06.10.2023
უწყებას დაზარალებულისთვის 3 000 ლარის გადახდა დაეკისრა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ ძალაში არ არის შესული.
- მიზეზი: “მოსარჩელე მხარე, მორალური ზიანის ოდენობის ნაწილში გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხს, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ განიხილავს”.
დეტალები: საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციებს.
- ეკატერინე აბაშიძეს, რომელიც იმ დროს ინტერპრესნიუსის ჟურნალისტი იყო და აქციას აშუქებდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიები მოხვდა.
- “სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დასრულებამდე დადგა, რომელიც მიმდინარეობს საპროტესტო შეკრებისას სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ძალადობისა და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე” - ვკითხულობთ საიას განცხადებაში.
ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაცია 15-მდე ადამიანის უფლებებს იცავს. მათ შორის არიან ჟურნალისტები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ასევე, შემთხვევითი გამვლელები და აქციის მონაწილეები.
როგორ იხსენებს ეკატერინე აბაშიძე 20 ივნისს ღამეს
ეკატერინე აბაშიძე, რომელიც დღეს ჟურნალისტი აღარ არის, მედიაჩეკერთან გაიხსენა, რომ “გავრილოვის ღამეს” ოფისში მუშაობდა. თუმცა მოგვიანებით, პარლამენტთან მყოფი ჟურნალისტების შეცვლა მოუწია.
იხსენებს, რომ როცა ადგილზე მივიდა სიმშვიდე იყო, თუმცა მოგვიანებით დაძაბულობა კვლავ დაიწყო და ლაივში გავიდა - “40 წუთი ვიღებდი პირველ ლაივს, ბოლოსკენ მომხვდა ტყვია” - ეს ჩანს კადრებშიც. ამის შემდეგ ფოტოგრაფთან ერთად იდგა, რომელსაც ფარი ეჭირა - მისი თქმით, შესამჩნევი იყო, რომ ჟურნალისტები იყვნენ, მაგრამ ამ მათი მიმართულებით მაინც იყო რამდენიმე გასროლა. მოგვიანებით ჟურნალისტი ქაშვეთისკენ გადავიდა, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანებს გაჰყავდათ დაშავებულები.
რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეკატერინე აბაშიძე ამბობს, რომ თანხის ოდენობაზე საუბარი ადეკვატურობას მოკლებული იქნება.
- "თანხის ოდენობის ნაწილი უბრალოდ ფორმალურია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ასეთი ბევრი პრეცედენტი გვქონდეს და ამასთან, საკმაოდ დიდი ხანი ველოდით სამართლიანობის აღდგენას”.
პროფესიიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად უსაფრთხოების საფრთხესაც ასახლებს. ამბობს, რომ 2019 წლის ნოემბერში, ჯანმრთელობის გამო ოპერაციის გაკეთება უწევდა, ამ დროს კი კვლავ იყო აქციები - “მიხაროდა, რომ ოპერაციას ვიკეთებდი და იქ არ მივდიოდი. დავუფიქსირე ჩემს თავს შიშის შეგრძნება”.
კონტექსტი
2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალურ ასამბლეას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გაუძღვა - წაიკითხეთ ვრცლად.