2019 წლის საინტერესო ჟურნალისტური პროექტები
31.12.2019
“მედიაჩეკერი” გაგაცნობთ მსოფლიო მედიაში, 2019 წელს მომზადებულ ყველაზე საინტერესო ჟურნალისტურ პროექტებს.

 ⇒  “გზავნილები ე.წ. ავტომობილის რეცხვის ოპერაციიდან”
(ჟურნალისტური გამოძიება)
The Intercept Brasil

The Intercept Brasil-მა მასალათა სერიაში აპლიკაცია Telegram-დან ანტიკორუფციული - ე.წ. “ავტომობილის რეცხვის ოპერაციის” შესახებ გაჟონილი საუბრები გაასაჯაროვა. ეს პროექტი ყოფილი პრეზიდენტის ლუის ინასიო ლუდა და სილვას დაპატიმრების წინაპირობა გახდა.

⇒   NASA-ს სატელიტები აჩვენებს, რომ ტყეების განადგურება ტყის ხანძრების გახშირებას განაპირობებს (მონაცემთა ჟურნალისტიკა)
InfoAmazona

2019 წელს ამაზონის ტყეებში გაჩენილმა ხანძარმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ამბის თანმიმდევრული გაშუქებით გამოცემა InfoAmazona გამოირჩეოდა. მასალაში ჟურნალისტმა გუსტავო ფალეიროსმა ტყეების გაჩეხვასა და ხანძრის გაძლიერებას შორის პირდაპირი კავშირი აჩვენა. ჟურნალისტის მიერ მომზადებული მასალები NASA-სა და ბრაზილიის კოსმოსის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებს ეყრდნობოდა.

⇒   შიმშილობის დაბრუნება ბრაზილიაში
(მულტიმედია)
Agência Pública

Agência Pública-ში შემავალი 9 გამოცემისა და, Oxfam Brasil-ის ერთობლივმა პროექტმა აჩვენა, როგორ დაბრუნდა ბრაზილიაში შიმშილობა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სოციალური პროგრამები შეამცირა. Პროექტი 7 ნაწილისგან შედგება და ყვება ადამიანებზე, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა მხარეს ცხოვრობენ და შიმშილობენ.

⇒  სისხლი არასდროს ყოფილა ყვითელი
(ჟურნალისტური გამოძიება)
Periodismo de Barrio

ამბავი ჰავანის სიახლოვეს 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ადგილობრივების ტყვიით მოწამვლას ეხება. ახლა ადგილზე ოჯახები უსაფრთხოდ არიან, თუმცა ისინი მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში მოწამვლის შედეგებით იტანჯებიან. ამ მასალამ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, გაბრიელ გარსია მარკესის სახელობის ჯილდო მიიღო.

⇒   “ქალები “ვიტრინაში” და მიგრაცია ვაჭრების ხელში
მულტიმედია პროექტი სექსუალური ტრეფიკინგის შესახებ

პროექტი, რომელიც მოამზადა რამდენიმე გამოცემამ ტრანსსასაზღვრო პარტნიორობის ფარგლებში, არის სექსუალური ტრაფიკინგის ვებგვერდის - ZonaDivas-ის იმიტირებული ვერსია. მულტიმედია პროექტი ვენესუელასა და მექსიკაში არსებული სექსუალური ტრეფიკინგის შესახებ მოგვითხრობს. ამბავი ექვსი ქალის რეალურ ისტორიას ეხება, რომლებიც ამ ინდუსტრიაში აღმოჩნდნენ ჩათრეულები, შემდეგ კი ისინი დახოცეს.

⇒   პოდკასტი ტრანსგენდერი ბავშვის შესახებ
Radio Ambulante

ლათინურ-ამერიკული რადიოს - Radio Ambulante-ის მიერ პირველი ტრანსგენდერი ბავშვის შესახებ მოთხრობილი ისტორია, რომელიც არა მხოლოდ ეფექტიანად იკვლევს გენდერულ იდენტობას, არამედ იმის საუკთესო მაგალითიც არის, თუ როგორი უნდა იყოს კარგი აუდიო ისტორია.

⇒   გამოძიება რუსული დამკრძალავი მაფიის შესახებ
Meduza

ონალინგამოცემა Meduza-ს გამაოგნებელი ჟურნალისტური საგამოძიებო პროდუქტი “დამკრძალავი მაფიის” შესახებ, რომლისთვისაც მისი ავტორი ივან გოლუნოვი მიმდინარე წლის ივნისში დააკავეს კიდეც. გოლუნოვს ბრალად ნარკოტიკების უკანონო ფლობას ედავებოდნენ. საზოგადოების მასობრივი პროტესტის შემდეგ, იგი საპატიმროდან გაათავისუფლეს.

⇒   ამბავი რუსეთში მოპარული პირადი მონაცემების ინდუსტრიის შესახებ
BBC Russia

საგამოძიებო სტატია, რომელიც BBC Russia-ზე გამოქვეყნდა რუსეთში მოპარული პირადი მონაცემების ინდუსტრიის შესახებ მოგვითხრობს. რეპორტიორმა ანდრეი ზახაროვმა, იმისთვის, რომ უკეთ გაეგო, თუ როგორ ოპერირებს არალეგალური ინდუსტრია, საკუთარი ტელეფონი და საბანკო ინფორმაცია იყიდა.

⇒   “კოლიმა - ჩვენი შიშის დაბადების ადგილი”
დოკუმენტური ფილმი
вДудь

რუსი Youtuber-ის ეს დოკუმენტური ფილმი გულაგის შრომითი ბანაკების შესახებ მოგვითხრობს. ფილმს ერთი კვირის განმავლობაში 9.5-მილიონი მნახველი ჰყავდა. ფილმის მიზანი რუსი ახალგაზრდებისთვის რუსეთის ისტორიის ერთ-ერთი საშინელი ეპიზოდის შესახებ ამბის მოყოლა იყო.

⇒   “პროექტი 1619”

The New York Times Magazine-ის მულტიმედია პროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 1619 წელს დაწყებული მონათმფლობელობის შესახებ მოგვითხრობს. პროექტი ფოტეესსეებს, მოყოლილ ამბებს, ისტორიულ ესსებსა და პოდკასტებს აერთიანებს.

⇒   “ტრავმის სართული”
ჟურნალისტური გამოძიება
The Verge

პროექტი Facebook-ის იმ მოდერატორების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც რეგულარულად აწყდებიან მატრამვირებელ კონტენტს, რაც მათ ფისიქიკურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. ყოფილ და მოქმედ მოდერატორებთან ინტერვიუებით რეპორტიორი კეისი ნიუტონი ნათელს ჰფენს ამ ინდუსტრიის უცნობ მხარეს.

⇒   The Washington Post-ი TikTok-ზე
მულტიმედია

აპლიკაცია TikTok-ი სოციალურ მედიაში თანდათანობით პოპულარობას იკრეფს. ის განსაკუთრებული პოპულარობით ახალგაზრდებში სარგებლობს. პლატფორმას The Washington Post-იც შეუერთდა და პლატფორმისთვის დამახასიათებელ ვიდეობსაც დებს. მულტიმედია პროექტის მიზანი ბრენდის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

მომზადებულია ijnet.org-ის მასალის გამოყენებით.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ