როგორ შევინარჩუნოთ ფსიქიკური კეთილდღეობა კორონავირუსის გაშუქების დროს
01.06.2020
კორონავირუსის პანდემია ისევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საკითხია მედიის დღის წესრიგში. რეპორტიორები და მკვლევრები საზოგადოების ინფორმირების მიზნით Covid-19-ის შესახებ ყოველდღიურად კითხულობენ, დიდი დოზით ინფორმაციის მიღებამ კი შესაძლოა მათი გადაწვა გამოიწვიოს.

"ჟურნალისტიკისა და ტრავმის დართ ცენტრის " აღმასრულებელი დირექტორის, ბრიუს შაპიროს შეფასებით, პანდემიის გაშუქება ფსიქოლოგიური წნეხია. ამბის შინაარსის გარდა, როცა რეპორტიორებს გამოჯანმრთელებულებისა და მათი ოჯახის წევრებისგან ინტერვიუების აღება, მსხვერპლების გადაღება და მძიმე მონაცემების გაცნობა უწევთ, ჟურნალისტებისთვის სტრესულია თემაზე გამუდმებულ რეჟიმში მუშაობაც. მისივე განმარტებით, კვლევების თანახმად, ჟურნალისტებს სხვებზე მეტად გამოსდით ტრავმასთან გამკლავება, თუმცა, მიუხედავად ამისა, მედია ინდუსტრიაში დასაქმებულებისთვის ყოველთვის დგას ფსიქიკური პრობლემების განვითარების რისკი.

როგორ შეიძლება შეინარჩუნონ ფსიქიკური ჯანმრთელობა კორონავირუსის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებმა? გთავაზობთ, ექსპერტების მოსაზრებებს


 
  • იყავით ინფორმირებული სტიგმის შესახებ
იმ ჟურნალისტებში, რომლებიც ტრაგედიებს აშუქებენ, ხშირია პოსტ-ტრავმული სტრესი. მუდმივად მაღალი დონის სტრესი დროდადრო ასუსტებს გამძლეობის უნარს, აისახება მუშაობაზე და შესაძლოა გადაწვა გამოიწვიოს.

გაშუქება სიმამაცეს მოითხოვს, თუმცა ხშირად ჟურნალისტებს ეს სიმამაცე, მოჩვენებით სიმამაცეში ეშლებათ და თავს ისე აჩვენებენ, თითქოს სიკვდილსა და განადგურებას, მშვიდად, აუღელვებლად იღებენ. ამან კი მედიის ინდუსტრიაში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ემოციების შესახებ დისკუსიის ირგვლივ დისკომფორტი გამოიწვია.

"ჟურნალისტიკაში ბევრი ასპექტია, რაც ჯანმრთელ ადამიანში სტრესის, შფოთვისა და დეპრესიის შეგრძნებას გამოიწვევს და ეს ნორმალურია. საკუთარ თავზე ზრუნვა კარგი ჟურნალისტობაა", - აღნიშნავს ამერიკელი ფრილანსერი ჟურნალისტი ფილიპ ეილი, რომელსაც ჟურნალისტიკისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გადაკვეთის შესახებ წერის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. იგი ფსიქიკური პრობლემების მქონე ჟურნალისტებს ურჩევს კორონავირუსის გაშუქებისას გაითვალისწინონ, რომ ამ ინდუსტრიაში არსებობს სტიგმა, მაგრამ ფსიქიკური პრობლემები პროფესიული კომპენტენციის ნაკლებობას არ ნიშნავს.

“გაითვალისიწინეთ, რომ ამ სამსახურს, დიდი ალბათობით, თქვენზე გავლენა ექნება და ეს უნდა მიიღოთ. ნუ დაიჯერებთ ტოქსიკურ და სახიფათო სტიგმას, რომელიც მსოფლიოსა და ამ პროფესიაშია გავრცელებული", - აცხადებს ეილი.



  • განაცალკევეთ სამუშაო და ცხოვრება
ამ რთულ დროს ექსპერტები შფოთვის მქონე ადამიანებს ურჩევენ, რომ ახალი ამბების გაცნობისგან თავი შეიკავონ. ეს კი ჟურნალისტებისთვის თითქმის შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის მკაფიო ხაზის გავლება.

“როცა მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ხართ, დაადგინეთ დროის გარკვეული პერიოდები, როდესაც სამსახურის შესახებ საუბარი არ იქნება დაშვებული ან რა დროსაც ვირუსის შესახებ ნებისმიერი დისკუსია აკრძალული გექნებათ", - აცხადებს ჰონგ-კონგში AFP Fact Check-ის უფროსი რედაქტორი რეიჩელ ბლანდი, რომელიც თავის გუნდთან ერთად კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გადამოწმებაზე მუშაობს და მათთან ერთად ვირუსის გაშუქებისგან გამოფიტვის თავიდან აცილების გზებზე გამუდმებით საუბრობს.

“საღამოები და შაბათ-კვირა ნამდვილად ჩვენია. ახლა სამსახურის საკითხებზე სასაუბროდ Slack-ს ვიყენებთ, აქამდე WhatsApp-ს ვიყენებდით. ეს ცვლილება დაგვეხმარა ნათელი ხაზი გაგვევლო სამსახურსა და სოციალურ დროს შორის. მინდა ყველამ იგრძნოს, რომ როცა სამსახურში არ არიან, შეუძლიათ "გამოირთონ", - ამბობს ბლანდი.

სამუშაო საათების შემდეგ შეზღუდეთ კონტენტის ნახვა. თუ მობილურში breaking news-ის შეტყობინება აუცილებლად უნდა გქონდეთ, მაშინ აირჩიეთ მხოლოდ ერთი გამოცემა და არა ათზე მეტი. გამოწერა გაუუქმეთ საინფორმაციო ბიულეტენებს, რომლებიც საგანგაშო სათაურებს იყენებენ ან შფოთვის შეგრძნებას გიტოვებენ, როცა თქვენს ელ.ფოსტაზე მოგდით.





ჟურნალისტ ფილიპ ეილს სჯერა, რომ პერსონალური დროის საკუთარი თავის მოვლისთვის გამოყენება და სამსახურის საქმეებისგან მოწყვეტა "საუკეთესო ჟურნალისტად ყოფნის ნაწილია".

“ჟურნალისტებს არ უნდათ ჩამორჩნენ ტემპს, მაგრამ ტოპ ჟურნალისტობისთვის აუცილებელია საკუთარ გონებასა და სხეულს გაუფრთხილდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაზიანდება. ეს [საკუთარ თავზე ზრუნვა] არის ინვესტირება საკუთარ თავში, როგორც ჟურნალისტში", - აცხადებს ეილი First Draft-თან.

  • მიჰყევით ოფიციალურ სახელმძღვანელო წესებს / რეკომენდაციებს

ადამიანები, რომლებიც ფსიქიკურ პრობლემებს უკვე განიცდიან, კიდევ უფრო დაუცველები არიან საგანგებო სიტუაციების დროს. ჟურნალისტებისთვის, რომლებსაც ისედაც აქვთ შფოთვის, ობსესიურ კომპულსიური აშლილობის (OCD), სამსახურით გამოწვეული სტრესისადმი მიდრეკილება, დიდი ალბათობით, ვირუსზე მსოფლიო ყურადღება ჯანმრთელობის მხრივ სირთულეებს უქმნის. ხელების დაბანიდან და სახეზე არ შეხებიდან დაწყებული და ზედაპირების დეზინფექციით დამთავრებული, ოფიციალური რეკომენდაციები შესაძლოა ობსესიურ კომპულსიური აშლილობისთვის (OCD ) დამახასიათებელ ფიქრებად ჟღერდეს. საკუთარი თავისა და სხვების დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია ეს რჩევები დაიცვათ, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ აუცილებელი არაა რეკომენდაციების ზღვარს გასცდეთ. იყავით ინფორმირებული ძირითადი ფაქტებზე სიმპტომების შესახებ ზედმეტი ფიქრისა და გადამეტებული სიფრთხილის გარეშე.

“ფხიზლად და მომზადებული უნდა იყოთ, მაგრამ უნდა შეინარჩუნოთ ნორმალური ფსიქიკაც", - აღნიშნავს ეილი.

  • რეგულარულად მოიკითხეთ კოლეგები

იმის გამო, Covid-19-ის პრევენციის მიზნით უფრო მეტ ქვეყანაში იცავენ სოციალური დისტანციის წესებს, ციფრული ნიუსრუმებიც მეტად ადაპტირდნენ დისტანციურ მუშაობაზე. თუმცა, ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტები იზოლაციის რისკის წინაშე არიან.

“სოციალური იზოლაცია სტრესის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია. სოციალური კომუნიკაცია და კოლეგიალური მხარდაჭერა კი სიცოცხლის ხალისის მნიშვნელოვანი ფაქტორებია“, - განმარტავს შაპირო.

ფილიპ ეილის თქმით, ამ პერიოდში ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო რესურსი - ერთმანეთის ყოლაა: "ჩვენი არაჟურნალისტი მეგობრებისა და მეუღლეებისთვის რთულია იმ სტრესის სპეციფკის გაგება, რასაც შეიძლება განვიცდიდეთ. ძალიან თერაპიული შეიძლება იყო კოლეგასთან საუბარი, რომელმაც იცის რას ვაკეთებთ“.

როცა შეძლებთ დაუკავშირდით კოლეგებს და უთხარით, თუ სტრესს გრძნობთ. მოიკითხეთ ერთმანეთი და ეცადეთ ისეთ თემაზე ისაუბროთ, რაც კორონავირუსს არ ეხება“.

  • შეიმუშავეთ საკუთარ თავზე ზრუნვის გეგმა

“ამ პერიოდის დასაძლევად ყველა ჟურნალისტს სჭირდება საკუთარ თავზე ზრუნვა. საქმის კარგად შესასრულებლად, თავის მოვლის საბაზისო საჭიროებები უნდა დავაკმაყოფილო", - ამბობს შაპირო.

პირველი - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი: გამოიძინეთ საკმარისად, დაძინებამდე გამოდით ინტერნეტიდან, იკვებეთ კარგად და ივარჯიშეთ.

სამსახურის გარეთ გააკეთეთ ისეთი, რამ რაც კორონავირუსს ცოტახნით დაგავიწყებთ, გადადეთ ტელეფონი, დაკავდით ჰობით, წაიკითხეთ წიგნი, უყურეთ ტელევიზორს ( არა საინფორმაციოს), მიმართეთ მედიტაციას, წერეთ/ აწარმოეთ დღიური, მიიღეთ აბაზანა და იკონტაქტეთ ადამიანებთან, თუნდაც ვიდეო ზარით.

ფილიპ ეილის რეკომენდაციით, ჟურნალისტებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ საკუთარ თავზე ზრუნვას, დღის განრიგში უნდა ჩასვან ეს აქტივობები და შეასრულონ ისინი.

რთულია, თუმცა ჟურნალისტებმა შეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდონ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან კორონავირუსზე გადაჭარბებულ საუბარს. თუ შფოთავთ, ხმა გამოურთეთ WhatsApp-ის ჯგუფებს.

სამსახურში ყოფნისას შაპირო ჟურნალისტებს გადატვირთულობის თავიდან ასცილებლად, თემების ნაბიჯ-ნაბიჯ გაშუქებას ურჩევს.

ბლანდი კი რეპორტიორებს სამუშაო დღის განმავლობაში შესვენებასა და შეძლებისდაგვარად ვირუსის გარდა სხვა სიახლეების წაკითხვისკენ მოუწოდებს: „ჰონგ-კონგში რეგულარულად ვიღებთ შესვენებას და ვცდილობთ, ზედმეტი საათები არ ვიმუშაოთ", - განმარტავს ის.

თუ შესაძლებელია ერთი საათი გამოყავით ლანჩის პერიოდში, რათა ისეთი საქმით დაკავდეთ, რაც სამსახურს არ უკავშირდება.

ნაკლები დრო გაატარეთ Twitter-ზე - მისი გამოყენებისას ისეთი შეგრძნება გექნებათ თითქოს გამუდმებით მუშაობთ, მაშინაც კი, როცა უნდა ისვენებდეთ.

როცა სამუშაო დღე დასრულდება: სახეზე წყალი შეისხით, გაისერნეთ, ირბინეთ, დაწერეთ თქვენი დღის შეჯამება, გააკეთეთ ნებისმიერი რამ, რაც სამსახურიდან გონებრივად "გამოგრთავთ" .

  • იცოდეთ თქვენი მაპროვოცირებელი ფაქტორები/ ტრიგერები და ნუ შეგეშინდებათ დახმარების თხოვნის
ყველა ჟურნალისტმა უნდა იფიქროს სტრესის გამომწვევ მიზეზებსა და ნიშნებზე.

იფიქრეთ ან ჩამოწერეთ ჩვევები, რომლებიც სტრესის ან შფოთვის დროს გაქვთ. შესაბამისად გადახედეთ თქვენს თავზე ზრუნვის გეგმას, ესაუბრეთ ახლობლებს ან მიმართეთ პროფესიონალურ დახმარებას.

“თუ უკვე არსებული ფსიქიკური პრობლემები გვაქვს, როგორებიცაა OCD, შფოთვა, ბიპოლარული აშლილობა ან სხვ. გვჭირდება დამატებითი დაცვა. თუ თერაპიის კურსი დაგხმარებიათ, ახლა კარგი დროა ვინმეს ესაუბროთ [თქვენს მდგომარეობაზე]", - აცხადებს შაპირო.

ფილიპ ეილიც რეკომენდაციას თერაპიის კურსს უწევს.

"არსებობს სტიგმა, ხალხი ფიქრობს, რომ თერაპია სუსტებისთვის ან ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისთვისაა. ჟურნალისტები ათლეტებივით არიან, მათთვის თერაპევტის არ ყოლა, იგივეა სპორტულ გუნდს მწვრთნელი არ ჰყავდეს", - ამბობს ეილი.

ბევრ კომპანიას აქვს ფსიქოტერაპევტის კონსულტაციის მომსახურება, თუმცა მათ ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვთ, შეუძლიათ მიმართონ ჯანდაცვის პროვაიდერს ან გაარკვიონ ადგილობრივად დახმარების რა საშუალებები არსებობს. "კარანტინის ხანისთვის" შესაძლოა ამ მხრივ ონლაინ დახმარება უფრო მორგებული იყოს.

  • გამოიჩინეთ სიკეთე საკუთარი თავის მიმართ
“ჟურნალისტებს პერფექციონისტობის, ამბიციურობისა და ბევრი შრომის (ვორკაჰოლიკობის) ტენდენცია აქვთ, თუმცა მნიშვნელოვანია საკუთარს თავს თანაგრძნობით მოეკიდონ. ამ სტრესულ და საშიშ პერიოდში ნორმალურია თუ თავს შეშინებულად და დასტრესილად იგრძნობთ. ეს სრულიად ნორმალური რეაქციაა ამ ნამდვილად უპრეცედენტო კირიზისის დროს. ნუ იქნებით მკაცრი საკუთარი თავის მიმართ“, - აღნიშნავს ფილიპ ეილი.

მწყარო: https://firstdraftnews.org/

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ