"ოცნებას" სურს, აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტი პირველი არხის ბორდს დაუქვემდებაროს. რას ნიშნავს ეს?
29.06.2023
მოკლედ: დღეს, 29 ივნისს, საპარლამენტო უმრავლესობამ მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს, რაც, კანონად ფორმირების შემთხვევაში:
  • აუქმებს აჭარის საზმაუს მრჩეველთა საბჭოს იმ 5-წევრიან შემადგენლობას, რომლებიც, კანონის არსებული რედაქციით, სხვა ფუნქციებთან ერთად, აჭარის მაუწყებლისთვის ბიუჯეტსა და პროგრამულ პრიორიტეტებს განსაზღვრავენ;
  • აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტს უქვემდებარებს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს (*ბორდს), რომელსაც ხელმძღვანელობს ვასილ მაღლაფერიძე — პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე და პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი.
მედიის საკითხებზე მომუშავე 16 ორგანიზაციის პოზიციით, ამით, "ხელისუფლება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას”, რადგან:
  • აფართოვებს გავლენას აჭარის ტელევიზიაზე და ასუსტებს მისი დამოუკიდებლობის ხარისხს;
  • ცვლის და აზიანებს მაუწყებლის არსებულ მოდელსა და ინსტიტუციურ როლს;
  • განამტკიცებს საზმაუს ბორდის თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის ძალაუფლებას ერთდროულად ორივე საზოგადოებრივ მაუწყებელში.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე, საპარლამენტო უმრავლესობას პროექტის განხილვის რეჟიმში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა, რადგან:
  • "ხდება ორი საზოგადოებრივი მაუწყებლის შეერთება, რაც დიდი ცვლილებაა და საჭიროა, კარგად ავუხსნათ საზოგადოებას ამის შესახებ."

დეტალები:
"ქართული ოცნებიდან", დეპუტატ რატი იონათამიშვილის ინიცირებით წარდგენილი ცვლილებების პროექტით,
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ბორდს შეეძლება, აირჩიოს ან გაათავისუფლოს აჭარის ტელევიზიის გენერალური დირექტორი;
  • განსაზღვროს როგორც პირველი არხის, ასევე, აჭარის მაუწყებლის ბიუჯეტი, პროგრამული და საინფორმაციო პრიორიტეტები;
  • აუქმებს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს და, სანაცვლოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით ზრდის პირველი არხის ბორდის შემადგენლობას 9-დან 11 წევრამდე.

რა არის საფრთხე?
  • ამით ჩნდება რისკი, მმართველი პარტიის სასარგებლოდ დაიღვეს წარმომადგენლობითი ბალანსი საზმაუს სამეურვეო საბჭოში, რომელთანაც ანგარიშვალდებულება ერთდროულად უკვე ორი საზოგაოდებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს ექნება;
  • ეს, შესაძლოა, ხელისუფლებისთვის აღმოჩნდეს ბერკეტი, მოიპოვოს გავლენა სამეურვეო საბჭოს უმრავლესობაზე, რადგან, მეურვეთა არჩევის წესის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია, წარადგინოს მეურვეთა 3 კანდიდატი და ასევე, სამი კანდიდატი — აჭარის უმაღლესმა საბჭომ.
იმ დაშვებით, თუ აჭარის უმაღლესი საბჭო ხელისუფლებისთვის სასურველ სამ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ეს "ოცნების" მიმართ კეთილგანწყობილი ექვსი მეურვის არჩევას ნიშნავს, რაც საკმარისი რაოდენობაა ორივე მაუწყებლის პრიორიტეტების განსასაზღვრად მისაღები გადაწყვეტილებებისთვის.
  • მეურვეთა დანარჩენი ხუთი კანდიდატიდან სამს საპარლამენტო უმცირესობა, ორს — სახალხო დამცველი წარადგენს, თუმცა, საბჭოს გადაწყვეტილებებზე ხუთი — ექვსის წინააღმდეგ, ვერ მოახდენს გადამწყვეტ გავლენას.
გია ქარცივაძე ერთ-ერთია აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მოქმედი წევრებიდან, რომელმაც გვითხრა, რომ:
  • საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები არ იცნობენ აჭარის მაუწყებლის საჭიროებებს;
  • ინიციატორებს არ გაუვლიათ კონსულტაცია საბჭოს არსებულ შემადგენლობასთან;
  • "აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკა არც ახლაა ნორმასთან ახლოს და, ამ ცვლილებებით, ძალაუფლების მქონე პირები სრულად დაიქვემდებარებენ მას."

აჭარის მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, ვლადიმერ ტატიშვილს ვკითხეთ, ხედავს თუ არა საკანონმდებლო ცვლილებაში აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკაზე გავლენის რისკებს.
  • "თავს შევიკავებ ასეთი შეფასებისგან, — გვითხრა მან, — რადგან ეს ფუნდამენტური ცვლილებაა და დრო გვიჩვენებს. წინასწარ ვერ ვიტყვი, ეს კარგია თუ ცუდი. ინიციატორებს არც ჩემთან გაუმართავთ კონსულტაცია."



რას ამბობს კანონპროექტის ავტორი?
  • რატი იონათამიშვილს, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების წარმდგენს, სადავო ინიციატივასთან დაკავშირებული კითხვებით მივმართეთ.

მედიაჩეკერი: თქვენი ინიციატივა მეურვეთა ერთ შემადგენლობას ანიჭებს ბერკეტს, ორი სხვადასხვა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაწყვიტოს ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა: გენერალური დირექტორის არჩევა/გათავისუფლება, ბიუჯეტის დამტკიცება და განკარგვა, შინაარსობრივი და საინფორმაციო პრიორიტეტების დადგენა… როგორ აისახება ეს ორი სხვადასხვა მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე?

რატი იონათამიშვილი: პირიქით, ეს ინიციატივა აჭარის მაუწყებლის დამოუკიდებლობისა და ფინანსური გაძლიერების საკანონმდებლო გარანტიებს ქმნის. ცენტრალური საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში გაიზრდება აჭარის უმაღლეს საბჭოს წარმომადგენლობა ერთიდან სამ კვოტამდე, და ვფიქრობ, ეს კონფიგურაცია გააძლიერებს აჭარის ხმას როგორც ბიუჯეტის განსაზღვრისას, ასევე, სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებისას, რაც, ცალსახად პოზიტიური და მნიშვნელოვანია.

ცვლილებები არ შეხებია მეურვეთა არჩევის წესს და ისევ მრავალდონიანი და მრავალ ეტაპიანი კონკურსი იქნება.

რაც შეეხება მოსაზრებას, დამოუკიდებელი ვერ იქნება სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული გენერალური დირექტორიო, თუ არჩეული პირი ვერ იქნება დამოუკიდებელი, ეს, თავდაყირა აყენებს დემოკრატიის პრინციპს. მაშინ, ამ ლოგიკით გამოდის, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირი, რომელიც პარლამენტმა აირჩია, იმთავითვე ვერ იქნება დამოკიდებული.

მედიაჩეკერი: კანონში წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს სარედაქციო დამოუკიდებლობა სახელისუფლებო გავლენებისგან, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, საზმაუს ბორდს ხელმძღვანელობს ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც იყო გავლენიანი პირი მმართველ პარტიაში.

რატი იონათამიშვილი: ეს შეფასებები თქვენთვისაც ცნობილია და ჩემთვისაც, მაგრამ მე არ ვიზიარებ მათ. ჩემთვის მხოლოდ ფაქტებია სანდო არგუმენტი, თუმცა, არ არსებობს ფაქტები, რომ ვისზეც თქვენ საუბრობთ, პოლიტიკური განზრახვით ერეოდეს სარედაქციო პოლიტიკაში.
მედიაჩეკერი: ცვლილებები ასევე გულისხმობს, ერთი და იმავე პირმა შეასრულოს ანაზღაურებადი საქმიანობა ორივე საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. ამ დაშვებით, შესაძლოა, მაგალითად, პირველი არხის ახალი ამბების ხელმძღვანელი პარალელურად მართავდეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ ამბებს?

რატი იონათამიშვილი: ამგვარი დაშვება მხოლოდ ტექნიკური პერსონალისთვისაა. ამ ჩანაწერის მიღებისას, მთავარი მოტივაცია სწორედ ტექნიკური პერსონალის მხარდაჭერა იყო. ცვლილებების პროექტის თავდაპირველი ვერსია თანამდებობის პირისთვისაც ახდენდა ამგვარ დაშვებას, რამაც კითხები გააჩინა. ჩვენ ეს გავითვალისწინეთ და თანამდებობის პირზე მინიშნება ამოვიღეთ მეორე მოსმენის ფარგლებში.

მედიაჩეკერი: ეს ანეიტრალებს ზემოთ აღნიშნულ რისკს? არსებული ჩანაწერი მტკიცედ აზუსტებს, რომ უფლება — მუშაობდეს ერთი და იგივე პირი ორივე მაუწყებლისთვის, მიენიჭება მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ თანამშრომლებს?

რატი იონათამიშვილი: ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მიზანი ეს იყო, რომ ეს დაშვება მხოლოდ ტექნიკურ პერსონალზე ვრცელდებოდეს.

მედიაჩეკერი: თუმცა, თუ ეს არ კონკრეტდება კანონში, ნიშნავს, რომ არც გამორიცხავს დაშვებას, ერთი პირი ხელმძღვანელობდეს ორი მაუწყებლის ახალ ამბებს?

რატი იონათამიშვილი: მე ამას თეორიულადაც გამოვრიცხავ. აქ, თავიდანვე არ ყოფილა ჩვენი მიზანი თანამდებობის პირების წახალისება, მხოლოდ ტექნიკური პერსონალის წახალისება იყო და ამას ვაცხადებ ღიად და საჯაროდ.

მედიაჩეკერი: ცვლილებების პროექტის თავდაპირველი ვერსია გულისხმობდა, მარეგულირებელი კომისიის კვოტით გაზრდილიყო საზმაუს ბორდის შემადგენლობა, თუმცა, ამას პროტესტი მოჰყვა და ახალ ვერსიაში ამოღებულია ეს კომპონენტი. თუ ასეთივე წინააღმდეგობა ექნება თქვენს ახალ ინიციატივას, შესაძლოა, კვლავ გაითვალისწინოთ პოზიციები?

რატი იონათამიშვილი: თუ მხარეები მესამე მოსმენამდე გამოთქვამენ გარკვეულ პოზიციებს, გვაქვს ვალდებულება, მოვუსმენოთ განსხვავებულ აზრს. და თუ არ გავიზიარებთ მათ მოსაზრებებს, არგუმენტირებულად ვთქვათ, რატომ არ ვიზიარებთ.



პროცედურულად:
  • კანონში "მაუწყებლობის შესახებ" შესატან ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ორი მოსმენით აქვს.
  • მესამე მოსმენის თარიღი უცნობია, რადგან პარლამენტმა საგაზაფხულო სესიები დაასრულა. არსებობს დაშვებამ, საკითხი რიგგარეშე სესიის ფარგლებში განიხილოს, სხვა შემთხვევაში — საშემოდგომო სესიებისას.

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ