08.04.2024
ქართული დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები
ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს კატეგორიულად
ეწინააღმდეგება. მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარი
სიტყვის გატეხვა და ხალხის მოტყუება მიმართულია არა მხოლოდ მათ,
არამედ თითოეული მოქალაქისა და საქართველოს ევროპული მომავლის
წინააღმდეგ.
„ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმარებით ხალხს. ამ
რუსული კანონის მიღება დაუცველს დატოვებს ძალადობის მსხვერპლ
ბავშვებსა და ქალებს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს,
მეცნიერებს, მშრომელებსა და ახალგაზრდებს; შეუწყვეტს დახმარებას
სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, დევნილ, უსახლკარო და
საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ მამაც ადამიანებს. ხელისუფლებას სურს,
არ გაშუქდეს რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც ადგილობრივი,
დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის
გასაჭირს.
ეს და ამ კვირაში ინიციირებული მტრული კანონები მიზნად ისახავს
მოსახლეობის გახლეჩას, ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანებას და
სიტყვის თავისუფლების გაუქმებას. ეს არის ხელისუფლების პასუხი
ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით
ფაქტზე, რომელსაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და
დამოუკიდებელი მედია ვამხელთ და ვასაჯაროვებთ.
რუსული კანონის ავტორიტარულ ხასიათსა და დემოკრატიასთან
შეუსაბამობაზე განაცხადეს ევროკავშირის, გაეროს, ნატოს, ეუთოს,
აშშ-ისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლებმა, შარშან
კანონის გაწვევის შემდეგ კი ღიად მიულოცეს ქართველ ხალხს დიდი
გამარჯვება.
ეს კანონი სიტყვის თავისუფლების ჩახშობის რუსული ავტორიტარული
ინსტრუმენტია. მისი მიღება შეუძლებელს გახდის წლის ბოლოს
ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას. ხელისუფლება
ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების ნაცვლად, ამ
კანონით გვაშორებს ევროკავშირს და განუზომლად აზიანებს საქართველოს
დემოკრატიულ და უსაფრთხო მომავალს.
რუსული კანონის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე
- ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე.
ეს კანონი, ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, უნდა იყოს გაწვეული
პარლამენტიდან. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!“ -
ვკითხულობთ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ
განცხადება, რომელსაც 400-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის
საკანონმდებლო პროცედურები პარლამენტის ბიურს სხდომაზე დღეს, 8 აპრილს
იწყება. დღესვე საკანონმდებლო ორგანოსა და თბილისის საქალაქო
სასამართლოსთან დაგეგმილია აქცია „არა რუსულ კანონს – თავისუფლება
ლაზარეს!“
ხელისუფლებამ „რუსული კანონი“ გასულ წელს მასობრივი საპროტესტო
გამოსვლების ფონზე უკან გაიწვია და მთელი წლის განმავლობაში
ამტკიცებდა, რომ მას აღარ მიუბრუნდებოდა. მმართველი პარტია ამჯერად
მისი მიღებას მიმდინარე სესიის ბოლომდე აანონსებს. რეგლამენტის
თანახმად, კი საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლოს იხურება.