სოციალური მედიის როლი პოლიტიკურ პოლარიზაციაში
07.06.2023
დღეს, სოციალური მედია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სხვადასხვა პოლიტიკური თუ სოციალური აქტივობების დასაგეგმად და აუდიტორიასთან ახლო ემოციური კავშირის დასამყარებლად.

აქედან გამომდინარე, სოციალური ქსელები ბუნებრივად გადაიქცა პოლიტიკური დისკუსიების სივრცედ, ეს კი თავის მხრივ საზოგადოებას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ სხვადასხვა თემაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში, კვლევებით დასტურდება, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს სივრცე დამღლელი, შემაწუხებელი ან გამაღიზანებელია.

მაგალითად, 2022 წლის კვლევის მიხედვით:
  • ნიდერელანდებსა და საფრანგეთში, 10-დან 4 გამოკითხული ფიქრობს, რომ სოციალურ ქსელებს პოზიტიური გავლენა აქვთ დემოკრატიისთვის.
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით მესამედი თვლის, რომ სოციალური ქსელები ეხმარება დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებას.
  • გამოკითხულთა ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ სოციალური ქსელების მთავარი საფრთხე დეზინფორმაციაა ნაკლებად ეთანხმება მოსაზრებას, რომ სოციალური მედია ეხმარება დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.
  • და საპირისპიროდ, ვინც სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის საფრთხეს ვერ ხედავს, თვლის, რომ სოციალური მედია კარგი ინსტრუმენტია აუცილებელი ინფორმაციის მისაღებად.

როგორ უკავშირდება ეს პოლიტიკურ პოლარიზაციას?

საზოგადოების განწყობა, რომ სოციალური ქსელები მათზე ძირითადად ნეგატიურ გავლენას ახდენს, პირდაპირაა დაკავშირებული სოციალურ მედიაში მუდმივად პოლიტიკური ახალი ამბებისა და დისკუსიების ჩვენებასთან.
  • სოციალური მედიის ამერიკელი მომხმარებლების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ მხოლოდ პოლიტიკური ახალი ამბებითა და დისკუსიებით გადაღლილები არიან.
  • 72% ონლაინ სივრცეში პოლიტიკური თემების განხილვის შემდეგ ფიქრობს, რომ მათ ნაცნობებთან ან სხვა მომხმარებლებთან "პოლიტიკურად ნაკლები საერთო აქვთ" და ამ დისკუსიის ბოლოს ძირითადად, დასტრესილები და იმედგაცრუებულები არიან.

მომხმარებლებში პოლიტიკური დებატები ძირითადად მათთვის მისაღები პოლიტიკოსის განცხადებას ან რაიმე საჯარო გამოსვლას ახლავს ხოლმე თან.
  • პოლიტიკოსები კი მუდმივად ცდილობენ მათი სიტყვა რელიგიასა და პატრიოტიზმზე ემოციური განცხადებებით იყოს გაჯერებული.
  • მსგავსი შინაარსის მასალა კი სოციალურ ქსელში, ემოციებისგან დაცლილ ამბებზე დაახლოებით 10-ჯერ მეტად ზიარდება მომხმარებლების მიერ.

ეს ემოციური ფრაზები ხშირად პირდაპირ სათაურებად გვხვდება მედიაში და იმის ნაცვლად, რომ ტრადიციული თუ სოციალური მედია ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებდეს, ვიღებთ მხოლოდ ორ, დაპირისპირებულ მხარეს.

საბოლოოდ, მთლიანი პროცესი წრეს ემსგავსება, რომელშიც მოვლენები უცვლელად მეორდება.

"ტვიტერის" მომხმარებლების უმცირესი ნაწილი ე.წ "ტვიტების" უმრავლესობის ავტორია - რას ნიშნავს ეს?
  • ტვიტერზე კონტენტის 97% ამ სოციალური ქსელის მომხმარებლების მხოლოდ მეოთხედის მიერაა გამოქვეყნებული.
  • რაოდენობრივად პატარა, თუმცა აქტიური ჯგუფი ამ პლატფორმაზე პოლიტიკური დისკუსიის "წამყვანია", რაც პოლარიზაციას კიდევ უფრო ამწვავებს.

რა ხდება საქართველოში?

დღეს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სოციალური ქსელებიდან მეტწილად "ფეისბუქს" იყენებს, ამიტომ კონკრეტული ჯგუფებისთვის სამიზნე სწორედ ეს პლატფორმაა.
  • 2020 წელს, ფეისბუქმა არაერთი არაავთენტური ანგარიში, გვერდი და ჯგუფი წაშალა. ანგარიშების შემთხვევაში, ე.წ "ტროლები" კოორდინირებულად მოქმედებდნენ კონკრეტული ამბის გავრცელებისთვის ან რომელიმე საჯარო პირის დისკრედიტაციისთვის.
  • ამავე წლის, აპრილში ფეისბუქმა გააუქმა, კრემლის პროპაგანდისტული გვერდი "ნიუს- ფრონტ ჯორჯია", სადაც არაავთენტური ანგარიშებით ავრცელებდნენ პრორუსულ გზავნილებს და საზოგადოება შეცდომაში შეყავდათ.
  • ძირითადად, მათი მიზანი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა, სხვადასხვა თემაზე, რაც შეიძლება შეეხებოდეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, პირს ან საკითხს, რომელიც დროის იმ მონაკვეთში მნიშვნელოვანია.
მიუხევად იმისა, რომ ყალბი ანგარიშების და გვერდების ამოცნობაზე აქტიურად მუშაობენ, სახელისუფლებო პროპაგანდისთვის ეს კვლავ ერთერთი მნიშვნელოვანი გზაა გზავნილების გასავრცელებლად, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, "როგორ ამოვიცნოთ ბოტები?" - წაიკითხეთ ვრცლად.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ