26 მაისი 1918-21 წლების პრესაში
26.05.2016
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრესის არქივში პირველი რესპუბლიკის დროინდელი ცნობები ინახება.

დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ქართული პრესა ამიერკავკასიის ერთიანობის იდეით ინტერესდებოდა. ასევე წერდნენ გერმანიის წარმომადგენელთა ვიზიტზე, რომლებიც ბათუმის საზავო კონფერენციაში გეგმავდნენ მონაწილეობას.პრესა ყურადღებას ამახვილებდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების აუცილებლობაზე, ასევე ოსმალების სამხედრო მოქმედებებზე კავკასიისკენ, აფხაზთა განცხადებაზე, რომლითაც ისინი ბათუმის საზავო კონფერენციას და ამიერკავკასიის ერთიანობის იდეას უერთდებოდნენ.

პრესაში სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფი ავრცელებდა განცხადებებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი ერთიანობა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.

“მედიაჩეკერმა” თვალი გადაავლო 1918-1921 წლის მაისში გამოცემულ გაზეთებს “საქართველოს”, “ერთობასა” და “პრავდას”.

1918 წლის 10 მაისი (გაზეთი "საქართველო")

1918 წლის 10 მაისი (გაზეთი “საქართველო”)



“ბათუმის საზავო კონფერენციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში. ხალხი ამასა ჰგრძნობს, იგი მიჰხვდა, რომ ამიერკავკასიის სახელმწიფოს მოწყობაში შინაურ განწყობილებას ისეთი მნიშვნელობა არა აქვს, როგორც გარეშე ძალთა დამოკიდებულებას, დიდ სახელმწიფოთა შეხედულებას ახალი ერთეულის შესახებ. ამიერ-კავკასიის სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, ალბად, სცნობენ ის სამეფონი და რესპუბლიკანი, რომელთა აზრს გადამჭრელი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ყოველს შემთხვევაში, ახალი სახელმწიფოს სუვერენობა შეწყნარებული იქნება ცენტრალ ევროპის კავშირის მიერ. იმ ფაქტს, რომ ბათომში უკვე ჩამოსულა გერმანეთის დელეგაცია უცილობელი გავლენა ექნება საზავო მოლაპარაკების მსვლელობაზე: ცენტრალ კოალიციის ხელმძღვანელის წარმომადგენელნი თვით გადასწყვეტენ იმ საკითხსაც, რომელნიც შეურიგებელ უთანხმოებას ჰბადებენ ჩვენსა და ოსმალთა შორის;”

1918 წლის 11 მაისი (გაზეთი “საქართველო”)

1918 წლის 11 მაისი (გაზეთი “საქართველო”)



ეს ნომერი საქართველოსა და ამიერ-კავკასიის კონსტიტუციის შემუშავებას ეძღვნება. ამასთანავე მკითხველს გააცნეს ლიტვის დამოუკიდებლობის აღიარების და“ სომეხ-თათართა“ საზავო შეთანხმების შესახებ ცნობა. ამავე ნომერში გამოცხადდა, რომ საქართველოს ეროვნული ფონდის გასაძლიერებლად შემოწირულობა გროვდება ეროვნული საბჭოს სამმართველოში.

ამიერ-კავკასიის მოწყობის შესახებ

“როგორ უნდა მოეწყოს ამიერ-კავკასიის სახელმწიფოებრივი ცხოვრება? - ჩვენ მრავალჯერ გამოგვითქვამს აზრი რომ ამიერ-კავკასიის ერთა ცხოვრება ერთს რომელიმე სახელმწიფოებრივ ფარგლებში ვერ მოთავსდება ხანგრძლივად, ვინაიდან დიდათ განსხვავებულია ამ ერთა კულტურული და ეკონომიკური ვითარება და მათი ეროვნული და პოლიტიკური მისწრაფებანი. ამიერ-კავკასიის ერთა კულტურულ-ეკონომიკური ცხოვრების ბუნებრივი ზრდა განვითარება მოითხოვს ამ ერთა პოლიტიკური ცხოვრების ეროვნულად ჩამოყალიბებას”.

საქართველოს კონსტიტუციის შესახებ

“მიუხედავად ყოველივე საგარეო და საშინაო სირთულისა, საქართველოს ეროვნული საბჭო დაჩქარებით და მტკიცედ უნდა შეუდგეს საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებას და ტერიტორიული გადამიჯვნის საქმეს. საქართველოს პოლიტიკურ წყობილებას საფუძვლად სუვერენობა, დამოუკიდებლობა უნდა დაედვას. მხოლოდ დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური წყობილება უზრუნველჰყოფს ერის თავისუფალს და შეუფერებელ ეკონომიურს და კულტურულ ზრდა-განვითარებას.ის ამა თუ იმ საკითხში, თუ მტკიცე პოლიტიკური ურთიერთობითაც შეუკავშირდება თავის მახლობელ, თუ შორეულ მეზობლებს, როდესაც ამას მოითხოვს საჭიროება და იმ პირობებში, როგორც ამას მოითხოვს მისი ეროვნული მიზნები და ინტერესები”.

1918 წლის 12 მაისი (გაზეთი "საქართველო)

ამ ნომერში რედაქცია საქართველოსთან მიმართებით გერმანიის როლს მიმოიხილავს:

“რა შედეგი უნდა მოჰყვეს ჩვენი ქვეყნის გერმანეთთან პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაახლოვებას და მის მფარველობისა და გავლენის ქვეშ მომწყვდევას? გერმანეთს არავითარი ინტერესი არა აქვს, რომ ჩვენი ეროვნული განვითარება შეაფერხოს, ან მოსპოს, ვინაიდან მისთვის არც ეკონომიკურად და არც პოლიტიკურად არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. გერმანეთი დაინტერესებული კი არის, რომ ჩვენ ქვეყანაში მისი მეტი გავლენა და განწყობილება და ერთგვარი უპირატესობანი ჰქონდეს სხვა დიდ სახელმწიფოებთან შედარებით. ჩვენი ქვეყანა იძლევა ისეთს მასალას, რომელიც ფრიად საჭიროა მისი მრეწველობისთვის და ახალი აღმოსავლეთისაკენ გზების გაკაფვისათვის. მარგანეცი, სპილენძი, ნავთი, ბამბა და სხვა სიმდიდრე, რომელიც უკვე მუშავდება, თუ შეიძლება დამუშავდეს მადნეულობით მდიდარს ჩვენს ქვეყანაში, შეადგენს მთავარს ინტერესს გერმანეთისათვის. მეორეს მხრივ ჩვენი ქვეყანა მისთვის გახდება ერთგვარი ბაზა მისი აღმოსავლეთისაკენ მიმართული პოლიტიკურ-ეკონომიკურ მსვლელობისათვის”.

გერმანელთა შემოსვლა თბილისში, 1918



1918 წლის 21 მაისი (გაზეთი “საქართველო”)

“ამიერ-კავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადება, უნდა ვიფიქროთ, არ იყო სახუმარო აქტი. ამიერ-კავკასიის ხალხთა ნებისყოფამ შეგნებულად მოიშორა რუსეთის ქვეშევრდომობა და შეუდგა საკუთარ სახელმწიფოს მოწყობას. მაშასადამე, სრულიად დაიმედებულნი უნდა ვიყვნეთ, რომ რუსეთს გამოლაშქრება მოუხდება სუვერენულ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც იძულებული შეიქნება მტრის დასაძლევად ძლიერი მოკავშირე გამოძებნოს. ამიერ-კავკასიის განთავისუფლებულ ხალხს რუსეთის აღდგენა და ეროვნულ თავმოყვარეობის გაღვიძება სიამოვნებს, მაგრამ იმას კი ვერ შეურიგდება, რომ ამ ფაქტს შედეგად მოჰყვეს ჩვენი ქვეყნის განმეორებითი ოკუპაცია. მტრად მოსულ რუსეთს ჩვენი ხალხი გადაჭრილ და რადიკალურ ზომებით დაუხვდება”.

1918 წლის 23 მაისი (გაზეთი “საქართველო”)

გაზეთი “საქართველოს” 23 მაისი ნომერში “საგულისხმო ცნობებში” შემდეგიინფორმაცია გამოქვეყნდა: “გერმანეთი საჭიროდ სთვლის რუსეთის თანხმობას ამიერ-კავკასიის დამოუკიდებლობაზე. გრაფ მირბახს დაევალა შეეკითხოს ამის შესახებ რუსეთის მთავრობას. გერმანეთი ამასთან გამოსთქვამს, რომ იგი მზადაა მიიღოს შუამდგომლობა, რათა შეათანხმოს რუსეთი და ამიერ-კავკასია. იგი აღნიშნავს, რომ ამიერ-კავკასიის გერმანეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება დამოკიდებულია მხოლოდ მოსკოვის მთავრობის მიერ ამიერ-კავკასიის რუსეთიდან გამოყოფილად აღიარებაზე”.

ვრცელ წერილში სახელწოდებით “ნაადრევი სიხარული” საუბარია იმის შესახებ, თუ როგორ ითხოვა რუსეთის წარმომადგენელმა ბათუმის კონფერენციაზე დაშვება: „ რა უნდა გააკეთოს რუსეთის წარმომადგენელმა ბათომის კონფერენციაზე, რას იტყვის, ან რას მოითხოვს ის ჩვენი ფანტაზია ამას ვერ აღწევს”, - აღნიშნულია რედაქციის წერილში.

ამავე ნომერში შეხვდებით აფხაზეთის დადგენილებას ამიერკავკასიის ერთობაში გაწევრიანების შესახებ: “ქუთაისის გუბერნიის აღმ. კომიტეტის რწმუნებული გამსახურდია ტელეგრაფით ატყობინებს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ აფხაზთა სახალხო საბჭოს კრებამ ოცს მაისს გამოიტანა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც კატეგორიულად მტკიცდება აფხაზთა სახალხო საბჭოს და საოლქო გლეხთა საბჭოს (4-10 მარტს) გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთი შედის ამიერ კავკასიის ხალხთა საზოგადოების ოჯახში, როგორც მისი თანასწორი წევრი, რაიც დაუყოვნებლივ ეუწყოს ბათომის საზავო კონფერენციას საკუთარ დელეგატების პირით. დელეგატებად არჩეულნი არიან გ. მ. ზოხუბაია, ვ.ა. შერვაშიძე, ს.პ. ბასანია, კ. ხაჯიმათოვ-კუიუტ, ა.ი. ჩუბარ, ბაკი სენდიკოვ აეიზმა, ა.მ. ჩოჩუა,ხუჩიმ, მუსო, გიცბა. დელეგაცია გამოვა ხვალ, დილის 8 საათზე ფოთით”.

ამავდროულად ვრცელდება ცნობები ოსმალების სამხედრო ქმედებების შესახებ: “მთავრობამ ნაზარბეგოვისგან მიიღო შემდეგი ცნობა: „მიუხედავად იმისა, რომ დროებით ზავია გამოცხადებული, ოსმალები სამხედრო მოქმედებას განაგრძობენ და კარაკლისის ფრონტისკენ მოიწევენ. დღეს სოფელ ავდიბელიდიდან ჩვენები გამოდევნეს. ცნობები მივიღეთ, რომ ოსმალებს თბილისის გზატკეცილით დიდი ძალები გამოუგზავნიათ ლორის რაიონისკენ. გვაქვს აგრეთვე ცნობა, რომ მათ განზრახული აქვთ კარაკლისზე და შემდეგ თბილისზე წამოსვლა“.

1918 წლის 24 მაისი (გაზეთი “საქართველო”)

უკვე 24 მაისს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ამიერ-კავკასიის ერთობის შექმნის საკითხი და აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე: “ამიერ-კავკასიის რესპუბლიკის მდგომარეობა თავიდანვე არ იყო მტკიცე, მაგრამ დღეს ის განსაკუთრებულს ხიფათს განიცდის. ოსმალეთის ლაშქარი უკეთესს შემტხვევაში შუაზე გაჰყოფს ამიერ-კავკასიის რესპუბლიკას და მისი ლაშქარი გაივლის მუსლიმანთა მიწებს და ბოლშევიკებისგან ბაქოს გათავისუფლებას შეუდგება. ბევრს იმის შიშიც აქვს, რომ ოსმალთა ჯარები თბილისისკენაც გამოეშურებიან საქართველოს და დედა-ქალაქში შემოვლენ. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება იმდენად მნიშვნელოვანი აქტია, რომ არ შეიძლება მას დიდი ცვლილება არ მოჰყვეს ოსმალეთის სამხედრო და დიპლომატიურ ოპერაციებში. ყოველს შემთხვევაში ეს ოსმალეთის აქტიურ მოქმედებას დროებით მაინც შეაფერხებს. უფრო მოსალოდნელი კი არის, რომ დმოუკიდებელ საქართველოს ოსმალეთი აღარ შეეხება და მასთან მეგობრულ განწყობილებას დაიჭერს”.

1918 წლის 25 მაისი (გაზეთი “საქართველო”)

"თბილისის ვაჭარ-მრეწველთა კავშირის განცხადება: “ჩვენი ეროვნული ცხოვრების აღორძინებისათვის მნიშვნელოვანი და საყურადღებო დღე იქნება 26 მაისი, როდესაც უნდა ჩაეყაროს საძირკველი თბილისის ვაჭ.-მრეწველთა კლასის შეკავშირებას. ვაჭარ-მრეწველთა კლასის შეკავშირება საქართველოში დღიურ საკითხად გარდაიქცა და ეს მთელი თავისის აუცილებლობით სდგას ქართველ ვაჭარ-მრეწველთა წინაშე. ქართველი ერის ყოფნა არ ყოფნის საკითხი მისი მომავალი სიძლიერე თუ უძლურება მჭიდროდ დაკავშირებულია ამ საკითხთან. ერის ეკონომიკურად აღმატებას და ამაღლებას სწორედ ამ შეკავშირებულმა კლასმა უნდა შეუწყოს ხელი, ვინაიდან პატარა ერის ხსნა მხოლოდ მის ეკონომიკურ განვითარებაშია. დღეს ყველა ნათლად ხედავს რომ დიდი სახელმწიფოები თუ უწევენ რაიმე ანგარიშს პატარა ერებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის ეკონომიურად და კულტურულად მოღონიერებული არის”.

1918 წლის 26 მაისი(გაზეთი “საქართველო”)

"საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა, დამოუკიდებელი საქართველო აღდგა, გაუმარჯოს საქართველოს!" - 26 მაისისი გაზეთი "საქართველო" მთლიანად დამოიკიდებლობის გამოცხადებას მიეძღვნა.



1918 წლის 28 მაისი (გაზეთი “საქართველო”)

"მაისის 26-ს საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. შესდგა ახალი სამინისტრო ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით. ფინანსების მინისტრად არჩეულია გ. ჟურული. ბორჯომის რაიონში ქართველებმა ქურთები დაამარცხეს. ქართული ჯარი ახალციხეს უახლოვდება. რუსეთის მთავრობა თანახმაა ამიერ-კავკასიის დამოუკიდებლობის შესახემ მოლაპარაკება გამართოს კავკავში".

ამ ცნობებს კი თან ახლდა ნოე ჟორდანიას მისასალმებელი სიტყვა:

„მოქალაქენო, აქ თქვენ დღეს მოწმენი იყავით ერთ ისტორიულ ამბისა: დღეს ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი ახლა ამავე დარბაზში უნდა იშვას მეორე სახელმწიფო. ამ ორ სახელმწიფოთა შორის არ შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო რაიმე ინტერესთა სხვა და სხვაობა და თუ მოკვდა პირველი სახელმწიფო, რომელიც დღეს დგება, არამედ ის, რომელიც დღეს არ დგება. (ტაში) დღეს აქ ახლად დაარსებული საქართველოს სახელმწიფო არ იქნება მიმართული არც ერთ ერის და არც ერთ სახელმწიფოს წინააღმდეგ. (ხანგრძლივი ტაში)”

ნოე ჟორდანია, 1920


ამავე ნომერში გამოცხადდა სხვადასხვა ეროვნებისა და ეთნიკური ჯგუფების მილოცვა ქართული სახელმწიფოსათვის.

1919 წლის 26 მაისი

გაზეთ “საქართველოში” კვლავ საუბრობენ დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და ქართველი ერის სიხარულზე. ასევე დღის განმავლობაში დაგეგმლ სადღესასწაულო ღონისძიებებზე. “ეროვნულ ტანჯვაში, ეროვნულ მსხვერპლსა და მარხვაში გაწმიდანებული ქართველობა დღეს უკლებლივ მოკრებილია, რომ ცად აუშვას გულხმიანი ღაღადისი სამშობლოს სადიდებლად! უკლებლივ! ვინაიდან ქართველთა თესლის აბა რომელი გარეწარი გაბედავს იყოს იუდა და საქართველოზე გული ავით აივსოს; რომელი ცოდვილი იზვიადებს, თავის ქართულ ჩამომავლობას ლაქა დააღვენთოს და მოდმათა შეჩვენებას მიეცეს!დღეს საყოველთაო ეროვნული ლოცვის დღეა; სამშობლოს წინაშე ფიცის დადების ღვთისმსახურებაა.მაღალი საიდუმლოა; მთელი ერის გაზენაების დღესასწაულია”.

გაზეთ “ერთობაში” ჩამოთვლილია ღონისძიებები, რაც საქართველოს დამოუკიბელობის დღესთან დაკავშირებით დაიგეგმა 1919 წელს.

“თეატრ აპოლოში დადგმული იქნება შემდეგი სურათები:

1. სახალხო გვარდიის დღე საქართველოს დედაქალაქში 12 დეკ, 1918 წლისა

2. დღესასწაული დამფუძნებელი კრების გახსნის დღეს\

3. „ქრისტინე“ - დრამა 4 მოქმედებად, გადმოკეთებული ეგნატე ნინოშვილის მოთხრობიდან”

ასევე გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას სიტყვა:

„ერთი წლისაა ჩვენი რესპუბლიკა. ერთი წლის გამოცდილება და ისტორია აქვს ჩვენს პატარა ქვეყანას. და ახლა შეგვიძლია რამდენიმეთ მაინც გავაკეთოთ საერთო დასკვნა ამ განვლილ ხანისა. ისტორიული დღეს, 26 მაისი, ჯერ ისტორიული გამორკვევისთვის არ გამოდგება. იგი ისე ცოცხლად დგას, როგორც გუშინდელი დღე. ეხლაც იგი ცოცხლობს აწმყოში, როგორც ჯერ დაუმთავრებელი ტრაგედია ქართველი რევოლუციური დემოკრატიისა და მთელი ერისა.

26 მაისიდან საქართველო გამოდის თანდათან ცეცხლის რკალიდან, გარშემორტყმულ მტერთა მახვილის საშიშროებიდან და მაგრდება შინ და გარეთ, თავის რევოლუციურ ნიადაგზე. ამ დღიდან იგი იწყებს თავის ფეხით სიარულს".

26 მაისი 1921 წელი, გაზეთი „პრავდა“


"დღეს - 26 მაისის დღეს, წითელი რევოლუციური დროშები გამოიფინება თავისუფალი ქართველი ხალხის თავზე, ხალხის, რომელმაც თავისი სისხლით შეღება ისინი.რევოლუციის პირველ დღეებში წითელი დროშების ტყით დაიფარა საქართველო.მხოლოდ ბნელი ძალები მიმალული რეაქციები მისტიროდნენ სამ ფერიან დროშას.ძალაუფლების სათავეში მოსულმა მენშევიკებმა რევოლუციის მოტივი შეცვალეს, წითელი ბანერი ნაციონალური სამ ფერიანით ჩაანაცვლეს და ირგვლივ იმათ მოუყარეს თავი, ვისაც უმოწყალოდ ეომება შრომისმოყვარე ხალხი.სამარცხვინოდ დასრულდა მენშევიკების ბატონობა... გათავისუფლებული მუშათა და გლეხთა საქათველოს, ბურჟუასა და მათ ქვეითებისგან თავისუფალი საქართველოს თავზე საამაყოდ ფრიალებს კომუნიზმის წითელი დროშა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, თავისუფალ, შრომისმოყვარე ქართველ ხალხს, რომელმაც დაამარცხა თავისი მჩაგვრელი მის სამ ფერიან ნაციონალურ დროშასთან ერთად. გაუმარჯოს ჩვენს წითელ დროშას, პროლეტარიატის დაღვრილი სისხლის სიმბოლოს, ბრძოლისა და გამარჯვების სიმბოლოს, პროლეტარიატის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის".

მასალის წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელი".

ავტორი : მაია წიკლაური;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ