ევროკომისიის რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე: რა წერია დოკუმენტში მედიის შესახებ
09.11.2023
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ამის გარდა, კომისიამ დაასახელა 9 პირობა, რომლებიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

ჩანაწერები მედიაზე

  • პირველი პირობა: ებრძოლოს დეზინფორმაციას და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებს ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე.
  • მე-5 პირობა: საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.
  • მე-9 პირობა: ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედიაპროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.

კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისია სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოა. სფეროზე მომუშავე ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ მას ქართულ ოცნებასთან მჭიდო კავშირი აქვს და გადაწყვეტილებებსაც შესაბამისად იღებს.

  • ეს დაკვირვება მოხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც, სადაც ვკითხულობთ: "არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შემაშფოთებელია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიისა და მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ახლო კავშირები".
  • გარდა ამისა, არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

კომისიის გაზრდილი უფლებები

  • გასულ თვეს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რითაც გაიზარდა მისი უფლებები.
  • ცვლილებების მიხედვით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების, ასევე, უხამსობის შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში მოექცა.

მუქარა და ფიზიკური თავდასხმა ჟურნალისტებზე


ჟურნალისტებზე თავდასხმების გახშირებული მაჩვენებლის მიზეზი ერთის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკაა, მეორეს მხრივ, კი დაუსჯელობის სინდრომი.

  • ორი წელზე მეტი გავიდა 2021 წლის 5 ივლისიდან, როდესაც თბილისში დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფი მედიის 53 წარმომადგენელს თავს დაესხა. პროტესტისა და არაერთი მოწოდებების მიუხედავად თავდასხმის ორგანიზატორები დღემდე არ დასჯილან.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ