საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებში მედიისთვის საფრთხეებს ხედავენ
07.08.2019
ხელისუფლების მიერ საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებების ნაწილი მაუწყებლებსაც ეხება. ეუთოს რეკომენდაციების საფუძველზე მომზადებული კანონპროექტი - როგორც მას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მოიხსენებს, უკვე გახდა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი. ის, რაც ოპოზიციისთვის ცენზურის დაწესების მცდელობაა, “ქართული ოცნებისთვის” წინასაარჩევნო კამპანიის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ცვლილებათა პაკეტში ცენზურის საფრთხეებს ხედავენ მედიასფეროს წარმომადგენლებიც.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში:

  • შემოდის სიძულვილის ენის ცნება და საარჩევნო სუბიექტებს საარჩევნო პროგრამაში, ისევე როგორც სხვა ქმედებისას, მაგალითად რეკლამაში, ამგვარი ტერმინების გამოყენება ეკრძალებათ. თუმცა, რა მოიაზრება სიძულვილის ენაში, პროექტში განმარტებული არ არის.
  • ჩნდება ანტირეკლამის შეზღუდვის კომპონენტი. პოლიტიკური სუბიექტის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში ანტირეკლამის მოცულობა მთლიანი რეკლამის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს. დოკუმენტში არც ანტირეკლამის განმარტებაა.
  • მაუწყებელს უჩნდება ვალდებულება თავად შეამოწმოს საარჩევნო სუბიექტის მიერ მიტანილი საარჩევნო რგოლის კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მათ შორის შეამოწმოს ხომ არ შეიცავს ვიდეორგოლი 25%-ზე მეტ ანტირეკლამას და სიძულვილის ენას.
  • მაუწყებლებს წინასაარჩევნო რეკლამის ტარიფების ცვლილების შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

ეს ცვლილებები, 6 აგვისტოს, პოლიტიკურმა პარტიებმა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. ამ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ დეტალურად ამ საკითხებზე მაუწყებლებთან და მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იმსჯელებს.

ამ დრომდე განხილვებში მაუწყებლებს მონაწილეობა არ მიუღიათ, ამიტომ, მათ ნაწილს, იქამდე, ვიდრე საკითხს არ დაამუშავებენ, მოსალოდნელი ცვლილებების კომენტირება უჭირს.

ზოგად კომენტარით იფარგლება “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მედიას რაიმე ფორმით შებოჭავს ან ინტერპრეტაციის საშუალებას დატოვებს, მეტად საფრთხილოა. იგი ამბობს, რომ ამას ძალიან მკაცრი საზოგადოებრივი კონტროლი სჭირდება: “ასე ხელაღებით ცვლილებების დამტკიცება არ იქნება სწორი და აღქმული იქნება როგორც მედიის მარწუხებში მოქცევის გარკვეული ნაბიჯი და საშუალება”.

უფრო კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი, რომელიც ასევე არ ყოფილა სამუშაო ჯგუფის წევრი, თუმცა შეხვედრაზე მაინც იმყოფებოდა. მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, მაუწყებლებს, ფაქტობრივად, პოლიტიკური სუბიექტების მიერ მათთვის წარდგენილი პოლიტიკური რეკლამების შინაარსზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ მათ უნდა გადაამოწმონ “ვიდეორგოლის კანონთან შესაბამისობა და ისე უნდა გადასცენ ეთერში”.

“მაუწყებელი არ არის ის სუბიექტი, რომელსაც შეუძლია ამტკიცოს რამე კანონიერი იყო თუ უკანონო, ამის დისკრეცია აქვს მხოლოდ სასამართლოს”, - ამბობს იგი და ხაზს უსვამს ამ რეგულაციის შეუძლებლობას. მისი აზრით, პრაქტიკაში წარმოუდგენელია, რომ მაუწყებლებმა დაიქირავონ ერთი ადამიანი დამატებით და შეაფასონ ვიდეორგოლის შინაარსი და ამასთან გაზომონ და დაადგინონ მაგალითად, რეკლამის 25% ანტირეკლამა იყო თუ ნეიტრალური ტონით იყო მომზადებული.

სწორედ ანტირეკლამის შეზღუდვა ფასდება ოპოზიციის მიერ ცენზურის დაწესების მცდელობად. ისინი მიიჩნევენ, რომ საარჩევნო კამპანიის სტრატეგია თავად უნდა გადაწყვიტონ და მაუწყებლებმა არ უნდა შეაფასონ რაიმე რგოლი გავიდეს თუ არა ეთერში.

ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ კანონპროექტში სიძულვილის ენის ჩანაწერსაც, რომლის განმარტებასაც კანონპროექტი არ მოიცავს. ნატა ძველიშვილი მიიჩნევს, რომ “მედიისთვის ეს არის საფრთხე”. მისივე შეფასებით, ამით წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში “კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას” “მედიის უფრო მეტი კონტროლისა და დასანქცირების ბერკეტი ექნება”. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუკი მაუწყებელი ეთერში გაუშვებს ისეთ რეკლამას, რომელიც კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაშია, ის რეკლამის ორმაგი ტარიფით დაჯარიმდება: “არ შეიძლება მედიას ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყანაში დაბალი პოლიტიკური კულტურაა და პოლიტიკოსები საგნობრივ ოპონირებას ვერ ახერხებენ”.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ამ ცვლილებების საფუძველი ეუთოს მიერ 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდის შემდეგ მომზადებული რეკომენდაციებია. ეუთომ საკუთარ ანგარიშში მართლაც კრიტიკულად შეაფასა საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ წარმოებული ნეგატიური წინასაარჩევნო კამპანია და თქვა, რომ სიძულვილის ენის და ქსენოფობიის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად, სასურველია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისაღები ენის ნორმებთან დაკავშირებით რეგულაციები იქნას განვითარებული. ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს სიძულვილის ენის გამოყენების შესაძლო შემთხვევების განხილვისა და საჭიროების შემთხვევაში სანქციების დროულად გამოყენების შესაძლებლობა უნდა გააჩნდეთ. თუმცა არსად მიუთითებია ანტირეკლამის შეზღუდვაზე და მით უფრო იმაზე, რომ პასუხისმგებლობა მაუწყებელს უნდა დაეკისროს ამგვარი შინაარსის მქონე რეკლამის გაშვებაზე.

უფრო მეტიც, ამავე დოკუმენტში ეუთომ აღნიშნა, რომ “მედიასაშუალებები პასუხს არ უნდა აგებდნენ მათ მიერ ეთერში გაშვებული პოლიტიკური რეკლამების შინაარსზე, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც სასამართლოს მიერ მანამდე მიღებული გადაწყვეტილებით რეკლამის შინაარსი უკანონოდ იქნა მიჩნეული ან სასამართლოს აზრით, კონკრეტულ რეკლამაში შესული განცხადებები შეიცავენ პირდაპირ მოწოდებებს ძალადობისკენ. სასურველია, რომ მედიის მარეგულირებელი ორგანოს მიერ ფასიანი პოლიტიკური რეკლამების წინასწარ დამტკიცების პრაქტიკის აღმოფხვრა მოხდეს”.

როდის განიხილავს მმართველი პარტია ამ ცვლილებებს თავად მაუწყებელთან, ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა. თუმცა, რადგანაც მოსალოდნელ ცვლილბებს უკვე მოჰყვა ფართო კრიტიკა, დისკუსია ამ საკითხებზე საკომიტეტო განხილვების დროსაც გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, სადავო მუხლების ფორმულირება შეიცვალოს.

 

 


თეგები : თვითრეგულირება;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ