10.10.2022
მარტივად რომ განვმარტოთ, AI (Artificial Intelligence) არის კომპიუტერული პროგრამა რომელსაც შეუძლია "აზროვნება" და კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით, ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღება.
მოკლედ, შესაძლებლობები და გამოწვევები:
შესაძლებლობა - AI-ს ტექნიკურად შეუძლია, რომ ჟურნალისტზე მეტი ინფორმაცია უფრო მცირე დროში მოიპოვოს, დაამუშაოს და გაავრცელოს.
გამოწვევა - რამდენად ზუსტია AI-ის მოპოვებული მასალები, ასევე, ჟურნალისტმა წერისას ემოციებისგან თავი უნდა შეიკავოს, თუმცა მის სტატიას ეტყობა მსჯელობა, ანალიზი, AI-ის დაწერილი სტატიის შემთხვევაში კი დღეს, არაბუნებრივია ამ თვისებების გამოვლენა.
რა უნდა ვიცოდეთ?
- ხელოვნურ ინტელექტს ახალი ამბების დასაწერად იყენებენ ისეთი გამოცემები, როგორიცაა: „როიტერი“, “ვაშინგტონ პოსტი“ და „ფორბსი“.
- ის, ძირითადად, სპორტული ღონისძიებების გაშუქებისას, არჩევნების შედეგების გამოქვეყნებისას, ასევე, მიწისძვრისა თუ სხვადასხვა ბუნებრივი სტიქიური მოვლენისას გამოიყენება.
- ასეთი ამბები სტატისტიკასა და რიცხვებს ეფუძნება, შესაბამისად ხშირად შეუმჩნეველიც კი არის, რომ AI-ის დაწერილ სტატიას ვკითხულობთ.
2020 წელს, „გარდიანმა“ ხელოვნური ინტელექტს „დაავალა“ op-ed-ის დაწერა შემდეგ კომპონენტებზე დაყრდნობით:
- ტექსტი უნდა ყოფილიყო დაახლოებით 500 სიტყვიანი, მარტივი და გასაგები.
- კონცენტრირებული იმაზე, თუ რატომ არ უნდა ეშინოდეთ ადამიანებს ხელოვნური ინტელექტის.
- ქვესათაურებად კი AI; ადამიანი; ხალხი ფიქრობს, რომ მე (ხელოვნური ინტელექტი) ადამიანისთვის საფრთხე ვარ - მიუთითეს.
რა შესაძლებლობებს სთავაზობს მედიას AI?
- ხელოვნური ინტელექტი, არამხოლოდ ამბების წერაში ეხმარება ჟურნალისტებს, არამედ ამარტივებს ტექნიკურ მხარესაც.
- მაგალითად, ერთ-ერთი პროგრამა აუდიო ჩანაწერიდან
ტექსტს ავტომატურად ამოიწერს. ეს კი, ცხადია, რეპორტიორების საქმეს
საგრძნობლად ამცირებს.
- ასევე, 2014 წლიდან Associated Press-ის ფინანსურ სიახლეებს ხელოვნური ინტელექტი წერს, სტატიებში რიცხობრივი შეცდომების რაოდენობა შემცირდა, ამბების სიზუსტე კი ათჯერ გაიზარდა.
- და მთავარი, ფაქტების გადასამოწმებელი ბევრი პროგრამა მთლიანად AI-ით მუშაობს, შესაბამისად, ამ უკანასკნელს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
გაიგეთ მეტი: ხელოვნური ინტელექტი
ჟურნალისტიკაში
რა საფრთხეებს უქმნის ჟურნალისტიკას AI?
კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორ კრისტიან ჰამონდის პროგნოზით, 2030 წლისთვის ახალი ამბების 90%-ს ხელოვნური ინტელექტი დაწერს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტი აღარ იქნება საჭირო, "ეს არის შესაძლებლობა, რომ თემები, რომლებზეც მედია საუბრობს უფრო მრავალფეროვანი გახდეს" - ამბობს ჰამონდი.- თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად AI-ს, სავარაუდოდ, ნებისმიერ თემაზე შეეძლება დაწერა, შესაბამისად ჩნდება საფრთხე, რომ საბოლოოდ დაიბეჭდება ადამიანური ემოციებისგან დაცლილი სტატიები.
მიუხედავად იმისა, რომ AI რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით აკეთებს ანალიზს, მაინც არსებობს, საფრთხე, რომ, შერჩეული წყაროებიდან ერთ-ერთი მაინც არ იყოს სანდო და რელევანტური. ხოლო ჟურნალისტის შეუძლია, თავად გადაამოწმოს წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
AI-ით უფრო და უფრო მარტივად არის შესაძლებელი „Deep Fake“-ის, ფოტო და ვიდეო მანიპულაციების შექმნა, რაც თავის მხრივ ზრდის დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხეს.
გაიგეთ მეტი: უნდა გვეშინოდეს თუ არა დიფ ფეიკების
მედიის საქმიანობისთვის, მკითხველის/მაყურებლის ნდობა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ერთია, რომ ადამიანები კითხულობენ ახალ ამბებს და თავად აანალიზებენ მოვლენებს, თუმცა მეორეა, რომ ხშირად, ენდობიან გამოცემებს და კონკრეტული ჟურნალისტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტის სჯერათ.
აქედან გამომდინარე, მკითხველისთვის კომპიუტერული პროგრამის მიერ შექმნილი სტატია შეიძლება ნაკლებად სანდო იყოს.
რამდენად ენდობა მკითხველი AI-ს?
ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფრენკ ვედელმა ორი კვლევა ჩაატარა იმის დასადგენად, თუ რამდენად ენდობიან ადამიანები AI-ის დაწერილი სტატიას და რა ფაქტორებს აქვს გავლენა თუ ხელოვნური ინტელექტი მათთვის ნაკლებად სანდოა.პირველი კვლევისთვის შეარჩია 129 მონაწილე, მათ წაიკითხეს ორი იდენტური სტატია, რომელთაგანაც ერთის ავტორად ადამიანი იყო მითითებული, მეორისად კი ხელოვნური ინტელექტი.
გამოკითხულთა უმრავლესობამ კითხვარში მონიშნა, რომ AI-ის სტატია ნაკლებად ინფორმაციული და სანდო იყო.
ამ კვლევით ფრენკ ვედელმა დაასკვნა, რომ სოციალურ ფაქტორებსა და წინასწარ განწყობებს დიდი გავლენა აქვს როგორც ახალ ამბებზე, ასევე საზოგადოებაში ხელოვნური ინტელექტის დამკვიდრების პროცესზე.
მეორე ეტაპზე, ფრენკმა შეარჩიე 182 მონაწილე, მათაც წაიკითხეს იდენტური სტატიები სხვადასხვა ავტორით. თუმცა ამ მონაწილეთა კითხვარი მოიცავდა კითხვებსაც ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების შესახებ.
ამ შემთხვევაშიც, აღმოჩნდა, რომ ადამიანებმა უფრო სანდო სტატიად დაასახელეს ის, რომელსაც ავტორად ჟურნალისტი ჰქონდა მითითებული და არა ხელოვნური ინტელექტი.
ფრენკ ვედელი ამბობს, რომ „როგორც ჩანს, ახალი ამბების წერა ისევ „ადამიანის საქმედ“ ითვლება. თანამედროვე მედიის როლი რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართ ცნობიერების გაზრდაში გადამწყვეტია.“
ვისი ინტელექტუალური საკუთრებაა AI-ის შექმნილი პროდუქტი?
თუ ხელოვნური ინტელექტი კონტენტის ავტორი ხდება, ჩნდება კითხვა, ვის ეკუთვნის საავტორო უფლება?სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებისთვის ეს საკამათოა.
DABUS ხელოვნური ინტელექტის სისტემაა, რომელიც”Imagination Engine”-ის პრეზიდენტმა, სტივენ ტეილორმა 2019 წელს გამოიგონა. სისტემას შეუძლია ე.წ „ბრეინსტორმინგზე“ დაყრდნობით ახალი პროდუქტის შექმნა.
- სტივენ ტეილორმა მოითხოვა, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლება მიეღო DABUS-ს რადგან რობოტმა შექმნა საჭმლის კონტეინერი და სპეციალური სანათი საავარიო სიტუაციებისთვის.
- თუმცა, მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა ამერიკის, გაერთიანებული სამეფოს, ავსტრალიისა და ევროპის ინტელექტუალური საკუთრების ცენტრებმა. მათ განმარტეს, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლება შესაძლოა ჰქონდეს მხოლოდ ადამიანს.
- აღსანიშნავია, რომ გერმანიის სასამართლომ დამატებით თქვა, რომ DABUS შეიძლება განიხილოს როგორც მხოლოდ დამხმარე პროდუქტის შექმნაში, ინტელექტუალური საკუთრების მფლობელი კი სტივენ თეილორია.
ქვეყნების სასამართლოთა უმრავლესობა, იზიარებს მოსაზრებას, რომ ხელოვნური ინტელექტი ვერ იქნება შექმნილი პროდუქტის მფლობელი, შესაბამისად AI-ის საავტორო უფლებები არ ეკუთვნის.
ეს, ძირითადად, ორი ფაქტორითაა განპირობებული:
- ინტელექტუალური საკუთრების უფლების მოპოვება შეიძლება მხოლოდ
ინტელექტუალური შემოქმედებითი საქმიანობით. შესაბამისად ეს ვერ იქნება
კომპიუტერული პროგრამა და მის უკან აუცილებლად უნდა იდგეს ავტორი,
ადამიანი.
- იმ შემთხვევაში, თუ კომპიუტერული პროგრამა ვერ შეასრულებს თავის
ფუნქციას და ზიანს მიაყენებს საზოგადოებას, უნდა არსებობდეს
პასუხისმგებელი პირი.
- თუმცა, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შესაძლოა ხელოვნურმა ინტელექტმა მოიპოვოს საავტორო უფლებები იმ პროდუქტზე რომელსაც თავად შექმნის.