თავდასხმა TV პირველისა და ფორმულას გადამღებ ჯგუფებზე
21.09.2023
მოკლედ: ტვ პირფელისა და ფორმულას გადამღებ ჯგუფებზე სავარაუდო თავდასხმის გამო გამოძიება დაიწყო.

20 სექტემბერს TV პირველმა და ფორმულამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ გადამღებ ჯგუფებს აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის დაცვის წევრები თავს დაესხნენ.

რა მოხდა?

ყოფილი გენერალური პროკურორი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა. მათი განცხადებით, FSB-ის ოფიცერმა ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა მედია კიდევ ერთხელ ოთარ ფარცხალაძით.

“შაბათის ფორმულას” და “ნოდარ მელაძის შაბათის” გადამღები ჯგუფები იმ ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც, სავარაუდოდ, ფარცხალაძე იმყოფებოდა. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, ისინი იმყოფებოდნენ სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში და არა კერძო საკუთრებაში.

რა ისმის და ჩანს ტელეკომპანიების გავრცელებულ კადრებში?

  • TV პირველის ჟურნალისტს მარიამ გაფრინდაშვილს ერთ-ერთი პირი ართმევს ტელეფონს. როგორც ჟურნალისტი ამბობენ, მას ტელეფონი 20-30 წუთის შემდეგ დაუბრუნეს. მისივე თქმით, წაართვეს ტელეკომპანიის ტექნიკა, რომელიც ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.
  • ტელეკომპანია ფორმულას მიერ გავრცელებულ კადრებში კი ჩანს, რომ უცნობ პირს ძალის გამოყენებით მიჰყავს ოპერატორები. ჟურნალისტი მას ვინაობას ეკითხება და ამბობს, რომ ის ჟურნალისტებზე ძალადობს. “რატომ სცემეთ ჩემი ოპერატორი? მიპასუხეთ”.
  • ფორმულამ გაავრცელა ჟურნალისტი კომენტარს, რომელიც ამბობს, რომ დაცვის გაღიზიანება ფარცხალაძის ადგილსამყოფელის შესახებ დასმულმა კითხვამ გამოიწვია. მას შუბლზე მცირედი დაზიანებაც აღენიშნება.

გამოძიება: როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მედიაჩეკერს უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული.

  • მუხლი გულისხმობს, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას.
  • მე-2 ნაწილი: იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

უწყებაში უკვე იმყოფებოდნენ TV პირველის ჟურნალისტი და ოპერატორი, ელოდებიან ფორმულას გადამღებ ჯგუფსაც.

ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დაუყოვნებლივ მისცენ პასუხისგებაში TV პირველისა და ფორმულას გადამღებ ჯგუფებზე თავდამსხმელები.

პრობლემაა, რომ:

  • ბოლო წლებია ჟურნალისტებზე თავდასხმა გახშირდა. ერთი მხრივ, ამის მიზეზი ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკაა, მეორე მხრივ, კი დაუსჯელობის სინდრომი, მათ შორის, გაჭიანურებული გამოძიებები.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისგან.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ