ქარტია საგამოძიებო უწყებებს ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს
17.04.2024
 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გენერალურ პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული თითოეული ასეთი ქმედება ძალადობას ახალისებს და საგანგაშოდ სახიფათოს ხდის ჟურნალისტების სამუშაო გარემოს. 

„დამატებით, ონლაინმედიის ჟურნალისტების ისედაც მძიმე უფლებრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ბოლო სამ დღეში მიღებული, სრულიად უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებები, რის შედეგადაც ონლაინმედიის რეპორტიორებს რუსული კანონის განხილვაზე პარლამენტის შენობაში არ უშვებენ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ონლაინმედიის ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის, ჰომოფობიური შინაარსის შემცველი მუქარებისა და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში უკანონოდ ხელის შეშლის გამო შეშფოთებულია. 

16 აპრილს, ღამით პარლამენტთან მიმდინარე რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე შსს-ის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ონლაინ გამოცემების: "პუბლიკას", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტებს.

გუშინ, ღამით სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებსაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებებიც გამოიყენა. დემონსტრანტები დაკავებულებიც არიან.

პარლამენტში რუსული კანონის განხილვის პარალელურად მესამე დღეა საკანონმდებლო ორგანოსთან სხვადასხვა დროს ორი აქცია იმართება.


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ