ქარტიის საბჭოს 10-წლიანი პრაქტიკის ანალიზი - ახალი სახელმძღვანელო მედიისთვის
25.01.2021
პრაქტიკა, რომელიც ქარტიის საბჭომ შექმნა საქმეების განხილვის საფუძველზე და რომელიც მედიის ეთიკური სტანდარტების განმსაზღვრელი გახდა, ქარტიის პრინციპების ანალიზი და გადაწყვეტილებები, რომლებმაც ესა თუ ის სტანდარტი დაადგინა - ამ ყველაფერს წაიკითხავთ სახელმძღვანელოში, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გამოსცა და რომელშიც, საბჭოს 10-წლიანი შრომის ვრცელი ანალიზია.

სახელმძღვანელოში მიმოხილულია ქარტიის საბჭოს პრაქტიკა ისეთ ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება, შესწორების პრინციპი, ბავშვთა უფლებებისა და პირადი ცხოვრების დაცვა, პლაგიატი, სარედაქციო და სარეკლამო მასალების გამიჯვნის აუცილებლობა, დისკრიმინაციის თავიდან აცილება.

ნაშრომში ცალკე თავი ეთმობა ქარტიის საბჭოსათვის მიმართვისა და საქმის განხილვის პროცედურულ საკითხებს. ასევე დეტალურად არის აღწერილი ქარტიის სტრუქტურა.

წიგნის ავტორი დავით კლდიაშვილია, რომელიც ქარტიის დაარსებიდან დღემდე ქარტიის საბჭოს მდივნია და უშუალოდ აქვს მონაწილეობა მიღებული გადაწყვეტილებების მომზადებაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2009 წლის 4 დეკემბერს 137 ჟურნალისტის მიერ დაარსდა, დაფუძნებიდან ათი წლის შემდეგ ქარტიის წევრთა რაოდენობა 360-ს აჭარბებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს დაფუძნების დღიდან ამ დრომდე ლ;300-ზე მეტი განცხადება აქვს განხილული.

სახელმძღვანელო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობით, „მედიისა და ინტერნეტის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში, გამოიცა. პრეზენტაცია კი 22 იანვარს ონალინ რეჟიმში გაიმართა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ