‘ფორმულა’ მაუწყებლობას 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყებს, პირველი საინფორმაციო კი 5 ოქტომბერს გავა
30.09.2019
პირველ ოქტომბერს, დილის 08:00 საათიდან, “ფორმულა კრეატივის” მიერ დაფუძნებული ტელევიზია - “ფორმულა” დაიწყებს მაუწყებლობას. პირველი ხუთი დღე არხზე მხოლოდ ფილმები და უცხოური ტელესერიალები იქნება, 5 ოქტომბრიდან ბადეს საინფორმაციო გამოშვებები, 7 ოქტომბრიდან კი დილის გადაცემა - ”დილა მშვიდობისა” დაემატება. ტელესერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” ეთერში 25 ოქტომბრიდან გამოჩნდება.

არხის გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე “მედიაჩეკერთან” საუბარში განმარტავს, რომ ამ ეტაპზე, საინფორმაციო სამსახური ტექნიკის ნაწილში თითქმის სრულად არის უზრუნველყოფილი: “ბუნებრივია, ეს არ არის სრულფასოვანი ტექნიკურ-მატერიალური ბაზა, მათ შორის, ჯერ არ დაგვინერგავს ავტომატიზაციის სოფტი, რომელიც უნდა ჰქონდეს ნიუსს. თუმცა, გვგონია, რომ ამ რესურსითაც საკმაოდ კონკურენტუნარიანი და საინტერესო საინფორმაციო გამოშვება უნდა გავუშვათ”.

“ფორმულაზე” მთავარი საინფორმაციო გამოშვება 20:00 საათზე იქნება, 5 ოქტომბერს, სწორედ მთავარი საინფორმაციო გამოშვებებით გაიხსნება არხის საინფორმაციო ნაწილი. მომდევნო დღიდან კი ეთერს 12:00, 14:00 და 17:00 საათიანი გამოშვებები დაემატება. 7 ოქტომბრიდან კი ახალი ამბების ერთი გამოშვება დილის გადაცემაშიც გავა.

კითხვაზე, დღის მთავარი საინფორმაციოსთვის 20:00 საათის შერჩევა, “იმედის” მთავარი საინფორმაციო გამოშვებისთვის განზრახ დამთხვევას და დანარჩენი არხების საინფორმაციო გადაცემებისთვის აცილებას ხომ არ ნიშნავს, არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი გვპასუხობს, რომ მსგავსი გათვლები არ ყოფილა: “თავიდანვე ასე გვქონდა გადაწყვეტილი. ჯერ კიდევ “რუსთავი 2-ში” ყოფნის დროს, უბრალოდ 9 საათიანი კურიერი ხელშეუხებელი ბრენდი იყო და ყველას გვესმოდა, მაგრამ პრაიმში გადაცემების ჩატევისთვის და ა.შ., 20:00 საათზე დაწყება ოპტიმალური დროა”.

altუკვე ცნობილია, რომ დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი იქნება. ამასთან, “ფორმულასთვის” შემდეგი ჟურნალისტები იმუშავებენ: შოთა დიმიტრიშვილი, სალომე ნინუა, ქეთი ხიდაშელი, სალომე ჩადუნელი, გიორგი კვიჟინაძე. “ფორმულაში” გადავიდნენ “რუსთავი 2-ს” ჟურნალისტები: დათო ქაშიაშვილი, სოფო ზურაბიანი, სოფო ვარდიაშვილი, ქეთი ნადიბაიძე და ნინო ვარძელაშვილი.

არხის გენერალური დირექტორის განმარტებით, “ფორმულა” 25 ოქტომბრამდე სწორედ ამ ბადით იმაუწყებლებს, 25 ოქტომბრიდან კი, “ფორმულაზე” მაყურებელი სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებს” ნახავს. გუმბარიძის თქმით, შესაძლოა, ამ დროისთვის, ეთერში უკვე ყოველდღიური პოლიტიკური ტოქშოუც გავიდეს, რომლის წამყვანის ვინაობის დასახელებისგანამ ეტაპზე თავს იკავებს.

ამასთან, მისივე განმარტებით, ნოემბრის მეორე ნახევრიდან “ფორმულას” ეთერს ეტაპობრივად სხვადასხვა შინაარსის გადაცემა დაემატება, მათ შორის, “სამზარეულოს ომები” და სამედიცინო პროექტი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაკვეთით მომზადებული კიდევ ერთი ქართული სერიალი.

alt“ყველა გარემოებიდან გამომდინარე გვგონია, რომ ეს არხი იქნება კონკურენტული საქართველოში არსებული ყველა არხის. თუმცა, რა თქმა უნდა, დრო არის საჭირო, ჩვევა უნდა გაჩნდეს, ტელევიზიას თავისი წესები და კანონები აქვს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ კონკურენციისთვის”, - აცხადებს იგი. 
“ფორმულას” გენერალური დირექტორი ამბობს, რომ პირველი ოქტომბრიდან იანვრამდე არხი სატესტო რეჟიმში იმუშავებს. ახალი ტელევიზია სრულფასოვანი ბადით მაუწყებლობას, ახალი ოფისიდან და ახალი პროექტებით უკვე იანვრიდან დაიწყებს. “ფორმულა” ეთერში სწორედ იმ შენობის მეექვსე სართულიდან გავა, სადაც ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ძველი ოფისი იყო განთავსებული. იანვრიდან კი, ამავე შენობის მე-17 და მე-18 სართულებზე გადაინაცვლებს.




ზუკა გუმბარიძის განმარტებით, ამ დრომდე, ფორმულას მთავარ დამფინანსებლად საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი რჩება. მისგან არხი დაფინანსებას ეტაპობრივად უკვე იღებს, თუმცა, დამფუძნებლებს სამომავლოდ სარეკლამო შემოსავლებით მიღებული სარგებლის იმედიც აქვთ.

არხის გენერალური დირექტორის თქმით ფორმულა, ამ ეტაპზე, ბორდის დაკომპლექტებაზე მუშაობს, რომლებიც ძირითადად უცხოელები იქნებიან. პარალელურად კი, სარედაქციო დამოუკიდებლობის საგარანტიო დოკუმენტიც შემუშავდება და მათ საზოგადოებას ერთდროულად წარუდგენენ.

არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თქმით, “ფორმულას” სიგნალი თითქმის ყველგან ხელმისაწვდომი იქნება. დეტალურ ინსტრუქციას მაყურებელი ეთერში გასვლამდე მიიღებს. ამასთან, ეტაპობრივად გაეშვება ვებგვერდიც, რომელიც გიორგი ლაფერაშვილი შეფასებით, “ფორმულას” ერთ-ერთი ძლიერი მხარე იქნება.

altროგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსი ამბობს, “ფორმულა” აპირებს ძლიერი თვითრეგულირების ორგანო ჰქონდეს. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია და დადატურებულად შეიძლება ითქვას, რომ “ფორმულას” თვითრეგულირების ორგანოში არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” დირექტორი გიორგი მშვენიერაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია და GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის მიმართულების დეკანი ნინა ივანიშვილი იქნებიან. მისივე თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს მედიის თემაზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებთანაც.

კითხვაზე, რატომ უნდა უყუროს მაყურებელმა “ფორმულას”,  რითი იქნება ის გამორჩეული, გიორგი ლაფერაშვილი გვპასუხობს, რომ ამ კითხვაზე პასუხს მაყურებელი სულ მალე თავადვე იპოვის: “ეს იქნება ყოვლისმომცველი, ოპერატიული, მიუკერძოებელი და რაც მთავარია - იქნება ახალი სიტყვა, რისი საჭიროებაც ბაზარზე ყველა ვხედავთ რომ არის”.

შპს “ფორმულა” “ფორმულა კრეატივმა” 20 ივლისს დააფუძნა. პირველ ეტაპზე, კომპანიის 100%-იან წილს “ფორმულა კრეატივის” დამფუძნებლები მიხეილ მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზურაბ გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა თანაბრად (25-25%) ფლობდნენ. თუმცა, 3 სექტემბერს საჯარო რეესტრში ცვლილება აისახა და “ფორმულას” მეწილეებს საკონტროლო პაკეტით (51%) არხის მთავარი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი დაემატა. ტელეკომპანიის დანარჩენი ოთხი მეწილე, ამ ეტაპზე წილებს კვლავ თანაბრად ინაწილებს. თითოეული მათგანი “ფორმულას” 12.25%-ს ფლობს.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ