25.12.2019
ინდიკატორები სხვადასხვა კატეგორიად იყოფა, ესენია: სოციალური ქსელის ანგარიშის აქტივობა, ანგარიშის შესახებ ინფორმაცია, კონტენტი, რომელსაც ის აქვეყნებს და სხვა ანგარიშებთან კავშირი. გასათვალისწინებელია, რომ ქვემოთ მოცემული მახასიათებლები არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ანგარიში 100%-ით ბოტია, რადგან შესაძლოა აღნიშნული თვისებები სოციალური ქსელის რეალურ მომხმარებელსაც ახასიათებდეს.
მიუხედავად ამისა, First Draft-ის ინფორმაციით, თუ ანგარიშს ქვემოთ ჩამოთვლილი ინდიკატორებიდან 10 მათგანი მაინც ახასიათებს, დიდია ალბათობა იმისა, რომ ის ბოტს წარმოადგენდეს.
როგორ ამოვიცნოთ
ბოტი?
ანგარიში:- შექმნილია ახლახანს - ბოტის გამოსავლენად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ნიშანია ანგარიშის შექმნის თარიღი. თუ ის შექმნილია გასულ წელს ან თუნდაც რამდენიმე თვის წინ, შესაძლოა ბოტი იყოს. ასევე ისეთი ანგარიშები, რომლებიც დიდი ხნის წინ (2008-2012 წლებში) არის შექმნილი და წლების განმავლობაში არ აქტიურობს, თუმცა მოულოდნელად იწყებს გააქტიურებას, შესაძლოა ბოტი იყოს;
- მითითებული აქვს ძალიან ცოტა პერსონალური ინფორმაცია;
- პროფილის ფოტოდ აქვს გაურკვეველი, ბუნდოვანი, მოპარული ან დამუშავებული ფოტო გამოყენებული - საეჭვო ანგარიშებს ხშირად საერთოდ არ აქვთ პროფილის ფოტო ან იყენებენ ცნობილი ადამიანების, მულტფილმებისა და ფილმების პერსონაჟების, ცხოველების, ბუნების ამსახველ ფოტოებს. კიდევ ერთი საეჭვო ნიშანია თუ მომხმარებელს არ აქვს გარეკანის ფოტო;
- მანიპულაციური და უთანხმოების გამომწვევი სიტყვები, ჰეშთეგები, ბმულები ან სტიკერები Bio-ს ველში - შესაძლოა ანგარიშზე პიროვნების შესახებ ინფორმაციის ნაცვლად მითითებული იყოს პოლიტიკურად მაპროვცირებელი ინფორმაცია, მეორე მხრივ ისეთი ინფორმაცია, რომელსაც მისი სამიზნე აუდიტორია ბუნებრივად მიიღებს მაგალითად, წარწერები: "სპორტის გულშემატკივარი", "ძაღლების მოყვარული" და სხვ;
- საეჭვო სახელი ( მაგალითად ბევრი ციფრი Twitter-ის სახელში)
კონტენტი:
- პოსტებს აქვეყნებს რამდენიმე ენაზე;
- ერთვება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ თემებზე დისკუსიაში - აქვეყნებს თუ არა ეს ანგარიში ერთმანეთისგან განსხვავებულ თემებზე პოსტებს ან ერთვება დისკუსიებში? მაგალითად შეიძლება წერდეს როგორც საფრანგეთში "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობის შესახებ და ასევე Nike-ის ფეხსაცმელზე;
- იყენებს სოციალური მედიის პროგრამებს, მაგალითად Buff.ly-ს - ანგარიშები, რომლებიც აზიარებენ .ly დომენებს, მაგალითად buff.ly-ს, bit.ly-სა და ow.ly-ს;
- აქვეყნებს პროვოკაციული შინაარსის "მიმებსა" და Gif-ებს - ეს "მიმები" ძირითადად არის აგრესიული, ცილისმწამებლური და შეცდომაში შემყვანი;
- იყენებს ბევრ ჰეშთეგს (ძირითადად Twitter-ზე);
- აზიარებს ახალ ამბებს არასანდო წყაროებზე დაყრდნობით;
- ახასიათებს არაბუნებრივი ფრაზები
აქტივობა:
- აქვეყნებენ ყოველდღიურად ბევრ პოსტს;
- ასევე აზიარებენ ბევრ მასალებს/პოსტებს - ანგარიშები რომლებიც სხვების პოსტებს უფრო მეტად აზიარებენ ან იწონებენ, ვიდრე თვითონ აქვეყნებენ, შესაძლოა ბოტებზე მიგვანიშნებდეს;
- აქტიურობენ დღისითაც და ღამითაც;
- პოსტებს აქვეყნებენ დღის კონკრეტულ პერიოდში - თუ შესაბამისი მომხმარებელი რუტინულად ერთსა და იმავე დღეებსა და დროის მონაკვეთში აქვეყნებს პოსტებს ან მოულოდნელად აქტიურდებიან და შემდეგ წყვეტენ პოსტების გამოქვეყნებას საეჭვო აქტივობად მიიჩნევა;
- მოულოდნელად იცვლიან ინტერესებს.
ქსელი:
- მისი გამომწერების და იმ ანგარიშების რიცხვი, რომლებსაც თვითონ იწერს დიდია და თითქმის ერთმანეთს უტოლდება;
- ან იწერს ბევრ ადამიანს, თუმცა არ ჰყავს გამომწერები;
- იწერს საეჭვო ანგარიშებს - აქვს თუ არა ამ მომხმარებელს კავშირი სხვა საეჭვო ანგარიშებთან? აზიარებს მათგან ინფორმაციას ან იწონებს და შედის მათთან დისკუსიაში? იმის გარკვევა თუ რომელ გვერდებს იწერს და პირიქით ვის ჰყავს გამოწერილი ბევრის მთქმელია ამ ანგარიშზე;
- დაკავშირებულია სხვა საეჭვო ანგარიშებთან;
- წარმოადგენს სხვა ანგარიშის ასლს - მოძებნეთ გამოყენებული აქვს თუ არა იგივე ფრაზები სხვა ანგარიშს სოციალურ მედიაში. აქვეყნებენ თუ არა სხვა მომხმარებლებიც იგივე პოსტებს? ჰგავს თუ არა მათი სახელები ან მათ შესახებ Bio-ში მითითებული ინფორმაცია ერთმანეთს? შედიან თუ არა ერთმანეთთან კომუნიკაციაში;
- სხვა ორგანიზაციების მიერ მიჩნეულია საეჭვო ანგარიშად.