ხელოვნური ინტელექტი ჟურნალისტიკაში
10.07.2019
თუ ცნობილი გამოცემების ვებგვერდებზე საერთაშორისო ამბებს ხშირად ეცნობით მაშინ დიდი შანსია იმისა, რომ ბოტის მიერ დაწერილი სტატია უკვე წაგიკითხავთ.

ციფრული ტექნოლოგიების ხანაში ხელოვნური ინტელექტი ბევრ სფეროშია ადაპტირებული მათ შორის ჟურნალისტიკაშიც. კომპიუტერული მეცნიერების ეს დარგი (AI), ფაქტობრივად, ჟურნალისტიკის პრაქტიკას ცვლის. ახლა უკვე შესაძლებელია ადამიანური რესურსის გარეშე ისეთივე მასალის მომზადება, როგორსაც ნიუსრუმში მომუშავე რეპორტიორი დაწერდა, იმ განსხვავებით, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ახალი ამბავი კიდევ უფრო ოპერატიულად იწერება.

ტექნოლოგიური კომპანია Narrative Science-ის პროგნოზით, 2025 წლისთვის ახალი ამბების 90%-ს ბოტები დაწერენ. თუმცა, სანამ ეს რეალობად იქცევა, მანამდე დიდი გამოცემები ინფორმაციის გადამუშავებისა და შექმნის პროცესში თავიანთ ბოტებს უკვე იყენებენ. მათ შორისაა The Washington Post-ი, BBC-ი, Reuters-ი, The Associated Press-ი, Bloomberg-ი, The New York Times-ი, The Wall Street Journal-ი, The Times-ი და სხვ.

Reuters Institute-ის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, გამოკითხული 200 ტოპ რედაქტორიდან და ხელმძღვანელიდან 3/4 ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. ხელოვნური ინტელექტი ახალი ამბების ჟურნალისტიკაში ძირითადად ფინანსების, სპორტული ღონისძიებების, მიწისძვრებისა და იმ თემების დასაწერად გამოიყენება, რომლებშიც ბევრი მონაცემია. ზემოთ ჩამოთვლილი ამ და სხვა მასალებისთვის ცნობილი გამოცემები ხელოვნურ ინტელექტს შემდეგნაირად იყენებენ:

გასულ წელს ჩინურმა მედიასაშუალებამ Xinhua-მ ახალი ამბების გამოშვების ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კაცი ტელეწამყვანი შექმნა. მიმდინარე წელს კი მაყურებელმა ასეთივე ქალი წამყვანის დებიუტი იხილა.

 

Forbes-ის ინფორმაციით, The Washington Post-ი რობოტს სახელად Heliograf-ს იყენებს. მისი მუშაობის პირველ წელს რობოტმა დაახლოებით 850 სტატია დაწერა. The Post-ი Heliograf-ს არა ჟურნალისტების ჩასანაცვლებლად, არამედ მათი სამუშაოს შესამსუბუქებლად იყენებს. რობოტი ძირითადად ფინანსურ მონაცემებსა და ვაშინგტონის მასშტაბით სასკოლო ფეხბურთის მატჩების გაშუქებაზე მუშაობს. The LA Times-ი ხელოვნურ ინტელექტს მიწისძვრებისა და მკვლელობების შემთხვევათა გასაშუქებლად იყენებს. გამოცემის ბოტი მსხვერპლის გენდერს, რასას, მკვლელობის მიზეზს, პოლიციიის ჩართულობის შესახებ ინფორმაციას, ადგილსა და სხვა მონაცემებს რეალურ დროში აგროვებს.

Bloomberg-ის კონტენტის 30% კი ავტომატურად, ბოტის მიერაა დაწერილი. პროგრამა Cyborg-ი ფინანსურ ანგარიშებს ბიზნეს რეპორტიორის მსგავსად ახალ ამბებად აქცევს. მას შეუძლია დაწეროს სტატიის სათაური და გამოყოს ქვეთავები. ხელოვნური ინტელექტის ეს პროგრამა სოციალურ ქსელებში მნიშვნელოვან ამბებსაც ეძებს და კატასტროფების, თავდასხმების, თანამდებობიდან გადადგომისა და სხვა თემების შესახებ გამოქვეყნებულ პოსტებს პოულობს, რის შემდეგაც ადგენს, რამდენად ღირს ამა თუ იმ ამბის გაშუქება.

შედარებით მცირე მასშტაბის გამოცემები, მათ შორის AP-ი და RADAR-ი, ყოველკვირეულად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაწერილ ათასობით ახალ ამბავს აქვეყნებენ.

პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლის მასალის მიხედვით, The Atlanta Journal-Constitution-ი ექიმების მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ გამოძიებისთვის პულიცერის პრიზის ფინალისტი გახდა. თემაზე მუშაობისას კი გამოცემამ 100,000 -ზე მეტი დოკუმენტის შესასწავლად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა.

Reuters-ი კი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროგრამებს სამთავრობო და კორპორაციული მონაცემების გადასამუშავებლად, მასალების რამდენიმე ენაზე სათარგმნად და ინფორმაციის გადამოწმების მიზნით იყენებს.

ხოლო The Wall Street Journal-სა და Dow Jones-ში, ხელოვნურ ინტელექტი ინტერვიუს გასაშიფრად და deep fake-ების გამოსააშკარავებლად გამოიყენება.

ჟურნალისტიკაში ხელოვნური ინტელექტის მზარდად დანერგვა მედიის წარმომადგენლებს რამდენიმე კითხვას უჩენს: ჩაანაცვლებს თუ არა ოდესმე რობოტი ჟურნალისტს? შემცირდება თუა არა სამუშაო ადგილები მედიაში? რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს ბოტების დაწერილ ახალ ამბებს? და სხვ.

Knowledge@Wharton-თან ინტერვიუში მკვლევარმა და პროფესორმა ნოამ ლატარმა ჯერ კიდევ 2014 წელს ივარაუდა, რომ ტექნოლოგიების განვითარება და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მედია ორგანიზაციებს ხარჯებს შეუმცირებდა.

ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია რეპორტიორს საქმე ბევრად გაუმარტივოს. მაგალითად, ხმის ამომცნობი ფუნქციით გაშიფროს ინტერვიუ და ერთდროულად უსმინოს რამდენიმე პრესკონფერენციას, დააფიქსიროს მასში კონკრეტული სიტყვები და მიხვდეს არის თუ არა რაიმე დაუყოვნებლივ გასაშუქებელი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომლითაც ხელოვნური ინტელექტი ჟურნალისტიკაში გამოირჩევა, ავტომატური თარგმანია. როგორც წესი, უცხო ქვეყნების კორესპონდენტები ამბავზე მუშაობისას ერთ ენას იყენებენ, მასალას კი სხვა ენაზე წერენ. მაგალითად, ინტერვიუს ჩინურად წერენ, სტატიას კი ინგლისურ ენაზე ამზადებენ. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით რეპორტიორებს შეუძლიათ მასალა ნებისმიერ ენაზე დაწერონ შესაბამისი პროგრამა კი მას წამებში გადათარგმნის, რის შემდეგაც მასალის ავტორი სტატიას გადახედავს, შესწორებებს შეიტანს და მედიასაშუალებას გადაუგზავნის.ხელოვნური ინტელექტის პლუსი ისიცაა, რომ ის ყოველ შეცდომას სწავლობს და მას აღარ იმეორებს.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ინსტიტუტის პროფესორი მერედიტ ბროუსარდი ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტის ნიუსრუმებში დანერგვა ჟურნალისტებს დროის დაზოგვაში დაეხმარება და ისინი გამოთავისუფლებულ დროს ხარისხიანი და ბევრად საინტერესო მასალების შექმნას დაუთმობენ.

Bloomberg-ის მთავარი რედაქტორი ჯონ მიკლვეითი კი საკითხს ადამიანისა და რობოტის ერთობლივ მუშაობად აღიქვამს. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და დახვწისთვის ადამიანური რესურსია საჭირო. "ჩვენ გვჭირდებიან ჟურნალისტები, რომლებიც Cyborg-ს "ეტყვიან" რა გააკეთოს. ადამიანები გვჭირდებიან იმისთვისაც, რომ გადაამოწმონ ბოტის დაწერილი მასალა... გამოდის, რომ ადამიანები და მანქანები ერთად მუშაობენ“, - აღნიშნავს მიკლვეითი.

მართალია, ჟურნალისტიკაში ხელოვნური ინტელექტი რთულად გასაგები ციფრების დალაგებასა და ამბის გადმოცემას ახერხებს, თუმცა მისი წერის სტილი მაინც შაბლონურია და ერთმანეთს ჰგავს. მაგალითად, RADAR-ში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამისთვის ჟურნალისტები ქმნიან შაბლონებს, რომლებიც ტექსტის ფრაგმენტებსა და მისი ლოგიკური განვითარების ვარიანტებს მოიცავს, შესაბამისად მსგავსი მასალების ტექსტი, ფაქტობრივად, მუდმივად მეორდება და მასში მხოლოდ მონაცემები იცვლება. თავის მხრივ, რეპორტიორი სტატიის წერისას ინტერპრეტაციას იყენებს, ფაქტებს სხვადასხვა მხრიდან აჩვენებს, რაც ხელოვნურ ინტელექტს ჯერჯერობით არ შეუძლია.

კიდევ ერთი კითხვა, რაც ბოტის მიერ დაწერილ ახალ ამბებს უკავშირდება არის ის თუ ვინ არის მასალაზე პასუხისმგებელი? მაგალითად, თუ ალგორითმმა დაუშვა შეცდომა ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა? ერთ-ერთი ლოგიკური პასუხი უშუალოდ მედია ორგანიზაციაა, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში ეს საკითხი, შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობის გამო მაინც ბუნდოვანია.

ზოგიერთი გამოთვლებით, ხელოვნურ ინტელექტს დღესდღეობით რეპორტიორის საქმის 15%-ისა და რედაქტორის საქმის 9%-ის ათვისება შეუძლია. წყაროებთან მოლაპარაკება, მათი დათანხმება, მასალების განსხვავებულად და საინტერესოდ თავმოყრა კი იმ ჟურნალისტური უნარების ნაწილია, რაც ხელოვნურ ინტელექტს არ გააჩნია. მართალია, თანამედროვე ტექნოლოგიები დღეს უამრავ შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ჟურნალისტისთვის აუცილებელი თვისებები ისევ ჩაუნაცვლებელია.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ