როგორ გამოიყენებენ ტიკ-ტოკის აპლიკაციას სიახლეების გასავრცელებლად?
18.01.2023
ტექნოლოგიებისა და სოციალური მედიის სწრაფ განვითარებასთან ერთად, ჟურნალისტებს აუდიტორიასთან კომუნიკაციის გზების შეცვლა მოუწიათ. მედიისთვის, თანამედროვე მაყურებელთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად, ერთ-ერთი გზა “ტიკ-ტოკის” პლატფორმაა.


რატომ არის ეს აპლიკაცია მნიშვნელოვანი მედიისთვის?

  • 2021-2022 წლებში “ტიკ-ტოკი” ყველაზე ხშირად გადმოწერილ აპლიკაციებში პირველ ადგილზეა და დაახლოებით 1 მილიარდ აქტიური ანგარიშს აერთიანებს.
  • “როიტერსის ინსტიტუტისა” და ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის პროგნოზით, 2023 წელს მედიასაშუალებების უმეტესობა სწორედ ამ პლატფორმაზე “დამკვიდრდება”.
  • მსოფლიოს გავლენიანი გამოცემების 49% რეგულარულად აქვეყნებს მასალებს “ტიკ-ტოკზე”, მათ შორისაა “The Washington Post”, “The Guardian”, “The Sky News”, “Los Angeles Times” და სხვა.
  • იმისთვის, რომ თქვენი კონტენტი ამ პლატფორმაზე “წარმატებული” იყოს, არ არის საჭირო მილიონობით მიმდევარი გყავდეთ, რადგან ალგორითმის საშუალებით “ნაწილდება” ვიდეოები მომხმარებლის გვერდზე ე.წ for you page-ზე.
  • საქართველოში “ტიკ-ტოკ”-ის 250 ათასამდე აქტიური ანგარიშია, მათი 63,6%-ს 18-24 წლამდე ახალგაზრდები წარმოადგენენ.


რატომ გახდა ეს პლატფორმა აუდიტორიისთვის საინტერესო?

  • “ტიკ-ტოკზე” გამოცემებს მეტი შესაძლებლობა აქვთ, რომ “განმარტებითი ჟურნალისტიკის” ელემენტები გამოიყენონ და მნიშვნელოვანი, მაგრამ რთული, გაუგებარი საკითხები მარტივად, ფოტოებითა თუ სხვადასხვა მოკლე ვიდეოებით აუხსნან მაყურებლებს.
  • დამატებით, როგორც “Washington Post”-ის “ტიკ-ტოკის” გუნდის ხელმძღვანელი, დეივ იორგენსონი, “როიტერსის ინსტიტუტის” კვლევისთვის ინტერვიუში ამბობს: “იუმორი Tik-Tok-ის “დნმ”-ის მნიშვნელოვანი ელემენტია”, ამიტომ მოკლედ, იუმორით ახსნილი ამბები ადამიანებისთვის უფრო გასაგებია.
  • მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პლატფორმაზე “სამოქალაქო ჟურნალისტიკის” როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან უკრაინელები “ტიკ-ტოკის” საშუალებით, ომის შედეგებზე თავიანთ ისტორიებს ყვებიან. ერთ-ერთი ასეთი ანგარიშია @valerisssh, ომის დაწყებიდან აქტიურად აწვდის საზოგადოებას უკრაინულ ამბებს.
  •  აპლიკაციის ვიდეოებში გამოყენებული მელოდია, ფრაზები თუ “მიმები”, მომხმარებლებში ადვილად მკვიდრდება და ქმნის ე.წ “ტრენდებს”, რაც პლატფორმის სასაუბრო ენას ამარტივებს.


რა არის ამბის თხრობა ვერტიკალური ვიდეოთი (Vertical Video Storytelling)?

სოციალური ქსელების, განსაკუთრებით “ტიკ-ტოკ” აპლიკაციისადმი ახალგაზრდების დიდი ინტერესი ჟურნალისტიკაში ახალ მიმართულებებს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ მობილური ტელეფონით სქროლვა ვერტიკალურად მანამდეც შეიძლებოდა, “ტიკ-ტოკმა” ამბის თხრობის ეს მიმართულება განსაკუთრებით პოპულარული გახადა და შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე მედიაში ახალი მიმართულებაც დაინერგა.


როგორია ჟურნალისტიკაში “Tik-Tok-ის" გამოყენების გამოცდილება?


“როიტერსის ინსტიტუტმა” 2022 წელს მედიაში სიახლეების გასავრცელებლად, “ტიკ-ტოკის” დამკვიდრებაზე კვლევა ჩაატარა და გავლენიანი გამოცემების სოციალური მედიის ხელმძღვანელები გამოკითხა.

პლატფორმაზე ადაპტაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ახალგაზრდა თაობასთან კომუნიკაცია იყო, რადგან უფრო და უფრო მცირდება ჩართულობა Twitter-ზე, Facebook-სა თუ სხვა სოციალურ ქსელებში.

თავდაპირველად, ამ პლატფორმას ნიუსრუმებში “კადრს მიღმა” ვიდეოებისთვის გამოიყენებდნენ, თუმცა დღეს როგორც მთლიანი გამოცემა, ისე ცალკეული კორესპონდენტები ქმნიან თავიან კონტენტს.

ასეთია, “CNN”-ის წამყვანის მაქს ფოსტერის ანგარიში, როგორც ის “როიტერსის ინსტიტუტის” კვლევისთვის ინტერვიუში ამბობს, პირველად აპლიკაცია მაშინ გადმოიწერა, როდესაც ნახა რომ მისი თინეიჯერი შვილი იყენებდა “Tik-Tok”-ს და აქ გავრცელებული ამბების დიდი ნაწილი ყალბი იყო.

“BBC”-სა და “Wall Street Journal”-ის ყოფილმა თანამშრომლებმა, ახალი “ტიკ-ტოკ” პლატფორმა “The News Movement” ჩაუშვეს, სადაც კომპლექსურ თემებს მარტივად, ხუმრობებისა და “მიმების” დახმარებით უხსნიან ახალგაზრდებს.

LA Times”-ს “ტიკ-ტოკ” ვიდეობის მთავარი გზავნილები კლიმატის ცვლილებასა და გარემოს დაცვაზეა. ამ თემაზე ახალგაზრდებში, მნიშვნელოვანი როლი აქვთ აქტივისტებს, რომლებიც “Tik-Tok”-ის საშუალებით უხსნიან ადამიანებს, იმას, თუ რა პრობლემები არსებებობს. ერთ-ერთი ასეთი ანგარიშია @thegarbagequeen.

მსგავსი გამოცდილება ასევე ჰქონდა, ავსტრიის ერთ-ერთი დიდ ბეჭდურ გამოცემას, რომელიც ციფრულ სამყაროსთან ადაპტირდა და მათ დაიქირავეს კონტენტის ახალგაზრდა შემქმნელები. როგორც მათი სოციალური მედიის ხელმძღვანელი ამბობს, “ყოველდღიურად, მათი თანამშრომლები ეძებენ რა აინტერესებთ 18-34 წლამდე ადამიანებს და ამის შესაბამისად ქმნიან “Tik-Tok” ვიდეოებს”.

საფრთხეები

  • “სიახლეების ტიკტოკიფიკაცია - Tik-Tokification of the news”, ეს ტერმინი მნიშვნელოვანი მოვლენების “ტიკ-ტოკ ტრენდებით” გადაფარვას გულისხმობს.
  • არაზუსტი მასალებისა და დეზინფორმაციის გავრცელება.
  • ინფორმაცია, რომელსაც აპლიკაცია მომხმარებელზე აგროვებს და ამუშებს სრულად გამჭირვალე არ არის.

რჩევები

"VICE World News"-ის რეპორტიორი სოფია გეილერი და “BBC”-ის ჟურნალისტი მონიკა პლაჰა, ისინი თავიანთ “ტიკ-ტოკ”-ზე მნიშვნელოვან სიახლეებს ავრცელებენ, ჟურნალისტებს რამდენიმე რჩევას უზიარებენ:

  • “Tik-Tok”-ზე, მაყურებლის ყურადღების მისაქცევად მხოლოდ პირველი სამი წამი გაქვთ, მნიშვნელოვანია, რომ ვიდეო კითხვით იწყებოდეს, რომელზე პასუხსაც აუდიტორია მიიღებს.
  • იყავი გულწრფელი და აჩვენე მუშაობის პროცესი.
  • “გამოკვებე ალგორითმი”, მუდმივად დააკვირდი ე.წ “ტრენდებს” და შეეცადე იმავე მელოდიის ან ხუმრობის გამოყენებით მიაწოდო საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
  • “განმარტებითი ვიდეო” მაქსიმუმ 1 წუთი უნდა იყოს.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ