05.04.2024
„მედიის განვითარების ფონდმა“ სექსისტური ენისა და გენდერული დეზინფორმაციის მედია მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. შედეგების მიხედვით, ერთწლიან საკვლევ პერიოდში სექსისტური და ჰომოფობიური ხასიათის 5695 დისკრიმინაციული შინაარსი გამოავლინა, საიდანაც 3915 შემთხვევაში წყარო -ტრადიციული, ხოლო 1780 შემთხვევაში სოციალური მედია იყო.
კვლევის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ჰომოფობიისა და
სექსისტური ენის ყველაზე მკაფიო გამოვლინებები პოლიტიკურად
ტურბულენტურ ფაზებს უკავშირდება. მსგავსი გამოხატვა 2023 წელს
ნახტომისებურად გაიზარდა „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის
საწინააღმდეგო პროტესტის, პრაიდის კვირეულის და საქართველოსთვის
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების დროს.
სექსისტური სიძულვილის ენა / გენდერული
სტერეოტიპიზაცია
ანგარიშის მიხედვით, სექსისტური შინაარსის შემცველი
კომენტარების/პოსტების ყველაზე დიდი წილი როგორც ტრადიციულ, ასევე
სოციალურ მედიაში პოლიტიკას უკავშირდებოდა და უმეტესწილად საქართველოს
პრეზიდენტს და ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებს, ასევე, ქალ აქტივისტებს
და უფლებადამცველებს მიემართებოდათ. ყველაზე მეტი შემთხვევა კი
მორალური კრიტერიუმებით თავდასხმას უკავშირდება და მრუშობით
შერცხვენას გულისხმობს.
„გენდერული სტერეოტიპები ამკვიდრებდა აზრს, რომ ქალები
ისტერიულები, სექსუალურად დაუკმაყოფილებლები არიან, პოლიტიკოსი
ქალების ქცევა გაუწონასწორებელია, ქალის ნდობა არ შეიძლება და საქმე
კაცთან უნდა დაიჭირო, ქართველი ქალის ადგილი კი ოჯახშია“.
მედია მონიტორინგის შედეგებით, საქართველოს პრეზიდენტის,
ოპოზიციონერი ქალების, უფლებადამცველების და საპროტესტო აქციების
მონაწილეების დისკრედიტაციის მიზნით, ანონიმური სახელისუფლებო,
გარკვეულ შემთხვევებში კი კონსერვატიულ მოძრაობასთან დაკავშირებული
გვერდები, ხშირად ვიზუალურ მანიპულაციას იყენებდნენ და დასპონსორებული
სახით ავრცელებდნენ.
ჰომოფობია
კვლევის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში 3270 ჰომოფობიური
კომენტარიდან/პოსტიდან ყველაზე მეტი (2558) ტრადიციულ მედიაში
გვხვდება.
„ჰომოფობიური შინაარსის ზრდა, როგორც რუსული ტიპის აგენტების
შესახებ კანონს, ასევე, პრაიდის კვირეულს, საქართველოსთვის
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს და
ჰომოსექსუალობის პროპაგანდის აკრძალვის კანონმდებლობას
შეეხებოდა“.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ჰომოფობიური კომენტარების
მთავარ წყაროს სამონიტორინგო ტრადიციული მედია (31,7%) წარმოადგენდა.
გზავნილების გავრცელების მხრივ, კი კრემლისტური სარედაქციო პოლიტიკის
სეზონი ტვ (527) და ონლაინ გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ (115)
ლიდერობს, რომელთაც სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის პოსტვ და
გადაცემა პოსტ ანალიტიკა (50) მოსდევს.
გენდერული დეზინფორმაცია
2023 წელს ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ „მითების დეტექტორი“
62 გენდერული დეზინფორმაცია გამოავლინა. კვლევის მიხედვით, გენდერული
ნიშნით დეზინფორმაციის ყველაზე მეტი შემთხვევა დასავლეთის წინააღმდეგ
იყო მიმართული (27), საიდანაც ჰომოფობია (18) დომინირებდა.
„ყველაზე ხშირად გენდერული დეზინფორმაციის და მორალური
კრიტერიუმების ნიშნით თავდასხმის სამიზნე დასავლელი პოლიტიკოსები,
ასევე, ქართველი ქალი პოლიტიკოსები და პოლიტიკოსებთან დაკავშირებული
პირები იყვნენ. სამ შემთხვევაში სამიზნე უკრაინის პირველი ლედი, ოლენა
ზელენსკა იყო. ერთ შემთხვევაში გენდერული დეზინფორმაციის სამიზნეს
საქართველოში ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანიც წარმოადგენდა“.
კვლევა 2023 წლის 1 იანვარიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.
მედია მონიტორინგის სუბიექტებად კი შეირჩა იყო როგორც ტრადიციული (12
მედია საშუალება: 7 ტელევიზია, 3 ბეჭდური და 2 ონლაინ გამოცემა), ისე
სოციალური მედია, კერძოდ, ფეისბუქის ანგარიშები ( 151 ).