“The Kiss of Life” - პულიცერის პრემიის მფლობელი ფოტო
29.09.2023
სიცოცხლის კოცნა (The Kiss of Life) – ასე ქვია ფოტოს, რომელიც 1967 წელს ჯექსონვილში ფოტოგრაფმა როკო მორაბიტომ გადაიღო. კადრს მიღმა კი საინტერესო ისტორიაა.

alt

ისტორია


1967 წლის 17 ივლისს ფოტოგრაფი როკო მორაბიტო ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროზე რკინიგზის მუშების გადასაღებად მიდიოდა, მან გზად შეამჩნია რომ ელექტროგადამცემ ხაზებს ამაგრებდნენ. როგორც მოგვიანებით დოკუმენტურ ფილმში ამბობს, გაიფიქრა, რომ როდესაც პროტესტს გადაიღებდა, უკან ამ გზით დაბრუნებულიყო, რადგან რედაქციას ფოტოები დასჭირდებოდა.

ასეც მოიქცა, თუმცა ადგილზე მისულმა გაიგონა, რომ ხალხი დახმარებას ითხოვდა. მან დაინახა, რომ ერთ-ერთი მუშა ელექტროგადამცემ ბოძზე ეკიდა. ეს რენდალ ჩემპიონი იყო, რომელიც სადენს შეეხო, დენმა დაარტყა და გონება დაკარგა, თუმცა დამჭერებმა ჩამოვარდნას გადაარჩინეს.

როკო მორაბიტო მანქანაში დაბრუნდა, რედაქციაში დარეკა, რათა მათ ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოეგზავნათ.

ადგილზე მუშაობდა ხაზის მეთაური ჯეი ტომპსონი. ის მეგობრისა და კოლეგის დასახმარებლად ბოძზე აძვრა. როდესაც რენდალ ჩემპიონამდე ავიდა, იფიქრა, რომ დაღუპული იყო, რადგანაც სახე და ტუჩები მთლიანად ლურჯი ჰქონდა, არ მოძრაობდა და არც სუნთქავდა.

ამ დროს ჟურნალისტიც დაბრუნდა და ფოტოების გადაღება დაიწყო. ტომპსონი შეეცადა გათიშული მეგობრისთვის ხელოვნური სუნთქვა ჩაეტარებინა. მიუხედავად იმისა, რომ ბოძზე ეს სრულფასოვნად არ გამოუვიდოდა. რამდენიმე ჩასუნთქვამ იმოქმედა და რენდალ ჩემპიონმა სუნთქვა დაიწყო. რის შემდეგაც ის დაბლა ჩამოიყვანეს და საბოლოოდ, სამედიცინო დახმარებაც მიიღო.

რენდალ ჩემპიონმა კიდევ 35 წელი იცოცხლა და 2002 წელს გარდაიცვალა.

The Kiss of Life

alt

“როკომ დამირეკა და მითხრა - ვფიქრობ, საკმაოდ კარგი ფოტოები მაქვსო” - ეს მისი სიტყვები იყო. მე კი ვუთხარი, კარგი, მოდი და შევეცდები მის დაბეჭდვას, თუმცა უკვე ძალიან ახლოს ვიყავით დედლაინთან“ – იხსენებს ჯექსონვილის ჟურნალის რედაქტორი დიკ ბრუსარდი.

საბოლოოდ, როდესაც რედაქტორმა ფოტოები ნახა, გადაწყვიტეს რომ დედლაინს დაარღვევდნენ, რათა კადრი იმ დღის გამოცემაში მოეხვედრებიათ.

  • მთავარი ფოტოგ არეკანზე - დანარჩენები კი შიდა გვერდზე.
  • ფოტოს სახელი კი რედაქტორმა ბობ პეიტმა შეარჩია - The Kiss of Life - სიცოცხლის კოცნა.

პულიცერის პრემია


როგორც როკო მორაბიტო ყვება, იმ დღეს გამოცემაში არავის უთქვამს, საოცარი ფოტო გადაიღო. თუმცა კადრი რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამაში მოგვიანებითაც დარწმუნდა. ფოტო და ისტორია მთელ ამერიკაში გავრცელდა და თითქმის ყველა გამოცემამ გადაბეჭდა.

საბოლოოდ, ამ კადრით ჟურნალისტი ყველაზე პრესტიჟული და მნიშვნელოვანი პულიცერის პრემიის ლაურეატი გახდა. ფოტო ასევე განთავსებულია ხელოვნების ეროვნული გალერეაში.

alt

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ