ქართული ღია წყაროები, რომლებიც ჟურნალისტურ საქმიანობაში გამოგადგებათ
09.02.2023
საქართველოში, საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვა უფრო და უფრო რთულდება და ხშირად, ღია წყაროები საჯარო უწყებების საქმიანობის მონიტორინგისთვის ერთადერთი გამოსავალია.

რატომ არ გასცემენ უწყებები საჯარო ინფორმაციას?  — წაიკითხეთ ვრცლად.

ამ მასალაში მოცემულია 13 ვებგვერდი, საიდანაც სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების შესახებ საჯარო ინფორმაციის მოპოვება ღიად არის შესაძლებელი, მისი გამოთხოვის გარეშე.

“ცესკოს” ამომრჩეველთა ბაზა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე (voters.cec.gov.ge) მოქალაქის პირადი ნომრითა და გვარით შეგიძლია გადაამოწმოთ იმავე მისამართზე რეგისტრირებული ამომრჩევლები, მათი დაბადების თარიღი და საიდენტიფიკაციო ფოტოები.

არჩევნების შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე “არჩევნების” (results.cec.gov.ge) განყოფილებაში შესაძლებელია 2006, 2008 და 2010 წლიდან ჩატარებული არჩევნების შედეგებისა და მისი მიმდინარეობის დროს შედგენილი ოქმების საარჩევნო ოლქების მიხედვით გადამოწმება და საარჩევნო ხარჯების ნახვა.

პარტიების შემომწირველთა მონაცემები

პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა და ჩარიცხული თანხების ნახვა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ შექმნილ ვებგვერდზე (transparency.ge) შეიძლება, როგორც პარტიების ისე შემომწირველთა სახელის მიხედვით. შემოწირულობების გარდა, ეს გვერდი ერთმანეთთან აკავშირებს სახელმწიფო შესყიდვების პლატფორმას და ბიზნეს რეესტრს.

ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აკვირდება პოლიტიკური გაერთიანებების შემოსავალს (monitoring.sao.ge). აქ ასევე შეგიძლიათ პოლიტიკური პარტიების მიერ როგორც სოციალურ ქსელში, ასევე სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით ან ბილბორდებსა თუ სხვა ტიპის რეკლამაში დახარჯული თანხის ნახვა.

სახელმწიფო შესყიდვების პორტალი

რეგისტრაციის გარეშე, შეგიძლიათ აირჩიოთ “სტუმარი” და ვებგვერდზე (tenders.procurement.gov.ge) მოძებნოთ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების მიერ გამოცხადებული ტენდერები და მათი გამარჯვებული კომპანიები, დადებული ხელშეკრულებები და გაკეთებული განაცხადები.

ინფორმაცია კომპანიებზე

CompanyInfo - საჯარო რეესტრის ბაზაზეა შექმნილი და მისი საშუალებით შესაძლებელია კომპანიის მეწილეების, მფლობელების, მათი პირადი ნომრების, კონკრეტულ კომპანიასა და ადამიანს შორის კავშირების დადგენა (ასეთის არსებობის შემთვევაში). აქ ასევე ჩანს ამ კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების რაოდენობა და ტენდერის ტიპი.

ბიზნეს რეესტრი

საჯარო რეესტრის პლატფორმაზე (enreg.reestri.gov.ge) შეგიძლიათ ნახოთ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებული კომპანიების ოფიციალური მონაცემები, რეგისტრაციის თარიღი, სტატუსი, კომპანიის ხელმძღვანელები და სხვა.

თანამდებობის პირების დეკლარაციები

საჯარო პირთა ყოველწლიური დეკლარაციების ნახვა declarations.gov.ge-ზეა შესაძლებელი. აქ მოცემულია თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრების სახელი, გვარი, საბანკო ანგარიშები, დაბადების თარიღი, უძრავი ქონება. ასევე:
  • მოძრავი ქონება, რომელთაგან თითოეულის ფასი აღემატება 10 ათას ლარს
  • ნაღდი, ფულადი თანხა რომელიც აღემატება 4 ათას ლარს
  • მიღებული საჩუქარი - ღირებულება აღემატება 500 ლარს
გასათვალისწინებელია, რომ თანამდებობის პირებს სრულწლოვანი შვილის, რომელიც სხვა საცხოვრებელ მისამართზეა რეგისტრირებული, ფინანსურ-ქონებრივ მდგომარეობაზე ინფორმაციის მითითების ვალდებულება არ აქვთ.

დამატებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შექმნილ ვებგვერდზე, chemiparlamenti.ge, შესაძლებელია ნახოთ პარლამენტის წევრების ბიოგრაფია, საქმიანობა და წარმომადგენლობა პოლიტიკური პარტიების მიხედვით.

კანონპროექტის დოკუმენტაცია

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის გარდა, შესაძლებელია ნახოთ ინფორმაცია კონკრეტულ კანონპროექტზე: რომელი კომიტეტი განიხილავს მას, რა ეტაპზეა მისი განხილვა, რა დამატებითი დოკუმენტებისგან შედგება იგი და ა.შ.

საკანონმდებლო მაცნე

ამ ვებგვერდზე (matsne.gov.ge), ხელმისაწვდომია კანონები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, სასამართლოს გადაწყვეტილებები, საჯარო განცხადებები თუ სხვა ნორმატიული აქტები.

სტატისტიკური მონაცემები

საქსტატის ვებგვერდზე შესაძლებელია სხვადასხვა სტატისტიკური ოფიციალური მონაცემების მოპოვება ნებისმიერ თემაზე, მათ შორის ფასების, ტურიზმის სექტორის, გარემოს თუ სხვა.

ღია მონაცემების ლაბორატორია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პლატფორმაზე (datalab.ge) განთავსებულია მონაცემები 189 საჯარო დაწესებულებაზე. Მათ შორის დანაშაულის სტატისტიკა, ეკონომიკა, ტრანსპორტი და სხვა. Datalab-ის საშუალებით შესაძლებელია აქ არსებული მონაცემების ვიზუალიზაცია.

ინტელექტუალური საკუთრების რეესტრი

rs.ge-ს ვებგვერდზე შესაძლებელია ნახოთ რეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტთა სია, ამ უფლების მფლობელი ან წარმომადგენელი და ასევე ის ობიექტები, რომლებზეც ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეგისტრაცია.

სახელმწიფო ბიუჯეტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პლატფორმა budgetmonitor.ge-ზე შესაძლებელია სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების, ასევე აუდიტის სამსახურის მომზადებული ანგარიშებისა და სახელმწიფო ვალის დინამიკის ნახვა.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ