25.02.2022
ამ სტატიაში, სამხედრო ჟურნალისტი, უჩა აბაშიძე განმარტავს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მედია ომის გაშუქებისას, როგორ მიაქციოს ყურადღება სამხედრო ტერმინოლოგიას და როგორ აუაროს გვერდი პროპაგანდის უნებურ გავრცელებას.
დეზინფორმაციის ომი
„ახლა რუსეთისთვის ომის მთავარი იარაღი დეზინფორმაციის გავრცელებაა“ - ამბობს უჩა აბაშიძე:- მთელი რუსული სამხედრო ტაქტიკა აწყობილია შიშის შექმნაზე.
- რუსეთის ტექნოლოგიური ძალა, ახლა, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ომი მოიგოს.
- ამიტომ, რუსეთი ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ ომი მოიგო.
- თუ უკრაინამ ეს დაიჯერა, რუსეთი ომს მართლა მოიგებს.
- ამისთვის რუსეთი ყველა გზას იყენებს, დაწყებული ყალბი ამბების, სურათების, ვიდეოების გავრცელებიდან… რომელთა გადამოწმებაც მოკლე დროში რთულია, თუმცა ადრე თუ გვიან სიმართლე გამოაშკარავდება.
- შესაბამისად, რუსეთს უნდა, ომი მოიგოს 3 დღეში, სანამ ყალბი ამბები გამოაშკარავდება.
მისი თქმით, ასეთ დროს, შეუძლებელია, მოასწრო დიდი ინფორმაციის დროულად გადამოწმება და საზოგადოებისთვის ზუსტი ცნობების მიწოდება - თუ რა არის ტყუილი და რა სიმართლე - „ბრძოლის ეს გზა მუშაობს ნელა“
ამიტომ, მისი რჩევით:
- ახლა, ვინაიდან რუსეთზე დაყრდნობა არ შეიძლება, უფრო უსაფრთხოა, რომ უკრაინელების მხარე გააშუქო. უმჯობესია, თუნდაც მერე შეცდომა დაუშვა, ვიდრე რუსების მხარე გააშუქო და ამით მათივე იარაღად იქცე.
- საერთოდ არ უნდა გააშუქო რუსეთიდან მომდინარე ინფორმაცია.
- ინფორმაცია გავრცელებამდე უნდა გადაამოწმო რამდენიმე წყაროსთან.
ტერმინოლოგიის მნიშვნელობა
სამხედრო ოპერაციების გაშუქებისას ჟურნალისტები ხშირად არასწორ ტერმინოლოგიას იყენებენ, რაც საზოგადოებისთვის ხშირად შიშის მომგვრელი, პროფესიონალებისთვის კი - შეცდომაში შემყვანია.- „მაგალითად, „მარიუპოლში შევიდნენ რუსული ტანკები“ - ჟღერს საშინლად და ამ დროს, როცა ვიდეოს უყურებ, ხედავ, რომ შევიდა უბრალოდ რუსული ტექნიკა და არა ტანკები“ - ამბობს უჩა აბაშიძე.
- „დიდი განსხვავებაა ტანკს, ბეტეერს და ჯავშანმანქანას შორის და ხშირად, ჟურნალისტები ყველაფერს „ტანკს“ უწოდებენ.“
ამიტომ:
- როდესაც ჟურნალისტმა არ არის ზუსტად, რა ტექნიკაზეა საუბარი, არ უნდა დააკონკრეტოს, არამედ - უნდა განაზოგადოს
- მაგალითად, თქვას „რუსული კოლონა“, „რუსული მანქანები“, „რუსული ჯავშანტექნიკა“
კიდევ უფრო რთულია სამხედრო ავიაციის გარჩევაც: სხვადასხვაა მოიერიშე თვითმფრინავი, გამანადგურებელი და ბომბდამშენი და, როგორც უჩა აბაშიძე ამბობს, „ხშირად ამ ტერმინებსაც არასწორად იყენებენ:
უმჯობესია:
- ითქვას - „ავია დარტყმაა“
- ან „ავიაციამ იერიში მიიტანა ამა და ამ ტერიტორიაზე“
ჯართან დაკავშირებული ტერმინოლოგია
- არსებობს ხუთეული, ათეული, ოცეული, ასეული, ბატალიონი, ბრიგადა, დივიზია, არმია.
- სამხედრო სისტემაში ყველაფერი მუშაობს სამებით - სამი ოცეულია ასეული, სამი ასეულია ბატალიონი, სამი ბატალიონია ბრიგადა და ა.შ.
- ასეული 100 კაცს არ ნიშნავს. მაგალითად, სარეზერვო ასეული, როგორც წესი, - 150 კაცია. სპეცდანიშნულების ასეული - 60 კაცი და ა.შ.
- ოცეულიც არ ნიშნავს 20 კაცს, შეიძლება 15 კაცი იყოს, შეიძლება - 25.
- გაძლიერებული ოცეული, გაძლიერებული ასეული, გაძლიერებული ბატალიონი - გულისხმობს, რომ დამატებითი მიმაგრებულია არტილერია და აქვთ მძიმე შეიარაღება.
ასევე, საფრთხილოა ისეთი ტერმინების მტკიცებით ფორმაში, დარწმუნებით გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად, „რუსებმა ქალაქი დაიკავეს“.
- ასეთ დროს, შეუძლია თქვას, ქალაქში გამოჩნდნენ. რადგან, როდესაც ჯერ ოფიციალური ინფორმაცია გავრცელებული არ არის, მსგავსი ტერმინოლოგიაც პროპაგანდის ნაწილია და მსგავსმა სიტყვებმა ომის შედეგზე შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს.
უჩა აბაშიძე ამბობს, რომ მეტი პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ ომის გაშუქებას და გვახსოვდეს, რეიტინგი მთავარი არ არის. „რეიტინგის აწევა ომის თემაზე, არ არის სწორი. ზიანს აყენებ ყველას, საკუთარ თავსაც მათ შორის და მერე ეს ზიანი უკან გვიბრუნდება.“