ჟურნალისტური სოლიდარობის დეფიციტი
06.03.2020
ბოლო წლებში საქართველოში ჟურნალისტებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ჰქონდათ პროტესტის გამოხატვის მცდელობები, თუმცა, მასშტაბურობისა და სოლიდარობის ნაკლებობის გამო, ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.

alt“მე/ჩვენ ივან გოლუნოვები ვართ” - ამ სლოგანმა დაიპყრო გასულ წელს მთელი რუსეთის მედია დაკავებული გამომძიებელი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვისადმი სოლიდარობის ნიშნად. სოლიდარულები აღმოჩნდნენ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი მედიებიც კი. შედეგი თვით ივან გოლუნოვისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა - იგი პატიმრობიდანაც გაათავისუფლეს და მის მიმართ შეთითხნილი საქმის გამოძიებაც შეწყდა. სისხლის სამართლის საქმე ნარკოდანაშაულს უკავშირდებოდა.

თავად ივანიც და “მედუზას” (გამოცემა, სადაც მუშაობს ივან გოლუნოვი) რედაქტორიც ღიად აცხადებენ, რომ საქმის ასეთი შემოტრიალება შესაძლოა მხოლოდ ერთადერთი რამით აიხსნას და ეს არის ჟურნალისტების სოლიდარობა და ერთსულოვანი პოზიცია, რომ ივანი უდანაშაულო იყო და ის მხოლოდ მისი პროფესიული საქმიანობის გამო ისჯებოდა.

altბოლოს ჟურნალისტების ასეთი ერთსულოვანი პოზიცია საქართველოში 2011 წლის ზაფხულში მომხდარმა ფაქტმა განაპირობა, როდესაც ხელისუფლებამ ჯაშუშობის ბრალდებით ფოტორეპორტიორები დააკავა. ფოტორეპორტიორები 7 ივლისს დააკავეს, რასაც მოჰყვა ჟურნალისტების მხრიდან არნახული სოლიდარობის გამოხატვა - ეს იყო საპროტესტო აქციები, სხვადასხვა სახის პერფორმანსები, განცხადებები და ა.შ. პროტესტი არ განელებულა ორი კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც ხელისუფლება იძულებული გახდა დაკავებულები სასამრთლო დარბაზიდან გაეთავისუფლებინა.

altთითქმის 3 წელი გავიდა თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებიდან. ეს ფაქტი იმთავითვე გახდა საქართველოში მომუშავე ჟურნალისტების პროტესტი საფუძვლიანი მიზეზი, რადგან იმთავითვე იყო ცხადი, რომ მუხთარლის არანაირი მწვანე საზღვარი არ გადაულახავს ფულის გასათეთრებლად, რასაც დაკავების ოფიციალურ მიზეზად გვასაღებდა 2 ქვეყნის ხელისუფლება, არამედ ის მისი პროფესიული საქმიანობისთვის დასაჯეს. ამის მიუხედავად, ეს საქმე ვერ აღმოჩნდა ჟურნალისტებს შორის ერთიანობის, ფართო კონსესუსისა და სოლიდარობის მყარი საფუძველი - პროტესტი ვერ გახდა მასშტაბური, განგრძობადი და ამით კარგად ისარგებლა ხელისუფლებამ, რომელსაც დღემდე არ გაუცია პასუხი მთავარი შეკითხვისთვის - ვინ და როგორ გაიტაცა თბილისის ცენტრიდან ჟურნალისტი და გადაიყვანა აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც დააკავეს და დღემდე პატიმრობაში იმყოფება.

სამწუხაროდ, ემპათიას ამ საქმისადმი მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი იმ ფაქტმა, რომ დაკავებული ჟურნალისტი არ იყო საქართველოს მოქალაქე და რომ გატაცების დანაშაულში მონაწილე მხარე იყო არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება. ამიტომაც პროტესტის გამომხატველ ჟურნალისტებს ხშირად მოუწოდებნენ ობივატელები, რომ “მხოლოდ ქვეყნის შიდა საქმეებისთვის მიეხედათ”.

ამას მოჰყვა ის, რომ ხელისუფლებამ ანტისაოკუპაციო აქცია დაარბია და განსაკუთრებული სისასტიკით ჟურნალისტებს გაუსწორდა. ამ ამბიდან უკვე რამდენიმე თვეა გასული, თუმცა დღემდე არ უცვნიათ ჟურნალისტები დაზარალებულად და არ დაუკავებიათ მათზე მოძალადეები. ჰო, ამ შემთხვევაშიც ძალიან სუსტი აღმოჩნდა ჟურნალისტებს შორის სოლიდარობის გამომხატველი აქციები, რადგან ის ვერ გახდა ვერც მასშტაბური და ვერც განგრძობადი, ვერ გამოიწვია ემპათია პირველ რიგში ჟურნალისტებს შორის და შესაბამისად, ვერ მთლიანად საზოგადოებაში.

მაშინაც ისმოდა ფრაზები - “მე მის გვერდით ან მის დასაცავად არ/ვერ დავდგები!” ჰო, ეს ფრაზები ხშირად გაისმის დღესაც, როდესაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელისუფლება წარმატებით ახორციელებს სპეცოპერაციას მის მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად.

alt

ჟურნალისტური სოლიდარობა ამ ბოლო შემთხვევაშიც საკმაოდ უსიცოცხლოა, არათანმიმდევრული იმის მიუხედავად, რომ უშუალოდ მაუწყებლის შიგნით ვხედავთ კარგად ორგანიზებულ წინააღმდეგობასა და პროტესტს ჟურნალისტების მხრიდან. თუმცა გარედან არასაკმარისი მხარდაჭერის გამო სულ უფრო სუსტდება შიგნით მებრძოლი ადამიანების პროტესტის გავლენა. ხელისუფლებამ მოახერხა ამ ადამიანების დათხოვნა, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სარედაქციო დამოუკიდებლობას, ახლა მხოლოდ მათი შემცვლელების დანიშვნასთან შეგუების პროცესი დარჩა გასავლელი.

ფაქტია, რომ ხელისუფლება შესაშური ოსტატობით სარგებლობს სოლიდარობის დეფიციტით, რომლებიც არსებობს ჟურნალისტებს შორის როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური გარემოებებით. ობიექტურად შესაძლოა ჩანდეს ის მიზეზი, რომ პოლარიზებულ მედიაგარემოში სულ უფრო ვიწროვდება რეალურად მიუკერძოებელი მედიასაშაულებებისა და იქ დასაქმებული ჟურნალისტების წრე და შესაბამისად, უფრო ადვილია მათი მარგინალიზაციაც.

ამასთან, არსებობს სუბიექტური გარემოებებიც, როცა უშუალოდ ჟურნალისტთა კორპუსის შიგნით ხდება კიდევ უფრო მარგინალური ან დომინანტი ჯგუფების შექმნა და დაქსაქსულობა, სხვადასხვა მოტივით. და სანამ მედიის წარმომადგენლები ამ გათითოკაცებულ ჯგუფებში ნაწილდებიან, ხელისუფლება სწრაფი მოქმედების რეჟიმშია, რომ რაც შეიძლება სუსტად ან სულაც არ ისმოდეს კრიტიკული ხმა ამ ქვეყანაში.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ