08.04.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის
პროექტის მეორედ დაბრუნების პარალელურად ტელევიზიებში გამოიკვეთა
არასამთავრობო ორგანიზაციების ნეგატიურ კონტექსტში გაშუქების
მაგალითებიც.
მმართველი პარტიის მიერ „რუსული კანონის“ საკანონმდებლო ორგანოში
ხელმეორედ დარეგისტრირების მეორე დღეს, 4 აპრილს ტელეკომპანიების:
„რუსთავი 2“, „იმედი“ და „პოსტვ“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში
გავიდა სიუჟეტები არასამთავრობო ორგანიზაციების რეიტინგების
შესახებ.
„კურიერი“ –
„არასამთავრობო ორგანიზაციების რეიტინგი გაუარესდა“
„ქრონიკა“ - „ენჯეო
სექტორის დავარდნილი რეიტინგი“
„ახალი ამბები“ -
„ენჯეოსექტორი საქართველოში ნდობას კარგავს“
ამ ტელევიზიებისთვის შვედური ორგანიზაცია „დემოკრატიის
მრავალფეროვნების“( V-Dem) მიერ გამოქვეყნებული ინდექსი სამოქალაქო
საზოგადოების შესახებ მანიპულაციის საშუალებად იქცა. მათი
თქმით, ქართული არასამთავრობო სექტორის შეფასება მნიშვნელოვნად
გაუარესდა და 2023 წლის განმავლობაში სარეიტინგო პოზიცია 27-ე
ადგილიდან 77-ე ადგილამდე ჩამოვიდა.
აღსანიშნავია, რომ ამ სიუჟეტებში მაყურებლებისთვის განმარტებული
არ არის ინდექსის განსაზღვრის კონკრეტული კრიტერიუმები. მათ შორის
არაფერია ნათქვამი ამ პროცესში მთავრობის მონაწილეობაზე. ინდექსის ან
მიზეზების დეტალურად ახსნას არა, მაგრამ არასამთავრობო სექტორის
საწინააღმდეგო პოლიტიკურ შეფასებებს სიუჟეტებში ნამდვილად მოისმენთ.
ერთი მონაცემის გამოყენებით ტელევიზიებმა საზოგადოებისთვის ისეთი
შთაბეჭდილების შექმნა სცადეს, თითქოს, უარყოფითად ქართული
არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა შეფასდა.
V-DEM-ის მონაცემების ქართულ მედიაში გავრცელებას თვალი მიადევნა
ფაქტების გადამოწმების პორტალმა „მითების დეტექტორი“. სტატიის
მიხედვით, რეალურად გასულ წელს მაჩვენებელი გაუარესდა იმ ბოლო 2
კრიტერიუმში, რომელიც მთავრობაზეა დამოკიდებული.
„მითების დეტექტორი“: „რეალურად, ინდექსი 3 კრიტერიუმის მიხედვით
იზომება – სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაში საზოგადოების
ჩართულობის, ასევე, მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიის
და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ორგანიზაციების შესვლისა და გასვლის
შესახებ ინდიკატორებით...V-Dem-ი საშუალებას გვაძლევს, ვნახოთ, თუ
როგორ შეიცვალა კონკრეტული ქვეყნის შეფასება კრიტერიუმების მიხედვით
დროის განმავლობაში. საქართველოს შემთხვევაში, 2022 და 2023 წლების
შედარებით ვხედავთ, რომ 3 კრიტერიუმიდან 2 გაუარესებულია, 1 კი
გაუმჯობესებული. აღსანიშნავია, რომ გაუარესებულია კრიტერიუმები,
რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებით მთავრობის მიდგომაზეა
დამოკიდებული – კონკრეტულად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისა და
რეპრესიის შესახებ კრიტერიუმები. 2022 წლიდან 2023 წლამდე გაუმჯობესდა
მხოლოდ ერთი კრიტერიუმი – სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაში
საზოგადოების ჩართულობის შესახებ“
[სტატია სრულად - https://mythdetector.ge/ka/samoqalaqo-sazogadoebis-indeqsi/]
რას ვისმენთ „რუსთავი 2“-ის, „იმედისა“ და „პოსტვ“-ის მთავარი
საინფორმაციო გამოშვებების წამყვანებისგან?
„რუსთავი 2“
ნათია ლაზაშვილი, „კურიერის“ წამყვანი:
„რამდენად მტკიცედ და გამართულად ასრულებს სამოქალაქო
საზოგადოება თავის მისიას და რამდენად ჯანსაღად არის გამოხატული
მოქალაქეთა ინტერესები მსოფლიოს ქვეყნებში. ქართული არასამთავრობოების
პოზიცია 50 ადგილითაა გაუარესებული“.
დავით კაკულია, „კურიერის“ წამყვანი:
„შედეგად ქართულ არასამთავრობო სექტორს გაუსწრო ისეთმა
ქვეყნებმა, როგორებიცაა: სომხეთი, მოლდოვა, ბოსნია ჰერცეგოვინა და
კოსოვო. ენჯეოებს საკუთარი რეიტინგების მკვეთრ გაუარესებაზე საუბარი
არ სურთ. ნაწილი კითხვებს გაურბის, ნაწილი კი საერთოდ არ გამოდის
კონტაქტზე. ერთდერთი ვინც საუბარი ისურვა ფონდი „ღია საზოგადოებაა“,
რომელიც საერთაშორისო რეიტინგებში მესამე სექტორის დაქვეითებას
ხელისუფლებას აბრალებს“.
„იმედი“
ხატია ქვათაძე, „ქრონიკის“ წამყვანი:
„საერთაშორისო ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნება“
დრამატული ვარდნის შესახებ იუწყება. 1 წელიწადში 50 პუნქტით
გაუარესებული მონაცემები ასახავს არასამთავრობოთა მიმართ ხალხის
ნდობასაც და იმასაც თუ რამდენად პასუხობს საზოგადოების ინტერესებეს
სამოქალაქო საზოგადოება“ .
„პოსტვ“
ანა აშორდია, „ახალი ამბების“ წამყვანი:
„საზოგადოება რომ საქართველოში ენჯეო სექტორს არ ენდობა, ამას
ადასტურებს დემოკრატიის კვლევის მსოფლიო ცენტრის კვლევაც. მონაცემების
მიხედვით, არასამთვრობო სექტორის რეიტინგი 1 წელში მნიშვნელოვნად
გაუარესდა და 2023 წლის ინდექსის მიხედვით, 50 პოზიციით დაქვეითდა.
ე.წ. მესამე სექტორს რეიტინგში უსწრებს სომხეთი, მოლდოვა, ბოსნია
ჰერცოგოვინა, კოსოვო და რეგიონის სხვა ქვეყნები. ინდექსი იკვლევს
რამდენად გამართულად ასრულებენ არასამთავრობო ორგანიზაციები
საზოგადოებრივ მისიას და მოვალეობებს, ასევე რამდენად აქტიურად არის
გამოხატული მოქალაქეთა ინტერესები არასამთავრობო სექტორში“.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის
საკანონმდებლო პროცედურები პარლამენტის ბიურს სხდომაზე დღეს, 8 აპრილს
იწყება. დღესვე საკანონმდებლო ორგანოსა და თბილისის საქალაქო
სასამართლოსთან დაგეგმილია აქცია „არა რუსულ კანონს – თავისუფლება
ლაზარეს!“
„ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
კანონის პროექტი მეორედ პარლამენტში 3 აპრილს დაარეგისტრირა. ამჯერად
კანონის პროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ ჩანაცვლდება ფრაზით -
„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
გასულ წელს მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე ხელისუფლებამ
„რუსული კანონი“ უკან გაიწვია და მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდა,
რომ მას აღარ მიუბრუნდებოდა. მმართველი პარტია ამჯერად მისი მიღებას
მიმდინარე სესიის ბოლომდე აანონსებს. რეგლამენტის თანახმად, კი
საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლოს იხურება.