რა გავლენა ქონდა საბეჭდი მანქანის გამოგონებას ჟურნალისტიკაზე
16.08.2023
საბეჭდი მანქანის გამოგონებამდე ინფორმაცია ზეპირი და წერილობითი ფორმით ვრცელდებოდა. ყველაზე ადრეულ ჟურნალისტურ პროდუქტად კი შეგვიძლია ძველ რომში გავრცელებული ერთგვარი საინფორმაციო დაფები (Acta diurna) მივიჩნიოთ. თუმცა XV საუკუნეში საბეჭდი დაზგის გამოგონებამ და სტამბების ჩამოყალიბებამ ინფორმაციული რევოლუცია მოახდინა.

პირველი ბეჭდური ტექსტი

  • მიჩნეულია რომ საბეჭდი მანქანა გერმანიაში იოჰან გუტენბერგმა გამოიგონა, თუმცა პირველი ტექსტი მას არ დაუბეჭდავს.
  • ქაღალდი და მოძრავი მეტალის ანბანი ჩინეთში შექმნეს, ჰქონდათ მელანიც. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ხელით ბეჭდვის ტექნიკასაც იყენებდნენ.
  • თუმცა პირველი მოძრავი მეტალის შრიფტით დაბეჭდილი ტექსტი კორეაშია აღმოჩენილი და ის მე-14 საუკუნით თარიღდება.

სტამბა

მექანიზებუი სტამბის ტიპმა, რომელიც იოჰანეს გუტენბერგმა შექმნა, პირველად ევროპაში გახადა შესაძლებელი დიდი რაოდენობით წიგნების დამზადება. სტამბების გამოყენება ჟურნალისტური პროდუქტის შესაქმნელად და გასავრცელებლად მე-17 საუკუნუნის პირველ ნახევარში დაიწყეს.

  • დაიბეჭდა პირველი რეგულარული გაზეთები:
  • გერმანია - 1609;
  • შვეიცარია - 1610;
  • ინგლისი - 1621;
  • საფრანგეთი - 1631;
  • იტალია - 1636;

საქართველოში კი პირველი გაზეთი 1819 წელს გამოვიდა.

ამერიკა ჯერ კიდევ კოლონია იყო, როდესაც იქ ბეჭდურმა პრესის გავრცელება დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ გაზეთები აქტიურად იყვნენ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ბოსტონის ჩაის სმა ერთ-ერთი გაზეთში (Boston Gazette) დაიგეგმა.

  • ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კონსტიტუციაში პირველი შესწორება სიტყვისა და პრესის თავისუფლება იყო.
  • ეს იმ ფონზე, როდესაც არაერთ ქვეყანაში ჯერ ისევ ხელისუფლებები აკონტროლებდნენ ინფორმაციის გავრცელებას.

ტექნოლოგიური განვითარება

ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, დაიხვეწა ბეჭდვის პროცესიც. თუ გუტენბერგის საბეჭდი მანქანა საათში ერთ ფურცელს ბეჭდავდა, 1814 წლიდან, The Times-ში ორთქლზე მომუშავე საბეჭდი მანქანის გამოყენებით, საათში 5000 ასლს აკეთებდნენ.

ჟურნალისტიკის ფართოდ გავრცელებამ კი ინფორმაციის შორ მანძილზე სწრაფად გავრცელების საჭიროება გააჩინა.

  • დღეს ცნობილი და გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო როიტერი პირველი იყო, რომელმაც ეს გამოწვევა გადაჭრა, ერთი შეხედვით უცნაური, მაგრამ იმ დროისთვის ეფექტური გზით.
  • როიტერი მტრედებს იყენებდა საინფორმაციო ფურცლების გასავრცელებლად აახენი-ბრიუსელის მარშრუტზე. მტრედებს გზაში ორი საათი სჭირდებოდათ, რაც რკინიგზაზე გაცილებით სწრაფი იყო.
  • ფრინველების გამოყენება გამოცემამ ერთ წელში შეწყვიტა.

ტექნოლოგიების, ბეჭდვისა და კომუნიკაციის სფეროში მკვეთრმა განვითარებამ მე-19 საუკუნის ბოლოს მედია მძლავრ იარაღად აქცია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბეჭდი მანქანის გამოგონება, მედიის განვითარებისა და დახვეწის კუთხით პირველი ნაბიჯი იყო.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ