სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა - გზამკვლევი მედიისთვის
13.03.2019

მედიაორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვა კომერციული გავლენისგან. აუდიტორიისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ იღებს კომერციული შინაარსის ინფორმაციას. საფასურის სანაცვლოდ მომზადებული და გამოქვეყნებული მასალა მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს სარედაქციო მასალისგან. უნდა ჰქონდეს შესაბამისი აღნიშვნა ისეთ ადგილას და ისეთი ფორმით, რომ ადვილი იყოს მისი შემჩნევა, - ეს ნაწილია იმ რეკომენდაციებისა, რომელსაც ვკითხულობთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო წესებში სარეკლამო და სარედაქციო მასალების შესახებ.

დოკუმენტი ქარტიამ სხვადასხვა გამოცემის გაიდლაინზე, მათ შორის, BBC-ის, The New York Times-ისა და The Telegraph-ის სახელმძღვანელო წესებზე დაყრდნობით შეიმუშავა.

გაიდლაინში რამდენიმე მიმართულებით არის გამახვილებული ყურადღება: დაფინანსებული მასალა, პროდუქტის განთავსება (ე.წ. product placement), სპონსორობა და ჟურნალისტების მონაწილეობა რეკლამაში.

სახელმძღვანელოში ცალსახად აღნიშნულია, რომ მედიასაშუალებამ აუდიტორია შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს. არ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ისე, თითქოს ის გადამოწმებული და დაზუსტებულია მაშინ, როდესაც გამოქვეყნდა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.

მედიაჩეკერი 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ ცესკოს მიერ დაფინანსებულ სტატიებს აკვირდებოდა. აღმოჩნდა, რომ გამოცემების ნაწილი სტატიებს როგორც სარედაქციო მასალებს ისე აქვეყნებდა, ნაწილი კი დაფინანსების აღმნიშვნელ NS ან R ნიშანს უთითებდა, რაც შესაძლოა მკითხველისთვის დამაბნეველი ყოფილიყო.

ქარტიის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ საფასურის სანაცვლოდ მომზადებული და გამოქვეყნებული მასალა მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს სარედაქციო მასალისგან. უნდა ჰქონდეს შესაბამისი აღნიშვნა ისეთ ადგილას და ისეთი ფორმით, რომ ადვილი იყოს მისი შემჩნევა. გარდა ამისა, ქარტიის რეკომენდაციით, რედაქციამ დაფინანსებულ მასალას დამკვეთიც უნდა მიუთითოს.

 

სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ:

 

  • ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული მასალებს მკითხველისთვის ადვილად შესამჩნევ ადგილას კარგად აღქმადი ზომით უნდა ჰქონდეს მკაფიო და ცხადი მინაწერი დაფინანსების შესახებ. წარწერები - „პარტნიორის კონტენტი“, NS, R, „მეგობრის მასალა“ და ა.შ მკითხველისთვის დამაბნეველია. უმჯობესია თუ გამოიყენებთ წარწერას „რეკლამა“/“სარეკლამო სტატია“, „სარეკლამო გვერდი“. არ არის კარგი პრაქტიკა, როდესაც გაზეთის ბოლო გვერდზე ანდა საიტზე მითითებულია, რომ რომელიღაც გვერდი/რუბრიკა არის დაფინანსებული. ამგვარი წარწერა თავად სტატიას უნდა ახლდეს.

  • სარეკლამო შეთანხმებისას კომერციული შინაარსის მასალის განთავსებისას გამორიცხული უნდა იყოს კომპანიის ან პროდუქტის რაიმე ფორმით შემდგომი სარედაქციო მხარდაჭერა.

  • მაუწყებლების შემთხვევაში არამხოლოდ არაეთიკური, არამედ არაკანონიერია ახალი ამბების გადაცემაში რაიმე პროდუქტის ან მომსახურების რეკლამირება. საერთაშორისო მედიის ნაწილს ამგვარი შეზღუდვა აქვს ისეთ გადაცემებშიც, რომელიც ბიზნესის, ეკონომიკის შესახებ ახალ ამბებს აწვდის აუდიტორიას. 

  • მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად დაუშვებელია ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში.

სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნის სახელმძღვანელოს ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

 

 

 


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ