29.12.2023
1. ინტერევიუ გერონტი ყალიჩავასთან
2023 წლის პირველ თებერვალს ინტერნეტგამოცემა livepress.ge დაიხურა. სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის ამბებზე ფოკუსირებული დამოუკიდებელი მედია უმეტესწილად, გრანტების დახმარებით ფუნქციონირებდა და ქმნიდა სამენოვან კონტენტს ქართულ, რუსულ და აფხაზურ ენებზე.
"ლაივპრესი" 2011 წელს ჟურნალისტმა გერონტი ყალიჩავამ დააფუძნა, რომელიც მანამდე სხვადასხვა მედიასაშუალებაში მუშაობდა, მათ შორის, "რადიო თავისუფლებაში" და ამ გამოცემისთვის სამეგრელოს ამბებს აშუქებდა.
ყალიჩავა თქვა, რომ ფინანსური სირთულეები, რაც "ლაივპრესის" დახურვის მთავარ მიზეზად იქცა, შემცირებულ საგრანტო თანხებთან იყო დაკავშირებული. ასევე აღნიშნავდა, რომ ბიზნესი მეტწილად, "კლიკბეით" (*მხოლოდ რეიტინგზე ორიენტირებული მედია) ინტერნეტგამოცემებს სწყალობს, რამაც შესაძლოა, საქართველოში სხვა დამოუკიდებელი, შედარებით მცირე, მაგრამ კვალიფიციური მედიასაშუალებების მუშაობის შეწყვეტაც გამოიწვიოს.
მოკლედ, ინტერვიუს ძირითადი ფრაზები:
- "ლაივპრესის" დახურვა უნდა იყოს სიგნალი დონორებისთვისა და ბიზნესისთვის";
- "დამოუკიდებელი მედიები კი არ უნდა სთხოვდნენ დონორებს გრანტს, დონორები უნდა ეკითხებოდნენ, რამდენი გჭირდებათ სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვისო, თუ ორივე ერთ პრინციპს — დემოკრატიის მშენებლობას ვემსახურებით";
- "ვთხოვ დონორებს, არ მიატოვონ სხვა კარგი, დამოუკიდებელი გამოცემები, რომ მათაც არ გაიზიარონ "ლაივპრესის" ბედი";
- " არ იქნება დამოუკიდებელი მედია — არ იქნება დამოუკიდებელი ბიზნესი და სასამართლო";
- "ბიზნესმა უნდა გაიაზროს, რომ დემოკრატიაში უფრო მეტ ფულს იშოვის ადამიანი, ვიდრე - დიქტატურაში";
- "სატელევიზიო მედია 2012 წლამდეც პოლარიზებული იყო და "ვარდისფერი სათვალით" აშუქებდა ამბებს, მაგრამ ახლა უფრო მეტი OPT (*კრემლის პროპაგანდისტური არხი) გვაქვს”.
2. ინტერვიუ აჭარის მაუწყებლის ხელმძღვანელთან
ვლადიმერ (ლადო) ტატიშვილი 2022 წლის 11 ნოემბერს გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არჩეული დირექტორი. ინტერვიუში არხთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე და განვითარების მისეულ ხედვებზე ისაუბრა.
მოკლედ, ინტერვიუს ძირითადი ფრაზები:
- "ყოველთვის წინააღმდეგი ვარ, დირექტორი სარედაქციო პოლიტიკაში ერეოდეს";
- "მაუწყებელი არ უნდა აკეთებდეს სიუჟეტს ვინმეს გულის მოსაგებად, ან აკრიტიკებდეს მხოლოდ კრიტიკისთვის და აღარ ინტერესდებოდეს, რა მოხდა შემდეგ";
- "საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალი უნდა იყოს, შეამციროს პოლარიზება"; "ტელევიზიას აქვს დიდი ძალა და გვინდა, ვიქცეთ ხიდად მოქალაქესა და როგორც ადგილობრივ, ასევე, ცენტრალურ ხელისუფლებას შორის";
- "ჩვენთვის ღირებულება არის საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად რელიგიური, გენდერული, თუ სხვა სახის იდენტობისა… ის ადამიანი არის საზოგადოების ნაწილი და დამთავრდა";
- "ყველაფერს გავაკეთებ, რომ კულტურა ასოცირდებოდეს ჩვენს მაუწყებელთან და ეს ჟანრი სრულად ჩვენ დავიკავოთ ტელესივრცეში".
3. ინტერვიუ ნესტან ცეცხლაძესთან
2023 წლის თებერვალს ანტიდასავლურად განწყობილმა პარტია "ხალხის ძალამ" პარლამენტში დაარეგისტრირა რუსული კანონის ანალოგიური კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ამ კანონის საწინააღმდეგო კამპანიაში აქტიურად ჩაერთო მედია.
"ნეტგაზეთი" 10 წელზე მეტია, უცხოური გრანტების საშუალებით ფუნქციონირებს და საზოგადოებას გადამოწმებულ, სიღრმისეულ ინფორმაციას აწვდის. სანამ კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებდნენ და აქციების შემდეგ ჩააგდებდნენ, მედიაჩეკერმა ინტერვიუ "ნეტგაზეთის" მთავარ რედაქტორთან, ნესტან ცეცხლაძესთან ჩაწერა.
მოკლედ, ინტერვიუს ძირითადი ფრაზები:
- “ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოში გაქრება დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია და ეს უნდა იყოს განგაშის ზარი ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. შეიძლება ეს სიტყვები ძალიან "პლაკატურია", მაგრამ ეს იქნება რეალობა”;
- “როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანს, რომელსაც "აგენტის" სტატუსს მიანიჭებენ, ნორმალურად შეძლოს მუშაობა და ფუნქციონირება. ნუ გვექნება ილუზია, რომ აგენტის "სტატუსმინიჭებულ" ადამიანებს არ აღიქვამენ ჯაშუშებად”.
4. ინტერვიუ კახა კინწურაშვილთან
2023 წლის მარტში მსახიობმა კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" თანამშრომლობა შეწყვიტა. კინწურაშვილი, 10 წელზე მეტი იყო არხის ერთ-ერთი სახე. ინტერვიუში გვესაუბრა იმაზე რა პრობლემებს ხედავს არხის ღიად გაცხადებულ პროსამთავრობო საინფორმაციო პოლიტიკაში და დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, რა რისკებს ქმნის "იმედის" პოზიციები ქართული საზოგადოებისა და ქვეყნის საგარეო კურსისთვის.
მოკლედ, ინტერვიუს ძირითადი ფრაზები:
- “უპირისპირდებოდე შენს მოქალაქეებს და თან, თამაშში შედიოდე იმ ქვეყანასთან, რომელმაც გაანადგურა შენი სახელმწიფო და საზოგადოება, რუსული საქმეა”; “მე არასდროს ვეთანხმებოდი "იმედის" საინფორმაციო პოლიტიკას და ღიადაც ვაფიქსირებდი ამას, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ღალატს, ეს უკვე აღარაფერში წერია”;
- “საერთო მიზნებისთვის, ყველას ჩვენი საბრძოლველი გვაქვს. ზოგჯერ, საზოგადოება, ერთმანეთს იმაზე მეტს ვთხოვთ, ვიდრე შესაბამისი უნარი და შესაძლებლობა გვაქვს, ამიტომ, ჩემი თხოვნაა, ყველამ საკუთარი ბრძოლა მოვიგოთ — თუნდაც, ფართო სურათში პატარად და უმნიშვნელოდ გვეჩვენებოდეს”.
5. ინტერვიუ ირინე კურტანიძესთან
ე.წ. რუსული კანონის დაინიცირებისა და მისი გაწვევის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ, ღიად ანტიდასავლური საკომუნიკაციო სტრატეგია აირჩია. ამ პერიოდში მმართველი პარტიის ლექსიკაში, პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი ჯგუფების მარგინალიზების მიზნით, გაჩნდა ფრაზები: "ფაშისტები", "ეკლესიის მაგინებლები", "ელგებეტე" პროპაგანდის გამავრცელებლები".
ირინე კურტანიძემ წლებია საარჩევნო ტექნოლოგიებსა და პოლიტიკურ კომუნიკაციებს იკვლევს. ის ინტერვიუში საუბრობს კონკრეტულ მაგალითებზე, რომელიც მიუთითებს, რამდენად ახლოს არის "ოცნების" პროპაგანდისტული ენა რუსულ პროპაგანდისტულ ტაქტიკებთან.
მოკლედ, ინტერვიუს ძირითადი ფრაზები:
- “სტრატეგიული ნარატივის გასავრცელებლად იყენებენ როგორც მაღალი თანამდებობის პირებს, ასევე, სხვადასხვა აქტორებს, მათ შორის, ექსპერტებად, ან მედიაპერსონებად ცნობილ მათთან აფილირებულ პირებს. "ოცნებამ", “ფაშისტი” პირდაპირ გადმოიტანა რუსული პროპაგანდიდან”.
- “კრემლმა, ჯერ კიდევ 2014 წელს, ყირიმის კრიზისის პერიოდში დაიწყო უკრაინელების ფაშისტებად მარგინალიზების კამპანია და ეს ისმოდა ყველა სატელევიზიო გადაცემაში”;
- “რუსეთი არ ცდილობს, გააერთიანოს ადამიანები ღირებულებების ირგვლივ, პირიქით — ამის საპირისპიროზე, ადამიანების დემობილიზებისკენაა მოწოდებული, გარკვეული ორგანიზაციებისა და ჯგუფების დეჰუმანიზებისკენ და იმაზე, რომ დათესოს ნიჰილიზმი”;
- “როდესაც ყველა სამთავრობო პროპაგანდისტული არხიდან გეუბნებიან, ეკონომიკური პარამეტრებით ყველაფერი რიგზე გვაქვსო, ეს ინფორმაციული მანიპულაციის ნაწილია, რომ შენ გაგიჩნდეს ეჭვები და იფიქრო, იქნებ ქვეყანა წინ მიდის და ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ეს მე ვხარჯავ უფრო მეტს, ან უფრო არამიზნობრივადო”.
6. ინტერვიუ თეონა სეხნიაშვილთან
მედიაჩეკერი მარტის ბოლოს ასევე ესაუბრა თეონა სეხნიაშვილთან, რომელიც ვენაში, "პრესის საერთაშორისო ინსტიტუტში" (*IPI) მუშაობს. თეონა სეხნიაშვილი ამბობს, რომ საქართველოსა და ბელარუსს ბევრი ფაქტორი განასხვავებს, თუმცა, საერთოა ტენდენციაა, არა მხოლოდ მარგინალიზების გზით, საკანონმდებლო ბერკეტებითაც ჩაახშონ დამოუკიდებელი მედიის ხმა.
სეხნიაშვილმა იმ პარალელებზე ისაუბრა, რომელიც მედიასთან ბრძოლაში, "ოცნებასა" და ავტორიტარ ლუკაშენკოს შორისაა.
მოკლედ, ინტერვიუს ძირითადი ფრაზები:
- “განსხვავება ისაა, რომ იქ, პირდაპირ ამბობს ლუკაშენკო, ჩვენ ავტორიტარული ქვეყანა-ვართო და, ამით ამაყობს კიდეც. საქართველოში კი, თან გვეუბნებიან, დემოკრატიული ქვეყანა ვართ და მაღალია ჩვენთან პრესის დამოუკიდებლობის ხარისხიო, და ამავდროულად, აშკარად ავტორიტარიზმისკენ მიდიან და ზღუდავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას”;
- “მე არ ვარ ასეთი ოპტიმისტი, სკეპტიკურად ვარ განწყობილი, თუნდაც, "იმედის" არსებული შემადგენლობის მიმართ. მე მგონია, რომ აი აქ და ახლა გადის ზღვარი. ახლა თუ არ წავლენ, ამას არ გააკეთებენ ხვალ. ვინც თავის დროზე დაინახა ცენზურის პირველი ნიშნები, უკვე დიდი ხნის წინ დატოვა არხი, მაგალითად, დიანა ტრაპაიძემ, თამუნა ჩიხლაძემ. დღეს კი, "იმედი", თავისი შინაარსით იგივე დონეა, რაც "პოსტივი", ან "ალტ ინფო".
7. ინტერვიუ ანა აბაშიძესთან
20 მარტს, გამოცემა "ტაბულას" ჟურნალისტმა, მაკო ჯაბუამ, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე წლის წინ გასაუბრებაზე, ტელეკომპანია "პოს ტვს” თანადამფუძნებელმა, შალვა რამიშვილმა სექსუალურად შეავიწროვა. მის "ფეისბუქ პოსტს" გამოეხმაურნენ სხვა ქალები, რომლებიც რამიშვილს იმავე დანაშაულში ამხელდნენ. მანამდე, 2018 წელს ის ტელეკომპანია "იმედის" ყოფილმა თანამშრომელმა, თათია სამხარაძემაც ამხილა და სასამართლო პროცესი მოუგო.
მედიაჩეკერმა იურისტ ანა აბაშიძესთან ისაუბრა სექსუალური შევიწროების თემაზე დამკვიდრებულ სტერეოტიპებსა და მედიის მიერ სწორად გაშუქების მნიშვნელობაზე.
მოკლედ, ინტერვიუს ძირითადი ფრაზები:
- “სასამართლო სისტემას თათია სამხარაძემდე არცერთხელ უმსჯელია სამსახურეობრივ ურთიერთობებში სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე”;
- “მედიას დღეს, პრაქტიკულად, გადამწყვეტი როლი აქვს იმაში, თუ როგორ წავა საზოგადოებრივი განვითარების ხაზი. მას შეუძლია დრამატული ზიანი მიაყენოს ამ განვითარებას და ამავდროულად, შეუძლია, დადებითი თვალსაზრისით, ყველაზე სწრაფი ცვლილებაც კი გამოიწვიოს”;
- “მედიას ერთ-ერთ მთავარ აქტორად მივიჩნევ ადამიანის უფლებებში, ჩვენ მათ გარეშე გაგვიჭირდებოდა იმ საქმეების გაკეთება, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ადამიანებისთვის სასიკეთო შედეგი მოაქვთ”.
8. ინტერვიუ ანნა მირონიუკთან
რუსეთისომი უკრაინაში 2023 წელსაც განხილვადი იყო. უკრაინელი კორესპინდეტები კი ყოველდღიურად ჰყვებიან რეალურ ამბებს მსოფლიოსთვის.შესაძლებელია, ჟურნალისტებმა შეინარჩუნონ ობიექტურობა საკუთარ ქვეყანაში ომის გაშუქებისას? რა ეთიკურ და მორალურ დილემებს აწყდება უკრაინული მედია, უკრაინაში რუსეთის ომის გაშუქებისას — "The Kyiv Independent"-ის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ჟურნალისტ ანნა მირონიუკთან ინტერვიუში ვისაუბრეთ.
მოკლედ, ინტერვიუს ძირითადი ფრაზები:
- "ომის დროს არ გაქვს უფლება, რომ უბრალოდ, სხვა ამბავზე "გადაერთო";
- "ობიექტურობა ნიშნავს, რომ აუდიტორიას მიაწოდო საჭირო კონტექსტი და სრული სურათი, რათა თავად მიიღონ გადაწყვეტილება”;
- "ვფიქრობ, "The Kyiv Independent"-ი თავისი გაშუქებით ადასტურებს, რომ ჩვენ არ ვართ ხელისუფლების პრესსამსახური”;
- "პრეზიდენტი ზელენსკი არ მიიჩნევს, რომ მედია შუამავლად ესაჭიროება, მას შეუძლია, პირდაპირ მიმართოს საზოგადოებას და "კუთხეში მომწყვდეულს" არ მოუწიოს ჟურნალისტების კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა”;
- "იმოქმედეთ ეთიკურად და მიჰყევით ფაქტებს, სწორედ ეს არის ჟურნალისტიკის ფუნდამენტი, სხვა შემთხვევაში ხდები პიარი ან პროპაგანდისტი”;
- “არ მიმაჩნია, რომ რუსულ პროპაგანდას აუცილებლად უკრაინული პროპაგანდა უნდა დავუპირისპიროთ”.