17.04.2024
16 აპრილს, ღამით პარლამენტთან მიმდინარე რუსული კანონის
საპროტესტო აქციაზე შსს-ის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ და
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ონლაინ გამოცემების:
"პუბლიკას", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტებს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” შინაგან საქმეთა
სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მომხდარ ინციდენტებზე
გამოძიება და დააყენოს კანონის დამრღვევ პირთა პასუხისმგებლობა.
ასევე, უზრუნველყოს მედიის წარმომადგნლებისთვის უსაფრთხო სამუშაო
გარემო.
ორგანიზაცია სამართალდამცველ უწყებებს შეახსენებს, რომ
ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის
დარღვევაა.
გუშინ, ღამით აქციის მონაწილეებს სპეცრაზმელები ფიზიკურად
გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი აქციის
მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებებიც გამოიყენა.
დემონსტრანტები დაკავებულებიც არიან.
პარლამენტში რუსული კანონის განხილვის პარალელურად მესამე დღეა
საკანონმდებლო ორგანოსთან სხვადასხვა დროს ორი აქცია იმართება.