6 მთავარი პრინციპი ვაქცინაციის გაშუქებისას
07.04.2021
პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის სწორად გაშუქება, რათა აუდიტორია შეცდომაში არ შევიყვანოთ. გთავაზობთ “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის”, First Draft News-ის, ”ჟურნალისტებისთვის საერთაშორისო ცენტრისა” (ICFj) და Columbia Journalism Review-ის რჩევებს ვაქცინების გაშუქების შესახებ.

გთავაზობთ 6 ზოგად რჩევას, რომელიც მუშაობის პროცესში გამოგადგებათ.

იმისთვის, რომ დეზინფორმაციის გავრცელებას ხელი არ შეუწყოთ:

  1. ნუ დაუთმობთ მეტ ყურადღებას ნეგატიურ ინფორმაციას;
  2. მოერიდეთ შიშის გამოწვევას;
  3. გახსოვდეთ, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც ვაქცინის გაკეთებასთან დაკავშირებით ყოყმანობს, ვერ იტანს ნემსებს;
  4. ხაზი გაუსვით ვაქცინის “მაღალ უსაფრთხოებას”, ნაცვლად “დაბალი რისკისა”;
  5. მოერიდეთ შპრიცების, სისხლის, ბასრი ნივთების გამოსახულებების გამოყენებას;
  6. თქვენი კონტენტის სამიზნე უნდა იყოს ფართო საზოგადოება და არა ანტივაქსერები;

თუ დეტალები გაინტერესებთ, გაეცანით ვაქცინაციის გაშუქების წესებს უფრო დაწვრილებით.

ვაქცინის გვერდითი მოვლენები გააშუქეთ კონტექსტით - საზოგადოებას მიაწოდეთ ინფორმაცია ვაქცინის უსაფრთხოობისა და ეფექტურობის შესახებ, განუმარტეთ ისიც, რომ ვაქცინის გვერდითი მოვლენების გამოვლენა აცრიდან ორი დღის განმავლობაში ნორმალურია. გვერდითი მოვლენების ე.წ breaking news-ად ქცევა ხალხში ვაქცინის რისკის აღქმას უფრო გააძლიერებს.

შეკითხვებს იქამდე უპასუხეთ, ვიდრე დასვამენ - ადამიანები დეზინფორმაციას მაშინ აწყდებიან, როდესაც პასუხებს ეძებენ და სხვას ვერაფერს პოულობენ გარდა დეზინფორმაციისა. მონაცემების დეფიციტი კი სასურველია ჟურნალისტებმა წინასწარ, სანდო ინფორმაციით შეავსონ.

დაფიქრდით ისეთი ვიზუალური მასალის გამოყენებაზე, რომელმაც შესაძლოა ემოციურად იმოქმედოს აუდიტორიაზე. ვაქცინა არ არის საშიში, ამიტომ მოერიდეთ ისეთი ფოტოების გამოყენებას, რომლებშიც ბავშვები ტირიან, პაციენტებს შეშინებული გამომეტყველება აქვთ ან დიდი ზომის ნემსები ჩანს.

გაითვალისწინეთ, რომ მასალას თანდართული ფოტოები შესაძლოა კონტექსტის გარეშე, მანიპულაციურად იყოს გამოყენებული და დეზინფორმაციის საშუალებად იქცეს.

ვაქცინის შესახებ სათაურები არა მაპროვოცირებელი, შოკისმომგვრელი ან ემოციის საშუალებით ყურადღების მიმპყრობი, არამედ ინფორმაციული უნდა იყოს. აუდიტორია, დიდი ალბათობით, მხოლოდ სათაურებს წაიკითხავს ან დაიმახსოვრებს.

თუ ვაქცინის შესახებ გავრცელებულ ჭორზე საუბარი მოგიწევთ, განმარტეთ, რატომაა ეს ინფორმაცია შეცდომაში შემყვანი ან მცდარი.

მოერიდეთ დაცინვას დეზინფორმაციისა და კონსპირაციული თეორიების განხილვის დროს. ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გონივრულია, რომ ადამიანებს ვაქცინასთან დაკავშირებით კითხვები უჩნდებათ. იყავით ემპათიურები და ინფორმაციულები.

ანტივაქსერული განცხადებები მათი გამეორების გარეშე ამხილეთ. First Draft News-ში ამბობენ, რომ “ დეზინფორმაციის გაშუქების პირველი წესია: არ ილაპარაკო დეზინფორმაციაზე”. მოერიდეთ ისეთ სათაურებს, როგორიცაა მაგალითად: “იწვევს თუ არა ვაქცინა სპონტანურ აბორტს?” ასეთი სათაური ყურადღებას ამახვილებს ჰიპოთეზაზე.

გამოიყენეთ სანდო წყაროები, დარწმუნდით, რომ ესაუბრებით სწორად შერჩეულ ექსპერტს და მოძებნეთ ამბის თხრობის კრეატიული , მარტივად გაასაგები ხერხები, რომლებიც ყველა ასაკობრივ და ეთნიკურ ჯგუფთამდე მიაღწევს.

სანდოობისთვის დაასახელეთ ინფორმაციის წყარო მეცნიერული კვლევების, ანგარიშების, შემთხვევათა მონაცემებისა და ვაქცინების გაშუქებისას.

იყავით სკეპტიკურები, ნუ დაწერთ ყველაფერს, რასაც რესპონდენტები ინტერვიუებში გეუბნებიან. ყოველთვის კრიტიკულად მოუსმინეთ მათ, რათა ხელი არ შეუწყოთ დეზინფორმაციის გავრცელებას.

არ გააშუქოთ კვლევები მხოლოდ პრესრელიზებზე დაყრდნობით. მეტი სიზუსტისთვის ყოველთვის წაიკითხეთ მთლიანი კვლევა ან ანგარიში.

გაეცანით ინფორმაციას კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ და ყოველთვის გააშუქეთ კვლევის მეთოდების დეტალებიც.

ამბავი გადმოეცით მარტივი ენით და განმარტეთ სამეცნიერო ტერმინები.

განმარტეთ კვლევის ეტაპი - ზოგიერთმა კვლევამ პირველად მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლოა საინტერესო შედეგები აჩვენოს. შეამოწმეთ არის თუ არა კვლევა სხვა მეცნიერების მიერ რეცენზირებული და თქვენს მასალაში ახსენეთ რომელ სტადიაზეა ის.

ინფორმაცია მიაწოდეთ ვაქცინის ცდებში მონაწილე პაციენტების დემოგრაფიული მონაცემების შესახებ.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ