რატომ არაფერი ვიცით საქართველოში COVID-19-ის კლინიკურ მართვაზე?
28.01.2022
საქართველოში, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან უკვე თითქმის ორი წლის თავზე, ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ როგორ მართავდნენ კოვიდ კლინიკები COVID-19-ს, რომელმაც მსოფლიოში 5.6 მილიონი ადამიანის, ხოლო საქართველოში - 14 ათასზე მეტის სიცოცხლე შეიწირა.

კითხვები კლინიკური მართვის გარშემო

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] ხელმძღვანელობა პანდემიის დაწყებიდან დღემდე აქვეყნებს COVID-19 ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, სადაც აღწერილია ახალი კორონავირუსის გავრცელების გეოგრაფიული მასშტაბები, გარდაცვალების მახასიათებლები, ჩატარებული ვაქცინაციის რაოდენობა რეგიონების მიხედვით, ტესტების რაოდენობა, დადებითობის პროცენტულობა და ასე შემდეგ.

თუმცა ჯერ არ გამოქვეყნებულა მსგავსი ანგარიში დაავადების კლინიკურ მართვაზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 2020 წლის 16 მარტიდან ჰყავს COVID-19 მართვის კლინიკური ჯგუფი, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით.

ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, არ ვიცით, რა კლინიკური გამოცდილება იყო ქართველი ექიმებისთვის პანდემიის დროს პაციენტების გადარჩენის მცდელობა: სად დაუშვეს შეცდომები, რა ისწავლეს და რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, კოვიდ პაციენტების გარდაცვალების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი „დაგვიანებული მიმართვიანობაა“ კლინიკებში. რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც პაციენტი კლინიკაში ხვდება, მისი მდგომარეობა უკვე იმდენად არის დამძიმებული, რომ არსებული მწირი რესურსებით მისი გადარჩენა შეუძლებელია. თუკი ეს მოსაზრება მონაცემებით მტკიცდება, დგას შემდეგი საკითხი: როგორ მართავდა საშუალო სიმძიმის პაციენტს ჯანდაცვის შუა რგოლი - ოჯახის ექიმი და რატომ არ გადაამისამართა მან პაციენტი ჰოსპიტალში უფრო სწრაფად?


პასუხგაუცემელი საკითხები



ჩვენ დღემდე არ ვიცით, რამდენია გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოს კოვიდ კლინიკებში: რამდენი პაციენტი მიიღო ამა თუ იმ კლინიკამ და რამდენი გარდაიცვალა მათ შორის. ეს მაჩვენებელი საშუალებას მოგვცემდა, გაგვეგო, რომელ კლინიკაშია პრობლემები და რაშია პრობლემების არსი:

  1. დაგვიანებული შეყვანა კლინიკაში;
  2. ექიმების კვალიფიკაცია;
  3. საჭირო მედიკამენტების ნაკლებობა, სხვა მიზეზები, ა.შ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ამ მონაცემებს კონფიდენციალურად მიიჩნევს.



მედიკამენტები


რემდევისირი F.D.A.-ს მიერ დამტკიცებული პირველი ანტივირუსული მედიკამენტია, რომელიც COVID-19-ის სამართავად გასული წლის 23 ოქტომბერს დამტკიცდა. მოვლენები მოგვიანებით შეიცვალა: არაერთი კვლევით გამტკიცდა, რომ რემდესივირი ძალიან ეფექტური არ არის. W.H.O. ამჟამად რემდესივირს კოვიდის მკურნალობისთვის რეკომენდაციას არ უწევს, რომელიც ორგანიზაციის “სოლიდარული კლინიკური კვლევის” შედეგია. საქართველოში რემდესივირი სწორედ მაშინ შემოიტანეს, რომ მსოფლიო მასზე დიდ იმედებს არ ამყარებდა.

ტოცილიზუმაბი, ბრენდდასახელებით “აქტემრა”, ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (F.D.A.) საგანგებო რეჟიმში 2021 წლის 24 ივნისს დაუშვა COVID-19-ის ინფექციის მქონე ჰოსპიტალიზებული ზრდასრული და პედიატრიული პაციენტებისთვის. გასული წლის ივნისში კოვიდის მართვის კლინიკური ჯგუფის მართვის ხელძმღვანელი, თენგიზ ცერცვაძე, ექიმებს აქტიურად მოიწოდებდა მისი გამოყენებისკენ, თუმცა, მაშინაც და ახლაც მისი მწვავე დეფიციტი იყო. გარდა დეფიციტისა, ექიმებს არ ჰქონდათ COVID-19-ის კონტექსტში მისი გამოყენების გამოცდილება: ტოცილიზუმაბი საკმაოდ რთულად დასანიშნი მედიკამენტია და რეგიონული კლინიკების 12-მა წარმომადგენელმა, მათ შორის ექიმებმა და კლინიკების დირექტორებმა, სამედიცინო პლატფორმა “კაქტუსს” უთხრეს, რომ თავს იკავებდნენ ამ მედიკამენტის გამოყენებისგან - პრაქტიკულად, არც ნიშნავდნენ.

ჟანგბადი COVID-19 კლინიკებში: 2021 წლის 31 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, აცხადებდა, რომ “ჟანგბადის მოწოდებისა და მოხმარების ინტენსივობა ძალიან გაზრდილია. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება ჟანგბადის იმპორტი.” შემდეგ არსად დაზუსტებულა, რომელ კლინიკებში იყო ჟანგბადის მაღალი მოთხოვნა, სად დაკმაყოფილდა ეს მოთხოვნა, სად - ვერა და ემსხვერპლა თუ არა რომელიმე პაციენტის/პაცენტების სიცოცხლე ჟანგადის არარსებობას/უკმარისობას.

ინფორმაციის მიღების მცდელობები


ონლაინ გამოცემა „კაქტუსი“ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ცდილობდა და ცდილობს ინფორმაციის მიღებას საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის შესახებ. ბოლო ორი წელია, არაერთი წერილი გავგზავნეთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

ზოგ კითხვაზე პასუხი ნაწილობრივ მივიღეთ, ზოგზე კი საერთოდ არ მიგვიღია.

ერთ-ერთი ბოლო წერილი სამინისტროში გასული წლის 6 დეკემბერს გავაგზავნეთ, კოვიდ კლინიკებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის შესახებ, მაგრამ ისევ უპასუხოდ დავრჩით.

„კაქტუსი“ ბოლო ორი წლის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასაც კოვიდის მართვის შესახებ, მათ შორის იყო მონაცემები კოვიდის მართვის კლინიკური ჯგუფის შეხვედრების, განსახილველი საკითხების შესახებ, რომელიც უნდა ასახულიყო შეხვედრების ოქმების ასლებში, სადაც გამოკვეთილი იქნებოდა კლინიკური მართვის გამოწვევების საქართველოში.

ბრძანებით, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2020 წლის 20 ნოემბერს გამოსცა და რომელსაც ყოფილი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, აწერს ხელს, კლინიკური ჯგუფი საჭიროებისამებრ უნდა შეიკრიბოს, მაგრამ, სულ მცირე, თვეში ერთხელ ასეთი შეხვედრა მათი ვალდებულებაა. ჩვენ არ ვიცით, რას განიხილავდნენ ჯგუფის წევრები ასეთი შეხვედრების დროს და როგორ ესახებოდათ პრობლემური საკითხების გადაჭრის გზები.

კლინიკური ჯგუფის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მნიშვნელოვანია რადგან ის გააცნობდა საზოგადოებას არსებულ პრობლემებს და იქნებოდა ერთგვარი ანგარიშვალდებულება როგორც გადასახადების გადამხდელების, ასევე დონორების მიმართ. არანაკლებ მნიშვნელოვანია მოქალაქეების პატივისცემა, რომლებსაც უახლოესი ადამიანები დაკარგეს პანდემიის დროს.

გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც COVID-19 ახალი ინფექცია იყო და მსოფლიოს არ ჰქონდა მისი მართვის გამოცდილება, იტალიელი და ჩინელი ექიმები განუწყვეტლივ აქვეყნებდნენ სტატიებს არარეცენზირებად სამედიცინო პლატროფმებზე - medRxiv-სა და bioRxiv-ში და მთელ მსოფლიოს უზიარებდნენ გამოცდილებას. მოგვიანებით ეს გამოცდილებები COVID-19-ის მართვის პროტოკოლების შემადგენელი ნაწილი გახდა.

ქართველ ექიმებს კი ქვეყანაში კლინიკური მართვის თავისებურებების გაზიარების შანსი ორი წლის შემდეგაც არ გამოუყენებიათ: არც მსოფლიოს და არც საკუთარი მოქალაქეების წინაშე.

ავტორი : ცირა გვასალია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ