18.10.2018
პროფესორი რასმუს კლაის ნილსენი როიტერის ინსტიტუტის ახალი დირექტორია. მან ეს თანამდებობა მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს დაიკავა. იგი 21-ე საუკუნეში ჟურნალისტების მთავარ გამოწვევებზე და იმ ბერკეტებზე საუბრობს, რითაც როიტერს შეუძლია მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს ჟურნალისტიკა.
როგორია როიტერის ინსტიტუტის თქვენეული ხედვა?
ყველამ ვიცით, რომ დღეს ჟურნალისტიკას დიდი ცვლილებების და გამოწვევების პერიოდი უდგას, მაგრამ, ამავე დროს, ეს დიდი შესაძლებლობების პერიოდია. ვფიქრობ, ჩვენი მოვალეობა არის ის, რომ მსოფლიოს მასშტაბით ჟურნალისტებმა შეძლონ ამ შესაძლებლობების და გამოწვევების ძლიერი მხარე გამოიყენონ.
როგორ უნდა ისწავლონ მათ ერთმანეთისგან; როგორ ისწავლონ ახალი ამბების ორგანიზაციებისგან, რომლებიც ზოგჯერ არც კი გაუგიათ და რომლებიც მათგან ძალიან შორს არიან; როგორ უნდა ისწავლონ ისეთი რაღაცები, რაც ახალი ამბების ინდუსტრიის მიღმა ხდება, სხვა პროფესიებსა და სფეროებში; როგორ ისწავლონ კვლევებისგან, რომლებსაც აქ, როიტერის ინსტიტუტში ვატარებთ, ან სხვა მკვლევარებისგან.
როგორ მოვახერხოთ, რომ ერთდროულად ვითამაშოთ ფასილიტატორის როლი ამ ინდუსტრიაში იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჟურნალისტიკის როლი აღელვებს საზოგადოებაში; როგორ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ხმა კარგად ისმის და ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ დისკუსიაში ისეთი ჟურნალისტიკის შესახებ, როგორიც გვინდა გვქონდეს 21-ე საუკუნეში.
რა მიმართულებით ხედავთ ყველაზე მეტად ჟურნალისტიკისა და ახალი ამბების ინდუსტრიის კვლევის საჭიროებას?
ჟურნალისტიკას ბევრი რამ აქვს საამაყო მე-20 საუკუნიდან და უფრო ადრინდელი პერიოდიდანაც, მაგრამ არის რაღაც, ძალიან ფუნდამენტური, რაც შეიცვალა. ადრე ვცხოვრობდით სამყაროში, სადაც ინფორმაცია მეტ-ნაკლებად დეფიციტური იყო. დღეს კი ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ინფორმაცია ძალიან მოჭარბებულია. ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიის გამოწვევა დღეს ძალიან მრავალწახნაგოვანია: სოციალური როლი, საზოგადოების ინფორმირება, ადამიანების გაძლიერება, ურთიერთობა ბიზნესთან, რომელიც ჟურნალისტიკის მდგრადობას განსაზღვრავს - ეს ყველაფერი გარკვეულწილად ზეწოლას ახდენს ჟურნალისტებზე, მაგრამ აუცილებელი წინაპირობაა პროფესიული ჟურნალისტიკისთვის და ყველა სხვა ინსტიტუციებისთვის, რომლებზეც მისი არსებობაა დამოკიდებული.
ფუნდამენტური შეკითხვა აქ ვფიქრობ ის არის გადავინაცვლებთ თუ არა ჩვენ სამყაროდან, სადაც ჟურნალისტიკის ღირებულება ინფორმაციით მომარაგებით განისაზღვრებოდა, სამყაროში, სადაც ის ღირებული მაშინაა, როცა უზრუნველყოფს, რომ ადამიანები ინფორმირებულები არიან. როგორ უნდა განვავითაროთ პროფესიული ჩვევები ისე, რომ ეს შევძლოთ.
როგორ უნდა განვავითაროთ ბიზნეს მოდელები, რომლებიც ჟურნალისტიკის მოდელის მდგრადობას უზრუნველყოფს. როგორ დავარწმუნოთ კომპანიები, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მისი გადარჩენისთვის მხარდაჭერაა საჭირო.
როგორ შევქმნათ ისეთი ხელსაყრელი გარემო, სადაც ყველა სხვა აქტორი, არაკომერციული ორგანიზაციები, მთავრობები თუ საზოგადოების სხვა წევრები, ჟურნალისტებს მხარს დაუჭერენ და გააძლიერებენ, რომ ეს მნიშვნელოვანი საქმიანობა განაგრძონ.
გარკვეულწილად ეს იგივეა, რაც მე-20 საუკუნეში ხდებოდა: იპოვო სიმართლე და გადმოსცე ამის შესახებ. მაგრამ, მეორეს მხრივ, სრულიად სხვა გარემოა. ახლა გამოწვევა რეპორტაჟის მომზადება და კომენტარის მოპოვება არაა, ახლა გამოწვევაა იმ ხმაურში და ინფორმაციული ნაკადში, სადაც უამრავი ხმა ისმის, გზა გაიკვლიო და ამოარჩიო ის, რაც ჟურნალისტიკას სჭირდება საკუთარი მისიის შესასრულებლად.
რა არის ის, რისი ცოდნაც სასწრაფოდ გვჭირდება და არ ვიცით?
მე ვფიქრობ, მთავარი გამოწვევა დღეს არის საკითხი თუ როგორ ქმნის ჟურნალისტიკა ფასეულობას მოქალაქეებისთვის. უამრავი გამოწვევა აქვს ამ სფეროს დღეს, ზოგი მათგანი მუდმივად აქტუალური დარჩება, ზოგთან დაპირისპირება კი გაცილებით ადვილი იქნება, თუ თითოეულ მოქალაქეს ისევე ეცოდინებოდა ჟურნალისტიკის მნიშვნელობა, როგორც მაგალითად მე. ამიტომ საკითხი დგას ასე: როგორ გვაჩვენებენ ჟურნალისტები, რომ ისინი რეალურად სამყაროს უკეთესს ხდიან? როგორ აღიქვამენ მოქალაქეები ჟურნალისტიკის არსს და ხვდებიან თუ არა, რომ ის, რაც სამყაროს უკეთესს ხდის, მათ ცხოვრებაზეც დადებითად აისახება?
მეორეს მხრივ, როგორ უზრუნველვყოთ, რომ ორგანიზაციებმა, რომლებიც ჟურნალისტიკას აფინანსებენ, ასევე დაინახონ ეს მნიშვნელობა და ააშენონ მდგრადი ბიზნეს მოდელები. ეს საშუალებას მისცემს ჟურნალისტებს საკუთარი საქმე აკეთონ და გაუმკლავდნენ სხვადასხვა აქტორებს, რომელთაც მათთვის ცუდი უნდათ. მედია გარკვეული მთავრობებისა და პოლიტიკოსების მიერ ძლიერი წნეხის ქვეშაა, მასზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ასევე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი, რომელთაც თავისუფალი მედიის ძალისა და გავლენის არ სჯერათ. იმისთვის, რომ ჟურნალისტიკა ამ ძალებს დაუპირისპირდეს, ძლიერი უნდა იყოს.
რამდენად ეფექტურია მედიის პრობლემებზე ჩატარებული აკადემიური კვლევები?
მკვლევარები და ჟურნალისტები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან ბევრ ასპექტში, მაგრამ მათ მაინც აქვთ მნიშვნელოვანი საერთო - ეს მათი ვალდებულებაა სიმართლის მიმართ, რაც უპირველესია მუშაობისას. გამოწვევა კი აქ ისაა, როგორ გავიგოთ რეალურად რა არის სიმართლე.
ვფიქრობ, თანამედროვე აკადემია, რომლის წევრი მეც ვარ და ეს ძალიან მეამაყება, ზოგჯერ ამ მიმდინარე სიახლეებს მხოლოდ შიდა წრეში განიხილავს და ამიტომ, გარკვეული ბარიერი იქმნება ხოლმე ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი მიგნებები ფართო საზოგადოებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი. მათ შორის მედია პროფესიონალებისთვის, პოლიტიკური ამინდის შემქმნელებისთვის. ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ფიქრობს საზოგადოებაზე და გარემოზე, რომელშიც ცხოვრობს.
ვფიქრობ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ უნდა დავეყრდნოთ თანამედროვე აკადემიის საუკეთესო ტრადიციებს და შევქმნათ საიმედო, მყარი და ზუსტი ცოდნა იმ პრობლემებზე, რასთან დაპირისპირებაც ჟურნალისტებს და მედიებს უწევთ.
ჩვენს ორგანიზაციას ვხედავ, როგორც სწრაფად განვითარებად პროფესიულ ზონას, უნივერსალურ ბაზარს, სადაც ვქმნით პროდუქტს, რომელიც რელევანტური და გამოსადეგია ჟურნალისტებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასევე, ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რომ მოვაგროვოთ სხვადასხვა აკადემიკოსების, ჟურნალისტების, მედია აღმასრულებლების და სხვა პროფესიონალების კონტრიბუციები, რაც დაეხმარება ჟურნალისტებს, იფიქრონ თავიანთ პროფესიაზე და ახალი ამბის მომავალზე.
რას ფიქრობთ, როგორ ესადაგება როიტერის ინსტიტუტის ჟურნალისტიკის Fellowship-ის პროგრამა ინსტიტუტის ზოგად სამომავლო მისიას?
ვფქირობ, ჟურნალისტების უმეტესობა ერთი სიტყვით რომ აღვწეროთ, პირველი სიტყვა, რაც თავში მოგივა, არის - âდაკავებულიაâ. ნამდვილი ფუფუნებაა, გქონდეს იმის შესაძლებლობა, იფიქრო იმაზე, რასაც აკეთებ. იფიქრო, რას ნიშნავს ეს სამყაროსთვის და როგორ შეიძლება ეს საქმე განსხვავებულად და უკეთესად გააკეთო მომავალში. ჟურნალისტიკის Fellowship-ის პროგრამა ქვაკუთხედია როიტერის ინსტიტუტის მისიისა, გავაერთიანოთ პრაქტიკა და კვლევა და დავეხმაროთ ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოდან, გახდნენ ისეთები, რისკენაც მიისწრაფვიან. აკეთონ ისეთი ჟურნალისტიკა, როგორიც უნდათ რომ აკეთონ და დაეხმარონ თავიანთ საზოგადოებებს, იყვნენ შეძლებისდაგვარად საუკეთესოები.
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ჩამოვიდნენ ოქსფორდში დიდი ხნით, იფიქრონ საკუთარ საქმეზე, ისწავლონ სხვა ჟურნალისტებისგან, დაამყარონ კონტაქტი, დაუკავშირდნენ ოქსფორდის მკვლევრებს. დაამყარონ კონტაქტი ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ლონდონში და სხვაგან და ისწავლონ ამ ყველაფრისგან. სრულიად შეესაბამება იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. დიდი ინტერესით ველოდები ასობით ჟურნალისტის მიღებას ინსტიტუტში ამ პროგრამის ფარგლებში სამომავლოდ.
წყარო: როიტერის ინსტიტუტი