სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის საქმეზე არხის დამფუძნებლების, დვალი-აქიმიძის სარჩელი
14.12.2022

რა მოხდა — მოკლედ:

  • თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, 14 დეკემბერს, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა მიიღო.
  • დვალი და აქიმიძე არხის 60%-იანი წილის დაბრუნებასა და 2004 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვდნენ, რომლის მიხედვით, "რუსთავი 2-ის" საკონტროლო პაკეტი ქიბარ ხალვაშის ხელში გადავიდა.
  • თბილისის სააპელაციო სასამართლომ, დღევანდელი გადაწყვეტილებით ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, არხი მოქმედი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში რჩება.

რას აპირებენ არხის დამფუძნებლები?

დვალი-აქიმიძის სამართლებრივ უფლებებს ადვოკატი კახა კოჟორიძე იცავს. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, კოჟორიძემ გვითხრა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ყოფილა მოულოდნელი და იცოდნენ, რომ "სასამართლო ვერ იქნებოდა თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან, როდესაც საქმე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ეხება."

ადვოკატის თქმით, მომჩივნები უზენაეს სასამართლოს მიმართავენ და, თუ უზენაესი სასამართლოც არსებულ გადაწყვეტილებას დატოვებს ძალაში, სამართლებრივ ბრძოლას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელებენ.

ხალვაში — (არა)კეთილსინდისიერი მყიდველი?

  • სასამართლოს პოზიციით, "საქმეში არსებული მტკიცებულებებით, არ დასტურდება, რომ ქიბარ ხალვაში არაკეთილსინდისიერი შემსყიდველია."
  • კოჟორიძის პოზიციით კი, არ არსებობს ევროპული, ან სხვა ქვეყნების სამოქალაქო სამართალი, რომელიც კეთილსინდისიერ მყიდველად ცნობს ქიბარ ხალვაშს, რომელიც საკუთარ ჩვენებაშივე აღიარებს, რომ ნასყიდობის საფასური არა დამფუძნებლებს, არამედ იმ დროინდელ შს მინისტრებს — ოქრუაშვილსა და მერაბიშვილს გადაუხადა.

ქიბარ ხალვაშის ჩვენება

კახა კოჟორიძეს მხედველობაში აქვს ქიბარ ხალვაშის 2014 წლის ჩვენება, რომელშიც სასამართლოს უთხრა, რომ:
  • ტელევიზიის 60%-იანი წილი აქიმიძისა და დვალისგან 1 200 000 დოლარად, ირაკლი ოქრუაშვილთან მოლაპარაკების შემდეგ იყიდა და მას არხის დამფუძნებლებთან უშუალო შეხება არ ჰქონია.
  • "მოგვიანებით გაიგო" დვალისა და აქიმიძის მიერ "რუსთავი 2-ის" წილის ხელისუფლებისგან ზეწოლის შედეგად დათმობის შესახებ.
  • 200 000 დოლარი, ნაღდი ფულის სახით, ყოველთვიურად ვანო მერაბიშვილთან მიჰქონდა და 4 მილიონი დოლარი აქვს გადახდილი. მისივე თქმით, კომპანიის წილები 2006 წელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ზეწოლის გამო გაასხვისა.

"რუსთავი-2-ის" ყოფილი მფლობელების სასამართლო პროცესები — ქრონოლოგია:

  • 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, “რუსთავი 2-ის” წილების საქმეზე, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ პროკურატურას მიმართეს. მათი ადვოკატი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ „მოქმედ ხელისუფლებას არ აწყობს, ვინმესთვის ბრალის წაყენება და გამტყუნება. ამიტომ, 2012 წლიდან გამოძიება თაროზე შემოიდო და ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა”.
  • 2015 წელს საქალაქო სასამართლოში სარჩელი ქიბარ ხალვაშმა შეიტანა იმის დასამტკიცებლად, რომ ტელეკომპანიის წილები არაკეთილსინდისიერი გარიგების საფუძველზე დაათმობინეს.
  • 2015 წელსვე, ქიბარ ხალვაში, საქმის მოგების შემთხვევაში, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს საჯაროდ შეჰპირდა „რუსთავი 2-ის“ 50%-იანი წილის გადაცემას.
  • 2017 წელს საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა, ”რუსთავი 2-მა" კი გადაწყვეტილება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასმართლოში გაასაჩივრა.
  • 2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და “რუსთავი 2”-ის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაში დარჩა.
  • 2019 წელს, სტასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, „რუსთავი 2-ის“ წილების დასაბრუნებლად სასამართლო დავა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დაიწყეს. ისინი წილის დაბრუნებას იმავე არგუმენტებით ითხოვენ, რა არგუმენტებითაც უზენაესმა სასამართლომ ტელევიზია ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა.
  • 2021 წლის აგვისტოში, თბილისის საქალაქო სასამართლომ "რუსთავი 2-ის" წილები ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში დატოვა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ