„პარლამენტში მოქმედი აკრედიტაციისა და უსაფრთხოების ახალი წესები აჩვენებს ხელისუფლების ინტერესს, შეზღუდოს და გაართულოს მედიის თავისუფალი საქმიანობა“, - სოციალური სამართლიანობის ცენტრი
22.05.2024

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ჟურნალისტთა აკრედიტაციისა და პარლამენტის დაცვის წესების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობა და მედიის თავისუფალ მუშაობაზე მათი გავლენა გააანალიზა. 

ორგანიზაციის შეფასებით, აშკარაა, რომ პარლამენტში მოქმედი აკრედიტაციისა და უსაფრთხოების ახალი წესები ჟურნალისტურ საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევის რისკებს ქმნის და აჩვენებს ხელისუფლების ინტერესს, შეზღუდოს და გაართულოს მედიის თავისუფალი საქმიანობა.

ანალიტიკური დოკუმენტის - „პარლამენტში ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვის თვითნებური და რეპრესიული პრაქტიკები“ დასკვნაში ვკითხულობთ:

  • აკრედიტაციის ახალი რეგულაციები წინა წლებში მოქმედ მოწესრიგებაზე მკაცრია. პარლამენტში აკრედიტებული მედია ორგანიზაციების გადამღები ჯგუფებისა და ჟურნალისტების რაოდენობის ბლანკეტური განსაზღვრა უსამართლოა, ონლაინ და ბეჭდურ მედიებს განსაკუთრებით არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს და მათ პარლამენტში ჯეროვანი მუშაობისა და საზოგადოების სათანადო ინფორმირების შესაძლებლობებს ართმევს; 
  • ახალი რეგულაციები პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციისა და საქმიანობის შეზღუდვის თვითნებურ, სათანადო საპროცესო გარანტიების (მათ შორის, თავის დაცვის უფლების) გარეშე მოქმედ წესებს ითვალისწინებს და ამგვარი შემზღუდავი გადაწყვეტილებების მიღების მანდატს პარლამენტის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად და ექსკლუზიურად ანიჭებს; 
  • პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებს პრაქტიკულად ეკრძალებათ კრიტიკული კითხვების დასმა, რადგან აკრედიტაციის ახალი წესები პარლამენტის დეპუტატებს აძლევს ფართო დისკრეციას, მათთვის არასასურველ კითხვებზე პასუხი არ გასცენ და ჟურნალისტის ლეგიტიმური სიჯიუტე მოიპოვოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, პარლამენტში მათი აკრედიტაციის შეჩერების მიზეზად იქცევა.
  • აკრედიტაციის ახალმა წესებმა ასევე შეზღუდა პარლამენტის წევრის დოკუმენტების, ტელეფონის, ელექტრონული მოწყობილობის ეკრანის გადაღება. ეს აკრედიტაციის შეჩერების საფუძვლადაც კი მიიჩნევა; 
  • ახალი წესები აკრედიტაციის შეჩერებამდე უფრო ნაკლებად შემზღუდავ საშუალებებს არ ცნობს. ამასთან, ის ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევის დროს გადამღები ჯგუფის სხვა წევრებისთვის აკრედიტაციის შეჩერების ავტომატურ პრაქტიკას უშვებს; 
  • აკრედიტაციის ახალი წესები მედია ორგანიზაციას მისი აკრედიტაციაშეჩერებული ჟურნალისტის ახალი ჟურნალისტით ჩანაცვლების შესაძლებლობას არ აძლევს;
  • პარლამენტის თავმჯდომარეს ბრძანებით შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ახალი ბრძანების გამოცემის გარეშე, „პარლამენტის დაცვის წესებზე“ ზოგადი და შაბლონური მითითებით, პარლამენტში მოქმედი უსაფრთხოების დონეები გამოაცხადოს. რეგულირება არ ითვალისწინებს იმ მაქსიმალურ ვადებს, რომლის ფარგლებშიც შეზღუდვებმა შეიძლება იმოქმედოს;
  • პარლამენტის შენობაში მედიისთვის მნიშვნელოვნად არის შეზღუდული აზრისა და პროტესტის/სოლიდარობის გამოხატვის ფორმები და მაშინაც კი, როდესაც ჟურნალისტების გამოხატვის ფორმები არ არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, მათ პარლამენტის შენობაში, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარ პოლიტიკურ ორგანოში, გამოხატვის თავისუფლება თეორიულადაც კი წართმეული აქვთ. 

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, მაშინ, როცა ხელისუფლება კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმშია და ამით საზოგადოებას განსხვავებული მოსაზრებების მოსმენის შესაძლებლობას ართმევს, პარლამენტის სივრცეში ჟურნალისტებისთვის საქმიანობის შეზღუდვა მედიის მუშაობას კიდევ უფრო ართულებს.


სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „პარლამენტში ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვის თვითნებური და რეპრესიული პრაქტიკები“ - https://socialjustice.org.ge/ka/products/parlamentshi-zhurnalisturi-sakmianobis-shezghudvis-tvitneburi-da-represiuli-praktikebi?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR1pe5Q_60OtrW7AqgbhZVAtiTYe_Vp4V3Cenj26Q4yzRjkOlkg8cIEEtGg_aem_AbLc1pmZw9xYkkL2BKo46jieI0xd6-xUDFYaSxC8W82_74_2XA5SOFyRT4yyWTVgNFll8OQwy1CBUhspT5oIv_BR 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ