09.05.2020
ტელეკომპანია “პირველი” ბოლო წლებში მზარდი სარეკლამო შემოსავლებით გამოირჩეოდა. 2019 წელს მისი სარეკლამო შემოსავლები 18%-ით გაიზარდა და 3,802,870.63 ლარი შეადგინა. ტელევიზიის კომერციული დირექტორი, ნანა აბურჯანიძე “მედიაჩეკერთან” საუბარში აცხადებს, რომ სარეკლამო შემოსავლების კლების ტენდენცია 20 მარტიდან დაიწყო და აპრილში 40-45%-მდე შემცირდა.
“თუ ასე გაგრძელდა, ძალიან გაგვიჭირდება. წელს ძალიან კარგი წელი უნდა ყოფილიყო, იმდენად კარგი კონტრაქტები გავაფორმეთ, მაგრამ უკვე ძალიან მიჭირს პროგნოზის გაკეთება იმიტომ, რომ არ ვიცი რა ტემპში დაბრუნდება საქართველოში ეკონომიკური აქტივობა”, - გვითხრა ნანა აბურჯანიძემ.
მისივე თქმით, შემოსავლების შემცირებას ხარჯების ოპტიმიზაციით უპასუხეს, თუმცა თანამშრომლები 100%-ით შეინარჩუნეს:
“მომწოდებლებთან ვალდებულებები გადავავადეთ; შევაჩერეთ ინვესტიციები ტექნიკური გაძლიერების კუთხით და ა.შ. ამასთან, კამპანია ჩავუშვით #ქართულისაქმისშუაგულში, რომლის ფარგლებშიც მცირე და საშუალო ბიზნესს შევთავაზეთ, ესაუბრათ საკუთარ ბიზნესზე ეთერის საშუალებით იმ დროს, როცა ხალხი მიჯაჭვულია ტელევიზორს. ეს მოიაზრებდა ძალიან შეღავათიან ფასს ან ზოგერ უფასო ეთერსაც კომპანიებისთვის. სხვათაშორის, ამან კარგი გამოხმაურება ჰპოვა ბიზნესში, ამითაც ვცდილობთ კლების დაკომპენსირებას”.
კითხვაზე, თუ რა ტიპის ბიზნესებმა შეაჩერეს ძირითადად სარეკლამო დაკვეთები? - ტელეკომპანია “პირველის” კომერციულმა დირექტორმა გვიპასუხა, რომ სპექტრი მრავალფეროვანია: მათ შორისაა, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც იმპორტს ვეღარ ახორციელებდნენ; სამშენებლო კომპანიები ან სავაჭრო ობიექტები, რომლებსაც შეეხოთ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები. მისივე თქმით, შეინარჩუნეს ისეთი სარეკლამო დამკვეთები, როგორიცაა ბანკები, ფარმაცევტული კომპანიები, კომუნიკაციები, რომლებსაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა პანდემიის პირობებში და ნაკლებად შეეხო კრიზისი.
“ჩვენს შემთხვევაში, ბანკმაც შეაჩერა სარეკლამო კონტრაქტი, რადგან თვითონ გააჩერა ის აქტივობა, რომლის რეკლამირებაც ჰქონდა დაგეგმილი”, - გვითხრა “გაზეთ ბათუმელების” დირექტორმა მზიამ ამაღლობელმა.
მისივე თქმით, გასაგებია, როცა სარეკლამო დაკვეთას აუქმებს, მაგალითად, სამშენებლო კომპანია, რომელსაც შეუჩერდა მშენებლობები, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც არ შეხებია კონკრეტულ ორგანიზაციას პანდემიის კრიზისი და მაინც გაუქმდა სარეკლამო დაკვეთა.
“ვერ ვიტყვით, რომ ეს შეიძლება ჩვენი მომსახურების უკმაყოფილებით შეიძლებოდა ყოფილიყო გამოწვეული, რადგანაც პანდემიის პირობებში 60%-ით გაიზარდა ნახვები ჩვენს ვებ-გვერდებზე”, - გვითრხა მზია ამაღლობელმა.
მისივე თქმით, ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პრობლემებმა გამოცემების - netgazeti.ge-ს და batumelebi.ge-ს სიცოცხლისუნარიანობა რისკის ქვეშ დააყენა.
“ჩვენი წლიური ბიუჯეტის 43% უზრუნველყოფილი საგრანტო დაფინანსებით, დანარჩენი 57%-ის შევსებას ვგეგმავდით სარეკლამო და სხვა შემოსავლებით. თუმცა პანდემიის გამო შეგვიჩერდა ან გაგვიუქმდა ჯამში 50 000 ლარამდე სარეკლამო შეთანხმება, რაც ჩვენი დაგეგმილი სარეკლამო შემოსავლებით 25%-ია. მარკეტინგის განყოფილება მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ყველა საბანერო რეკლამა შეჩერდა. მომდევნო თვეებში სურათის შეცვლას არ ველოდებით, რადგან ბაზარზე რამდენიმე ისეთი კომპანია ოპერირებს, რომლებიც საგანგებო მუშაობის რეჟიმში გადარჩენისთვის იბრძვის. კრიზისის დაძლევის და უწყვეტ რეჟიმში ჩვენი საქმიანობის გაგრძელების ერთადერთი და რეალურ გზად დამატებით საგრანტო მხარდაჭერის მოპოვება მიმაჩნია”, - გვითხრა მზია ამაღლობელმა.
Publika.ge ქართულ მედია-ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა და ჯერ მხოლოდ საგრანტო დაფინანსებით ოპერირებს.
“ჩვენ ისედაც 3 თვის მედია ვიყავით და პანდემიამდე უფრო იმედიანი იყო ჩვენი მოლაპარაკებები სხვადასხვა შესაძლო სარეკლამო ხელეშეკრულებებზე. ანუ გათვლა, რომ რაღაც რაოდენობა ხელშეკრულებების გვექნებოდა, უფრო იმედიანი და პოზიტიური გვქონდა, მათ შორის იყო რამდენიმე შემთხვევა, სადაც თითქმის თანხმობა გვქონდა მიღებული, მაგრამ ამ პანდემიის გამო ყველა ეს მოლაპარაკება ჰაერშია გამოკიდებული. ჯერ ბიზნესი ვერაფერს გეგმავს და ჩვენ განსაკუთრებით გვირთულებს ეს სარეკლამო შემოსავლებებზე მოლაპარაკებებს”, - გვითხრა Publika.ge-ს მთავარმა რედაქტორმა ლიკა ზაკაშვილმა.
სარეკლამო შემოსავლების მკვეთრ შემცირებაზე საუბრობენ რეგიონული მაუწყებლები. ტელეკომპანია “25-ე არხი” გასულ წელს ლიდერი იყო სხვა რეგიონულ ტელევიზიებს შორის სარეკლამო შემოსავლებით, რომელმაც 528.448.23 ლარი შეადგინა.
25-ე არხის დირექტორი მურთაზ ფრანგულაშვილი “მედიაჩეკერთან” საუბარში აცხადებს, რომ ტელევიზიის სარეკლამო შემოსავლები პანდემიის პირობებში 50%-ით შეუმცირდა.
“სამშენებლო კომპანიებმა მთლიანად გააჩერეს რეკლამები, ისეთი კომპანიები დარჩა, რომლებიც მეტნაკლებად ახერხებენ დისტანცუირ მუშაობას პანდემიის პირობებში - ბანკები, ელექტრონული კაზინოები”, - გვითხრა მურთაზ ფრანგულაშვილმა.
მისივე თქმით, ტელევიზიას დამატებითი შემოსავლები ჰქონდა განცხადებებიდან, რომელიც 90%-ით შეუმცირდა:
“შემოდიოდა განცხადებები დღის განმავლობაში კონკრეტილი თანხების, მაგრამ საგანებო მდგომარეობის გამო ადამიანები ფიზიაკურად ვეღარ ახერხებდნენ რედაცქიაში მოსვლას, ამასთან, არ გვქონდა ელექტრონული გადახდის რეჟიმი, ამიტომ ოფისის შემოსავალი 90%-ით შემცირდა და ამან რთულ ფინანსურ მდგონარეობაში ჩაგვაყენა”.
შემოსავლების შემცირების გამო ტელეკომპანიამ აპრილის თვეში სრულად ვეღარ მოახერხა თანამშრომლების ხელფასების დაფარვა
“მარტის ჩათვლით სრულად გავეცით ხელფასები, მაგრამ აპრილიდან 30% დააკლდათ. აპრილის თვე გაგვიჭირდა ძალიან და იქნება ძალიან მძიმე. თუ ასეთი ტენდენციით გაგრძელდა, დღეს ვერ გეტყვით როგორ შევინარჩუნებთ შემდეგში თანამშრომლებს, თუმცა, რომ უნდა შევინარჩუნოთ, ფაქტია”, - გვითხრა მურთაზ ფრანგულაშვილმა.
მედიასაშუალებების წარმომადგენლების თქმით, მათ სახელმწიფოს მხრიდან რაიმე შეღავათები არ შეხებიათ.
ტელეკომპანია “პირველის” კომერციული დირექტორის თქმით, მათთვის ძალიან დიდი შეღავათი იქნებოდა გადასახადების გადავადება, რადგან პანდემიის გამო დაკლებული შემოსავლების პირობებში უჭირთ საბიუჯეტო დავალიანების გადახდა.
“მივმართეთ სახელმწიფოს, მაგრამ უარი მივიღეთ, შეღავათი კი არა, პირიქით ინკასოს გვადებენ,” - ამბობს ნანა აბურჯანიძე.
“სახელმწიფოს მხრიდან შეგვეხო ის, რაც გამოიცა ზოგადად ყველა ბიზნესკომპანიისთვის - საშემოსავალო შეღავათები 750 ლარამდე ხელფასზე, მაგრამ ჩვენ უფრო გვჭირდებოდა, რომ საშემოსავლო გადასახადი მთლიანად გადავადებულიყო. ძალიან მიჭირს მუშაობა იმიტომ, რომ მესამე თვე დაიწყო, რაც ინკასო მადევს. ამიტომ მიჭირს ძალიან ხელფასების გაცემა. ბიუჯეტის დავალიანება დამიგროვდა 2 თვის გადასახადი. რომ იტყვიან, გაძლების რეჟიმში ვართ”.
სარეკლამო შემოსავლების შემცირება დაგვიდასტურეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-შიც. ასევე ვესაუბრეთ სხვა ტელეკომპანიების წარმომადგენლებსაც. თუმცა კომპანიებს ჯერ სრულად არ აქვთ დათვლილი აპრილის მონაცემები, როდესაც ყველაზე მასშტაბურად გამოიხატა ციფრებში შემცირებული სარეკლამო შემოსავლები. ტელევიზიების განცხადებით, პირველი კვარტლის მონაცემებში, რომელსაც GNCC გამოაქვეყნებს, შესაძლოა ცვლილება დრამატული არ იყოს, რადგან შემცირების ტენდენცია ძირითადად მარტის ბოლოდან დაიწყო. იანვარსა და თებერვალში კი შემცირება ნაკლებად იყო.