30.06.2023
პრესის თავისუფლების ყოველწლიური საერთაშორისო დაჯილდოება 2023 წლის 16 ნოემბერს ნიუ-იორკში გაიმართება.
რას წერს CPJ გვარამიაზე:
- “როგორც ტელეწამყვანი, გვარამია მმართველი პარტიის მიმართ მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. ის გადაცემაში ხშირად ამხელდა ხელისუფლების სავარაუდო კორუფციას და ძალადობას. აშუქებდა საქართველოს ხელისუფლების რუსეთის მიმართ მიკერძოებას”;
- “2023 წლის ივნისში, პრეზიდენტის შეწყალებამდე, მან ერთ წელზე მეტი გაატარა ციხეში. მას 3,5 წელზე მეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის მიუსაჯეს. გვარამია ბრალს არ აღიარებდა”;
- “მისი საქმე ფართოდ გააკრიტიკეს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. გვარამია ერთადერთი ჟურნალისტია საქართველოში, რომელსაც პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც CPJ-მ 1992 წელს დაიწყო დაპატიმრებული ჟურნალისტების აღრიცხვა".
კიდევ ვის გადაეცა ჯილდო
- ინდოელ ჟურნალისტს შაჰინა კ.კ.-ს, რომელიც ჟურნალ Outlook-ის უფროსი რედაქტორია;
- მარია ტერეზა მონტანოს მექსიკიდან, რომელიც გამომძიებელი რეპორტიორი, The Observer-ის დამფუძნებელი და რედაქტორია;
- ფერდინანტ აიიტეს, რომელიც ხელმძღვანელობს ტოგოს ერთ-ერთ მთავარ საგამოძიებო მედიასაშუალებას, L'Alternative-ს.
“პრესიაზე თავდასხმები იზრდება, თუმცა ჟურნალისტები აგრძელებენ აქტიურობას და აშუქებენ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებს, რომლებიც ყველას გვაძლიერებს“, – თქვა CPJ-ის პრეზიდენტმა ჯოდი გინსბერგმა.
ნიკა გვარამია პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა - "გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი".
- საპატიმროს დატოვების შემდეგ მან თქვა, რომ მთავარ არხს აღარ უხელმძღვანელებს და დირექტორის პოზიციაზე კვლავ გიორგი გაბუნია დარჩება.