თვითმმართველმა ორგანოებმა 2019 წლის პირველ ოთხ თვეში სატელევიზიო მომსახურებაში ჯამში 1 026 935.96 ლარის ხელშეკრულებები გააფორმეს. აქედან ნახევარზე მეტი - 638 684.5 ლარი ქალაქ თბილისის მერიის „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოზე“ მოდის, რომელმაც კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით რამდენიმე მაუწყებლისგან საეთერო დრო თბილისის მერიის მიერ ტაქსების რეგულაციების შესახებ მომზადებული საინფორმაციო ვიდეორგოლის განთავსებისთვის იყიდა. ინფორმაციის გასავრცელებლად სააგენტომ უპირატესობა ტელეკომპანია "იმედს" მიანიჭა და მას მომსახურებაში ყველაზე მეტს, ჯამში 122 920.6 ლარს გადაუხადის, მას 107 073.01 ლარით ტელეკომპანია "რუსთავი 2" მოსდევს.
„საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო“ თბილისის მერიაში 2018 წლის იანვარში შეიქმნა. რეფორმის ფარგლებში, თვითმმართველი ორგანოს PR სამსახურების ცენტრალიზება მოხდა და მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, გამგეობებიდან, სსიპ-ებიდან, ა(ა)იპ-ებიდან და შპს-ებიდან ეს ფუნქცია „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოში“ გადავიდა.
ინფორმაციის განთავსების გარდა, საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღონისძიებების/პრეზენტაციების პირდაპირი ეთერით გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით 180 000 ლარს შპს "TV პროექტს“ გადაუხადის. ამ კომპანიის დირექტორი ავთანდილ კვანტალიანია, რომელიც პარალელურად სატელევიზიო პროდუქტის შემქმნელი რამდენიმე კომპანიის (მაგ. პრაიმ შოუ სტუდია, ჰორიზონ ტვ) დირექტორია.
თვითმმართველი ორგანოებიდან ამ მხრივ ერთ-ერთი თვალსაჩინო რუსთავის მუნიციპალიტეტია. ის სატელევიზიო მომსახურების შესყიდვებისთვის დახარჯული თანხით ერთ-ერთი ლიდერია. რუსთავის მუნიციპალიტეტმა წლის დასაწყისში 160 000 ლარის სატელევიზიო მომსახურება ელექტრონული ტენდერის მეშვეობით კონკრეტული დათქმებით, ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიისგან იყიდა. კერძოდ, ხელშეკრულების მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია, რომ ყოველდღიურად, მუნიციპალიტეტისთვის არანაკლებ ორწუთიანი სიუჟეტი მოამზადოს და ის სატელევიზიო და რადიო ეთერში (ძირითადად საინფორმაციო გამოშვებებში) გაუშვას. ჯამში მინიმუმ 1 000-ჯერ.
ასევე, ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებული ვიდეორგოლი დღეში მინიმუმ 10-ჯერ უნდა დაატრიალოს. კიდევ ერთი ვიდეორგოლი მაუწყებელმა თავად უნდა დაამზადოს და ამავე რაოდენობით გაუშვას ეთერში. ხელშეკრულების თანახმად, მაუწყებლის ეთერში, მუნიციპალიტეტისთვის, დღის განმავლობაში მინიმუმ ათჯერ, არანაკლებ 6 სიტყვიანი მოძრავი სტრიქონიც უნდა გავიდეს.
რუსთავის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული მომსახურებისთვის ელექტრონული ტენდერი 2019 წლის თებერვალში გამოაცხადა. ტენდერში ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიასთან ერთად, უფრო დაბალი ფასით (142 674 ლარით) "პალიტრა TV" მონაწილეობდა, თუმცა ის დისკვალიფიკაციის გამო ტენდერს გამოეთიშა და გამარჯვება ქვემო ქართლის მაუწყებელს დარჩა.
სწორედ ტენდერის მიმდინარეობის პროცესს დაემთხვა ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის მიერ მაუწყებლობის გათიშვა პროტესტის ნიშნად. მაშინ კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი მგალობლიშვილი სამთავრობო ჯგუფების მხრიდან მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაზე საუბრობდა, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებდა. რამდენიმედღანი პაუზის შემდეგ, ქვემო ქართლის ტელევიზიამ და რადიომ ეთერი აღადგინა და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძო.
რუსთავის მუნიციპალიტეტი ერთადერთი არ არის, ვინც მაუწყებელს ხელშეკრულებით უსაზღვრავს გადაცემის შინაარსს. მის მსგავსად ტვ მარნეულს კონკრეტულ მოთხოვნებს უწესებს მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითთმმართველი ორგანოც. კერძოდ, 86 000 ლარად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მუნიციპალიტეტი მაუწყებლისგან გადაცემის მომზადებას და მასში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მოწვევას, მათთან სატელეფონო და პირდაპირი ჩართვების უზრუნველყოფას და კვალიფიციური პერსონალის ყოლას ითხოვს. ამასთან, გადაცემის ეთერში გაშვების დღე და დრო თვითმმართველ ორგანოსთან უნდა შეთანხმდეს.
ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძებებისა და პროგრამების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება, ასევე უნდა მოამზადოს საკრებულოს სხდომების სრული ჩანაწერები, ამავე სხდომების ვიდეორგოლები და ეთერში გაუშვას.
კონკრეტული რადიოგადაცემის - „თვითმმართველობის დრო“ - განსაზღვრული ქრონომეტრაჟით მომზადებას, მის ეთერში კვირაში ექვსჯერ და დღეში მინიმუმ სამჯერ გაშვებას ითხოვს ემბისი FM 93.5-ისგან მარტვილის მუნიციპალიტეტიც. კვირაში ერთხელ მერიის ან/და საკრებულოს წარმომადგენელთან ინტერვიუ კიდევ ერთი მოთხოვნაა მუნიციპალიტეტისგან.
საინტერესოა, ასევე ახალქალაქის მერიასა და "ატვ-12-ს" შორის გაფორმებული ხელშეკრულებაც, რომლის მიხედვითაც, მაუწყებელს საინფორმაციო გადაცემის მომზადება, საკრებულოების სხდომების, მერიის თათბირების, სპორტული ღონისძიებებისა და საზოგადოებრივ-სოციალური საკითხების გაშუქება, მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციების განცხადებების ეთერში გადაცემა და შემთხვევის ადგილიდან პირდაპირი ჩართვები ევალება.
მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ თვითმმართველი ორგანოები მედიებისგან მომსახურებას ძირითადად მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების, თვითმმართველი ორგანოების სხვადასხვა აქტივობებისა და საკრებულოს სხდომების გაშუქება/ტრანსლირებისთვის ყიდულობენ. ამასთან, რიგ შემთხვევებში, პროდუქტის შინაარსსა და ფორმაშიც ერევიან, რაც კანონმდებლობით აკრძალულია და კონკრეტული მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის მცდელობაზე მიუთითებს.
სატელევიზიო მომსახურებისგან განსხვავებით, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, ონლაინ გამოცემებში საჯარო უწყებების მიერ ინფორმაციის გამოქვეყნებას კანონი არ კრძალავს, თუმცა, ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების გათვალისწინებით, მედია ვალდებულია, რომ ამგვარი მასალები უშუალოდ რედაქციის მიერ მომზადებული ამბებისგან გამიჯნოს და მკითხველისთვის შესაბამისი მითითება გააკეთოს.
მსგავსი დათქმა თვითმმართველი ორგანოების მიერ მედიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებშიც გვხვდება. მაგალითად, ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ "სამხრეთის კარიბჭესთან" (sknews.ge) გაფორმებულ ხელშეკრულებაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ თვითმმართველი ორგანოს მიერ მიწოდებულ მასალას დაეწერება, რომ ის არის რეკლამა. იგივე წერია შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ შპს "პირველი ნიუსი-საქართველოსთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაშიც. კერძოდ, მითითებულია, რომ შპს-ის კუთვნილ ვებგვერდებზე (www.fax.ge, www.faxinter.news, www.epn.ge, www.economic.ge) დამკვეთის მასალებს სარეკლამო ნიშანი (® ან NS) მიეთითება. სარეკლამო ტიპის მასალებს სარედაქციო მასალებისგან სხვა ონლაინ გამოცემებიც (მაგალითად - reginfo.ge, interpressnews.ge) მიჯნავავენ, თუმცა, უფრო მეტია ისეთი მედიასაშუალებების რაოდენობა, სადაც სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა მაინც პრობლემად რჩება.
თვითმმართველი ორგანოების მიერ ახალი ამბების მომსახურების შესყიდვაში, სატელევიზიო შესყიდვების მსგავსად, ქალაქ თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციების განვითარების სააგენტო“ ლიდერობს. მან ამ მიზნით 49 999.92 ლარის ხელშეკრულება „შპს აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსს“ გაუფორმა და მისგან თბილისის მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების შესახებ მედასაშუალებებით გასული ინფორმაციის მონიტორინგისა და სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებზე მის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და ანონსების შუზღუდავი განთავსების სერვისი იყიდა. კომპანია “აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსი” (ipm.ge) სხვადასხვა უწყებას მედიამონიტორინგსა და ონლაინ გამოცემებში ინფორმაციის განთავსებას სთავაზობს.
საერთო ჯამში მუნიციპალურმა ორგანოებმა ყველაზე მეტი, 51, 514 ლარის მომსახურება შპს “ახალი ამბებისგან” შეისყიდეს, ხელშეკრულების თანხმად მასალები interpressnews.ge-ზე უნდა განთავსდეს. მას 34 142 ლარით „შპს თავისუფალი გაზეთი+“ მოსდევს, რომელიც ინფორმაციას გამოაქვეყნებს შემდეგ ვებსაიტებზე - press.ge, ibusiness.ge, iregions.ge, imtavroba.ge, mpress.ge.
რამდენიმე მუნიციპალიტეტმა (მაგ. ვანი, ახმეტა, თერჯოლა, ხონი და აშ.) უპირატესობა შპს მეურვეს მიანიჭა. ჯამში 32 395 ლარის სანაცვლოდ მუნიციპალიტეტების შესახებ ინფორმაცია guardian.ge-ზე გამოქვეყნდება.
მუნიციპალიტეტებსა და მედიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, თვითმმართველი ორგანოები ახალი ამბების სააგენტოების მომსახურებას, ძირითადად, საკუთარი საქმიანობის, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად, ასევე პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ორგანიზების მიზნით ყიდულობენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ კანონმდებლობით მსგავსი მომსახურების ყიდვა არ ეკრძალებათ, თუმცა პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიის სტანდარტების გათვალისწინებით, მედიამ ამგვარი მასალების ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა უნდა უზრუნველყოს და აუდიტორიას ცხადად მიუთითოს, რომ კონკრეტული მასალა კომერციული შინაარსის არის და არა მისი სარედაქციო პასუხისმგებლობით მომზადებული.
მედიის მიერ სარეკლამო და სარედაქციო მასალების ერთმანეთისგან
გამიჯვნის წესები საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ
მომზადებულ სახელმღვანელოშია გაწერილი.
სახელმძღვანელო წესების მიხედვით, მედიასაშუალება ყველა იმ
ინფორმაციაზეა პასუხისმგებელი, რომელიც მისი რომელიმე პლატფორმის
მეშვეობით ვრცელდება. აქედან გამომდინარე, სარეკლამო მასალის
შესამაბისი აღნიშვნის გარეშე გამოქვეყნების შემთხვევაში სრული
სარედაქციო პასუხისმგებლობა სწორედ მედიას ეკისრება.
ამავე წესების თანახმად, მედიამ პატივი უნდა სცეს საკუთარ აუდიტორიას
და არ შესთავაზოს მას გადაუმოწმებელი სარეკლამო მასალა. გარდა ამისა,
მედიას სარეკლამო და სარედაქციო მასალების ერთმანეთისგან მკვეთრად
გამიჯვნის პოლიტიკა უნდა ჰქონდეს შემუშავებული და დამკვეთთან
მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება სწორედ მის საფუძველზე
უნდა გააფორმოს.