რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში - დეტალები
18.12.2023
საზოგადოებრივი მაუწყებელი ხურავს არხ ტელესკოლას და 7 გადაცემას. მიზეზად რესტრუქტურიზაციას ასახელებენ და ამბობენ, რომ ცვლილებები სხვადასხვა ფორმით შეეხება ყველა პროექტს და ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს.

რომელი გადაცემები იხურება:

  • გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე;
  • კაცები;
  • დღის კოდი;
  • ფერმა;
  • თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად;
  • ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ;
  • ნატალიასთან და დათუნასთან ერთად.

გარდა ამისა, ტელევიზიის განცხადებით, ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს ექვსივე გარეწარმოების კომპანიასთან.

რით ხსნის საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარ გადაწყვეტილებას

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით, 2024 წელს მაუწყებელი იცვლის შენობას და გადადის ახალ მისამართზე, ეს კი "უკავშირდება ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ ცვლილებას, რაც, თავის მხრივ, ზრდის ორგანიზაციის კაპიტალურ ხარჯებს". საუბრობენ დაფინანსების წესის ცვლილებაზეც.

  • "არსებული მოცემულობა ახალი რეალობის წინაშე აყენებს ორგანიზაციას, რომელიც ვალდებულია, ერთი მხრივ, შეინარჩუნოს უწყვეტი მაუწყებლობა, შეასრულოს ნაკისრი შინაარსობრივი ვალდებულებები და, მეორე მხრივ, ახალი გარემოებიდან გამომდინარე, შეცვალოს დაგეგმილი პროგრამირება".

განცხადებაში პასუხობენ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღქმას, რომ დავით გორგილაძის გადაცემის დახურვა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამბობენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებული ყველა გადაცემა "ერთნაირად ღირებული, ხარისხიანი და მნიშვნელოვანია".

  • "მრავალფეროვნება – ინფორმირება, შემეცნება, გართობა და სპორტი, რომელიც ნებისმიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის ქვაკუთხედია, ითვალისწინებს ყველა ტიპის მაყურებლის გემოვნების დაკმაყოფილებას და გამორიცხავს გადაცემების პოლიტიზებას".
  • "არხზე წლების განმავლობაში არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული შინაარსის პროგრამები და ეს მიდგომა უცვლელი რჩება, რესტრუქტურიზაცია დაიგეგმა მოცემული ფინანსური ცვლილებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა ფორმით შეეხება ყველა პროექტს, ასევე ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს";
  • "კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება, რადგან ამ ეტაპისთვის არსებული ცვლილებებიდან გამომდინარე, თითოეულ გადაცემაზე დანაკლისი ექნება სხვადასხვა ტიპის მაყურებელს, საკუთარი გემოვნებისა და პრეფერენციების მიხედვით".

დაფინანსების ახალი წესი

15 დეკემბერს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დაფინანსების წესის ცვლილების შესახებ კანონი მიიღო, რომელიც 2026 წელს ამოქმედება. კანონის მიხედვით, დასაქმებული ადამიანების რიცხვი გამრავლდება 64-ზე - სწორედ ასეთი იქნება დაფინანსების ახალი წესი.

  • უფრო კონკრეტულად საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის – 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა.

აქამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იზრდებოდა - გასულ წელს 82 მილიონ ლარზე მეტი იყო, წელს კი 101 მილიონი ლარია.

რამდენი იყო და როგორ განაწილდა საზმაუს 2023 წლის ბიუჯეტი

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ