14.09.2023
სწორედ ამ საკითხებზე დაუსვეს დღეს ჟურნალისტებმა კითხვა პარლამენტის თავმჯდომარეს. მან კი რამდენჯერმე გაიმეორა, რომ OC Media-ს "ექსკლუზიურად" სთავაზობდა ოპედის გამოქვეყნებას და “წვრილმანი შარლატანიც” უწოდა.
გამოაქვეყნა თუ არა პაპუაშვილის პასუხი OC Media-მ
მას შემდეგ, რაც გამოცემამ სტატია გამოაქვეყნა, სადაც პაპუაშვილის "ზეწოლის მცდელობაზე" ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის ოფისიდან OC Media-ს რედაქტორს, მარიამ ნიკურაძეს დაუკავშირდნენ და ითხოვეს პასუხის ცალკე, დამოუკიდებელი ფორმით გამოქვეყნება.
როგორც ნიკურაძე წერს, თავმჯდომარის ოფისს განუმარტა, რომ ახალ სტატიაზე მუშაობნენ, პაპუაშვილის პასუხი არ იქნებოდა ცალკე და გამონაკლისის სახით ციტატების ნაცვლად სრულად სტატიის ბოლოს დაურთავდნენ (რაც გააკეთეს კიდეც). აღნიშნავს, რომ თავად მან დაუშვა ტექნიკური შეცდომა და პიართან კომუნიკაციისას ისე გამოჩნდა, თითქოს პაპუაშვილის პასუხს ცალკე პუბლიკაციად დადებდნენ.
- "ცოტა ხნის მერე ისევ მკითხა, ანუ მიდასტურებთ, რომ დაურედაქტირებლად იქნება სტატიის გარეთო და ნუ ქუჩაში ვიყავი, კონფერენციაზე ვაგვიანებდი და ამ სირბილ-სირბილში მეორე ნაწილი არასწორად აღვიქვი, ვიფიქრე, დაგვთანხმდა და დავუდასტურე".
- "უკვე როცა გამოქვეყნდა, პასუხი მოითხოვა და მივხვდი შეცდომას და მოვუბოდიშე გაუგებრობისთვის თიკოს, სტატია (პასუხის შესახებ) ავიღეთ მთლიანად დროებით და ვკითხე, თუ იყვნენ თანახმა დაბრუნებაზე".
შალვა პაპუაშვილმა X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა, რომ შეთანხმების მიუხედავად OC Media-მ არ გამოაქვეყნა მათი პასუხი.
- "OC Media-მ დაარღვია არა მხოლოდ ჟურნალისტური კეთილსინდისიერების უბრალო წესი - უარი თქვა მათ სტატიაზე პასუხის გამოქვეყნებაზე, არამედ დაარღვია ნდობა, რომელიც უნდა არსებობდეს ნორმალურ ადამიანურ ურთიერთობებში, რაც უპრეცედენტოა თუნდაც პოლარიზებული ქართული მედიისთვის".
პაპუაშვილის "პრეტენზია" ქარტიაზე
- პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მთავარი ამოცანა ისაა, რომ “ჟურნალისტურ ეთიკაზე და სტანდარტებზე იყოს ჩადარაჯებული”.
- "თუკი რაიმეს ვოჩდოგი უნდა იყოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ის უნდა იყოს ჟურნალისტების ვოჩდოგი, ჟურნალისტების მიმართ უნდა ჰქონდეთ ეს დამოკიდებულება და აბსოლუტურად ჩუმად არიან" - თქვა მან OC Media-ს დონორებთან კომუნიკაციის შესახებ ჟურნალისტების კითხვის პასუხად.
- პაპუაშვილის კომენტარს გამოეხმაურა ქარტია. მათი განცხადებით, ორგანიზაცია არის ჟურნალისტების დამოუკიდებელი გაერთიანება, "შესაბამისად, თავად წევრები წყვეტენ და გადაწყვეტენ, რით უნდა იყოს ეს ორგანიზაცია დაკავებული".
- "ხელისუფლება კი დაკავებული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლების დაცვით, ჟურნალისტებზე თავდამსხმელების სათანადო დასჯით, მედიის კითხვებზე პასუხის გაცემით და არა ინფორმაციის დამალვით, მედიაზე ზეწოლით, შემზღუდავი კანონებისა თუ ბრძანებების მიღების მცდელობებითა და მიღებით" - წერია განცხადებაში.
პარლამენტის თავმჯდომარე და "მთის ამბები"
პაპუაშვილმა დღეს "მთის ამბებზეც" ისაუბრა. რედაქტორს, გელა მთივლიშვილს "თვითგამოცხადებული ჟურნალისტი" უწოდა და შოვის ტრაგედიის დროს "პანიკის დათესვაში" დაადანაშაულა. მთივლიშვილმა პაპუაშვილის ეს განცხადება თავდასხმად შეაფასა და თქვა, რომ "მისი და ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის სხვა ლიდერების ყოველი ასეთი განცხადება აუარესებს მედიის სამუშაო გარემოს და მას უფრო მეტად საშიშს ხდის".
შოვის ტრაგედია და მთის ამბები: 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. "მთის ამბები" იყო პირველი მედიასაშუალება, რომელმაც ინფორმაცია გაავრცელა. გამოცემა აქტიურად მუშაობდა სტიქიის ადგილიდან.
იყო რამდენიმე ინციდენტი, მათ შორის:
1. 4 აგვისტოს ერთ-ერთმა ადგილობრივმა საჯარო მოხელემ გელა მთივლიშვილს უთხრა, რომ "წყალში გადააგდებდა" თუ "წესიერად არ მოიქცეოდა".
2. 5 აგვისტოს "მთის ამბებმა" FB-გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც შალვა პაპუაშვილმა დააკომენტარა.
- გამოცემა წერდა, რომ ფოტოზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოშორებით მდგომი კაცი ერთ-ერთი დაკარგულის მამა იყო, რომელიც მესამე დღეა, ელის თავისი შვილის ამბის გაგებას და რომელთანაც საჯარო პირებს არ უსაუბრიათ.
- შალვა პაპუაშვილმა ამ ფოტოს კომენტარებში "მთის ამბებს" მოუწოდა, წაეშალა სტატუსი, რადგან აღნიშნა, რომ ინფორმაცია არ იყო სიმართლე და მოქალაქეს ფოტოს გადაღებამდე რამდენიმე წუთით ადრე ესაუბრებოდნენ.
- პაპუაშვილის კომენტარი ფოტოდან წაიშალა. აღწერა კი დააედითეს.
3. 9 აგვისტოს, შოვის მეწყრიდან 6 დღის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული ოცნების ოფისში ბრიფინგი გამართა.
- პაპუაშვილმა დიდი ნაწილი ზოგიერთი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკას დაუთმო და როგორც თავად თქვა, "მთის ამბების" და ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" მიერ გავრცელებული ყალბი ამბები გააბათილა.
- მისი განცხადება, ონლაინგამოცემამ მედიასაშუალებაზე მორიგ თავდასხმად შეაფასა.
პაპუაშვილის გარდა, "მთის ამბები" ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა და შეურაცხმყოფელი სიტყვით მოიხსენია.
- "გელა მთივლიშვილი საერთოდ სამარცხვინო კაცია, იცით რა გააკეთა მან ხო? პაპუაშვილი ესაუბრებოდა ერთ-ერთ ადამიანს და მან შემდეგ გაავრცელა ამ ადამიანის ფოტო და ტყუილი თქვა პირდაპირ, თითქოს მას არავინ ელაპარაკებოდა. იკადრა. ასეთ ადამიანებზე ლაპარაკი მედიის კონტექსტში არის აბსოლუტურად არასწორი. არაფერი კავშირი არ აქვს მედიასთან და ჟურნალისტიკასთან გელა მთივლიშვილს".
როგორც მთივლიშვილი ამბობს, მიუხედავად საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვისა და რესპონდენტების გაფრთხილება/დაშინებისა, მუშაობენ ფილმზე, რომელიც შოვის ტრაგედიის შესახებაა.