კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა - ხელისუფლების სამიზნე
07.08.2019

რა საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას ხელისუფლების მიერ საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებების პროექტი,  - ამ საკითხებზე "მედიაჩეკერი"  “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მედია პროგრამების მენეჯერს, მამუკა ანდღულაძეს ესაუბრა.

 -  რატომ ფიქრობთ, რომ საარჩევნო კოდექსში ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული?

ეს არის იმ ტენდენციის გაგრძელება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების შესაზღუდად.

ჯერ იყო და ერთმანეთის მიყოლებით პრეზიდენტმა, პატრიარქმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ასე ვთქვათ, საკვანძო ფიგურებმა, ერთ ქვაბში მოხარშეს სიძულვილის ენა, ცილისწამება, ყალბი ინფორმაცია და დაიწყეს საუბარი, რომ ჩვენ ეს უნდა შევზღუდოთ. მაშინ არანაირი კანონპროექტი არ ჰქონდათ, ხდებოდა სრულიად არარელევანტური აპელირება ევროპულ გამოცდილებაზე.

ქართული კანონმდებლობა გამოირჩევა როგორც ლიბერალური - ფართოდ იცავს გამოხატვის თავისუფლებას. ამ შემთხვევაში, საარჩევნო პაკეტთან დაკავშირებით მიმდინარე კანონპროექტში არის ჩადებული საკითხები, რომლებიც, სამწუხაროდ, პრაქტიკაში პირდაპირ იქნება მიმართული გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის შეზღუდვისკენ.

ყოველთვის ახლავს ამ საუბარს ხელისუფლების მხრიდან ის არგუმენტები, რომ “ჩვენ გვინდა გარემოს გაუმჯობესება”, “ჩვენ გვინდა სხვისი უფლებები დავიცვათ”, “ეს არ არის აბსოლუტური უფლება” და ა.შ. მაგრამ რეალობაში, თუ გავითვალისწინებთ იმას, რა სასამართლო სისტემაც გვაქვს, რა კითხვებიცაა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით, ეს საერთო ჯამში ქმნის ლეგიტიმურ საფუძველს, რომ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

-  თუ შეგიძლიათ კონკრეტული მუხლი მიგვითითოთ წარმოდგენილ ცვლილებებში, რომელიც შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

მაგალითისათვის შეგვიძლია დავასახელოთ ანტირეკლამის შეზღუდვა - 25%-მდე დაყვანა. ფაქტია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიაკამპანია იყო ნეგატიურ კონტექსტზე აგებული, მაგრამ უნდა ითქვას, რომ, პირველ რიგში, პოლიტიკოსები და პარტიების წარმომადგენლები არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. არაერთი კვლევა არსებობს იმაზე, რომ რამდენიმე ყალბი ამბავი შეიქმნა კანდიდატების დისკრიმინაციისთვის და რაოდენობრივად ხელისუფლება დომინირებდა.

ხშირად ხელისუფლება რასაც სიძულვილის ენას ეძახის, ეს არის კრიტიკა, რომელიც მისთვის მიუღებელია და საერთაშორისო სტანდარტით არ არის სიძულვილის ენა.

 

⇒   ამ თემაზე იხილეთ: საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებში მედიისთვის საფრთხეებს ხედავენ

ამას გარდა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ პლაკატები გაიკრა ქუჩებში ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ, ეს რომ ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებულიყო, ისინი ამას მიიჩნევდნენ სიძულვილის ენად. მაგრამ როდესაც თვითონ გააკეთეს, ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ, რომ ეს მიუღებელია. ისინი ამას არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, არამედ სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგაც იყენებენ.

როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ხარ, პირველ რიგში, შენ თვითონ უნდა შექმნა სტანდარტი, არ გამოიყენო ის აგრესიული ტონი, რომლის გამოც სხვას უჩივიან და გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეზღუდო.

-  ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სიძულვილის ენის განმარტება მოხდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, ანუ მათი არგუმენტია, რომ არ დარჩება კანონით სიძულვილის ენის ფართოდ ინტერპრეტირების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში მისაღები იქნება სიძულვილის ენის რეგულირება, თუ ის კვლავაც თვითრეგულირების სფეროში უნდა დარჩეს?

ჩვენი კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, არსებული სასამართლოს პირობებში, თუკი არის პოლიტიკური ინტერესი, გამოხატვის თავისუფლება იზღუდება პოლიტიკურ თემებზე სასამართლოს ქვედა ინსტანციებში. მაგალითად, ეკა გიგაურის შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ფართოდ დაიცვა გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ეკა ბესელია-ალეკო ელისაშვილის საქმის შემთხვევაში, სხვანაირად მოიქცა.

ამით იმის თქმა მინდა, რომ პრობლემა კანონის და ნორმის ცვლილებაში არ არის. პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება რასაც ეძახის სიძულვილის ენას, ეს ხშირად არის კრიტიკა და მეორეც - ამ ცვლილებებს პრაქტიკაში სჭირდება განხორციელება და აქ არის ძაღლის თავი დამარხული.


ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია: "სიძულვილის ენა გამოხატვის ნებისმიერ ფორმას მოიცავს, რომელიც რასობრივი სიძულვილის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმის ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებული სიძულვილის სხვა ფორმების გავრცელებას, წახალისებას, ხელშეწყობას ან სტიმულირებას ახდენს“ 



- პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსში სიძულვილის ენის რეგულირების საკითხი OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციის შედეგად აისახა.

 

მიხარია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს პატივს სცემენ, მაგრამ თავად კობახიძე ფაშისტებს რომ ეძახის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თვითონ რა მაგალითს გვაძლევენ?! არაფერი პრობლემა ამაში არ არის, როდესაც ამბობენ, რომ სიძულვილის ენას უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ იქნებ თავადვე, ხელისუფლებაში შექმნან სტანდარტი, რომ სიძულვილის ენა ცუდია და ამას უნდა ვებრძოლოთ.

 

ამ ფონზე მახსენდება არაერთი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების არა მხოლოდ ზედა, არამედ ქვედა რგოლშიც აქტიურად იყენებენ სიძულვილის ენას, მახსენდება ამ ბოლოს ინგა გრიგოლიას, სალომე ბარკერის მიმართ გაკეთებული ასეთი განცხადებები. თვითონვე, შიგნით იმსჯელონ ამ პრობლემებზე და მერე მიუთითონ სხვებს. .

-  ანუ თქვენ თვითრეგულირების მომხრე ხართ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ სიძულვილის ენას?

ლეგიტიმური ეჭვი ძალიან მაღალია, რომ რეგულირება გამოყენებული იქნება გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.

-  ხელისუფლება ხშირად აპილირებს ევროპულ გამოცდილებაზე, როდესაც ცდილობს დაასაბუთოს სიძულვილის ენის რეგულირების აუცილებლობა. სინამდვილეში რას ეფუძნება ევროპული გამოცდილება და საქართველოში რა საფრთხე შეიძლება წარმოიშვას?

სამწუხაროდ, ხშირად ხელისუფლების მხრიდან ევროპული მაგალითის მოყვანა ხდება, ვიწრო პარტიული ინტერესიდან გამომდინარე, მიკერძოებით. როდესაც დაიწყეს დებატები ცილისწამებაზე, ყალბ ინფორმაციაზე, სიძულვილის ენაზე, მთავარი პრობლემები დაასახელეს, ლოზუნგად ჰქონდათ, რომ ჩვენ ამას ვებრძვით და რეალურად მოტივაციით იგრძნობოდა, რომ აი, არჩევნების დროს ჩვენზე იყო თავდასხმები და ა.შ. კვლევები არსებობს, რომ როცა ტროლები ავრცელებდნენ ასეთ მიუღებელ ინფორმაციას, იმას არ კიცხავდნენ და თვითონვე აზიარებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.

როდესაც არსებობს ლეგიტიმური კითხვები ხელისუფლების შტოების მიმართ, კერძოდ სასამართლო ხელისუფლებაზე, პროკურატურაზე ანდა მარეგულირებელზე, ვინც კანონის იმპლემენტირება უნდა მოახდინონ, როდესაც საკითხი დგება გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვასთან დაკავშირებით და ეს მათ ხელშია, ეს არის ბერკეტი მოახდინონ კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.

სადაც კი მოწყვლადია დემოკრატია, იქ არის ეს ძალიან საშიში და ყოველთვის არის გამოყენებული გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად. გვაქვს ჩვენ რეალობა, როდესაც პოლიციის, პროკურატურის, მარეგულირებლის, სასამართლოს მიმართ გვაქვს მიკერძოების საკითხებზე კითხვები.

ევროკავშირში ევროპარლამენტის არჩევნების დროს პირველი, რაც გააკეთეს იყო ის, რომ ქსელი შექმნეს, სოციალური ქსელების დიდი კომპანიები ჩართეს თვითრეგულირების მექანიზმში, აქტიური კომუნიკაცია არის, რომ წაიშალოს ყალბი ამბები და ა.შ. არ ვიცი მე ჩვენს ხელისუფლებას რა კომუნიკაცია აქვს სოციალურ მედიებთან, მაგრამ თვითონ ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას, თვითონ არიან წყარო და როგორ დაუპირისპირდებიან ამას?

-  თქვენ საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ტენდენციაა ბოლო წლებში...

დიახ, ეს არის მორიგი მცდელობა. ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურად ვართ ყაზარმულ რეჟიმში იმ კუთხით, რომ ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც მზადდება მედიის და გამოხატვის თავისუფლების თემაზე, ხელისუფლების ამოსავალი წერტილი არის, რომ მოხდეს ისეთი ცვლილება, რომელიც მის მიმართ კრიტიკული გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს. ქვაკუთხედი იმისა, თუ რატომ იცავს მედია გამოხატვის თავისუფლებას, არის ის, რომ ვოჩდოგის ფუნქცია ჰქონდეს არა მხოლოდ მედიას, ასევე ნებისმიერ მოქალაქეს. მთავარი არსი იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის მოპოვების და გავრცელების უფლება იყოს დაცული, არის ის, რომ ვაკონტროლოთ და გავაკრიტიკოთ ხელისუფლება. აი, ამ ფუნდამენტს უპირისპირდება ხელისუფლება.

-  როგორ ფიქრობთ, რატომ ამოიღო ხელისუფლებამ მიზანში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ამ ცვლილებების მიზანი საბოლოო ჯამში რა არის?

გამოხატვის თავისუფლებას, მედიას დიდი ზეგავლენის შესაძლებლობა აქვს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ამით უნდათ მანიპულირება მოახდინონ მათ სასარგებლოდ. ეს არის ვიწრო პარტიული, არადემოკრატიული მცდელობა. ფაქტობრივი კვლევები ადასტურებს, თუ რა მიმართულებით მიდის მათი მცდელობები: კვლევების მიხედვით, 72% მიიჩნევს ტელევიზიას ინფორმაციის მთავარ წყაროდ, მეორე ადგილზე ინტერნეტი, ინტერნეტი მზარდია. შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების კუთხით ნებისმიერი პრობლემა როდესაც იქმნება, ეს პირველ რიგში იქმნება ტელევიზიებში და შემდეგ სოციალურ ქსელებში. სოციალურ ქსელებში ხელისუფლებასთან დაკავშირებული ტროლების რაოდენობა იზრდება. ანუ ის სფერო, რომელიც იძლევა საშუალებას მოახდინო ზეგავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, საიდანაც ხდება მოსახლეობის ინფორმირება მთავარ საკითხებზე, როგორიცაა არჩევნები, კორუფცია, ნეპოტიზმი, სასამართლო ხელისუფლება და ა.შ. ეს უნდა ხელისუფლებას, რომ შეზღუდოს. ეს არის ვიწრო პარტიული გათვლა, რომელიც არანაირად არ არის დემოკრატიულ თანაცხოვრებასთან თანმხვედრი.

-  ანუ დასავლეთის სახელით რეალურად ხელისუფლების მხრიდან მიდის დემოკრატიასთან ბრძოლა?

რასაც ესენი აკეთებენ, ანუ ამოფარებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი მაგალითების მოყვანით... როდესაც გერმანიის მაგალითი მოჰყავთ, იქ სასამართლოს მექანიზმიცაა ჩადებული და შეადარონ ქართული და გერმანული სასამართლოების, პროკურატურის მიმართ ნდობა მიკერძოების და პროფესიონალიზმის კუთხით. ასევე კონტექსტი არის უმნიშვნელოვანესი. მაგალითად, ჰოლოკოსტის უარყოფის კუთხით ევროპას თავისი გამოცდილება აქვს და მის რეალურ გამოცდილებას ეყრდნობა ამ საკითხის რეგულირება.

განსხვავებული ვითარებაა ამ მხრივ აშშ-ში. ჩვენთან კი რა ხდება? - თვითონ როცა ავრცელებს ხელისუფლება სიძულვილის ენას და ყალბ ინფორმაციას, ამაზე არ საუბრობენ. პრობლემაც ეს არის: რომ არ იყოს სასამართლოს და მარეგულირებლის მიმართ კითხვები, სიძულვილის ენასთან ბრძოლის რეალური განაზრახვა რომ იყოს, მაშინ სულ სხვა საკითხი იქნებოდა. პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ხაზი გადის მედიაზე, რომელმაც მოსახლეობის ინფორმირება უნდა მოახდინოს. როცა მედიას აკონტროლებს ხელისუფლება, ერევა მის საქმიანობაში, მოწყვლადს ქმნის მას და მერე რა თქმა უნდა უფრო მაღალი ეფექტურობა ექნება მოსახლეობაში პროპაგანდას, იგივე რუსეთის მხრიდან.


თეგები : თვითრეგულირება;
ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ