სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2023 წელს საქართველოში პრესისა და მედიის უფლებრივ მდგომარეობაზე
24.04.2024

 


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობასაც აღწერს. 

პრესისა და სხვა მედიების შესახებ მიძღვნილ ქვეთავში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები გამოხატვის თავისუფლების მიმართ საქართველოს მთავრობის  დამოკიდებულებაზე სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2023 წელს მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული რუსული კანონი მედია ორგანიზაციების მიმართ საფრთხის შემცველი იყო, რადგან ყველა ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსების 50 %-ს უცხოეთიდან იღებს, ისინი „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადდებოდნენ. ასევე, შეშფოთების ერთ-ერთი საფუძველი კრიტიკული მედიის „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას დაპატიმრება გახდა. 

დოკუმენტში აღნიშნულია ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი აქტებიც, რომელსაც სახდეპი სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარის ანგარიშვალდებულებად აფასებს. 


ჟურნალისტებზე თავდასხმა 


ანგარიშში მოყვანილია სხვადასხვა დროს ჟურნალისტებზე თავდასხმის კონკრეტული მაგალითები. მათ შორის 27 ივნისს "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და გადაცემის წამყვანზე მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა. საუბარია ულტრამემარჯვენე ძალების მხრიდან ჟურნალისტებზე განხორცელებული ძალადობის მაგალითებზეც. დოკუმენტში ნახსენებია „ალტ-ინფოს“ წევრის "ტვ პირველის" ჟურნალისტზე, ნატო გეგელიაზე თავდასხმისა და ტელეფონის დამტვრევის ფაქტი. გეგელია ულტრამემარჯვენე ჯგუფებისგან მუქარებს პერმანენტულად იღებდა. ამის პარალელურად გაძარცვეს მისი საცხოვრებელი სახლიც.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია მარტის აქციების დროს სამართალდამცავების მხრიდან მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოყენებულ ცრემლსადენ გაზზე, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.


გამოხატვის თავისუფლება


გამოხატვის თავისუფლებას ანგარიშში ცალკე ქვეთავი  ეთმობა. მასში საუბარი გასულ წელს პარლამენტის მიერ მედიის მიმართ მიღებულ ახალ რეგულაციებზეა. 

2023 წლის თებერვალში პარლამენტის თავმჯდომარემ პრესის აკრედიტაციის ახალი წესი შემოიღო, რომლითაც ჟურნალისტებს დამატებითი შეზღუდვა დაუწესდათ. მედია ორგანიზაციებმა ახალი რეგულაცია გააკრიტიკეს და მას არაინკლუზიური და ბუნდოვანი უწოდეს. "მედიის ადვოკატირების კოალიციის" განცხადებით, რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ჟურნალისტები საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან გამოუშვა და მათი აკრედიტაციები გაუუქმა. 

ანგარიშში ნახსენებია ისიც, რომ მომხდარს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" და სახალხო დამცველის აპარატიც გამოეხმაურა. მათი განცხადებით, ახალი რეგულაციით გამოწვეული სანქციები რატომღაც მხოლოდ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ეხებოდათ.


ტელევიზიები


"მთავარი არხის" ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან ერთად, ანგარიშში საუბარია ტელეკომპანია "ფორმულაზეც". მედიის დამკვირვებლებმა გამოთქვეს შეშფოთება, "ფორმულას" დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ იურიდიულ სამართალწარმოებაზე, რომელიც კრიტიკული ტელევიზიის ლიკვიდაციის მცდელობას ემსახურებოდა. 

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წლის მსგავსად, 2023 წლის ანგარიშშიც ყურადღებას ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ სამართალდარღვევათა სტატისტიკაზე ამახვილებს. სტატისტიკის სიმწირე პრობლემის რეალურ მასშტაბს ბუნდოვანს ხდის. 






კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ