საქმეზე - ალექსანდრე ჭიკაიძე „ტელეკომპანია პირველისა“ და სოფო ნიაურის წინააღმდეგ, მოსამართლემ სათანადო მოპასუხედ ნიაურიც ცნო
15.04.2024

2024 წლის 10 აპრილს მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა საქმეზე - ალექსანდრე ჭიკაიძე „ტელეკომპანია პირველისა“ და სოფო ნიაურის წინააღმდეგ, სათანადო მოპასუხედ  ჟურნალისტიც ცნო. 

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე სასამართლოში წარდგენილი სარჩელით, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ცილისწამებად ცნობას და ტელევიზიისა და ჟურნალისტისგან 100,000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით, სასამართლოს მიერ ცილისწამების დავაზე ჟურნალისტის სათანადო მოპასუხედ ცნობა ცალსახად ეწინააღმდეგება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებულ ჩანაწერს. კანონი ცალსახად ადგენს სათანადო მოპასუხეთა წრეს და განმარტავს, რომ „მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხეა მედიის მესაკუთრე“.

კოალიციისთვის, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ სასამართლოებმა არაერთ მსგავს საქმეზე კანონში არსებული ჩანაწერი უგულებელყვეს და ჟურნალისტები სათანადო მოპასუხეებად მიიჩნიეს. 

კოალიცია მოუწოდებს საერთო სასამართლოებს, იხელმძღვანელონ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი სტანდარტებით და გაითვალისწინონ კანონში არსებული ჩანაწერი ჟურნალისტების არასათანადო მოპასუხედ ცნობასთან დაკავშირებით.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ