შეზღუდვის გამო, კომიტეტის სხდომაზე მედიამ კინემატოგრაფების პროტესტი ვერ გადაიღო
29.06.2023
ონლაინგამოცმა “პუბლიკას” ჟურნალისტის თქმით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე შესვლის საშუალება არ მისცეს, რის გამოც კინემატოგრაფების პროტესტი ვერ გადაიღო. პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტში კი “მედიაჩეკერს” უთხრეს, რომ სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ინფორმაცია გავრცელება შეზღუდული არ ყოფილა.

“პუბლიკას” ჟურნალისტმა, ალექსანდრე ქეშელაშვილმა გვითხრა, რომ გაერთიანებული კომიტეტების სხდომისას ფოტოგადაღება სურდა, თუმცა, მანდატურმა შესასვლელშივე უთხრა, რომ გადაღება არ შეიძლებოდოდა.

  • ქეშელაშვილი აკრედიტებული ჟურნალისტია და განმარტავს, რომ აქამდე კომიტეტის სხდომაზე შესვლის და გადაღების პრობლემა არ შექმნია.
  • მის მსგავსად, გადასაღებად საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორიც აპირებდა შესვლას, თუმცა, შეაყოვნეს.

პროცედურული დეტალები:

  • ჟურნალისტებს კომიტეტზე არ უშვებენ, როცა სხდომა დახურულია, თუმცა ამ შემთხვევაში ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა შესაბამისად კონფიდენციალური არ ყოფილა.
  • არსებული პრაქტიკით, ჟურნალისტს კომიტეტის სხდომათა დარბაზში შესვლისა და გადაღებისთვის დამატებითი პროცედურის გავლა არ სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტი სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცემა, როგორც წესი, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს დარბაზში უშვებენ.
  • საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განგვიმარტეს, რომ გაფართოებული საკომიტეტო სხდომებისას, "ხანდახან რთულდება მედიის გადაადგილება გადაღების მიზნებისთვის".
რა ხდებოდა კომიტეტზე

ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომის დაწყებიდან მალევე ფეხზე წამოდგნენ, თან ჰქონდათ საპროტესტო წარწერები: "არა ცენზურას", “გადავარჩინოთ კულტურა". რეჟისორ გიორგი თავართქილაძის თქმით, კულტურის მინისტრმა საკომუნიკაციოდ ყველა კარი დაახშო, ამიტომ, იძულებულები არიან, სათქმელი ასე გამოხატონ.
  • მიუხედავად იმისა, რომ სხდომა ლაივში გადაიცემოდა, მაშინ, როცა კინემატოგრაფები ფეხზე წამოდგნენ, სხდომის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ შესვენება გამოაცხადა.
  • ტექნიკური შესვენების დროს ლაივსტრიმი ითიშება. რადგან მედია დარბაზში არ იმყოფებოდა, ფოტოები პროტესტის მონაწილეებმა გაავრცელეს.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ