელოვანი დროითი უპირატესობა“. ეს ეკონომიკური გადაცემა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინდიკატორია, ვინაიდან აქ - არა პოლიტიკურ შეფასებებზე, მოსაზრებებსა და აღქმებზე, არამედ რიცხვებზე და სტატისტიკაზე შეგვიძლია დაკვირვება.

პირველი მაგალითი - ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი

გადაცემის წამყვანმა, მაია ჭუჭულაშვილმა, 6 თებერვალს, შესავალში აღნიშნა, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად, 4.4 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. შემდეგ სტუმარს, მარიამ ქვრივიშვილს ჰკითხა (1:20-დან): „4.4 მლრდ, მე სრულიად გააზრებულად ვთქვი, დიახ, ეს არის რეკორდული შემოსავალი... აი ამ პროცესის განმავლობაში [პოლიტიკური კრიზისი] 4.4 მლრდ-ს ელოდა თუ არა ტურიზმის მიმართულებით პასუხისმგებელი, ელოდით თუ არა პირადად თქვენ, იყო თუ არა მოსალოდნელი, რომ აი ეს შედეგი გვექნებოდა - 4.4 მლრდ?“

წამყვანი აღფრთოვანებულია - 4.4 მილიარდი, რეკორდული შემოსავალი „კრიზისის დროს“. მონაცემი თანხობრივად სწორია, თუმცა ზრდის ტემპი 7.3%-ია, მაშინ როცა 2018 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი - 18%-ით, 2013 წელს - 21%-ით, 2017 წელს - 28%-ით და 2012 წელს 50%-ით გაიზარდა. გარდა იმისა, რომ წამყვანს აღფრთოვანება არც დაუმალავს, მაშ, რა იყო რეკორდული რიცხვი?! მხოლოდ ნომინალური მაჩვენებელი ბევრს არაფერს ამბობს, ვინაიდან ის, ბოლო 14 წელია, ყოველთვის „რეკორდულია“ - 2010 წლიდან დღემდე, 2020 წლის - ანუ პანდემიური წლის გამოკლებით, ყოველ მომდევნო წელს ტურიზმიდან შემოსავალი უფრო მეტი იყო, ვიდრე წინა წელს.

ეს მაგალითი აჩვენებს, რომ მართალია, გადაცემაში ტექნიკურად არასწორი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, თუმცა წამყვანის მხრიდან ტერმინების შერჩევა მაყურებლის/მსმენელის შთაბეჭდილებას იმგვარად ცვლის, რომ რეალური კონტექსტი აღქმადი აღარაა. საყურადღებოა ისიც, რომ ეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან საუბარში ხდება. შედეგად მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ გვაქვს „რეკორდული“ მიღწევა და ეს მიღწევა „ხელისუფლების“ დამსახურებაა.


მეორე მაგალითი - ეროვნული ბანკის რეზერვები


2024 წლის 7 ნოემბრის საღამოს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის რეზერვები რეკორდული თანხით, 628 მლნ დოლარით შემცირდა. მეორე დღეს აღნიშნული ინფორმაცია ეთერში გავიდა, (21:48-დან) ითქვა ისიც, რომ წლიურად რეზერვები კიდევ უფრო მეტად, 1 მლრდ-ით შემცირდა და რომ მისი მოცულობა 2022 წლის ივნისის დონეს დაუბრუნდა, თუმცა მოკლე 30-წამიანი ნიუსი (49-წუთიან გადაცემაში) მესამე თემად, მხოლოდ 22-ე წუთზე შეგხვდებოდათ. გარდა ამისა, წამყვანს არ უთქვამს, რომ პიკთან, 2023 წლის ივლის-აგვისტოსთან შედარებით კლება 1.3 მლრდ-ზე მეტი იყო და არც ის, რომ სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული ადეკვატურობის კოეფიციენტი იყო დარღვეული. დამატებით შეიძლება ითქვას ისიც, რომ წამყვანმა კლება ძირითადად სავალუტო ინტერვენციებს დაუკავშირა და არაფერი უთქვამს Bmatch პლატფორმაზე. მართალია, ამ პლატფორმაზე ვაჭრობის შედეგები 25 ნოემბერს გახდა ცნობილი, მაგრამ 628 მლნ-დან სავალუტო აუქციონზე 213 მლნ გაიყიდა, რაც მესამედზე ოდნავ მეტია. რაც მესამედია, ის ძირითადი ვერ იქნებოდა.

რეზერვების თემას მოკლე 2-წუთიანი სიუჟეტით „ბიზნესპარტნიორი“ მომდევნო 11 თებერვლის (ორშაბათის) გადაცემაში დაუბრუნდა (5.22-დან). გაჟღერდა მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას პოზიცია. თურნავასთვის არც კრიტიკული კითხვა დაუსვამთ და არც მისი ნათქვამი გადაუმოწმებიათ. მან განაცხადა, რომ 2023 წელს ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 1.3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც სიტყვასიტყვით სწორია, თუმცა 2023 წელს ეროვნული ბანკის რეზერვები არა - 1.3 მლრდ-ით, არამედ მხოლოდ 100 მლნ დოლარით გაიზარდა.

მოცემული მაგალითი ცალსახად მიუთითებს ორ მნიშვნელოვან მახასიათებელზე: 1. ხელისუფლებისთვის ნაკლებად სასურველი რეალობა გაჟღერდეს შედარებით გვიან და შედარებით მოკლე სიუჟეტში; 2. ხელისუფლებისთვის არასასურველ რეალობაზე საუბრისას კრიტიკული კითხვები და საწინააღმდეგო აზრი არ მოგვისმენია.


მესამე მაგალითი - ინვესტიციები


9 სექტემბერს საქსტატმა მეორე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ მონაცემები გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ინვესტიციები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10%-ით იყო გაზრდილი. თემას იმავე დღეს „ბიზნესპარტნიორმა4 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა (22:20-დან). რეპორტაჟში არ უხსენებიათ ისეთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, როგორიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-ისთან ფარდობაა. არც ის, რომ ბოლო წლებში რეინვესტირების მაჩვენებელი გაზრდილია და ახალი ინვესტიციები მინიმუმამდეა დაყვანილი. რეინვესტირების შესახებ მხოლოდ უშუალოდ მეორე კვარტალზე იყო მოცემული ინფორმაცია.

საინტერესოა,  4-წუთიანი სიუჟეტი საკმაოდ ხანგრძლივი დროა და, რა ხდება მაშინ, როდესაც ინვესტიციები მცირდება?! ამისთვის პირველი კვარტლის მონაცემების შესახებ მომზადებული სიუჟეტი ვიპოვეთ - 3 ივნისს საქსტატმა პირველი კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. პირველ კვარტალში ინვესტიციები 64%-ით იყო შემცირებული და ამ მასშტაბის შემცირების საკითხს 10 ივნისის გადაცემაში მხოლოდ 45 წამი დაეთმო (4:35-დან).

ეს მაგალითი იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ხელისუფლებისთვის არასასურველი მონაცემები მცირე ქრონომეტრაჟით უნდა გაშუქდეს. მოცემულ შემთხვევაში მაგალითი კიდევ უფრო ხელშესახებია, ზუსტად ერთი და იმავე ინდიკატორის გაშუქებას თუ შევხედავთ, დავინახავთ - როდესაც ხელისუფლებისთვის სასარგებლო იყო, გაშუქებას ეთერში დაახლოებით 6-ჯერ მეტი დრო დაეთმო.

 

მეოთხე მაგალითი - საჯარო დისკუსია დედოლარიზაციაზე

 

2025 წლის 13 იანვრის გადაცემაში სიუჟეტი დედოლარიზაციის ფარგლებში უცხოურ ვალუტაში გასაცემი სესხის ქვედა ზღვარის 500 000 ლარამდე გაზრდაზე (28:02-დან) მომზადდა. ორი რესპოდენტიდან ერთი - საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი დავით რუსია ნეიტრალურად იყო განწყობილი და მოვლენების ქრონოლოგიას მისდევდა, ხოლო მეორე - ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი მარეგულირებლის პოზიციას იცავდა. საპირისპირო აზრის მქონე ეკონომისტის ან პოლიტიკოსის მოსაზრება ეთერში არ გვინახავს.

13 იანვრის გადაცემის თემა - ეროვნული ბანკის რეზერვების 324 მლნ დოლარიანი ზრდა დეკემბერში (36:15-დან), სტუმარი კი ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა სოფრომაძე იყო. წამყვანმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი ლარის ჭარბი მერყეობის გასანეიტრალებლად სავალუტო ბაზარზე აქტიურად იყო წარმომადგენილი, თუმცა არ უთქვამს, რომ დეკემბრის ზრდის მიუხედავად, 2023 წლის ივლის-აგვისტოსთან შედარებით, მილიარდ დოლარზე მეტი კლება ფიქსირდებოდა. თემაზე კრიტიკულად არც სხვა რესპოდენტს უსაუბრია.


მეხუთე მაგალითი - ექსპორტის ზრდა


2025 წლის 20 იანვარს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის გაცნობისას (1:48-დან) წამყვანმა აღნიშნა, თუ რამდენი პროცენტით და რა თანხამდე გაიზარდა ექსპორტი, იმპორტი და მთლიანი ბრუნვა. დაასახელა ძირითადი საექსპორტო და საიმპორტო პროდუქცია, თუმცა მკაფიოდ არ უთქვამს, რომ ბოლო წლებში გაზრდილი ექსპორტი ძირითადად ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე მოხდა და არც ის უხსენებია, რომ ადგილობრივი ექსპორტი 2021 და 2022 წლებთან შედარებით შემცირდა.

იმავე დღის გადაცემაში სტუმრად „რეფორმატიქსის“ წარმომადგენელი გიგა მელიქიშვილი იმყოფებოდა (30:02-დან). ხელისუფლებისადმი ლოიალურად ან ნეიტრალურად განწყობილი სხვა სტუმრებისგან განსხვავებით, წამყვანი გამოირჩეოდა კრიტიკული კითხვებით. რაიმეს უარყოფით ან ჩაკითხვებით, თითქმის, ყოველ წინადადებას აწყვეტინებდა სტუმარს.

მიმოხილული მაგალითები აჩვენებს, რომ მართალია, გადაცემაში გამოგონილი ფაქტები და კლასიკური გაგებით, დეზინფორმაცია არ გვხვდება, ის მაინც შორსაა ობიექტურობისგან და გადახრილია „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო პოზიციების გაჟღერებისა და დაცვისაკენ. მათთვის არასასურველი საკითხები კი - ჯეროვნად არ შუქდება.






ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
მოძმე პროპაგანდა


რა შემთხვევაში შეიძლება ვენესუელელმა მადურომ, რომელიმე ამაყმა ქოცმა ზარქუამ, რუსეთის ყოფილმა პრემიერმა მედვედევმა, ბელარუსის მარადიულმა პრეზიდენტმა ლუკაშენკამ და მარინ ლე პენმა თანამედროვე სამყაროს ყველაზე მამაცი ლიდერი ზელენსკი კლოუნად მოიხსენიონ?!

ა) თუ ზელენსკი მართლა კლოუნია
ბ) თუ ზემოთ აღიშნული პირები საერთო პროპაგანდისტულ ხაზს მიჰყვებიან, რომელიც, მათ შორის, ერთი და იგივე სიტყვების, ფრაზებისა და კონცეფციების გავრცელებას გულისხმობს. 

დიქტატურის საყრდენი რომ ძალოვნების გარდა პროპაგანდაცაა, ეს თეორიულად ყველამ იცის, თუმცა პრაქტიკაში, მთელი ბრწყინვალებით, მაშინ ვიხილეთ, როცა ივანიშვილის თავზეხელაღებულმა სპეცრაზმელებმა მომიტინგეები არაერთხელ, არამხოლოდ სამსახურეობრივი, არამედ იდეოლოგიური მოტივებითაც დაასისხლიანეს პროპაგანდისტული შეძახილების ფონზე: „ომი გინდათ?“; „კაცები უნდა გაათხოვოთ?“ ; „ასლარიანო პუტანკებო“ … აშკარად ჩანდა, რომ ხალხის ცემისგან თავისუფალ დროს მთლიანად პროპაგანდისტული მედიებიდან იღებდნენ „განათლებას“.

პროპაგანდისტული ჰაბი რუსეთშია. ყველა ქართველი, სამხრეთ ამერიკელი თუ ევროპელი პრორუსული ძალა აქედან იღებს მთავარ მესიჯებსაც, ლოზუნგებსაც და „არგუმენტებსაც“.

მხოლოდ პირდაპირი პროპაგანდა რეჟიმის მომხრეებზე მუშაობს, მერყევი, დაბნეული და გარკვეულწილად ინდეფერენტული ხალხისთვის კი ირიბი მესიჯები მუშავდება, რომელიც ერთი მხრივ, გულგრილი ნაწილის გადმობირებას ემსახურება, მეორეს მხრივ კი, პროტესტში განხეთქილების შეტანას, ფოკუსის გადღაბნას და დემორალიზაციას ცდილობს.

როგორ ახშობდა ლუკაშენკას რეჟიმი პროტესტს?

პროტესტის მონაწილეების დისკრედიტაცია - სამთავრობო მედიები ( ОНТ, СТВ и Беларусь 1) ცდილობდნენ პროტესტის მომხრეების გაშავებას. ტელევიზორთან მიმსხდარ ხალხს არწმუნებდნენ, რომ პროტესტის მონაწილეებს დასავლეთის ფულით ნაყიდი სასმელი, ნარკოტიკები და გეობა აინტერესებდათ. მათი მიზანი ქვეყნის ტრადიციული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრიობის შერყვნა იყო. ვრცელდებოდა ამის „დამადასტურებელი“ დამონტაჟებული ვიდეოები.

არანაირი რეალური უკმაყოფილება არ არსებობს, პროტესტი ხელოვნურად ორკესტრირებულია დასავლეთის ფულით და პროპაგანდით - აცხადებდნენ რეჟიმის კარის მომღერლები, სპორტსმენები და ინფლუენსერები. 

ოპოზიციის დისკრედიტაცია - ლუკაშენკას რეჟიმი მედიების საშუალებით ავრცელებდა ნარატივს, რომ ოპოზიციას სინამდვილეში არანაირი მხარდაჭერა ხალხისგან არ გააჩნია, იმართება დასავლეთისგან, იღებს ბრძანებებს ამერიკელი და ევროპელი დონორებისგან (ბელარუსში ასეთ „ბუა ქვეყნებად“ ძირითადად პოლონეთი და ლიტვა სახელდებოდა), იტანჯება კოლონიალური სინდრომით, სურს ბელარუსის სრული გაჩანაგება და მისი დასავლეთის კოლონიად გადაქცევა. 

მედია ხშირად იმეორებდა სიტყვებს: „რადიკალი“; „ექსტრემისტი“; „მოღალატე“, რომ კარგად გამჯდარიყო მაყურებლის, მსმენელის, მკითხველის ლექსიკონში. 

რეპრესიების გამართლება - ბელორუსში ათასობით მომიტინგე აქტივისტია დაჭერილი. უმეტესობას აწამებენ, შეურაცხყოფენ, ულახავენ ღირსებას. ამ ყველაფერს კი პროპაგანდა იმით ამართლებს, რომ სხვა შემთხვევაში ქვეყანა ჩამოიშლება და დასავლეთის მარიონეტი გახდება. სამაგალითო დასჯა როგორც „ომონის“, ისე ტიტუშკების მხრიდან ემსახურებოდა მოსახლეობის დაშინებას და თვითცენზურის ჩართვას. 

„გამწარებული ხალხის“ ჩართულობა სამთავრობო თავდასხმებში - ონლაინ ტროლების გარდა, რომლებიც პროტესტის მონაწილეებს თავს ესხმოდნენ სხვადასხვა სოციალურ მედიაპლატფორმაზე, ტიტუშკებიც ჩართულები იყვნენ პროტესტთან ბრძოლაში. ჩვეულებრივ მოქალაქეებად გადაცმული სპეცსამსახურების თანამშრომლები მინსკის მეტროში თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მოქალაქეებს, რომლებიც თეთრ-წითელ-თეთრ საპროტესტო სიმბოლიკას ატარებდნენ. ხშირად ჯანიანი ტიტუშკები პატრულირებდნენ სხვადასხვა უბანში, „მოღალატე პროტესტანტებს“ სადარბაზოებთან აკავებდნენ და გადასცემდნენ „ომონს“. 

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს გალინა აბაკუნჩიკს დაუდგენელმა პირებმა სასტიკად სცემეს „ხალხის მტრობის“ გამო. 

სამთავრობო მედიების ამოცანა დაპირისპირების გამძაფრება და პროტესტის მონაწილეების დეჰუმანიზაცია იყო. პროპაგანდით მოწამლულ ბელორუსს უნდა ეთქვა: „ღირსია! ხალხის მტრები უნდა განადგურდნენ!“ 

განხეთქილება ოპოზიციაში - 2020 წლის მერე ქვეყნიდან წასულ ოპოზიციონერებს შორის, ერთი შეხედვით, არსებობს შეთანხმება კონსოლიდაციაზე, ფოკუსის გასწორებაზე, პოლიტპატიმრების დახსნაზე, თუმცა ხშირად მეტი დრო ურთიერთბრალდებებსა და გარჩევებს მიაქვს, ვიდრე რეალურ სტრატეგიაზე მუშაობას. პროტესტის აქტიურმა ფაზამ და დუღილმა დიდი ხანია გადაიარა. ოპოზიციონერების დიდი ნაწილი განეიტრალებული, დაჭერილი ან ქვეყნიდან განდევნილია. 

„ბუნებრივია, რომ ხალხი დღევანდელ, ყოფით პრობლემებზე ფოკუსირდა, პოლიტიკა ყოველთვის ემოციაა, ემოციას კი ყოველთვის მაღალ დონეზე ვერ შეინარჩუნებ“, - ამბობს ქვეყნიდან წასული ოპოზიციონერი ვალერი ცეპკალო. ირიბად აღიარებს, რომ ამ ეტაპზე მომენტუმი ხელიდან გაშვებულია. 

ლუკაშენკმა დასავლეთში ლეგიტიმურობა სრულად დაკარგა, ამიტომ მისი პოლიტიკური ბედი და რეჟიმის სიმყარე მთლიანად ჩამოკიდებულია რუსეთზე. რუსეთი ავტოკრატების და ქაოსში ღლავებზე მონადირეების ნამდვილი მეგობარია.
დღეს, ოფიციალური მონაცემებით, რეჟიმს 2020 წლიდან დღემდე 1420 პოლიტიკური ტყვე ჰყავს. სამართალდამცველები ამბობენ, რომ სისხლის სამართლებრივად დევნილია 4300 ადამიანი. 

ლუკაშენკას პოპულიზმიც და რეპრესიებიც მზარდია. სხვანაირად შეუძლებელია ხელისუფლების შენარჩუნება. ამიტომ არავის გაკვირვებია, რომ 2025 წლის არჩევნებში ლუკაშენკამ 86, 82% აიღო. 

რუსული პროპაგანდის პატერნი, სამწუხაროდ, უკვე ბელარუსის მაგალითზე კი არა, საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ. უბრალოდ, ჩვენ ჯერ პროცესში ვართ და გვაქვს შანსი, საკუთარი, სხვანაირი წარსული და ბელარუსების წარუმატებელი ბრძოლა გაკვეთილად გამოვიყენოთ. თავი კი არ დავიმშვიდოთ, „აქ ბელარუსი არ გამოვაო“, არამედ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მრავალჯერ გამოცდილი რუსული შაბლონის კიდევ ერთ ქვეყანაში გამარჯვება.

დღეს ლუკაშენკას სტრატეგია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ხმის ამომღებების სრული განეიტრალება, პროტესტის ხმის ჩახშობა და ყოფილი ამბოხებულების საკუთარ სამსახურში ჩაყენებაა. ავტოკრატია და დიქტატურა უკიდურესად ცინიკური მექანიზმია, სწორედ ამით იხსნება ყოფილი ბელორუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის ბედი, რომელიც ჯერ თვითმფრინავიდან ჩამოსვეს, აწამეს და დაამცირეს, მერე კი, 2025 წელს ლუკაშენკას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად აქციეს. 

ამიტომ ჩვენ ბევრი და ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ ყველასა და ყველაფერზე, რასაც ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლება ეხება და ჩაგრავს. რაც მთავარია, ჩვენი ხმა უნდა ესმოდეს არამარტო დასავლეთს, არამედ ტელეკომპანია „იმედის“ მსხვერპლთაც, რომლებიც კორუფციის, დაუდევრობისა და ფეოდალური მართვის გამო მომხდარ ტრაგედიებზეც ერთხმად იმეორებენ: „ნუ აპოლიტიკურებთ“. ალბათ, მრავალი წუთი, საათი და დღე დასჭირდება იმის ახსნას, რატომ არის ბავშვების სიკვდილი ამ ქვეყანაში პოლიტიკური. 

ახლა მთავარია, რეჟიმის სამი ძირითადი საყრდენიდან ერთ-ერთი - პროპაგანდა დავასუსტოთ. ამას სჭირდება კრიტიკული მედიების, პროტესტში მონაწილე ხალხის, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საერთო მიზანი, რომელიც პირველ რიგში, რეჟიმის პროპაგანდას გაანეიტრალებს და არა - ერთმანეთს. 

მრავალფეროვნება და განსხვავებულობა ერთობას არ გამორიცხავს. შიში, ნიჰილიზმი და კონფლიქტები, რომელსაც „იმედის“, „რუსთავი 2-ის“, POSTV-ისა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გარდა, პროპაგანდით მოწამლული საზოგდოების ნაწილიც ასე აქტიურად კვებავს, დასაძლევი და გადასატეხია. ზოგჯერ ერთმანეთის მიმართ გულწრფელი და სამართლიანი ბრაზი რეჟიმს აძლიერებს, ჩვენ კი გვასუსტებს და ენერგიას გვაცლის. ბანალურად ჟღერს, მაგრამ ზოგჯერ ეშმაკი სწორედ ბანალური ჭეშმარიტების დაცინვასა და უარყოფას ცდილობს.





ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ