"ეს კანონპროექტი რუსული კანონის გამოძახილია" - პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი ქართველ დეპუტატებს მიმართავს
22.02.2023
"პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი" (IPI) "უცხო აგენტების შესახებ" ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება და ქართველ დეპუტატებს პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

"უარი თქვით ამ კანონპროექტზე და ამის ნაცვლად, დამოუკიდებელი მედიისთვის უსაფრთხო და თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფაზე მიმართეთ ყურადღება", — მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტის წევრებს.

რა ვიცით IPI-ის შესახებ?
  • პრესის თავისუფლების ინსტიტუტი საერთაშორისო ქსელია და აერთიანებს რედაქტორებს, ჟურნალისტებსა და მედიის ხელმძღვანელებს, რომლებიც აღიარებენ და იცავენ მედიასტანდარტსა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის პრინციპებს.

IPI მიიჩნევს, რომ:
  • ეს კანონპროექტი არის რუსული კანონის გამოძახილი და მისი სამიზნეა მედია და არასამთავრობო სექტორი;
  • ასეთი შინაარსის მქონე კანონის მიღება, ავტორიტარულ ხელისუფლებებს ახასიათებს და ამის მაგალითია რუსეთი;
  • არსებობს დაშვება, რომ ხელისუფლებამ კანონი კრიტიკული მედიის დისკრედიტებისთვის გამოიყენოს;
  • კანონი, ხელისუფლებისთვის იქნება მძლავრი იარაღი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების, მათ შორის, ჟურნალისტების დასაშინებლად;
  • საბოლოოდ, ეს კანონი, საფრთხეს შეუქმნის ქართულ საზოგადოებას, ისარგებლოს ახალი ამბებისა და ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მიღების უფლებით.

"კანონპროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ ინიციატივა დაფუძნებულია "ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე", თუმცა, ეს ზომები მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის იარაღად იქნება გამოყენებული", — აცხადებს ორგანიზაცია.

მასალაში მოყვანილია "პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის" დირექტორის მოადგილის, სკოტ გრიფენის ციტატა, რომ IPI ღრმად შეშფოთებულია, რადგან ქართველი კანონმდებლები, ამ კანონის მიღებისას, რუსეთის ავტორიტარული წესებით ხელმძღვანელობენ.
  • "პუტინის კანონი "უცხოელი აგენტების შესახებ", ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია კრემლისთვის პრესის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ასეთი კანონმდებლობა შეუსაბამოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწაფის და დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს იცავს" , — ამბობს გრეფინი.

კონტექსტი:
  • მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს ღიად ანტიდასავლური პოლიტიკური პარტიის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპრპექტს "უცხო აგენტების შესახებ".
  • მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ავტორების თქმით, ისინი აშშ-ში 1938 წელს მიღებული კანონპროექტით ხელმძღვანელობენ, ეს კანონპროექტი ძალიან ჰგავს რუსეთში მოქმედ კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ.
  • რუსული კანონი პირდაპირ არის მიმართული დამოუკიდებელი მედიისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების შესავიწროებლად, რაც განსაკუთრებით გააქტიურდა უკრაინასთან ომის დროს.
"ხალხის ძალის" კანონპროექტის მიხედვით,

  • "უცხო აგენტად" დასახელდებიან მედიასაშუალებებიც, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო "უცხოური ძალაა", ანუ საგრანტო პროექტებია.
საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი სწორედ უცხოური არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტებით ფინანსდება.

მეტი, ამ თემაზე:

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ