რას და როგორ აპროტესტებს მედია
05.06.2023
“დიქტატურულ რეჟიმში და კონფლიქტებში, ჟურნალისტებს, რომლებიც ზედმიწევნით აშუქებენ ფაქტებს როგორც წესი, უწევთ, მხარე აირჩიონ და შესაბამისად, სამიზნეები არიან როგორც რეჟიმების, ისე სამხედრო ლიდერების, რადგან მათ მიერ წარმოებულ პროპაგანდას გამოწვევის წინაშე აყენებენ” - ამბობს სირიელი ჟურნალისტი ზაინა ერჰაიმი და დასძენს, რომ “მიკერძოება უსაფრთხოა", თუ ჟურნალისტი გადალახავს შინაგან მიკერძოებას, ცრურწმენებს, პოლიტიკური შეხედულებებს და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანის უფლებებს დაუჭერს მხარს.

შესაბამისად, არ არსებობს მკაფიო პასუხი, ვინ უნდა იყოს ლეგიტიმური "მეორე მხარე", როცა საქმე ძალადობას ან ადამიანის უფლებების შელახვას ეხება. სად გადის ზღვარი ჟურნალისტიკასა და აქტივიზმს შორის ისეთ ქვეყნებში, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე ექმნება. რა უნდა გააკეთოს მედიამ მაშინ, როდესაც ფაქტების ზედმიწევნით გაშუქება “დანაშაულია”?

დიქტატურულ და ავტოკრატიულ რეჟიმებში ერთ-ერთი პირველი სამიზნე სწორედ თავისუფალი მედიაა, რადგან ისინი არ იმეორებენ რეჟიმის პროპაგანდას და ცდილობენ საზოგადოების ინფორმირებულობას. ასე ხდება მაგალითად, რუსეთში, ბელარუსში, სირიაში, ირანში, და ყველგან, სადაც ხელისუფლება ცდილობს, გააკონტროლოს მედია, რათა ისმოდეს მხოლოდ ის, რაც მათ ინტერესებშია.

რუსი ჟურნალისტების პროტესტი ომის დროს


"არა ომს" - თქვა “დოჟდის” დირექტორმა, ნატალია სინდეევამ, როცა ტელეკომპანიამ დროებით სატელევიზიო მუშაობა შეწყვიტა. პროტესტის ნიშნად არხი მაყურებელს “გედების ტბის” კადრებით დაემშვიდობა. გედების ტბას უშვებდნენ ტელევიზიებსა და რადიოში საბჭოთა პერიოდში, 1980-იან წლებში ლიდერების გარდაცვალებისას. ეს ბალეტი აჩვენეს 1991 წლის აგვისტოშიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე.

14 მარტს სახელმწიფო მედიის მთავარი საინფორმაციო გამოშვებისას ეთერში რუსული პირველი არხის რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა საპროტესტო ბანერით გამოჩნდა.

"არა ომს! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ!" - ეწერა ბანერზე.


რას აპროტესტებს მედია საქართველოში?


2011 წლის 7 ივლისს "ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავეს ფოტოჟურნალისტები, რასაც მედიის პროტესტი მოყვა. “არ არის ფოტო – არ არის დემოკრატია“, “თავისუფლება ფოტორეპორტიორებს” - ჟურნალისტები პერმანენტულ აქციებს აწყობდნენ პრეზიდენტის რეზიდენციასა და შსს-სთან.

  • რამდენიმე გაზეთმა პოლიტიკოსების ფოტოს შავი მართკუთხედები დაადო, სადაც ეწერა: “აქ უნდა იყოს ფოტო, მაგრამ ფოტორეპორტიორები დაჭერილები არიან”.


ბოლო რამდენიმე წელია, რაც მედია მუდმივად გამოხატავს პროტესტს და ღიად აფიქსირებს პოზიციას. იქნება ეს პარლამენტში, აქციაზე თუ ღია განცხადებებით.

“ნუ გვესვრი”, “გამოიძიე” - 2019 წლის 21 ივნისს, თბილისსა და საქართველოს 12 ქალაქში, ჟურნალისტებმა შსს-სა და ადგილობრივი სამმართველოების შენობებთან საპროტესტო აქციები გამართეს. ჟურნალისტებმა იმ სამართალდამცველების გამოვლენა და დასჯა მოითხოვეს, რომლებიც 20-21 ივნისის ღამეს საპროტესტო აქციაზე მომუშავე ჟურნალისტებსა, ოპერატორებსა და ფოტოგრაფებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ, სცემდნენ და დამიზნებით ესროდნენ.

2021 წელს ფორმულამ, მთავარმა არხმა, ტვ პირველმა და კავკასიამ 24 საათით მაუწყებლობა ყველა პლატფორმაზე შეწყვიტეს.

  • 14 ივლისს 08:00 საათიდან 15 ივლისს 08:00 საათამდე ეკრანებზე ჩანდა 5-6 ივლისის აქციებზე დაშავებული ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების სია და მაუწყებლების მთავარი მოთხოვნა - “გადადგეს პრემიერი, დაისაჯონ მოძალადეები”.
  • ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ ჟურნალისტები პროტესტს გამოხატავდნენ საკანონმდებლო ორგანოში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი სიტყვით უნდა გამოსულიყო.

წარწერა, რომელსაც მედია აჩვენებდა

2023 წელს, როდესაც “ხალხის ძალამ” "აგენტების" შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა, მედია იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც პროტესტი გამოხატა, მათ შორის, პარლამენტში.

  • 7-9 მარტის აქციების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, კანონპროექტი გაეწვია, თუმცა არ შეწყვეტილა ხელისუფლების მხრიდან მედიისა და არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია.

საქართველოში არ გაზრდილა პრესის თავისუფლების ხარისხი — პასუხი პრემიერ ღარიბაშვილს

მედია პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლოში - აკრედიტაციის წესის შესახებ

პროტესტი სიტყვის თავისუფლებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში


2014 წელი - ჩინეთი

ჰონგ-კონგში მედიის თავისუფლებისთვის მსვლელობა მოეწყო. “ჟურნალისტის მოვალეობაა გაშუქება და არა პროტესტი, მაგრამ ჩვენი სინდისი გვაიძულებს, განგაში ავტეხოთ”, - თქვა ჰონგ კონგის ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

2019 წელი - ავსტრალია

ავსტრალიური გაზეთების პირველი გვერდები 21 ოქტომბერს შავად გადახაზული ტექსტებით დაიბეჭდა. ასეთი ფორმით მედია ორგანიზაციები ქვეყანაში არსებულ ცენზურას აპროტესტებდნენ და პრესის თავისუფლებას მოითხოვენ.


2019 წელი - ხორვატია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ასეულობით ჟურნალისტმა მედიის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა.

"ადგილობრივი სასამართლოები პოლიტიკოსებთან არიან გაერთიანებული და ყველა კრიტიკული აზრის ჩახშობას ცდილობენ. ამიტომაც, ჩვენს ნიუსრუმებში იგრძნობა თვითცენზურის საჭიროება. მე აღარც კი ვწერ ჩემს სვეტს, რადგან თუ ისე დავწერ როგორც მინდა, სასამართლო სარჩელები და კომპენსაციის მოთხოვნა საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სამუშაოს”, - განაცხადა გაზეთ Podravski-ის მთავარმა რედაქტორმა, რობერტ მიჰაილევიჩმა.

2021 წელი - პოლონეთი

43-მა მედია ორგანიზაციამ ღია წერილი გამოაქვეყნა და გააკრიტიკა მთავრობის შეთავაზებული მედიის გადასახადი, რომელიც მათი თქმით, საფრთხეს უქმნიდა დამოუკიდებელ მედიას. პროტესტის ნიშნად, გაითიშა სატელევიზიო არხები, რადიოსადგურები და ვებგვერდები.

“აქ თქვენი საყვარელი შოუ უნდა ყოფილიყო", “მედია არჩევანის გარეშე”, - ასეთი იყო სლოგანები.

ცარიელი ყდა - პროტესტის ერთ-ერთი ფორმა


2015 წელს ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ ნაგალანდაში სამმა გაზეთმა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გასაპროტესტებლად პირველი გვერდები ცარიელი დატოვა.

”ჩვენ ვმუშაობთ დაძაბულ გარემოში, მაგრამ მაინც ვცდილობთ, თანაბარი სივრცე მივცეთ როგორც ჯარს, ასევე მეამბოხე ჯგუფებს და ნაგას საზოგადოების ყველა წევრს”, - თქვა Nagaland Page-ის რედაქტორმა.


  • 2010 წელს ესტონეთში გაზეთების ნაწილმა ცარიელი ყდით გააპროტესტა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტი ვალდებული ხდებოდა გაემჟღავნებია წყაროს ვინაობა.
  • 2012 წელს უკრაინაში Kyiv Post-მა გააპროტესტა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მცდელობა, ცილისწამება კრიმინალიზებული ყოფილიყო და გაზეთის პირველი გვერდი ცარიელი დატოვა.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ