რას ნიშნავს ჰიბრიდული ომი უკრაინაში?
30.03.2022
დიდი ხანია მსოფლიოში მიმდინარე ომები შეიარაღებასა და ჯავშანტექნიკის გამოყენებას გასცდა. მხარეები მოწინააღმდეგის დასასუსტებლად და გამარჯვების მოსაპოვებლად ინფორმაციას, ინტერნეტს, ტექნოლოგიებს, ასევე ფსიქოლოგიურ და ბევრ სხვა ტაქტიკას იყენებენ. ასეა რუსეთისა და უკრაინის შემთხვევაშიც. ორივე მხარეს თავისი სტრატეგია აქვს.


რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის შემდეგ:

  • უკრაინის ქალაქები ისევ იბომბება, სამხედრო ბრძოლა მიმდინარეობს ფრონტის ხაზებზე, უკრაინის პრეზიდენტი ყოველდღიურად ზოგჯერ თავსი სმარტფონის წინა კამერით გადაღებული ვიდეოებით მოუწოდებს თანამოქალაქეებს, რუსებსა და დასავლელ მოკავშირეებს.
  • რუსეთში დაბლოკილია სოციალური ქსელების დიდი ნაწილი, თითქმის აღარ მუშაობენ დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, სიტყვა “ომის” ხსენებისთვის ჟურნალისტებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, რუსეთის ბაზარს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ საერთაშორისო კომპანიები, ქვეყანა იზოლირებულია.
  • ეკონომიკური სანქციების პაკეტს კი დასავლეთის ქვეყნები უფრო და უფრო აფართოებენ.

2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომი ტრადიციულ ფორმებს ცდება და სხვა სფეროებსაც მოიცავს. ბევრი მას “ჰიბრიდულ ომად” მოიხსენიებს. მაგრამ რას ნიშნავს და ვინ იგებს ამ ომს?

რა არის ჰიბრიდული ომი?

ჰიბრიდული ომის უნივერსალური განმარტება არ არსებობს. თავდაპირველად ის ძირითადად სამხედრო შესაძლებლობების მქონე არასახელმწიფო აქტორებს მიემართებოდა.

ასეთ ომში სახელმწიფო პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად არაოფიციალურ პირებს იყენებს. თუმცა 2000-იანი წლებიდან ეს ტერმინი გაფართოვდა.

ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ჰიბრიდულ ომში ხშირად მოიაზრებენ:

  • ოპონენტის წინააღმდეგ ერთდროულად განსხვავებული ტაქტიკების გამოყენებას.
  • თანამდეროვე ომში ტრადიციული და არატრადიციული მეთოდების, სტრატეგიების, ასევე თანამედროვე კონფლიქტების ფსიქოლოგიური და ინფორმაციული ასპექტების ერთობლიობას.
  •  ჰიბრიდული ომი აერთიანებს სამხედრო და არასამხედრო, ასევე ღია და დაფარულ საშუალებებს, როგორებიცაა დეზინფორმაცია, კიბერთავდასხმები, ეკონომიკური ზეწოლა, სამართლებრივი სისტემების ბოროტად გამოყენება, კორუფცია, რეგულარული და არარეგულარული ძალები.
  • ჰიბრიდული ომის დროს ზოგჯერ ომსა და მშვიდობას შორის ზღვარი ბუნდოვანია, ასეთი ომის მიზანია ფსიქოლოგიური და ფიზიკური უპირატესობების მოპოვება. ელექტრონული და კიბერ ოპერაციების, ფარული და ზოგჯერ ღია სამხედრო და სადაზვერვო ქმედებითა და ეკონომიკური ზეწოლით.
  • ჰიბრიდული ომის მოთამაშე ცდილობს დაასუსტოს ნდობა ხალხსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, შედეგად მთავრობა კარგავს ლეგიტიმურობას.
  •  ჰიბრიდული საფრთხეები ხშირად სამიზნე ან შიდა სახელმწიფოს პოლიტიკური საზოგადოების სისუსტეებზეა მორგებული.
  • მისი მიზანია ამ სისუსტეების გაღრმავება პოლარიზაციის შესაქმნელად და კიდევ უფრო გასამწვავებლად როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ჰიბრიდული ომის კონცეფცია არც ისე ახალი ფენომენია, მეტიც ზოგიერთი აკადემიკოსი ფიქრობს, რომ ჰიბრიდული ომი იმდენი ხანია არსებობს, რამდენ ხანსაც ზოგადად ომები, თუმცა ტექნოლოგიურმა განვითარებამ ჰიბრიდული ომის საფრთხეები ააჩქარა და გაზარდა მისი მასშტაბები.

ჰიბრიდული ომის განმარტებისას ამერიკელი ექსპერტი (American Enterprise Institute) ელიზაბეთ ბროუ გამოყოფს:

  • აგრესიის რუხ ზონას - “მტრული ქმედებების გამოყენება შეიარაღებული კონფლიქტის სფეროს მიღმა კონკურენტი ქვეყნის, პირის ან ალიანსის დასასუსტებლად“
  • თუკი ამას ემატება შეიარაღებული ბრძოლა ეს უკვე ჰიბრიდული ომია.
  • “სინამდვილეში ყველა ომი ახლა ჰიბრიდულია, რადგან მათ აქვთ ორივე სამხედრო და არასამხედრო განზომილებები, როგორებიცაა პროპაგანდა და ციფრული ომი.“ - ამბობს ის.

რუსული ჰიბრიდული ტაქტიკა უკრაინის ომში

რუსეთის უკრაინაში ჰიბრიდული ომი 2022 წელს არ დაწყებულა, “მარშალის ცენტრის” პროფესორი ჯემის კენეტ უიზერი წერს, რომ კრემლმა ყირიმის ანექსიისას ჰიბრიდული მეთოდები გამოიყენა. ეს ტექნიკები არამხოლოდ საბრძოლო ოპერაციებს, არამედ პოლიტიკური პროტესტის დაფინანსებას, ეკონომიკურ ზეწოლასა და კიბერ ოპერაციებს, განსაკუთრებით დეზინფორმაციის ინტენსიურ კამპანიას მოიცავდა.

დღეს დასავლეთში ჰიბრიდულ საფრთხეებად განიხილავენ რუსეთის ყველა მტრულ ქმედებას, მათ შორის არჩევნებში ჩარევის მცდელობებს.

რუსეთის მიდგომა ინფორმაციულ ომში, ჰიბრიდული ომის ნაწილია და ეს არის ფსიქოლოგიური და კიბერ ოპერაციების ერთობლიობა.

პროფესორი უიზერი ამბობს, რომ რუსული ინფორმაციული ომი ცდილობს კვალის წაშლას სიმართლესა და სიცრუეს შორის და ალტერნატიული რეალობა შექმნას. ის ცდილობს დაასუსტოს სახელმწიფო ინსტიტუტები და ძირი გამოუთხაროს მთავრობების ლეგიტიმურობას.

  • მთავარი საბრძოლო სივრცე გონებაშია და შედეგად ახალი თაობის ომები დომინირებული იქნება ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ბრძოლებით. მთავარი მიზანია მძიმე სამხედრო ძალის განლაგების საჭიროება მინიმუმამდე შემცირდეს”, - ასე აფასებს თანამედროვე ომისადმი რუსეთის მიდგომას ლატვიელი ანალიტიკოსი იანის ბერზინში.

რუსეთის კიდევ ერთი ცნობილი ტაქტიკა - სპეციალურად მომზადებული ინფორმაციის გამოყენებაა, რომელიც მოწინააღმდეგეს იმ გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს, რომლებიც ინფორმაციის ინიციატორს წინასწარ აქვს განსაზღვრული - ეს რუსული სამხედრო დოქტრინის “მასკიროვკის” (შენიღბვის) მთავარი ელემენტი “რეფლექსიური კონტროლია”.

“რეფლექსიური კონტროლის” მეთოდები მოიცავს:

  • შანტაჟს
  • შენიღბვას
  • თაღლითობას
  • დეზინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს ოპონენტის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩარევას რუსული პოლიტიკის სასარგებლოდ.

პროფესორი უიზერი განმარტავს, რომ რუსული გადმოსახედიდან, “პერესტროიკა” და “ფერადი რევოლუციები”, ასევე ისეთი მრავალწევრიანი ორგანიზეციები, როგორებიც “საერთაშორისო სავალუტო ფონდი” და “მსოფლიო ბანკია” რუსეთის დესტაბილიზაციისთვის ჰიბრიდული ომის ელემენტებია.

დღეს, რუსეთის ჯარს უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე საჰაერო იერიშები მიაქვს, მხარეები იყენებენ მძიმე არტილერიასა და შეიარაღებას, თუმცა ეს ომი მხოლოდ ფიზიკური არაა.

ომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე:

  • უკრაინის თავდაცვის უწყებასა და ორ დიდ უკრაინულ ბანკზე რუსეთთან ან ბელარუსთან დაკავშირებული ჯგუფის მხრიდან კიბერშეტევები განხორციელდა.
  • იმავე დროს აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე გამწვავდა დაპირისპირება რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინის ძალებს შორის.

ევროპის 27 ქვეყანაში კრემლის მხარდაჭერილი მედიასაშუალებებისთვის შეზღუდვის მიუხედავად, ონლაინ სივრცეში კვლავ ვრცელდებოდა და ვრცელდება:

  • პრორუსული კონტენტი: მათ შორის “ტიკტოკზე” ნახავთ ვიდეოებს, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინის მხსნელად, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კი ნაცისტად წარმოაჩენს.
  • პრორუსული პროპაგანდისტული მასალები მასობრივად ვრცელდება „ტელეგრამით“.
  • სხვა სოციალურ ქსელებში, მათ შორის “ფეისბუქზე”, “ტვიტერზე”, “ინსტაგრამზე”, “ვკონტაქტესა” და “ადნაკლასნიკში” უცნობმა ჯგუფმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ყალბი პროფილებისთვის ფოტოები შექმნეს. თავს დამოუკიდებელ საინფორმაციო საშუალებებად აჩვენებდნენ და ყალბ ამბებს ავრცელებდნენ იმაზე, რომ დასავლეთი უკრაინას უღალატებს.
  • “მეტას” ინფორმაციით, ჯგუფს რუსეთსა და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონში დონბასში ჰქონდა კავშირები.

რუსეთთან უპრეცენდენტო კიბერ კონფლიქტის შესახებ უკრაინის სპეციალური კომუნიკაციების სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ ზორამ მარტის დასაწყისში განაცხადა. მან ამ ყველაფერს ჰიბრიდული ომი უწოდა.

  • “ეს ისტორიაში პირველად ხდება და მჯერა, რომ კიბერ ომი მხოლოდ ჩვეულებრივი ომის დასრულებით შეიძლება დასრულდეს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მომენტის მოახლოებისთვის”.
  • უკრაინელებს შეუერთდა ჰაკერთა ცნობილი დაჯგუფება “ანონიმუსი” და რუსეთს კიბერ ომი გამოუცხადა.

კრემლს საინფორმაციო ომის კიდევ ერთი ფრონტი ქვეყნის შიგნით აქვს.

  •  ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ათობით მედიასაშუალება დაიბლოკა ან დაიხურა.
  •  რუსეთში აღარ დარჩა კრიტიკული გამოცემები, რომლებიც უკრაინაში ომის თემას აშუქებენ, რადგან „სამხედრო სპეცოპერაციის” შესახებ ყველა ინფორმაცია, რომელიც რუსეთის ოფიციალურ წყაროებს არ ეყდნობა, “ყალბ ამბად” მიიჩნევა და მისი გავრცელება თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

ვინ იგებს ინფორმაციულ ომს?

ამ მომენტისთვის რუსეთი მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული ქვეყანაა. ომის დაწყებიდან ერთ თვეში მოსკოვს 5,223 ახალი სანქცია დაუწესეს. საერთო ჯამში რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების რიცხვი 7 ათასს აჭარბებს.

უკრაინაში არაპროვოცირებული ომის დაწყების გამო უპრეცედენტო სანქციებს ისტორიულად ნეიტრალური შვეიცარიაც შეუერთდა.

მაგრამ რუსეთის აგრესიაზე დასავლეთის პასუხი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა.

  • ქვეყანა დატოვეს ცნობილმა საერთაშორისო ბრენდებმა.
  • რუსეთი მოხსნეს საერთაშორისო სპორტული ღინისძიებებიდან, რითაც დანარჩენი მსოფლიოსგან კიდევ უფრო იზოლირებული რჩება.

“განსხვავებულ ომში საბრძოლველად დასავლეთის ძალისხმევა რუსეთის შეჭრამდე, მოსკოვის გეგმების შესახებ დაზვერვის ბრიფინგებით დაიწყო, რამაც პუტინს გაურთულა თავდასხმის ახსნა და მისი გამართლეობაო”, - ამბობს კვლევითი ორგანიზაცია “საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს” დირექტორი მარკ ლეონარდი.

სანქციების მიზანი პუტინზე უფრო და უფრო მეტი ზეწოლაა. თუკი რუსები ეკონომიკური საქნციების შედეგად სამშობლოში გაუარესებულ ვითარებას დაინახავენ, თავიანთ ბრაზს პრეზიდენტისკენ მიმართავენ.

როგორც გამოცემა, “ფაინენშალ თაიმსი” წერს, ზოგიერთი დამკვირვებელი ფიქრობს, რომ სადამსჯელო ზომების ყველა რუსისთვის დაწესებამ, განურჩევლად მათი შეხედულებებისა, შესაძლოა დასავლეთის ქვეყნების მიმართ ბრაზი და ნაციონალიზმის გაღვივება გამოიწვიოს.
  •  ეს სანქციები ქცევას შეცვლის თუ ქცევას დასჯის? - ამ რიტორიკულ კითხვას სვამს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მოადგილე რობერტ ბლექვილი დასავლეთის მიღებული ზომების შეფასებისას.

ინფორმაციულ ომში აქტიურადაა ჩართული შეერთებული შტატები, სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივად აქვეყნებს რუსული პროპაგანდისტული გზავნილების შესახებ ინფორმაციას და აბათილებს კრემლის მითებს.

დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის თეთრმა სახლმა ე.წ თაობა Z-თან (დაახლოებით, 1997-2012 წლებში დაბადებულები) თანამშრომლობა დაიწყო.
  • 10 მარტს ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა 30 პოპულარულ “ტიკტოკერს” უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ
ბრიფინგი ჩაუტარა და მათს შეკითხვებს უპასუხა.

როგორ მოქმედებს უკრაინა?

ომის დაწყებიდან კიდევ უფრო გააქტიურდა უკრაინის საინფორმაციო და კომუნიკაციების სტრატეგია. რუსეთის შეჭრიდან მესამე დღეს უკრაინის პრემიერმინისტრის მოადგილემ “ტვიტერზე” დაწერა, რომ “აიტი არმიას” ქმნიდა და კიბერ ფრონტზე საბრძოლველად ადამიანებს ეძებდა.

მიხაილო ფედოროვმა დასავლურ ტექნოლოგიურ კომპანიებს სოციალური ქსელით მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებისკენ.

მათ შორის:

  • “ეფლის” აღმასრულებელ დირექტორს ტიმ ქუქს მოუწოდა დაებლოკა App Store რუსეთში.
  • მიმართა SpaceX-ის დამფუძნებელს ილონ მასკს სატელიტური კომუნიკაციის მოწყობილობების უკრაინისთვის გაგზავნის შესახებ, რამაც გაამართლა.
  • ფედოროვმა ღია წერილით მიმართა “გუგლსა” და “ნეტფლიქსს” მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედებისთვისაც.

ომამდე უკრაინის 31 წლის ვიცეპრემიერსა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრს “ტვიტერზე” 100-ზე ნაკლები გამომწერი ჰყავდა, დღეს კი მისი მიდევრების რიცხვი 200 000-ს აჭარბებს.

რატომ აგებს პუტინი ინფორმაციულ ომს?

შვედი ეკონომისტი ანდრეს ასლუნდს “ატლანტიკური საბჭოს” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში ეს არგუმენტები მოჰყავს:

  •  რუსულ ყალბ რიტორიკას აღარ აქვს თანაბარი სივრცე საერთაშორისო მედიაში.
  •  წარუმატებელია პუტინის მიერ ომის გამართლების მცდელობები.
  •  ინფორმაციულ ფრონტზე დამარცხების რეალობის წინაშე მყოფმა პუტინმა უკან დაიხია და ახლა შიდა რუსულ აუდიტორიაზე ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის.
  • დღევანდელობასა და 2014 წელს რუსეთის შეჭრას შორის განსხვავებაა: ბევრი საერთაშორისო კორესპონდენტის ყოფნა უკრაინაში. ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პუტინის შეჭრის გეგმების შესახებ ბრიფინგების დამსახურებით საერთაშორისო კორესპონდენტებმა უკრაინაში ჩასვლა ჯერ კიდევ 2021 წლის ბოლოს დაიწყეს.
  • თებერვალში კიევის მთავარი სასტუმროები სავსე იყო ჟურნალისტებითა და გადამღები ჯგუფებით. რეპორტიორები გავიდნენ რეგიონის ქალაქებშიც: ხარკოვში, ლვოვში, მარიუპოლსა და ოდესაში.
  • უკრაინაში საერთაშორისო მედიის უპრეცედენტო წარმომადგენლობამ ასობით ჟურნალისტს საშუალება მისცა თავად ენახა რეალობა. მანამდე უკრაინის ამბებს ძირითადად მოსკოვის ბიუროები აშუქებდნენ.
  • დასავლეთიდან ჩასული ჟურნალისტები თავისუფლები იყვნენ რუსული მიკერძოებისგან და რაც მთავარია არ იყვნენ დამოკიდებულები კრემლზე, განსხვავებით მოსკოვში მომუშავე კორესპონდენტებისაგან, რომლებმაც თავიანთი მოვალეობის შესრულებისთვის უნდა შეინარჩუნონ რუსეთის სახელმწიფო აკრედიტაცია.
  •  მოსკოვის ბიუროებში დასაქმებულები ამის გამო ხშირად თვითცენზურითა და ტაბუდადებულ თემებზე თავის არიდებით მუშაობენ.
  • მართალია უკრაინულ მედიაში ოლიგარქების ინტერესები დომინირებს, თუმცა უკრაინის მედია ბაზარი პლურალისტულია, რამაც საერთაშორისო ჟურნალისტებს საშუალება მისცა ადგილობრივი კოლეგების ფართო სპექტრთან ეთანამშრომლათ, ქვეყანაში არსებული ვითარების სრული სურათის აღსაქმელად.
  • პუტინის განცხადება “ნაციზმის” აღმოფხვრაზე იმ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტი ებრაელია, ხოლო ულტრა მემარჯვენე პარტიებს დაბალი რეიტინგი აქვთ, აბსურდია.
  • ამას ემატება უკრაინაში რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები, რომლებსაც მსოფლიო უყურებს.
  • მაშინ, როცა პუტინი გარიყულად იქცა, ზელენსკი გლობალურ გმირად გამოჩნდა. ზელენსკი არ არის იზოლირებული და არ აიძულებს კოლეგებსა და მედიის წარმომადგენლებს 10-მეტრიანი მაგიდის მოპირდაპირე მხარეს დასხნენ.
  • უკრაინის ინფორმაციულ ომში კარგად მუშაობენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, რომლებიც სოციალურ ქსელებში აქტიურობენ.
  •  უკრაინის არმია ინფორმაციას რეგულარულად და თანმიმდევრული გზავნილებით აახლებს. მათ მხარს უჭერს უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებაც, რომლებიც ჯარის შესახებ განახლებებს აქვეყნებს „მიმებითა“ და პატრიოტული მესიჯებით.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ