"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ანგარიში - საქართველოს მედიაგარემო
16.02.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრმა", გამოაქვეყნა ანგარიში "საქართველოს მედიაგარემო". კვლევაში ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჟურნალისტების უსაფრთხოება, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ხელისუფლების ბოიკოტი მათ მიმართ, დეზინფორმაციული კამპანიები, მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი პოლიტიკური და სხვა სახის გავლენისგან, ასევე - სექტორში არსებული ძირითადი გამოწვევები.

კვლევის ძირითადი მიგნებები,მოკლედ:

საქართველოში ტელევიზია ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ რჩება, თუმცა მოქალაქეები ინფორმაციას ძირითადად ამავე ტელევიზიების სოციალური არხების საშუალებით იღებენ.

პოლარიზაცია განსაკუთრებით თვალსაჩინო წამყვანი ეროვნული მედიების შემთხვევაში და ნაკლებად შეინიშნება რეგიონულ დონეზე. კვლევაში გამოყენებულია სხვადასხვა წლის მონაცემები და სტატიები, როგორც ორგანიზაციების ანგარიშებიდან, ასევე ფაქტ-ჩეკერებისა და გამოცემების ვებგვერდებიდან.

მოკლედ:
  • ტელეკომპანია "იმედი" - ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი მედიაკომპანიაა, ღიად პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკით.
  • „რუსთავი 2“ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი არხია.
  • "მთავარი არხი" სარედაქციო პოლიტიკა პროოპოზიციურია.
  • ტელეკომპანია „ფორმულა“ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებას წარმოადგენს.
  • "ტვ პირველს" ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა აქვს.
  • „პოსტვ“ პროსახელისუფლებო არხია, რომელიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ მადისკრედიტებელი კამპანიების გავრცელებით არის ცნობილი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებლად უნდა ასახავდეს ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მრავალფეროვნებას, მაგრამ საქართველოში ეს სატელევიზიო არხი ასევე პოლიტიკურად მიკერძოებულია.

ქართული მედიაგარემო საერთაშორისო რეიტინგებში

"საქართველო მრავალი წლის განმავლობაში რეგიონში მოწინავე ქვეყანად ითვლებოდა მისი მიღწევების გამო. ქვეყანამ შეძლო განემტკიცებინა დემოკრატიული ინსტიტუტები და გაეტარებინა მნიშვნელოვანი რეფორმები. თუმცა, ბოლო წლებია ეს მიღწევები სტაგნაციას განიცდის" - ვკითხულობთ ანგარიშში.

მოკლედ:
  • „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) შეფასების თანახმად, 2022 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე გამიზნული თავდასხმის შედეგად, rsf-ის ინდექსში საქართველომ 89-ე ადგილი დაიკავა 180 ქვეყნიდან, რაც მნიშვნელოვანი გაუარესება იყო. 2023 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო 77-ე ადგილზეა, მაგრამ RSF შეფასების მიხედვით, ქვეყანა რჩება პრობლემური ქვეყნების კატეგორიაში.
  • Freedom House-ის „გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოები 2023“ შეფასების თანახმად, 50 დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი შემცირდა, რაც განპირობებულია ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი გარემოს მრავალწლიანი ტენდენციით, პოლარიზებული და პოლიტიზებული მედიაგარემოთი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალების დირექტორის დაპატიმრებით.
  • 2022 წელს ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია „ამნესთი ინტერნეშენალმა“ „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას, დაპატიმრებას „განსხვავებული აზრის პოლიტიკური მოტივით ჩახშობა“ უწოდა. "სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარმია შეიწყალა"- წაიკითხეთ ვრცლად
  • 2022 წლის რეზოლუციაში ევროპის პარლამენტმა კრიტიკულად შეაფასა ბოლო წლებში საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი და ჟურნალისტთა უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.

ფიზიკური ძალადობა, მუქარა და დაშინება
  • DW Akademie-ის 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებულ კვლევაში მონაწილე რესპონდენტთა (ჟურნალისტები) აბსოლუტურმა უმრავლესობამ (93%) განაცხადა, რომ თავს ნაკლებად დაცულად გრძნობს, ვიდრე სამი წლის წინ.
  • ამავე კვლევის მიხედვით, ყველაზე მოწყვლად ჯგუფად მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლები განიხილებიან, განსაკუთრებით - რეპორტიორები და გამომძიებელი ჟურნალისტები.
  • ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირდება წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.

როგორ იყენებენ SLAPP სარჩელებს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ?

სტრატეგიული სარჩელები სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ (SLAPP), ანგარიშის მიხედვით არის უსაფუძვლო ცილისწამების სარჩელები, რომლებიც შეტანილია პოლიტიკურად ან ფინანსურად გავლენიანი პირების მიერ საჯაროდ აქტიური მოქალაქეების გაჩუმებისა და მათთვის ფინანსური ბარიერების შექმნის მიზნით. "მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ" - წაიკითხეთ ვრცლად.

საჯარო ინფორმაციაზე წვდომა

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი", IDFI-ის მიერ მომზადებული 2022 წლის სტატისტიკური მიგნებები საჯარო დაწასებებულებებიდან ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით:
  • ჟურნალისტთა დაახლოებით 12% -მა შეძლო კანონით გათვალისწინებული ვადის დაცვით საჯარო ინფორმაციის სრულად მოპოვება.
  • საჯარო დაწესებულებებმა, უმრავლეს შემთხვევაში ან დაარღვიესსაქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული - საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები ან უპასუხოდ დატოვეს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები.
  • ხშირად, საჯარო დაწესებულებები არასრულყოფილად გასცემენ მოთხოვნილ ინფორმაციას და არც ასაბუთებენ,თუ რატომ არ გაიცემა მოთხოვნილი ინფორმაცია, რაც აფერხებს გასაჩივრების უფლებით ჯეროვნად სარგებლობას.
  • წაიკითხეთ ვრცლად - "რატომ არ გასცემენ საჯარო უწყებები ინფორმაციას?"

ანგარიშის ბოლოს, ჩამოთვლილია რეკომენდაციები ჯანსაღი მედიაგარემოსა და ჟურნალისტების უფლებების ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად:
  • ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიისა და ჟურნალისტების უფლებების საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაცვა.
  • ეფექტურად უნდა იყოს გამოძიებული მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის, დაშინებისა თუ პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელშეშლის შემთხვევები.
  • მედიასა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს უშუალოდ დაინტერესებული პირებისა და დამოუკიდებელი აქტორების მონაწილეობით, ჩართულობით და ფართო კონსესუსის საფუძველზე.
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ, მედიის და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობით, უზრუნველყოს სიძულვილის ენასა და უხამსობის განმარტებასთან დაკავშირებით სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადება. - წაიკითხეთ ვრცლად - "სადავო ცვლილებების დაჩქარებული განხილვა - რა საფრთხეს ხედავენ კანონპროექტში?"
  • მმართველმა პარტიამ შეწყვიტოს ბოიკოტი კრიტიკული მედიების წინააღმდეგ. ანტაგონისტური და მტრული გარემო უნდა შეიცვალოს პროფესიული და ჯანსაღი თანამშრომლობით.
  • ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა დაიცვას ჟურნალისტები SLAPP საჩივრებისგან. მედიის წარმომადგენლების მხრიდან უნდა გადაიდგას ეფექტური ნაბიჯები პროფესიული და ეთიკური სტანდარტების გაძლიერებასა და პრაქტიკაში მათ გამოყენებასთან დაკავშირებით.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ