23.04.2024
ტელეკომპანია „იმედისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი
არხის“ გასული კვირის შემაჯამებელ ანალიტიკურ გადაცემებში მაყურებელმა
სიუჟეტები საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით ნახა და მათი
შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლოა, იფიქრა კიდეც, რომ ბრძოლა
სუვერენიტეტისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე
გადის.
„იმედის კვირამ“ 21 აპრილს მაყურებელს შესთავაზა სიუჟეტი
სათაურით „ბრძოლა სუვერენიტეტისთვის“. ამავე დღის „კვირის მოამბემ“ კი
დასახელებით - „სუვერენიტეტი და იდეოლოგიური გავლენები“.
„ბრძოლა სუვერენიტეტისთვის“
„იმედის კვირის“ წამყვანი, ირაკლი ჩიხლაძე სიუჟეტის წარდგენისას
ამბობს: „ბრძოლა სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობისთვის
შეგვიძლია, პირდაპირ ვთქვათ, რომ დღეს გადამწყვეტ ფაზაშია. „ჩვენი
თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, - დიდი ილიას ეს სიტყვები არ იცვლება არც
მაშინ, როცა შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი დიდი სახელმწიფოების
ინტერესებს არ ემთხვევა“.
სიუჟეტის დაწყებისთანავე კი ავტორი ხაზს უსვამს, რომ სხვადასხვა
ქვეყანაში აქტიური საომარი მოქმედებების პარალელურად, ბრძოლა
იდეოლოგიებს შორისაც მიმდინარეობს, იდეოლოგიური ომის ცენტრი კი მაინც
ამერიკაა.
სანდრო გამსახურდია აქცენტს რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში
საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზეც აკეთებს და ამბობს, რომ ამ
პათოსს ცალკეული ევროპარლამენტარებიც იზიარებდნენ. მისი განცხადებით,
ხელისუფლების ეროვნული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, ქვეყანამ მეორე
ფრონტზე უარი თქვა, სწორი ქართული პოლიტიკით ევროკავშირის კანდიდატის
სტატუსიც მოიპოვა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდაც დააფიქსირა.
სიუჟეტში უნგრეთის პრემიერ მინისტრის, ვიქტორ ორბანი
ანტიდასავლური განცხადება თანაბარუფლებიანი პარტნიორობის მაგალითადაა
მოყვანილი. „სწორედ ესაა თანაბარუფლებიანი პარტნიორობა, როდესაც
პოზიციები არგუმენტებით მყარდება და არა ის, რასაც საქართველოს
წინააღმდეგ ვხედავთ“, - ამბობს ჟურნალისტი. მაინც რა ხდება
საქართველოს წინააღმდეგ, - ამ კითხვის პასუხად „იმედი“ მაყურებელს
აშშ-ის მიერ „ჭორებზე დაფუძნებული მოსაზრებების გამო“ მოსამართლეების
დასანქცირების ფაქტს ახსენებს და პარალელს გამჭვირვალობის შესახებ
დაინიცირებულ კანონპროექტთან ავლებს. სიუჟეტის ავტორისეული
განმარტებით, ვაშინგტონიდან ბრიუსელამდე პოლიტიკოსები თუ დიპლომატები
კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, თუმცა, რატომ დააშორებს კანონი
საქართველოს ევროინტეგრაციას, არავინ ამბობს.
სანდრო გამსახურდია სვამს კითხვას: „სად გადის ზღვარი
სტრატეგიულ პარტნიორობას და სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ჩარევას
შორის. საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც 2012 წლიდან
მოყოლებული ყველა ჩატარებულ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა.
შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, ამ შემთხვევაში კი
პარლამენტის პრეროგატივაა ამა თუ იმ კანონპროექტის დაინიცირება,
მსჯელობა, ხმის მიცემა, მიღება თუ არ მიღება“.
ჟურნალისტის თქმით, დასავლეთში თბილისში მიმდინარე საპროტესტო
ტალღას გულშემატკივრობენ და როდესაც მუხტი ნელდება, მათგან უარგუმენტო
კრიტიკაც არ იგვიანებს:
„დასავლელი პარტნიორების მხრიდან უარგუმენტო კრიტიკის
მიღმა ვერაფერს ვხედავთ. მათ მხარეს ზუსტად ნოლი არგუმენტი და
ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებია, რომ, თითქოს, გამჭვირვალობის კანონპროექტით
ევროპას ვშორდებით“.
სიუჟეტის ავტორის განმარტებით, წარსულში საქართველოში ყველა
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტნიორების კარნახით
მიიღებოდა. ახლა კი მოცემულობა შეცვლილია:
„გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე უმთავრესი
პრიორიტეტი საქართველოს მშვიდობიანი ეკონომიკური განვითარებაა, რისი
უზრუნველყოფაც არსებულ პოლიტიკურ რეალობაში, ობიექტურად მხოლოდ
მმართველ გუნდს შეუძლია“.
აღსანიშნავია, რომ სიუჟეტის ანტიდასავლურ კონტექსტს მისი
რესპონდენტების ნარატივიც კრავს. ყველა მათგანი ერთ აზრზეა და
საპირისპირო მოსაზრება მაყურებელს უბრალოდ არ ესმის.
„ცალმხრივი საჭიროება დღის წესრიგიდან მოხსნილია. ჩვენ
ვჭირდებით ევროპას და ამერიკას, ისევე როგორც ისინი - ჩვენ. ამიტომაც
არის საქართველოს არჩევანი ღირსებით ევროპისკენ ანუ ნათელი
მომავლისკენ და არც ერთ შემთხვევაში უკან, წარსულისკენ ანუ საბჭოთა
კავშირში, როდესაც ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებებს სხვა ქვეყანაში
იღებდნენ“, - ასკვნის ჟურნალისტი და სიუჟეტიც ასე
სრულდება.
„სუვერენიტეტი და იდეოლოგიური გავლენები“
„სად გადის ზღვარი დემოკრატიის პრინციპებსა და
თავისუფლების სახელით მორჩილებას შორის, სუვერენიტეტი და სადავო
გამჭვირვალობა“, - ასე აანონსებს თამარ გოგესაშვილი „კვირის
მოამბის“ დაწყებისას მისივე რეპორტაჟს - „სუვერენიტეტი და იდეოლოგიური
გავლენები“.
„და ახლა, როცა იმაზე ვდაობთ, ვის მოსწონს ან არ მოსწონს
საპარლამენტო რესპუბლიკაში ხალხის მიერ არჩეული უმრავლესობის
მომზადებული და დამტკიცებული კანონები. გვაქვს თუ არა უფლება ვიცოდეთ,
ვინ რატომ იღებს და ხარჯავს ჩვენს სუვერენულ ქვეყანაში ფულს. როცა
ვდაობთ, სად ვიცავთ გამოხატვის თავისუფლებას, როცა სხვის უფლებებს
ვარღვევთ. ამ დროს უპირველესია, არ გადავწეროთ ქვეყნის ისტორია
არასწორი შედარებებით“.
თამარ გოგესაშვილის განმარტებით, რადგან დემოკრატიულ
სახელმწიფოში ხელისუფლების წყარო ხალხია და უმრავლესობით არჩეული
ხელისუფალიც ლეგიტიმური, ქვეყნის შიგნით სუვერენიტეტის დაცვის
აუცილებელი პირობაა, რომ გადაწყვეტილების მიმღებიც და აღმსრულებელიც
ის იყოს.
„ყველა ჯერზე, როცა საქართველო ერთ ნაბიჯს დგამს
ევროპისკენ, რუსეთი დგამს ორს საქართველოსკენ...და როცა კრემლს
მოსწონს ის, რასაც საქართველოში ქუჩაში აპროტესტებენ, ბუნებრივია, ის
მიზანმიმართულად ახალისებს პროტესტს“.
სიუჟეტის მომდევნო ნაწილში კი ავტორი ყურადღებას საერთაშორისო
საზოგადოებისა და პარტნიორების ხელისუფლებაზე გავლენის მცდელობაზე
ამახვილებს:
„ახლა კი ხალისი აქვთ იმის, რაც წახალისებლია.
წახალისებულია საერთაშორისო საზოგადოებისგან, ცალკეული
პოლიტიკოსებისგან, პარტნიორებისგან. თუმცა, ამავე პარტნიორებს
აღიარებული აქვთ საქართველოს სუვერენიტეტიც და მისი მთავრობის
ლეგიტიმაციაც. აკრიტიკებენ საქართველოში იმას, რაც საკუთარ ქვეყნებში
ან დაკანონებული აქვთ, ან აწი გეგმავენ უცხოური გავლენებისგან
დასაცავად. მერე რა თუ ასე ღიად და ასეთი კრიტიკით, ცოტა ულტიმატუმის
ენითაც პირდაპირ ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში ხალხის მიერ
არჩეული ხელისუფლების გადაწყევტილებებზე“.
გოგესაშვილის თქმით, საქართველოს არჩევანი ევროპულ ოჯახში
დაბრუნებაა და ფაქტები ადასტურებს იმას, რასაც აღქმები უარყოფს.
ჟურნალისტს მაგალითებად, ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი
ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, უვიზო რეჟიმისა და ევროკავშირის
წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მოჰყავს.
„მიზნამდე მისასვლელად საქართველოს მეგობრები სჭირდება
და არა მოკარნახეები, მხარდამჭერები და არა ულტიმატუმის ენის
მოსაუბრეები. და როცა აზრთა სხვაობის გამო ყველა საერთაშორისო
მეგობარს, დიპლომატიურ წარმომადგებლობას, პოლიტიკურ პარტიებს,
სხვადასხვა პროფესიულ წრეებსა და ახალგაზრდობას კარს უხსნი
დისკუსიისთვის და მაინც ღია კარში შემოუსვლელად ისმის „არა რუსულ
კანონს“, მაშინ სად არის სუვერენული სახელმწიფოს ფუნდამენტური უფლება
გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების“, - კითხულობს
ჟურნალისტი სიუჟეტში.
მისი აზრით, გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად
მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ განიმტკიცოს პოლიტიკური ლეგიტიმაცია,
უფრო მეტად დაარწმუნოს საზოგადოება საკუთარი გადაწყვეტილებების
სისწორეში და აუხსნას მათ სუვერენიტეტის დაცვის მეთოდების
მართებულობა.
„ქართველებს კი ბრძოლა არ გვიჭირს და არც სირთულე
გვაკვირვებს მათ წინააღმდეგ, ვისაც, შესაძლოა, ჩვენი სუვერენიტეტის
შეზღუდვა ან იდენტობის დაკარგვა უნდოდეს. ჩვენი იდენტობა ჩვენს
ღირებულებებს ემყარება, ამ ღირებულებების დასაცავად კი ჩვენი ქვეყნის
სუვერენიტეტის დაცვაა საჭირო შიდა და გარე აქტორებისგან...“,
- ამბობს თამარ გოგესაშვილი.
„პირველი არხის“ ჟურნალისტი საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას
არც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო
აქციის მონაწილეებზე ერიდება. მისი სიტყვებით, როგორი გულწრფელიც არ
უნდა იყოს ახალგაზრდების ნაწილის ცეკვა ცენტრალურ გამზირზე, ის მაინც
ხელისუფლების შეცვლის სურვილით შეპყრობილი პოლიტიკური აქტორებისა და
გაუმჭვირვალობის დამცველი არასამთავრობოების ჩრდილქვეშ
ექცევა.
„სუვერენიტეტს ეროვნული ფასეულობები ამყარებს და არა
ილიას გადაწერა...ერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მამული, ენა და
სარწმუნეობა ღვთაებრივი საუნჯეა, რომლის გარეშეც დამოუკიდებლობა და
სუვერენიტეტი ვერც ილიას წარმოედგინა“, - და ამ სიტყვებით
ასრულებს ის სიუჟეტს.
„კვირის მოამბის“ ამ 15-წუთიან რეპორტაჟში „პირველი არხის“
თანამშრომელი, თამარ გოგესაშვილი მაყურებელს საკუთარ მოსაზრებებს ღიად
სთავაზობს. მისი ანტიდასავლური ნარატივი ეკრანიდან მეორე მხარის
არგუმენტების გაჟღერების გარეშე ვრცელდება. მაყურებელი საპირისპირო
მოსაზრებებს ვერც სიუჟეტის რესპონდენტებისგან ისმენს. რეპორტაჟში დრო
მხოლოდ ირაკლი ბათიაშვილის (ფილოსოფიის დოქტორი), გია მურღულიასა
(ფილოლოგი) და ბაქარ ბერეკაშვილის („პირველი არხის“ ანალიტიკოსი)
შეხედულებებს ეთმობა.
ამ დროს კი "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი
განმარტავს, რომ „პირველი არხი“ ვალდებულია, პროგრამებში თავისი აზრი
არ გამოხატოს და საზოგადოებაში არსებული მოსაზრებათა პლურალიზმი
ასახოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე კანონით, „საზოგადოებრივმა
მაუწყებელმა“ პირიქით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი
მიმართულებების პოპულარიზაცია უნდა უზრუნველყოს;
"იმედის სიუჟეტი"
"იმედის სიუჟეტი"