Fake News- ის ფსიქოლოგია
11.10.2018


კვლევითი ორგანიზაცია, Pew Research Center-ის მიერ 2016 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკის მოსახლეობის ზრდასრული ნაწილის 23 პროცენტს, ამა თუ იმ სოციალურ ქსელში, ერთხელ მაინც გაუზიარებია Fake news, ზოგჯერ არაინფორმირებულობის გამო, ზოგჯერ კი შეგნებულად.

ტყუილი ინფორმაცია, ე.წ. Fake News 2010-იანი წლების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა როგორც პასუხისმგებლიანი მედიებისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის. სოციალური მედიის მზარდი როლი ნებისმიერ მოხმარებელს პროფესიონალი ჟურნალისტის პოტენციურ კონკურენტად აქცევს. შედეგად კი, სულ უფრო რთულდება ახალი ამბის სანდოობისა და ავთენტურობის დადგენა. ინფორმაციის მოხმარების კულტურის ტრანსფორმაციასა და მის საფრთხეებზე ბოლო ორი წელია ინტერნეტ გიგანტებიც აქტიურად ალაპარაკდნენ. მიმდინარე წლის დასაწყისში ფეისბუკის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ზაკერბერგმა Fake News-თან ბრძოლა 2018 წლის უმთავრესი გამოწვევად დაასახელა. მალე, იგივე განცხადება გააკეთა Google -მაც.

Fake News-ის ფენომენით ფსიქოლოგები და სოციოლოგებიც დაინტერესდნენ. ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში ბოლო წლებში ამ თემაზე არაერთი კვლევა ჩატარდა და ტყუილი ინფორმაციის ზემოქმედების მექანიზმებზე საგულისხმო ნაშრომები გამოიცა. მედიაჩეკერი შეეცადა Fake News- ის შესახებ საინტერესო კვლევები მოეძიებინა და მისი გავლენის, გავრცელების ფორმებისა თუ ტენდენციების რამდენიმე ფსიქოლოგიურ ასპექტზე გაემახვილებინა ყურადღება.

ამერიკული პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაციის ექსპერიმენტული კვლევითი სექციის მიერ ჩატარებული კვლევა გვაჩვენებს, რომ დეზინფორმაციის ან მისინოფრმაციის კორექტირება საკმაოდ რთულია და მას განგრძობითი ეფექტები შესაძლოა ამბის შესწორების შემდეგაც ჰქონდეს. ფსიქოლოგების აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ადამიანების დიდი ნაწილისთვის დამახასიათებელი ჩვევაა, რომ გაუაზრებლად, შემთხვევითი ინფორმაციის საფუძველზე გააკეთონ დასკვნები ამა თუ იმ მოვლენაზე და აღარ დაელოდონ დეტალების გარკვევას. პირველი გაგონილი ინფორმაცია იმდენად ილექება გონებაში, რომ მისი სიყალბის დადასტურების დროსაც ხშირად თავდაპირველი ვერსია უფრო რჩება მეხსიერებაში. ეს ინფორმაცია შესწორების შემდეგაც აგრძელებს ზეგავლენის მოხდენას შეხედულებებსა და განწყობაზე. ფსიქოლოგების დაკვირვებით, ასეთ დროს შესწორებაზე მეტად ალტერნატიული ინფორმაციის მიწოდება მუშაობს, ანუ მომხმარებელმა ინფორმაცია როგორც მნიშვნელოვანი სიახლე, ისე უნდა აღიქვას, ისეთივე ფორმით, როგორც ეს თავდაპირველი ტყუილი ამბის გაცნობისას მოხდა და არა როგორც რაღაცის გაგრძელება და უარყოფა.

ამავე თემას ეხმიანება სამეცნიერო გამომცემლობა Plos-იც, რომელიც ინოვაციების ადვოკატირების კუთხით მუშაობს და ღია და თავისუფალ წვდომას გვთავაზობს სამეცნიერო ლიტერატურაზე. ორგანიზაციის მკვლევარები გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავენ, რომ როდესაც რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ამბავი ვრცელდება, ადამიანები აქტიურად ერთვებიან სოციალურ მედიაში, რომ თვალყური ადევნონ ინფორმაციას და მოვლენების განვითარება არ გამორჩეთ. სოციალური ქსელების გამოყენება ასეთ ვითარებაში აჩენს რისკებს, რომ განახლებული და დანაწევრებული ინფორმაცია შესაძლოა დაუზუსტებელი იყოს. მათი ნაწილი კი დიდხანს დარჩეს გადაუმოწმებელი გავრცელების მომენტიდან.

კვლევაში მოცემულია მეთოდოლოგია, რომლის საშუალებითაც მოხდა მონაცემთა ბაზაში 330 ტყუილი ინფორმაციის შეგროვება, იდენტიფიცირება და განმარტება. ორგანიზაციამ გააანალიზა ეს მონაცემები, რომ მიმხვდარიყო, როგორ ავრცელებენ მომხმარებლები ტყუილს, ჭორებს, ცდილობენ მათ არგუმენტირებას, შემდეგ კი ზოგ შემთხვევაში როგორ უარყოფენ მას, როცა უკვე სიცრუე დადასტურდება.

კვლევები აჩვენებს, რომ მომხმარებელებში ჭარბობს ტენდენცია დაიჯერონ ნებისმიერი დაუდასტურებელ ჭორი. აქვე, ერთი საინტერესო ტენდენციაც გამოიკვეთა, ჭორი, რომელიც შემდეგ მართლდება, გაცილებით მალე, მაქსიმუმ ორ საათში დასტურდება, ხოლო ცრუ ინფორმაციის გადამოწმებას დაახლოებით 14 საათამდე შეიძლება დასჭირდეს. გამოდის, რომ იმის მტკიცება, რომ ფაქტი არასწორია, ბევრად რთულია, ვიდრე მისი სისწორის დადასტურება.

მომხმარებლის ფსიქოლოგია გვაჩვენებს, რომ ისინი ახალ, წუთების გავრცელებულ თუნდაც დაუდასტურებელი ინფორმაციას უფრო ხშირად ავრცელებენ, ვიდრე შემდგომ, დადასტურებულს და გადამოწმებულს, როცა უკვე ყველამ ყველაფერი იცის. მიზეზი მარტივია: ასეთ ამბავს თუ ჭორს ბევრად მეტი რეაქცია და გამოხმაურება მოჰყვება სოციალურ ქსელში, ვიდრე მოგვიანებით, უკვე გარკვეული დეტალების გაზიარებას. ამიტომ, ტყუილი ინფორმაციაც უფრო მეტი ადამიანის მიერ ვრცელდება, ვიდრე შემდეგ მისი უარყოფა და კორექტირებული ვერსია.

ასევე, მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ტიპები, ვინც ინფორმაციას აზიარებს. კარგი რეპუტაციის მქონე პერსონების მიერ გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაცია კიდევ უფრო მეტი ჭორების და ტყუილის გავრცელების საბაბს იძლევა, რადგან მათდამი ნდობა უფრო მაღალია. გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ხშირად ავრცელებენ დაუდასტურებელ ინფორმაციას და ჭორებს, მიუხედავად იმისა, მართლდება შემდგომში ისინი თუ არა, უფრო მეტი მიმდევარი ჰყავთ, ვიდრე მათ, ვინც არ პოსტავენ ან მუდმივად ეჭვქვეშ აყენებენ დაუდასტურებელ ინფორმაციას.

ქარიშხალ სენდის დროს თვითერზე 10 350 თვითი გავრცელდა, რომლებიც ყალბ ფოტოებს შეიცავდა. კვლევამ აჩვენა, რომ ამ თვითების 86 პროცენტი სხვებისგან იყო წამოღებული. ანუ რეალურად, 30-მა მომხმარებელმა ( 0,3 % ) მოახდინა პროვოცირება, რომ 10 ათასზე მეტ ადამიანს ყალბი ფოტო გაევრცელებინა.

საინტერესოა ასევე ონლაინ გამოცემა Buzzfeed-ის მიერ ჩატარებული ანალიზი, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხებოდა ამერიკაში. მკვლევარების ინფორმაციით საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო სამი თვის განმავლობაში, არჩევნების თემაზე გავრცელებულ 20 ყველაზე პოპულარულ Fake News-ს, 1,3 მილიონით მეტი გაზიარება, რეაქცია და კომენტარი ჰქონდა ფეისბუკზე, ვიდრე ასევე 20 ყველაზე პოპულარულ ნამდვილ ამბავს. ყველაზე ბევრჯერ გავრცელებული ტყუილი ამბავი კი პაპი ფრანცისკეს მიერ დონალდ ტრამპის მხარდაჭერა იყო.

Fake News-ის საფრთხეებსა და გავლენებზე მსჯელობა აქტიურად გრძელდება და ამ თემით სულ უფრო მეტი პროფესიის ადამიანი თუ კომპანია ინტერესდება. თუმცა, იმ ფონზე როცა ეს ბევრისთვის ფულის შოვნის მარტივ გზად ან საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის საშუალებად იქცა, ძნელი სათქმელია რამდენად შედეგიანი იქნება მასთან ომი და მოახერხებს თუ არა Google ან Facebook ინფორმაციის ულევი ნაკადის დინებისას მისი ავთენტურობის კონტროლს.

ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ