თითოეული დასაქმებულიდან 64 ლარი - როგორ დაფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი
13.12.2023
პარლამენტმა შეცვალა პირველი მოსმენით მიღებული და საზოგადოებრივი მაუწყებლის გაკრიტიკებული კანონპროექტი. ახალი ვერსიის მიხედვით, ტელევიზია თითოეული დასაქმებულიდან 64 ლარით დაფინანსდება.

დეტალები:
  • მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი 2026 წლიდან ამოქმედდება და დაფინანსება დამოკიდებული იქნება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობაზე.
  • თუმცა თუ რომელიმე წელს, ამ მეთოდით დათვლის შემთხვევაში, წინა წელთან შედარებით ნაკლები თანხა გამოვა, დარჩება მიმდინარე წლის დაფინანსების რაოდებობა.
  • უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ამჟამად მოქმედი წესი - ფინანსდება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით.
  • გარდამავალ პერიოდში, ანუ 2024 და 2025 წელს საზმაუ დაფინანსდება წინა წელს მისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობით.

დღეს მოქმედი წესით, საზოგადოებრიცი მაუწყებლის დაფინანსება 2021 წელს 69.6 მლნ ლარი იყო, ხოლო 2024 წლისთვის 110.3 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამ წესის დარჩენის შემთხვევაში, ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორების გათვალისწინებით 2027 წლამდე დაფინანსება ასე გადანაწილდებოდა:

  • 2025 - 119,520 ლარი;
  • 2026 - 129,260 ლარი;
  • 2027 - 139,800ლარი.
რამდენია და როგორ ნაწილდება საზმაუს 2023 წლის ბიუჯეტი?

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება

  • მოქმედი კანონის შესაბამისად, 2026 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან 16%-ით, ხოლო 2026 წლის 1 იანვრიდან − 17%-ით.
  • წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 16%-ით, 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე, 17%-ით, ხოლო 2026 წლიდან 21%-ით.

კანონპროექტი, რომელიც ტელევიზიამ დაიწუნა

პარლამენტი იღებდა კანონპროექტს რომელიც დაფინანსების არსებულ მოდელს ცვლიდა, თუმცა ის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააკრიტიკა. ისაუბრეს “დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზეც” და პარლემენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს.


დაფინანსების ახალი მოდელი სწორედ კონსულტაციების შემდეგ შემუშავდა.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ