18.07.2023
რატომ?
“ასე დაზღვეული ვიქნებით იმგვარი არაკეთილსინდისიერი, მანიპულაციური გაშუქებისგან, როგორსაც ბოლო დღეებია თვალს ვადევნებთ” - აცხადებენ პროტესტის მონაწილეები.
რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი?
1. 29 ივნისს გადაცემა “იმედი LIVE-ში” სტუმრად ჰყავდათ კინოცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის ახლად დანიშნული მოადგილე, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია, რომელმაც პროტესტის მონაწილეების შეფასებით, არაერთი ცრუ ბრალდება და დეზინფორმაცია გააჟღერა.
- კინემატოგრაფების განცხადებით, “იმედი LIVE-ის” პროდიუსერს დაუკავშირდნენ და სთხოვეს, მათთვისაც მიეცათ შესაძლებლობა პასუხები გაეცა შეკითხვებზე, რომლებიც ოდიშარიას დაუსვეს.
- “ამ შეთავაზებაზე თანხმობა დღემდე არ მიგვიღია” - წერია განცხადებაში.
2. კინემატოგრაფები ასევე საუბრობენ 16 ივლისს “იმედის კვირაში” გასულ სიუჟეტზე - “კინოცენტრის საკითხი მიკერძოებულად გაშუქდა. სიუჟეტში ტყუილებით გაჯერებული კომენტარების საპასუხო პოზიცია არ მოგვისმენია. მეტიც, არ ჩანდა საპასუხო პოზიციის გაგების მცდელობაც კი”.
- “მსგავსი ქმედებები შეურაცხყოფს საზოგადოებას, რომელსაც უფლება აქვს მიიღოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია”, - ნათქვამია განცხადებაში.
რას ამბობენ იმედში?
ტელეკომპანიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორმა და წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ მედიაჩეკერს უთხრა, რომ ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული, როდის ექნებათ თოქშოუში ეს თემა. “შესაბამისად, ჯერჯერობით არ გადაგვიწყვეტია დავუთმობთ თუ არა პირდაპირ ეთერს” - ამბობს ის.
- "როგორც კი დავგეგმავთ და გაჩნდება დღისწესრიგში, რომ იყოს რომელიმე პოლიტიკური თოქშოუს თემა ის, რაც ხდება კინოცენტრში, ბუნებრივია, ისევ შევთავაზებთ".
ჩიხლაზე აცხადებს, რომ 16 ივლისს “იმედის კვირაში” გასულ სიუჟეტში საუბარი იყო დასკვნაზე, რომელიც "ექსკლუზიურად მოიპოვა ჟურნალისტმა".
- განმარტავს, რომ სიუჟეტში ნაჩვენები იყო, რა ეწერა დასკვნაში და არ დაკავშირებიან პროტესტის მონაწილეებს.
- მისივე თქმით, სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, ამ თემაზე მუშაობა განაგრძეს. 17 ივლისს ქრონიკის სიუჟეტისთვის პროტესტის მონაწილეებს დაუკავშირდნენ თუმცა მათ კომენტარზე უარი უთხრეს და პირდაპირი ეთერი ითხოვეს.
- “კვირის სიუჟეტში დოკუმენტიდან იყო ფაქტები მოყვანილი დარღვევებზე. რა თქმა უნდა, მეორე დღეს გაგრძელდა თემა. პირველი, ვისაც ჟურნალისტმა დაურეკა იყო მეორე მხარე, რათა ეპასუხათ ბრალდებებზე, რომელიც ვრცელდება - რა იყო მართალი და რა არა. თუმცა მათი მხრიდან იყო პირდაპირი ეთერის მოთხოვნა, კომენტარი არ გააკეთეს. ჩვენ მათი განცხადებაც გამოვიყენეთ სიუჟეტში, ჩვენი ზარის შემდეგ რაც გამოაქვეყნეს”.
რა ხდება კინოცენტრში
ბოლო პერიოდში კინემატოგრაფისტების ნაწილი ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ.
მთავარი მოთხოვნებია:
- დირექტორის კონკურსის გზით დანიშვნამდე შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი;
- კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით;
- დირექტორის შესარჩევი კომისია დაკომპლექტდეს კინოსექტორის წარმომადგენლებისგან.